Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილმა უკრაინაში მილიარდ-ნახევრის ვადაგასული ტყვიაწამალი შეიძინა

სააკაშვილმა უკრაინაში მილიარდ-ნახევრის ვადაგასული ტყვიაწამალი შეიძინა

551

2008 წლის აგვისტოს ომის თემა, ალბათ, ამოუწურავია, რადგან რამდენ ადამიანსაც არ უნდა შეხვდე, ვისაც ინფორმაციაზე ოდნავ მაინც მიუწვდებოდა ხელი, ყველა სენსაციურ და გამაოგნებელ ამბებს ყვება. საქართველოს ყოფილი ხელისუფალნი რომ კრიმინალები და დამნაშავეები იყვნენ, ეს გასაკვირი და ახალი ამბავი არავისთვის არ არის, მაგრამ ქვეყნისა და ხალხის ღალატი?! ისმენ ხელისუფლების ღალატს, ფაქტებით დადასტურებულს, და იძულებული ხარ, ამ ადამიანების ბოგინი აიტანო შენ გვერდით, შენს ქვეყანაში, უსმინო მათ თავის მართლებას და იმსჯელო იმაზე, უნდა გასამართლდეს თუ არა რეჟიმი, უნდა დააპატიმრონ თუ არა მერაბიშვილი ან სააკაშვილი. ვისაც ხელეწიფება წინა ხელისუფლებაში მყოფი კრიმინალების საბრალდებო სკამზე დასმა, ალბათ, ამ საკითხს დროულად უნდა მიხედოს. უკრაინაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრე ქურთაული «ნაციონალური» ხელისუფლების, კერძოდ კი, ქვეყნის პრეზიდენტის კრიმინალურ საქმიანობაზე საუბრობს.

_ ბატონო ალექსანდრე, თქვენ ამბობთ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ფლობთ, დროა, ყველამ გაიგოს.

_ დიახ, ყველამ უნდა იცოდეს, 2006-2007 წლებში სააკაშვილმა ფული საიდან იშოვა.

უკრაინის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 1940-იან წლებში გამოშვებული ჭურვები გაენადგურებინა და ამისთვის სახელმწიფომ გარკვეული თანხა გამოყო. ჭურვების განადგურებისა და დემონტაჟის გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღეს, რომ ვადაგასული ჭურვები ძალიან საშიშია, რადგან შესაძლებელია, თავისით აფეთქდეს. ამის გამო, უკრაინაში მოსახლეობის ევაკუირებაც კი დაიწყო ტერიტორიიდან, სადაც აღნიშნული ჭურვების დიდი რაოდენობა ჰქონდათ შენახული.

უკრაინაში პროცესი დაიწყო და ამ დროს გამოჩნდა საქართველო, რომელმაც განაცხადა, რომ ვადაგასულ ჭურვებს შეიძენდა. უკრაინას ეს ხელს აძლევდა, რადგან ჭურვების გასანადგურებლად გამოყოფილ თანხას დაზოგავდა. სააკაშვილმა უკრაინაში მილიარდ-ნახევარი დოლარი გადარიცხა და ჯართი საქართველოში ჩამოიტანა. გარიგების დასრულების შემდეგ, უკრაინის პარლამენტმა აღნიშნული საქმის ძიება დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ბიუჯეტში მხოლოდ 200 მილიონი დოლარი იყო შესული. დანარჩენი თანხა თავად სააკაშვილმა მიითვისა, რადგან ჭურვების შეძენის პროექტი მისი მოფიქრებული იყო. ამის შემდეგ მან უკრაინაშივე ბანკი დააარსა და მმართველად უკრაინის ელჩი გრიგოლ ქათამაძე დანიშნა. ბანკს «საქართველოს ბანკი» დაარქვა.

აღნიშნული ჭურვები ამჟამად გორის რაიონში, სოფელ უფლისციხეში, «საფოსტო ყუთის» შენობაშია განთავსებული. მიზეზი, რისთვისაც ეს ამბავი სააშკარაოზე გამოვიტანე, სწორედ ეს იყო. ჭურვები მოსახლეობისთვის ძალიან საშიშია. ის შეიძლება ერთ დღეს აფეთქდეს და ყველაფერი გაანადგუროს, მართალია, რადიაციას არ იწვევს, მაგრამ რამდენიმე კილომეტრის რადიუსზე არაფერს დატოვებს. აგვისტოს ომის დროს ქართველები რომ გამოიქცნენ და ყველაფერი გზადაგზა დაყარეს, რუსები, რაც კარგი იყო, კრეფდნენ და მიჰქონდათ, მაგრამ ჭურვების დანახვაზე გადაირივნენ, ძალიან შეეშინდათ, რომ არ აფეთქებულიყო. თავად ქართველებსაც არ გამოუყენებიათ. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ომი ფულის საშოვნად კარგი წყაროა. სწორედ ასეთი ფაქტები და კიდევ უამრავი რამ, რასაც უკრაინაში ქართულ საინფორმაციო საშუალებებში ვკითხულობ, მაფიქრებინებს, რომ ომი საქართველოს მთავრობას და კერძოდ, პრეზიდენტს ხელს აძლევდა.

_ ბატონო ალექსანდრე, თქვენ «ნაციონალების» ხელისუფლებამ დაგაპატიმრათ, ანუ მათი «ბიზნესპატიმარი» იყავით, რა იყო მიზეზი, მაშინ ბიზნესმენებს იმიტომ აპატიმრებდნენ, რომ ვიღაცის ინტერესებს კვეთდა?

_ დიახ, მე კუბლაშვილისა და ადეიშვილის ინტერესების სფეროს შევეხე. საბუთების გაყალბების მუხლით გამასამართლეს. უკრაინაში არსებული ჩემი საკუთარი ფირმიდან საქართველოში არსებულ კომპანიას «გლობალმეტალს» თანხას ვურიცხავდი და ფერო-სილიკო-მარგანეცის ნარჩენებს ვყიდულობდი. მერე აღნიშნულ ნარჩენებზე ძალიან დიდი ტენდერი გამოცხადდა და მე ეკონომიკის სამინისტრომ შემომთავაზა, ტენდერში მონაწილეობა მიმეღო, სამაგიეროდ, იმერეთის რამდენიმე რაიონში გზა და გარეგანათება უნდა გამეკეთებინა, ისე, რომ არ გამოვჩენილიყავი და მთავრობა პიარს გაიკეთებდა. მე ეს ხელს მაძლევდა, პირობებიც სახარბიელო შევთავაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კუბლაშვილი იყო იმავე ტენდერით დაინტერესებული და თავიდან მომიშორეს. «გლობალმეტალს», რომლის დირექტორიც კახა ჯანაშია იყო და კოდუა მფარველობდა, საბუთები წესრიგში არ ჰქონდა, ჩემი დაპატიმრების მიზეზად ეს დაასახელეს, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, რომ საბუთებთან ხელი არ მიმიწვდებოდა. გამომძიებელი, ვინმე ჩოხელი, თავად მეუბნებოდა, რომ მუხლი, რომლითაც უნდა გასამართლდე, არ შეგესაბამება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებო. ახლა ის გამომძიებელი ახალმა ხელისუფლებამ გორში ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნა. აუცილებლად ვნახავ და ვკითხავ, _ ვინ გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here