Home რუბრიკები საზოგადოება გულიკო ზუმბაძე: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია!

გულიკო ზუმბაძე: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია!

უკვე შვიდი თვეა, რაც ქვეყანას ახალი ხელისუფლება ჩაუდგა სათავეში. ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. დაიწყო თუ არა საქართველოს მთავრობამ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა და რა მიმართულებებით ვითარდება  პროცესები საქართველოში, ამის შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» ფრაქცია «ქართული ოცნება _ თბილისელების» თავჯდომარე გულიკო ზუმბაძე ესაუბრება.

_ როგორ შეაფასებთ 2013 წლის 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს?

_ უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ორივე მხარეს ჰქონდა საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებაც და საშუალებაც, მაგრამ, აქცია უფრო მშვიდ ვითარებაში რომ წარმართულიყო, გაცილებით მეტ სასიკეთო შედეგს მოგვცემდა. მეორე მხრივ, გავიხსენოთ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში გამართული არაერთი საპროტესტო გამოსვლა, როცა ურიცხვი ადამიანი იდგა ქუჩაში და ხალხის მხრიდან არც ერთი ძალადობისა თუ ვანდალიზმის ფაქტი არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის მთავრობა უმოწყალოდ არბევდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს _ სცემდა და აპატიმრებდა მათ. მაგრამ ხალხი ქუჩებში მაინც გამოდიოდა და თავის დამოკიდებულებას საჯაროდ გამოხატავდა. ამ ფონზე მეც ძალიან მაინტერესებს, რა მოხდა 2013 წლის 17 მაისს. მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ჯერ საზოგადოებას არ უმსჯელია და თავისი სიტყვა არ უთქვამს. ასევე ზედმეტი არ იქნება, თუ საკითხს ფსიქოლოგები შეისწავლიან და თავიანთ აზრს გაგვიზიარებენ. რა ხდება მაშინ, როცა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს _ მის ოჯახსა და სარწმუნოებას, მისი ქვეყნის მომავალს შეეხება «მომხდური»? ქართველი კაცი ამას ვერასდროს ეგუებოდა. ამჯერად რასთან გვაქვს საქმე, ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვგმობ ყველანაირ ძალადობას და მსგავს შემთხვევებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, LGBT საზოგადოების ინტერესების დამცველი ორგანიზაციები, მიუხედავად ხალხის მასობრივი პროტესტისა, კვლავ ატარებენ პროვოკაციულ აქციებს. მაშ, სად არის აქ ძალადობა? ვინ ვისზე ძალადობს? პირდაპირ თუ ირიბად ხომ არ მიმდინარეობს ძალადობა სწორედ ქართველ ხალხზე და მის ცნობიერებაზე? ხომ არ არის ისე, რომ ვიღაცას ხელს აძლევს პროცესების ამგვარი განვითარება? მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი მასშტაბისა და დემოგრაფიის მქონე ქვეყანას, მგონი, არ აქვს ამგვარი აქციების გამართვის ფუფუნება.

_ რაში ხედავთ გამოსავალს?

_ რამდენადაც არ ვარ მთავრობის წევრი, გიპასუხებთ, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვთვლი, რომ პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის კანონი უნდა გადაიხედოს და გამკაცრდეს. არავის აქვს იმის უფლება, ადამიანის დევნა აწარმოოს გარეგნული ნიშნით, ჩაცმულობის ან თუნდაც სექსუალური ორიენტაციის გამო. ამ ქვეყანაში არსებობის უფლება ყველას გვაქვს, მაგრამ, ამავე დროს, კანონით უნდა აიკრძალოს გარყვნილების საჯარო პროპაგანდაც და დემონსტრირებაც.

 _ ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: უნდა დაეკავებინათ თუ არა ვანო მერაბიშვილი?

_ აუცილებლად უნდა დაეკავებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ის «ნაციონალური მოძრაობის» გენერალური მდივანია, მიუხედავად იმისა, რომ იგი პოლიტიკური ლიდერის რანგშია დაფიქსირებული და ასე შემდეგ. ეს გაკეთდა მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე დასავლეთის მხარდაჭერით მას გარკვეული ხელშეუხებლობის გარანტიები მიეღო. ჩვენ ყველამ ვიცით, ვინც არიან ვანო მერაბიშვილი და «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» სხვა ლიდერები. მათი «საქმენი საგმირონი» საკუთარ თავზე გამოვცადეთ ხალხმაც და ქვეყანამაც. შევიწროება, დევნა, ბიზნესისა თუ სხვა კერძო საკუთრების წართმევა _ ეს ვანო მერაბიშვილის სტილია. უგულავაც უნდა დააკავონ ან მინიმუმ მერობას მაინც უნდა ჩამოაშორონ. მაგრამ, რაკი ასე არ მოხერხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ჯერ კიდევ მიკერძოებულია. «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ლიდერები, რომელთაც მნიშვნელოვანი პოსტები ეკავათ, ერთად ჩადიოდნენ კრიმინალს.

_ უცხოელი დიპლომატების მიერ თითქმის ყველა დონეზე საკმაოდ მკაცრი განცხადებები მოვისმინეთ, არა მხოლოდ მერაბიშვილის დაკავებასთან, არამედ 17 მაისს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათი მხრიდან მოთხოვნაც კი იყოდაესაჯათ 17 მაისის კონტრაქციაში მონაწილე ადამიანები; ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში კი მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. რამდენად აქვთ მათ ამ განცხადებების ამგვარი ტონით გაკეთების უფლება და ხომ არ არის ეს საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა, ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა? და აქვე გკითხავთ: თუ ჩვენი მთავრობა არ გაითვალისწინებს მათ მითითებებს, სამომავლოდ რამდენად შეიძლება დაზარალდეს საქართველო საერთაშორისო  დონეზე?

_ მოგეხსენებათ, სააკაშვილი უამრავ ფულს ხარჯავდა იმაში, რომ საკუთარი თავი ყველაზე დიდი დემოკრატის სახელით გაეხადა პოპულარული დასავლეთის თვალში და მან ამ რეკლამის მეშვეობით დასავლეთის დიდი მხარდაჭერაც მოიპოვა. გარდა ამისა, დასავლეთმაც დიდი ფინანსები გამოყო საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის. წლების მანძილზე მას საქართველო სანიმუშო დემოკრატიის მქონე ქვეყნებს შორის ჰყავდა. ახლა კი გამოდის, რომ მითი  სააკაშვილის სანიმუშო, კეთილსინდისიერ დემოკრატობაზე დასამარდა. წარმოიდგინეთ, რა დონის იქნება მათი იმედგაცრუება, თუმცა, როდესაც დასაბუთებული და კომპეტენტური გამოძიება წარიმართება და დაიდება კონკრეტენტული მტკიცებულებები, დასავლეთი ვერაფერს იტყვის «ნაცმოძრაობის» დასაცავად.

_ «ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ» გააკეთა  განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. ამდენად, ისინი არ შეწყვეტენ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლას და ყველაფერს გააკეტებენ სამართლიანობის აღსადგენად. თქვენი კომენტარი ამის თაობაზე?

_ 2013 წლის ოქტომბრიდან «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» არაადეკვატურია და შესაბამის განცხადებებსაც აკეთებს. მათი ქმედება ჩემ მიერ  აღიქმება, როგორც პანიკაში მყოფი ადამიანების გაუაზრებელი ქმედება. ალბათ, ესაა თვითგადარჩენის ინსტიქტი. მათი უაზრო და ნაწილობრივ სასაცილო ქმედებები სწორედ ამაზე მეტყველებს. რაც შეეხება მერაბიშვილის პატიმრობას, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მის წინააღმდეგ უკვე არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, გამყარებული შესაბამისი დოკუმენტაციით. ამ ფონზე შეუძლებელია პირად ან პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი! მერაბიშვილი ჩეულებრივი კრიმინალია!

ესაუბრა

ეკა კახიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here