Home რუბრიკები პოლიტიკა უილიამ ვანდერვაიდი: საქართველო ნატოს წევრი არასოდეს გახდება, სააკაშვილი პოლიტიკაში არასოდეს დაბრუნდება

უილიამ ვანდერვაიდი: საქართველო ნატოს წევრი არასოდეს გახდება, სააკაშვილი პოლიტიკაში არასოდეს დაბრუნდება

551

სპორტის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციამ «ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის» ყრილობა 2013 წლის 19 მაისს  გამართა. ყრილობის ლოზუნგი «რეჟიმი უნდა გასამართლდეს, სამართლიანობა უნდა აღდგესიყო. სხვა გამომსვლელებთან ერთად, სიტყვით ჰოლანდიის მოქალაქე, ასოციაციის «ხალხი ხალხისთვის» თავმჯდომარე უილიამ ვანდერვაიდი გამოვიდა. ჰოლანდიელი უფლებადამცველის სიტყვაში ნათქვამი იყო, რომ «სააკაშვილის მიერ დაარსებული «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ხელისუფლებაში ყოფნის შედეგად 9970 ადამიანმა დაკარგა კერძო საკუთრება, 2-დან 5 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე წაგართვეს თქვენ. «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» მაღალჩინოსან წევრთა უმეტესობა ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული». ასევე ბატონმა ვანდერვაიდმა ბრალი დასდო რიგი ქვეყნების საელჩოებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანადგომასა და ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი დარღვევის უგულებელყოფაში. რატომ ამბობს ჰოლანდიელი უფლებადამცველი უილიამ ვანდერვაიდი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი «მიკი მაუსია» და რას ფიქრობს ახალი ხელისუფლების შესახებ «საქართველო და მსოფლიოსთან» ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ საქართველოში როდის და რა მიზნით ჩამოხვედით?

_ 2009 წელს, ეკოლოგიური მიწათმოქმედების შესახებ გამართულ შეხვედრაზე და 2010 წელს, რათა მენახა, როგორ ჩამეტარებინა სოფლის მეურნეობისა და რძის პროდუქტების წარმოების წინასაპროექტო კვლევა ალაზნის ველზე, კახეთში. 1983 წლიდან მანქანით ვმოგზაურობდი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, 1992-1996 წლებში ვცხოვრობდი უკრაინაში და საკმაოდ დიდხანს სლოვაკეთშიც. ძირითადად ჩართული ვიყავი ყველისა და ბიოსასუქების პროდუქციის წარმოებაში. 2008 წლიდან ირანში აქტიურად ვქადაგებდი ქრისტიანობას. ასოციაციების «ახალი მსოფლიოს სოფლის მეურნეობა» და «ხალხი ხალხისთვის» (ადამიანის უფლებები) დამფუძნებელი და თავმჯდომარე გახლავართ.

_ რატომ ფიქრობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი უნდა გასამართლდეს? რა სახის მტკიცებულებები გაგაჩნიათ რეჟიმის წინააღმდეგ?

_ სააკაშვილის რეჟიმი არ იყო დემოკრატიული ხელისუფლება, ეს იყო ფანტაზიისა და დაბალი დონის ქცევის «ჰიბრიდი». ხალხის მიმართ მოპყრობა და ციხეებში წამება ჩვენთვის უკვე 2010 წლიდან გახდა ცნობილი. სააკაშვილმა და მისმა მეუღლემ _ სანდრამ თავიანთი კულტი შექმნეს და «ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან» ერთად «ელიტური კორუფცია» დაამკვიდრეს, ასევე ბოროტად გამოიყენეს აშშ და ევროკავშირი. რატომ არ გადადგა სააკაშვილი მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა მისი და მისი გუნდის სიცრუე, რომ «დემოკრატები» არიან და ევროკავშირში შევლენ. ის ყოველთვის სხვებს ადანაშაულებს და ბოდიშს არასდროს იხდის თავისი ცუდი ქცევის გამო. ჩემი აზრით, ის «მიკი მაუსია». მისი მეუღლე სანდრა რულოვსი კინოს იღებს იმის შესახებ, თუ რა ხდება აქ (ინეკე სმიტი გადაიღებს ფილმს). ნიდერლანდებში ხალხმა არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა ხდება აქ სინამდვილეში. ისინი იფიქრებენ, რომ სააკაშვილი გმირია, სანდრა კი _ «პრინცესა», მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. სირცხვილია ნიდერლანდელი ხალხის მოტყუებაც. ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვინდა. ამიტომაც გამოვხატავ ჩემს აზრს, რომელიც ფაქტებზეა აგებული.

_ ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის, დაკავების შესახებ რას გვეტყვით?

_ მერაბიშვილის დაკავება ძალიან დაგვიანდა იმ კრიმინალიდან გამომდინარე, რომელიც მან ჩაიდინა… დაუჯერებელია, რომ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» კვლავ მუშაობს და ლეგალურია და ახალ არჩევნებშიც შეუძლია მონაწილეობის მიღება. პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ, როდესაც მათ სახეებს ვხედავ, ცუდად ვხდები და ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი სიცოცხლე ასეთ ხალხზე არ არის დამოკიდებული. მას სხვები მიჰყვებიან და «ბოლო» პრეზიდენტი უნდა იყოს, რათა წიგნი დაიხუროს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჰოლანდიის საელჩო «ერთიან ნაციონალურ მოძრაობას» მთელი ამ დროის მანძილზე მხარს უჭერდა და ჩვენი სამუშაოს დისკრედიტაციას ეწეოდა.

_ ახალი ხელისუფლების შესახებ რას ფიქრობთ?

_ ახალი ხელისუფლება დროულად მოვიდა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი მეგობარი და ჩვენი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ქებურია გლდანის მე-8 საპყრობილეში, სადაც იგი აწამეს, მოკლული იქნებოდა. იქაც ვაპროტესტებდით და ჩვენმა საელჩომ (ნიდერლანდების) არაფერი გააკეთა ჩვენს დასახმარებლად.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური მსახიობი არაა, იგი ხედავს იმასაც, რომ მისი კოალიციის წევრებს «ნაკლი» გააჩნიათ, მაგრამ აქ ბევრი ხელსაწყო კარგად  არ მუშაობს და სოფლის მეურნეობაში კვლავ «უბედურება» ტრიალებს. მსურს დავეხმარო, თუმცა ეს ყველაფერი სხვა გზით უნდა მოხდეს, ჯერ უნდა დავინახოთ დამოკიდებულება და არ მოვწიოთ სიგარეტი და არ გავანადგუროთ ბუნება ქიმიით. არ არსებობს ნამდვილად ჯანსაღი ნიადაგი საქართველოში და არც არავის აწუხებს ეს – ეს ჩემი დასკვნაა, როგორც სოფლის მეურნეობისა და რძის პროდუქტების სპეციალისტის. რაც არ უნდა იყოს, ეს «იმედისმომცემი ქვეყანაა».

_ ჰოლანდიისა და სხვა საელჩოების გამო ბოდიში რატომ მოიხადეთ?

_ ჰოლანდიის საელჩო აბსოლუტურად ფლეგმატური, ბრმა იყო და არაფერი გაუკეთებია ადამიანის უფლებების შესახებ ჩივილებისას «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» წინააღმდეგ. ერთი ჰოლანდიელი კი (მარსელ ბრანდსი) 2010 წელს საქართველოდან გაადეპორტეს, როდესაც მან ციხეებში წამების შესახებ დაწერა. ის ჰოლანდიის საელჩომ გაადეპორტა სანდრას ხალხის დახმარებით. სირცხვილია. სხვა ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებიც ნეგატიურ როლს ასრულებდნენ და იმდენად სუსტები იყვნენ, რომ ამან წაახალისა სააკაშვილი, «ვაგზლის თამაშიც» კი ეთამაშა. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია რეჟიმთან ერთად მუშაობს, რათა საერთო ფული ჰქონდეთ და, სხვათა შორის, ნანა კაკაბაძის ასოციაციას არასოდეს აუღია გრანტი. იგი თამამი იყო და ყოველთვის ავლენდა გამბედაობას. მხოლოდ ევა პასტრანას, ევროკავშირის ადამიანის უფლებებზე მომუშავე ესპანელს, სურდა დახმარება და უჩიოდა სააკაშვილს, მაგრამ იგი მარტო იყო და არავინ არაფერი გააკეთა.

670 ადამიანი მოკლეს ციხეში… სტრუქტურული წამება, გაუპატიურებაც კი და 9970 ადამიანია საკუთრებაწართმეული. «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» კრიმინალური პარტიაა და უნდა ამოიშალოს რეგისტრაციიდან საქართველოში და ევროპის სახალხო პარტიიდან. ეს ხალხი, სააკაშვილის ჩათვლით, ქართულ სასამართლოში უნდა გასამართლდეს. სააკაშვილმა დაიწყო ომი და მოკლა უდანაშაუულო ხალხი და ბრალი დასდო რუსეთს. ხალხის სიყვარული ნიშნავს, აამაღლო მათი ცხოვრების ხარისხი და დონე. იყო კარგი მოქალაქე, ნიშნავს, _ ნაკლები პრობლემა შეუქმნა ხელისუფლებას, რომელსაც სურს, მოემსახუროს ხალხს და არა ხალხი ემსახუროს მას.

_ რა სახის რეკომენდაციას მისცემდით ახალ ხელისუფლებას?

_ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეფორმა უნდა ჩაატარონ, ამისთვის ჩემს მოსაზრებებს გავუზიარებ სახელისუფლო მრჩეველს. უნდა აიკრძალოს მავნე  ქიმიური პრეპარატები და ბუნებისადმი დამოკიდებულების დაბალი დონე, ცხოველებიც კი უნდა დავიცვათ. ინვესტორები, რომლებიც შემოვლენ, აუცილებლად უნდა გაუფრთხილდნენ ქვეყანას და არ უნდა იყვნენ მხოლოდ ფულის კეთებაზე ორიენტირებულები. ვიმედოვნებ, ერთხელ მაინც შევხვდები ბიძინა ივანიშვილს და მივუტან კარგ ამბავს მის დასახმარებლად.

მაგალითად, «გეების დემონსტრაცია» 17 მაისს იყო ძალიან ცუდი მაგალითი, თუ ვინ უჭერდა მხარს გეების ცხოვრების სტილს… მაგრამ ასევე ცუდი მაგალითი იყო ეკლესიის მხრიდან, რომელიც ჩართული იქნა ძალადობაში. ბრალს ვდებ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, რომელიც მთავრობის წევრია. 17 მაისის დემონსტრაცია უნდა ანულირებულიყო და არ უნდა მისცემოდათ მისი ჩატარების საშუალება. მე რომ საქართველოს ელჩი ვყოფილიყავი, ჰოლანდიელ მინისტრს ვეტყოდი, რომ პატივი ეცა ბიბლიური პრინციპებისთვის და საქართველის შიდა, მორალურ საკითხებში არ ჩარეულიყო.

_ თქვენი მოლოდინი საქართველოსა და მისი პოლიტიკური კურსის შესახებ.

_ სააკაშვილის დრო საბოლოოდ დასრულდა, იგი არ დაბრუნდება პოლიტიკაში და იმედი მაქვს, ერთხელაც, ქრისტიანულად ცხოვრებას დაიწყებს. რაც უნდა იყოს, იგი ჩართულია კრიმინალში და მძიმე კორუფციაში. დიახ, იგი პროფესიონალი მატყუარაა და იყენებდა დიდ პიარმანქანას. საქართველო ნატოს წევრი არასოდეს გახდება. ეს არაა გამოსავალი. თუ მშვიდობაზე ვლაპარაკობთ, ტანკები საჭირო არაა. ახალგაზრდები უნდა იყვნენ მოტივირებულები, რათა დასაქმდნენ ჯანსაღი საქმით და არ იფიქრონ ომში წასვლაზე. ეს არის ჩემი სურვილი და რჩევა.

ესაუბრა

მაია ჩუბინიშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here