Home რუბრიკები საზოგადოება “მიმდინარეობს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ!”

“მიმდინარეობს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ!”

639

«სახალხო კრებამ» მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში «დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს» ხელმძღვანელს _ ნინო ბურჯანაძეს გამოუცხადა მხარდაჭერა, თუმცა, როგორც «კრების» ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, ისინი არც საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან და პრემიერთან დაპირისპირებას არ აპირებენქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» «სახალხო კრების» ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი ესაუბრება.

_ 1 წელი გავიდა რაც 26 მაისს, საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ «სახალხო კრებისა» და «დემოკრატიული მოძრაობის» მხარდამჭერები სასტიკად სცემა და დააპატიმრა. დღეს, როდესაც უკვე ხელისუფლება შეიცვალა, ყველა მათგანი თავისუფალია, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგა?

_ სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა, ჯერ მხოლოდ გარკვეული პროცესები დაიწყო. 26 მაისის აქციის მონაწილეები სასტიკად დასაჯეს, ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. რაც იმ ღამეს ხდებოდა, მსგავსი არც 7 ნოემბერს და არც 9 აპრილს მომხდარა, ამჯერად აქციის მონაწილეებს გასაქცევიც არ დაუტოვეს.

თუმცა მხოლოდ 26 მაისი არ ყოფილა ყოფილი ხელისუფლების დანაშაული, მთელი ეს ძალადობა და უსამართლობა, რაც ხდებოდა _ ჩაცხრილული ახალგაზრდები, გახმაურებული მკვლელობები, უამრავი ადამიანისთვის წართმეული ქონება, საკუთარი ხალხის სიძულვილი და გენოციდი, ყოფილი ხელისუფლების კისერზეა და უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი, ვინც ადამიანების წამებაში მონაწილეობდა და, უპირველესად, რა თქმა უნდა, ვინც დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემდა. ჯერჯერობით კი ვხედავთ, რომ მხოლოდ ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი არიან დაპატიმრებულნი.

_ მაგრამ ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ღიად აცხადებს, რომ «ნაციონალური მოძრაობის» წევრები რეჟიმის მსხვერპლნი არიან

_ ამ შემთხვევაში საუბარი იყო რიგით თანამშრომლებზე, რომლებიც გარკვეულ დავალებებს ასრულებდნენ. ასეთი, რა თქმა უნდა, ყველა მსხვერპლია. კი, ცუდია, რომ ადამიანი ასრულებს ასეთ დავალებას, თუმცა მე მინახავს ოჯახები, რომელთაც შვილები დაუხოცეს, მაგრამ ვინაიდან დააშინეს და ოჯახის სხვა წევრების ხელყოფით დაემუქრნენ, მაინც ხმას ვერ იღებდნენ. იმდენად ძალადობრივი და უსამართლო იყო ის ხელისუფლება და იმდენად შიშის ქვეშ ჰყავდა მოსახლეობა, რომ მათი საქციელიც გასაგებია. სახელმწიფო სტრუქტურების ქვედა რგოლებში მომუშავე ადამიანები არ უნდა დაისაჯონ, თუ მათ უშუალოდ წამებასა და მკვლელობაში არ აქვთ მონაწილეობა მიღებული.

_ საერთაშორისო საზოგადოებაც ხელისუფლებას .. კოაბიტაციისკენ მოუწოდებს და შეშფოთებას გამოთქვამს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრების გამო. როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება?

_ რა კოაბიტაციაზეა საერთოდ საუბარი? როგორ უნდა მოიქცეს და, აბა, თავიანთ ქვეყანაში მოქცეულიყო ხელისუფლება ასე, თუ შეშფოთებას გამოთქვამდნენ. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტები. სად იყვნენ მაშინ ეს უცხოელები, ჩვენ რომ გვკლავდნენ და ხალხს რომ ხოცავდნენ? ციხეში ხალხს რომ აწამებდნენ, ხმა ერთხელაც არ ამოუღიათ.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოებას 26 მაისის აქციის დარბევის გამო ისეთი რეაქცია, როგორიც თუნდაც 17 მაისის მოვლენების გამო?

_ მეც იმავე კითხვას ვსვამ. ან ის ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები სად იყვნენ აქამდე, რომ არაფერი გაუპროტესტებიათ? სააკაშვილის ხელისუფლება უზარმაზარ თანხას უხდიდა ლობისტებს და ასეთი შედეგიც მივიღეთ. «დემოკრატიის შუქურად» იყო წოდებული სააკაშვილი, ეს არის მიზეზი, რომ ასე უცებ და ხელაღებით ვერ ადანაშაულებენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ახლა ტონალობა მაინც შეიცვალა. საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლებიც სხვანაირად საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ მთავარია, გამოიძება, სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და მიმდინარე პროცესებზეც მხოლოდ შემდეგ შეგვეძლება ვიმსჯელოთო. რაც უნდა ილაპარაკონ ლობისტებმა და «ნაციონალების» მხარდამჭერებმა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, წლების მანძილზე განხორციელებული ძალადობის გამო, ყოფილი ხელისუფლების მიმართ უკვე ქართველი ხალხია აგრესიულად განწყობილი.

კოაბიტაცია შესაძლებელია, როცა ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა მაინც თანამშრომლობენ ერთმანეთთან, მაგრამ როგორ შეიძლება დამნაშავეებთან ნორმალური ურთიერთობა და თანამშრომლობა?! ასე რომ, ეს თანამშრომლობა მე არ მესმის. 17 მაისს ხელისუფლება არ დაპირისპირებია საკუთარ ხალხს. ორი სხვადასხვა აზრზე მყოფი ჯგუფი შეხვდა ერთმანეთს, რომლებიც პირიქით _ ხელისუფლებამ დაიცვა. პოლიციაც ვაჟკაცურად მოიქცა. პოლიციას ასე რომ ემუშავა წინა ხელისუფლების დროს, კარგი იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ძალადობის მომხრე არავინ არის, მაგრამ ორი ადამიანი როცა ემოციურად კამათობს, მათ შორის შეიძლება კამათი შეხლა-შემოხლაში გადაიზარდოს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა დაპირისპირებული ჯგუფები გამოდიან ერთმანეთის პირისპირ. ჩვენ კი ხელისუფლება მოგვექცა სასტიკად და შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა და ექსტრემისტები და სამშობლოს მოღალატეები გვეძახა. სააკაშვილმა რუსეთის აგენტები თავისკენ მოიკითხოს, იმდენი რაღაც ჩაუგდო რუსებს ხელში. ამიტომ არ მესმის, რატომ ვიყავით ექსტრემისტები, როცა მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური უფლება გამოვიყენეთ და აქცია ჩავატარეთ.

ასევე საინტერესოა, სად იყვნენ სამთავრობო არხები? არც ერთმა არ გააშუქა 26 მაისის აქცია. პირიქით, ხელისუფლების მოქმედება გაამართლეს. მეტიც, სახელისუფლო არხებზე სინანულიც არ გამოუთქვამთ, რომ ასეთი სისასტიკე მოხდა. კი გააშუქეს მოვლენები შემდგომ «კავკასიამ», «მაესტრომ», ინტერნეტტელევიზიებმა და ნახა ხალხმა სიმართლე, რაც მოხდა, მაგრამ ყველაფერი მალე დაივიწყეს. დღეს კი, როცა 17 მაისიდან უკვე ორი კვირა გავიდა, მაინც აქტუალურია ეს საკითხი. მიმდინარეობს სჯა-ბაასი, კამათი, უპირისპირდებიან ეკლესიას.

_ 17 მაისის აქციის შემდეგ სასულიერო პირების დასჯის საკითხიც კი წამოიჭრა. შესაძლოა, ორ მათგანს პატიმრობაც მიუსაჯონ. რას ფიქრობთ რამდენად სამართლიანია მათი დასჯა?

_ მე თავად არ ვყოფილვარ აქციაზე, მაგრამ, როგორც ამბობენ, რომ არა სამღვდელოება, შესაძლოა, უარესი მომხდარიყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასულიერო პირებმა ჩაიდინეს ძალადობა, ეს ხულიგნობის იქით არ კვალიფიცირდება. ამიტომ, თუ ეს სასულიერო პირები დამნაშავეები არიან, დააჯარიმონ. ამ საკითხზე ამდენი ყვირილი არ არის მართებული. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეული არასამთავრობო ორგანზაციების მიერ შემოგდებული თემა და, ძირითადად, ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგაა მიმართული. ფაქტია, რომ მიმდინარეობს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. რა, ჰომოსექსუალები რომ იყვნენ, აქამდე საქართველოში არ იცოდნენ? მაგრამ მათ სახლში არავინ უვარდებოდა. ხალხის აღშფოთება გამოიწვია პროპაგანდამ და აქციის ჩატარების ადგილმა. აქციის გამართვა სურდათ რუსთაველზე, სადაც ეკლესია და სკოლაა…

რადგან ეკლესიას დიდი რეიტინგი და ძალა აქვს, მიმდინარეობს ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. წინა ხელისუფლების დროიდან დაიწყეს «ნაციონალებმა» ეს ბრძოლა, რათა ქართულ საზოგადოებაში ეკლესიისადმი ნდობა შეამცირონ.

 _ ახლახან ერთერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ, თუ ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება, თქვენ მის წინააღმდეგ წახვალთ. ქალბატონო ნონა, რას ნიშნავდა თქვენი განცხადება, ანუ შესაძლოა, უახლოეს მომავალში ნონა გაფრინდაშვილმა «სახალხო კრებაც» დატოვოს?

_ არა, ეს საკითხი არ უნდა დადგეს, მაგრამ ხომ იცით ზოგიერთი ჟურნალისტის ამბავი, საიდან აღარ მომიარეს. ჩვენ დავასახელეთ ნინო ბურჯანაძე, რადგან მიგვაჩნია, რომ გამოცდილებით, ინტელექტით, საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნის კუთხით მას აქვს დიდი გამოცდილება. ხოლო ვინაიდან ახალ რეალობაში პირველი პირი იქნება პრემიერი, პრეზიდენტს სხვა ფუნქციები ექნება და მას ძირითადად საერთაშორისო კუთხით მოუწევს ურთიერთობების დარეგულირება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებაში ნინო ბურჯანაძის მოსვლა კარგი იქნებოდა.

_ მაგრამ მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელაავტომატურად ხომ დაუპირისპირდა პრემიერს და მის კანდიდატს?

_ ჩვენი გაგებით, ეს არ არის დაპირისპირება. მართალია, ბატონმა ბიძინამ თავისი კოალიციის კანდიდატურა წარადგინა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი მოსაზრება გვაქვს. ჩვენი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისადმი იგივე რჩება, რაც იყო. სწორედ ბიძინა ივანიშვილს რომ არ დაპირისპირებოდა, ამის გამო ნინო ბურჯანაძემ გადადგა ნაბიჯი და არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. საერთოდ რომ არაფერში მიიღოს მონაწილეობა, მაშინ ქუდი უნდა დაიხუროს და პოლიტიკიდან წავიდეს და უარი თქვას ყველაფერზე? ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირიქით დაბალანსდება სიტუაცია. ნინო ბურჯანაძეს დიდი გამოცდილება აქვს და ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის. ამიტომ ვთქვი, მე თუ დავინახავ, რომ ნინო ბურჯანაძე ისეთ საწინააღმდეგო რაღაცებს აკეთებს, რაც ჩემი და ჩემი ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ხმამაღლა ვიტყვი-მეთქი.

_ რას ფიქრობთ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურაზე, რამდენად იქნება დამოუკიდებელი ფიგურა ამ ვითარებაში?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით ვერაფერს. მოდით, ამის შესახებ მე ნუ მკითხავთ, ყველა დასახელებულ კანდიდატს შორის ქალბატონი ნინო ყველაზე ღირსეულად მიმაჩნია. პატივს ვცემ მარგველაშვილს. ვიცნობ მას, მაგრამ მაქვს ჩემი აზრი.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. კველაფერი კარგი, მაგრამ ერთI რამ მინდა ყველას ვკითხო: თუ არ ხარ მართლმადიდებელი, ან სულაც ქეისტიანი, ხარ ათეისტი, ულა მარქსისტი ან რაიმე მსგავსი, არ შეიძლება რომ ანტი-გეისტი იყო?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here