Home რუბრიკები პოლიტიკა იდენტობა და იდენტიფიკაცია

იდენტობა და იდენტიფიკაცია

668

17 მაისის მოვლენებმა საზოგადოებაში ნამდვილი ემოციური ამოფრქვევა გამოიწვია; მას მხოლოდ ვულკანის ამოფრქვევას თუ შევადარებთ. ამან ერთობ გაართულა მომხდარის ანალიზი და იმ ცივი, ცინიკური პოლიტიკური გათვლის გამოვლენა, რომელიც ყოველივე მომხდარის უკან, სავარაუდოდ, იდგა. რა მოხდა სინამდვილეში 17 მაისს? ვის აძლევდა ხელს ქაოსი თბილისის ქუჩებში?

მათი სიამაყის დღეები

16 მაისს, აქციის გამართვამდე ორგანიზაცია «იდენტობამ» თავის საიტზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: «არიან თუ არა პოლიტიკოსები ჩართულნი ჩვენს აქციაში? ორგანიზატორები ოფიციალურად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი თუ გაერთიანება არასდროს ყოფილა ლგბტ ჯგუფის უფლებების მხარდამჭერი საქართველოში, არც ღიად, არც ფარულად. არასდროს არც ერთ პოლიტიკოსს არ მოუმართავს ჩვენთვის რაიმე იდეით. «იდენტობის» დაარსებიდან (2010) დღემდე არც ერთ პოლიტიკოსს, პოლიტიკურ გაერთიანებას თუ პარტიას არასდროდ გამოუხატავს ფარული თუ ღია ინტერესი ჩვენი უფლებების დაცვის მიმართ. არასდროს გვქონია მხარდაჭერა და კონსულტაცია რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან აიდაჰოს დღის (17 მაისი) აღნიშვნასთან დაკავშირებით. «ნაციონალური მოძრაობის» ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფომ არ დაიცვა ჩვენი უფლებები. ასევე, «ნაციონალური მოძრაობის» ხელისუფლებამ უარი თქვა, გამოეძიებინა ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები».

როგორც ვხედავთ, ამ განცხადებაში დისტანცირება «ნაცმოძრაობისგან» დაფიქსირებულია ცალკე, საგანგებოდ, ისე, თითქოს აქციის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ბრალდებების ძირითადი ნაწილი მათსა და «ნაციონალებს» შორის ფარულ ალიანსს დაუკავშირდება. საინტერესოა, რომ მსგავსი შინაარსის ბრალდებები მედიასა და სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ აქციის გამართვამდე ფიქსირდებოდა. 

17 მაისს, პირველმა, თანაც ყველაზე მკაფიოდ, ეს ბრალდება ნინო ბურჯანაძემ გაახმიანა: «დარწმუნებული ვარ, დღეს ამ აქციის უკან დგანან არა უმცირესობების წარმომადგენლები, რომელთაც არასოდეს ჩვენს ქვეყანაში პრობლემები არ შექმნიათ, არამედ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში უცხო ფასეულობების დანერგვას ცდილობდნენ. ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი. ისინი ყოველ წელს ამ დროს ცდილობდნენ, შემოეპარებინათ ჩემთვის ამ აღლუმის ჩატარების შესაძლებლობა, მაგრამ ჩემი რეაქცია ყოველთვის იყო კატეგორიულად უარყოფითი. მე ძალიან კარგად მახსოვს ბატონი ბოკერიას სიტყვები: «ქალბატონო ნინო, თქვენ მოგიწევთ შეეგუოთ იმას, რომ საქართველოში გეიაღლუმი ჩატარდება». მე მაშინ ძალიან კატეგორიულად დავაყენე საკითხი, ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ძალიან მძიმე იქნებოდა ჩემი რეაქცია ამასთან დაკავშირებით და ძალიან ძვირად დაუჯდებოდა მას, თუ გაბედავდა და ასეთი აღლუმის ჩატარების პროვოცირებას მოახდენდა».

აქ, ალბათ, აუცილებელია ტერმინების დაზუსტება. ის აქცია, რომლის გამართვა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე იგეგმებოდა, არ წარმოადგენდა გეიაღლუმს (გეი-პრაიდ-პარადს, ანუ გეების სიამაყის აღლუმს). სხვაობა საზოგადოების უმრავლესობისთვის ძნელი შესამჩნევია, თუმცა ის მნიშვნელოვანია. 17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასთან (აგრეთვე, ბიფობიასთან და ტრანსოფობიასთან) ბრძოლის საერთაშორისო დღე _ ამ დღეს, 1990-ში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. მისი მთავარი დატვირთვა გეების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების პრობლემების, მათი უფლებების შეზღუდვის მიმართ საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღების მიზიდვაა, მარტივად რომ ვთქვათ, ამ აქციებზე უფლებადაცვითი თემატიკა დომინირებს.

რაც შეეხება გეი-პრაიდ-პარადს, რომელიც, როგორც წესი, ივნისში ტარდება (1969 წლის 28 ივნისს ნიუ იორკის ერთ-ერთ გეიბარში მოხდა შეტაკება პოლიციასთან, რომელმაც სათავე დაუდო საეტაპო მოვლენებს ლგბტ მოძრაობის ისტორიაში; 2009 წელს პრეზიდენტმა ობამამ ივნისი გეების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების სიამაყის თვედ გამოაცხდა). ივნისის გეიაღლუმებზე ასევე ფიქსირდება უფლებადაცვითი ლოზუნგები და მოწოდებები ტოლერანტული დამოკიდებულებისკენ, მაგრამ, ამასთანავე, ეს არის ზეიმი ლგბტ-საზოგადოებისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საჯარო დემონსტრირების დღე.

ნინო ბურჯანაძის განცხადებას თუ დავუჯერებთ, სააკაშვილს და ბოკერიას ეს სხვაობა არ ესმოდათყოველ წელს ამ დროს ცდილობდნენ, შემოეპარებინათ ჩემთვის ამ აღლუმის ჩატარების შესაძლებლობა»), ან კიდევ განგებ ურევდნენ ერთმანეთში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს და გეიაღლუმს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო, _ განსხვავებული დატვირთვის მქონე აქციების მსგავსი აღრევა ლგბტორგანიზაციებს დარტყმის ქვეშ დააყენებს. ამ ძნელად შესამჩნევ ნიუანსს სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს; 17 მაისის ღონისძიებას საზოგადოების უდიდესი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად აღიქვამდა, როგორც გეიაღლუმს, როგორც განსხვავებული ორიენტაციის საჯარო, გამომწვევი დემონსტრირების დღეს და ამ გარემოებამ პროცესების გამწვავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

«პროვოკაციის ავტორი ძველი ხელისუფლებაა», _  განუცხადა «ინტერპრესნიუსს» პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი ბუნდოვანი მინიშნებით შემოიფარგლა: «პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინსპირირებულია გარკვეული ძალების მიერ. ამის უკან გარკვეული ფინანსებია». 

ხაფანგი ახალი მთავრობისთვის

ზოგადად, სიტუაციებში, როდესაც კონკრეტული სამხილი არ არსებობს, თუ ასეთად არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ თავისუფლების მოედანზე, პირობითად, «#1 დაპირისპირების» დასრულების შემდეგ, სწორედ «ნაციონალების» მიერ კონტროლირებადი პროპაგანდისტული საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას ლგბტ-აქტივისტების გადაადგილების და მათი აქციის სხვა ადგილას გამართვის შესახებ, კონკრეტული კოორდინატების მითითებით, რაც, იდეაში, ახალი შეტაკებების პროვოცირებას ხელს უწყობდა (თუმცა, თეორიულად, შესაძლებელია ეს დამთხვევაც ყოფილიყო), ძველი რომაელები გვირჩევდნენ დაგვესვა კითხვა: «ვისთვისაა მომგებიანი?».

ერთი შეხედვით, «ნაციონალებისთვის» ძალიან მომგებიანია, რომ ახალი ხელისუფლება და საპატრიარქო ამა თუ იმ ფორმით ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რათა ივანიშვილის მთავრობა იძულებული გახდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ (რომელთა უმრავლესობამ 1 ოქტომბერს, დიდი ალბათობით, მხარი, «ქართულ ოცნებას» დაუჭირა) ხისტი პოლიციური ძალა გამოიყენოს, რომ დასავლეთმა სიტუაცია ისე დაინახოს, თითქოსდა ივანიშვილი ვერ უმკლავდება აგრესიულ, ანტიდასავლურ ძალებს, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ნოსტალგიით გაიხსენოს სააკაშვილის დროინდელი «სტაბილურობა» და ა.შ. მაგრამ, ისინი, სავარაუდოდ, იმასაც უნდა აცნობიერებდნენ, რომ ივანიშვილი საპასუხო დარტყმას სწორედ მათ მიაყენებს, თუ მივა დასკვნამდე, რომ განხილულ მოვლენებში მათ განმსაზღვრელი როლი შეასრულეს და ეს დარტყმა, სავარაუდოდ, მოულოდნელი და, ჩვეულებისამებრ, სასტიკი იქნება. რა თქმა უნდა, მცირე რესურსების გამოყენებით, ორი ძლიერი ოპონენტის ერთმანეთთან დაპირისპირების პროვოცირება ძალზე მაცდური იდეაა, მაგრამ აუცილებელია სავარაუდო პასუხის გათვალისწინებაც, მითუმეტეს რომ 17 მაისს გამოთავისუფლებული ენერგიის გადამისამართება პროვოკაციის შესაძლო ავტორებისკენ, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, არც ისე რთულია.

ტაქტიკური რეაგირების რეჟიმში, იმ მომენტიდან, როდესაც კორდონის გარღვევა მოხდა, პოლიციამ, ალბათ, შესანიშნავად იმოქმედა და დედაქალაქს სისხლისღვრა აარიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კითხვები შსს-ს ხელმძღვანელობის მიმართ არ არსებობს. «იდენტობის» 17 მაისის განცხადებაში ჩვენ ვკითხულობთ: «იდენტობა», «ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი», «ლგბტ საქართველო» და «ქალთა ფონდი საქართველოში» რამდენიმეჯერ შეხვდა პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს. შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უკანასკნელ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პოლიცია არა მხოლოდ მობილიზებული იყო, არამედ სპეციალური შტაბიც კი იყო შექმნილი. მათ მრავალჯერადად დაგვარწმუნეს, რომ აქცია შედგებოდა და ისინი უზრუნველყოფდნენ მონაწილეთა მშვიდობიან შეკრებას, აქციის ჩატარებას და ორგანიზებულ დაშლას. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, შეთანხმდა აქციის ადგილი და დრო. «იდენტობას» წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ სამართალდამცავებთან. შეთანხმებული იყო ყველა შესაძლო დეტალი».

საინტერესოა, რამდენად სწორად მოიქცა შსს-ს ხელმძღვანელობა,  როდესაც საკუთარ თავზე აიღო ვალდებულებები, რომელთა შესრულება იმთავითვე სათუო იყო. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ რუსთაველზე ათიათასობით ადამიანი მივიდოდა, ოპონენტების აქციის ჩაშლას შეეცდებოდა და არც პოლიციის კორდონის გარღვევას მოერიდებოდა. ამის განჭვრეტა შეეძლო არა მხოლოდ პოლიციის გენერლებსა და პოლკოვნიკებს, არამედ რიგითებს; ეს ცხადი იყო, «ზედაპირზე იდო» და ამის შესახებ ყველამ იცოდა. მიუხედავად ამისა, ღარიბაშვილის უწყებამ მაინც აიღო საკუთარ თავზე ვალდებულებები, რომლებიც ვერ შეასრულა, და ამის გამო ზოგიერთ ეპიზოდში სიტუაცია აშკარად უკონტროლო გახდა. ფორმალური თვალსაზრისით, შსს-ს სხვა არჩევანი არ ჰქონდა და მხოლოდ იმის გაკეთება შეეძლო, რაც გააკეთა (ანუ აქციის ხელშეუხებლობაზე პასუხისმგებლობის აღება), მაგრამ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება საქმის მიყვანა იქამდე, რომ ძალოვნები სიტუაციის მძევლები გახდნენ, სასურველი იყო პრევენციული ზომების მიღება იმისთვის, რომ დაპირისპირება საერთოდ არ მომხდარიყო ან, უკიდურეს შემთხვევაში, ინციდენტი დასრულებულიყო მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ, როგორც ეს 2012 წლის 17 მაისს მოხდა.

რა ფინალის ხილვა სურდათ «ნაციონალებს»? შეტაკების კვალობაზე გიგა ბოკერიამ ასეთი განცხადება გააკეთა: «პოლიციას აქვს სრული სამართლებრივი უფლება და მხარდაჭერა ჩემგან, რომ ამ სამარცხვინო მოძალადეებიის წინააღმდეგ, რომლებმაც დღეს ეს საშინელება ჩაიდინეს, ყველა ლეგიტიმური მეთოდი გამოიყენოს». ალბათ, ძნელი გასაშიფრი არ არის, თუ რას ნიშნავს «ყველა ლეგიტიმური მეთოდი» ყოფილი ხელისუფლების ენაზე _ სავარაუდოდ,  ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას, ისეთი ტიპის დარბევას, როგორიც 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილის რეჟიმმა მოაწყო. ამ სცენარის ფარგლებში, დიდი ალბათობით, მოხდებოდა უმძიმესი შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რასაც ივანიშვილის ხელისუფლების პოზიციების სერიოზული დასუსტება მოჰყვებოდა. შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყველა მოქმედების ანალიზი, ალბათ, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით უნდა მოვახდინოთ, გამორიცხული არაა, რომ ლგბტ აქციის ხელშეუხებლობის ვალდებულების აღება და არშესრულება, თანმდევი ექსცესებით, მან «ნაკლებ ბოროტებად» ჩათვალა იმ სიტუაციაში, როდესაც შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა «ბოროტების გარეშე», უბრალოდ, არ გამოდიოდა.

დაცვა თუ გაწირვა?

ალბათ, დროთა განმავლობაში მოხერხდება ყველა იმ მოვლენის რეკონსტრუირება, რომელიც მოხდა იმ მომენტიდან, როდესაც ცხადი გახდა, რომ პარლამენტთან ლგბტ აქტივისტების მოწინააღმდეგეთა უზარმაზარი მასა იკრიბება და ადგილი, სადაც ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვა იგეგმებოდა, დაკავებულია, იმ მომენტამდე, როდესაც გადაწყდა, რომ აქცია მაინც გაიმართება, ოდნავ მოშორებით, მერიის ძველ შენობასთან. რა მოტივებით, რა ლოგიკით ხელმძღვანელობდნენ აქციის ორგანიზატორები, როდესაც ეს, ხარის ცხვირწინ წითელი ქსოვილის აფრიალების ტოლფასი გადაწყვეტილება მიიღეს?

გასაგებია, რომ მათთვის პრიორიტეტული იყო მათი იდეები და ლოზუნგები, მაგრამ ნუთუ სამოქალაქო მშვიდობა, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა მათთვის ნაკლებად ღირებულია? რატომ მიიღეს მათ ეს სარისკო, თუ არა ავანტიურისტული გადაწყვეტილება იმ მომენტში, როდესაც ყველაზე სულელებისთვისაც კი ცხადი გახდა, რომ მოწინააღმდეგეები მერიისკენ დაიძრებოდნენ და პოლიციელები მათ შეჩერებას ვერ მოახერხებდნენ? ეს ერთ-ერთი საკვანძო მომენტია ამ ისტორიაში, რომელიც დამატებით ჩაძიებას და მოტივების ზუსტ დადგენას მოითხოვს.

დღეს სიტუაციის შეფასება, როგორც წესი, იმ პლატფორმიდან ხდება, რომელზეც საზოგადოების დიდი ნაწილი დგას, მაგრამ მოდით წამით შევეცადოთ, სიტუაციას მეორე, ასე ვთქვათ, «ძველი მერიის მხრიდან» შევხედოთ. იქ შეკრებილი ორგანიზაციების მიზანი ჰომოფობიასთან ბრძოლა იყო, მაგრამ რეალურად 17 მაისს მოხდა საპირისპირო განწყობების ყველაზე დიდი ამოფრქვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ანუ მათი დეკლარირებული მიზნების სრულიად საპირისპირო რამ. მათ შეუძლიათ დაადანაშაულონ ამაში ოპონენტები ან პოლიცია, მაგრამ საინტერესოა, აცნობიერებენ თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომელთა უფლებებს, თითქოსდა იცავდნენ, თავისი საეჭვო გადაწყვეტილებებით სასიკვდილო საფრთხე შეუქმნეს? რისთვის? (და როგორ გამოვრიცხოთ პოლიტიკოსების დაკვეთა ამ გარემოების გათვალისწინებით?).

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, ერთი ლოკალური ეპიზოდი წინასაარჩევნო პერიოდიდან, როდესაც ვებსაიტი «გეიბათუმი» გამოიყენებოდა პროპაგანდისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ (მაგალითი: «ეს კაცი არის ჰომოფობი, მასთან ერთად დაუბრუნდები წარსულს, სადაც შენი უფლებები ილახება»). მაშინ (14.09.12) «გეიბათუმის» მესვეურებმა «მედიანიუსს» განუცხადეს: «გეიბათუმი» არასამთავრობო, აპოლიტიკური ორგანიზაციაა, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში, რომელიც გადაწყვეტს ქვეყნის ბედს. ჩვენ ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერას ეროვნული მოძრაობის მიმართ, რომელმაც საქმით და არა ოცნებებით დაამტკიცა ქვეყნის სიყვარული და აჭარის რეგიონი აღმშენებლობის გზაზე დააყენა. «ნაციონალური მოძრაობა» _ ესაა გზა აღმშენებლობისკენ. «ოცნების» დრო დამთავრდა, ჩვენ გაკეთებული საქმის გვჯერა». ისმის კითხვა, იყო თუ არა ეს სხვა გეების (იდეაში, ისინი შეიძლება ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერები იყვნენ) დარტყმის ქვეშ დაყენება და მათ მიმართ იმ სიძულვილის გადამისამართება, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი «ნაციონალების» მიმართ განიცდიდა? იყო თუ არა ეს გეების ასოცირება «ნაციონალებთან» და პირიქით? გააუმჯობესეს ამით გეების მდგომარეობა თუ საქმე გაუფუჭეს, ისევე, როგორც 2013 წლის 17 მაისს?

ალბათ, ლგბტ ორგანიზაციების წევრებმა უნდა დაადგინონ, რამდენად ადეკვატურად გამოხატავენ მათი ხელმძღვანელები მათ ინტერესებს და ხომ არ იყენებენ, როგორც პაიკებს, პოლიტიკოსების ბინძურ თამაშში; ამასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არაერთი ეჭვი გამოითქვა და მთელი ეს ისტორიაც საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება.    

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here