Home რუბრიკები პოლიტიკა გვჭირდება თუ არა კანონი რელიგიური გრძნობების დაცვის შესახებ?!

გვჭირდება თუ არა კანონი რელიგიური გრძნობების დაცვის შესახებ?!

592

რამდენად სრულყოფილია ქართული კანონმდებლობა იმ პრობლემასთან მიმართებაში, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური 17 მაისის მოვლენების შემდეგ გახდა? შესაძლებელია თუ არა «ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ» ან «რელიგიური გრძნობების დაცვის შესახებ» კანონის მიღება, რასაც მოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილი აქტიურად მოითხოვს (განსაკუთრებით ბოლო დღეებში)? რა მდგომარეობაა ამ მხრივ წამყვან დემოკრატიულ სახელმწიფოებში?

კათოლიკოს-პატრიარქის 16 მაისის განცხადებაში ლგბტ აქტივისტების აქციის შესახებ ნათქვამი იყო: «ჩვენი მოქალაქეები ამაში ხედავენ უმრავლესობის უფლებების დარღვევას, მათი ტრადიციების, სარწმუნოებისა და, ზოგადად, აზროვნების წესის შეურაცხყოფას. ვფიქრობთ, თბილისის მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინონ ეს და გააუქმონ ჰომოსექსუალებისთვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციისა». 17 მაისს ჩვენ ვიხილეთ რუსთაველზე ათიათასობით ადამიანი, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევდნენ, და დავრწმუნდით, რომ პრობლემა მეტად აქტუალურია. მაგრამ ქართულ კანონმდებლობაში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, თუ რას წარმოადგენს სარწმუნოების ან ტრადიციების შეურაცხყოფა და თითოეული მოქალაქე ამას ინდივიდუალურ რეჟიმში ადგენს, რაც შექმნილი სიტუაციის კონფლიქტოგენურ პოტენციალს ნამდვილად არ ამცირებს.  

შესაძლებელია თუ არა პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა დამატებითი საკანონმდებლო რეგულირებით, იმ კონფლიქტის სიმწვავიდან გამომდინარე, რომელსაც რელიგიური გაერთიანებები 15 მაისს ერთობლივ განცხადებაში შეეხნენ: «საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ როგორც გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს და იგი რიგი პირობების შედეგად შეიძლება შეიზღუდოს. საქართველოს კონსტიტუცია, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია თუ სხვა საერთაშორისო დოკუმენტები, ამომწურავად მიუთითებენ იმ პირობებს, რომელთა დროსაც შეიძლება შეზღუდული იყოს იგი. სხვასთან ერთად, ესენია უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვა, ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა. ზემოაღნიშნულში ორი ფასეულობის _ რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების კონფლიქტიც მოიაზრება. თუ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გადავხედავთ, თვალნათლივ დავინახავთ, რომ აქ ერთიანი ევროპული სტანდარტი დადგენილი არ არის. ამის გამო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა თუ მორალურ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საქმეებში ევროპული სასამართლო ყოველთვის ეროვნულ სასამართლოებს უტოვებს შეხედულების საკმაოდ ფართო არეს, რათა მათ საკუთარი ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე დაადგინონ, თუ სად გადის ეს ზღვარი და რას მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესი. და, როგორც წესი, ეს დავა მორალის, საზოგადოებრივი ზნეობისა თუ რელიგიური გრძნობების სასარგებლოდ წყდება».

განხილული საკითხი წინა პლანზე პირველად როდი გამოვიდა. ზუსტად სამი წლის წინ, 2010 წლის 15 მაისს საპატრიარქომ საგანგებო განცხადებაში მოუწოდა ხელისუფალთ, «სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნებისა და საზოგადოების პატივსა და ღირსებას და მათ რელიგიურ გრძნობებს». სააკაშვილის რეჟიმმა ამაზე უარი უთხრა, ხოლო მისმა ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა თანმდევ კომენტარში განაცხადა: «თუ რა არის მორალური და ზნეობრივი, კანონით არ წესდება. ასეთი რამ მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში ხდება, რომელსაც დემოკრატიასთან სერიოზული პრობლემები აქვს. ზნეობაზე ზრუნვა საგანმანათლებლო დაწესებულებების, ეკლესიის და, ზოგადად, საზოგადოების საქმეა, მაგრამ ზნეობის აკრძალვებით, ჯოხითა და, გნებავთ, ჯვრით დანერგვა, კონტრპროდუქტიულია» (სააგენტო «პირველი»). დარჩიაშვილი აშკარად მანიპულირებდა ტერმინებით, რადგან არც კანონში იმის განსაზღვრა, თუ რა არის «მორალური», არც «ზნეობის დანერგვა» საპატრიარქოს არ უთხოვია, თუმცა აქ სხვა რამ არის საინტერესო, კერძოდ, აპელირება დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების მიმართ, რომელთა კანონმდებლობაში შესაბამისი ნორმები თითქოს არ მოიძებნება.

ირლანდიის კონსტიტუცია მოითხოვს, რომ ღვთის გმობა (BASHPHEMY) კანონით ისჯებოდეს. 2010 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული კანონის თანახმად, პიროვნებას, რომელიც «განგებ და საჯაროდ» იტყვის რაიმე შეურაცხმყოფელს რელიგიურ სიწმინდეზე და ამის გამო ამა თუ იმ რელიგიის მიმდევართა მნიშვნელოვანი ნაწილი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, 25 ათას ევრომდე ჯარიმა ემუქრება. დაინტერესულ მკითხველებს, აგრეთვე, შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტი და თვალი გადაავლონ ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის 188 და 189 მუხლებს, დანიის სს კოდექსის 140 პარაგრაფს, ფინეთის სს კოდექსის 17 ნაწილის მე-10 თავს, გერმანიის Strafgesetzbuchის 166 მუხლს, საბერძნეთის სს კოდექსის 198, 199 და 201 მუხლებს, ახალი ზელანდიის Crimes Act 1961-ის 123 სექციას, ისრაელის სს კოდექსის 170 და 173 მუხლებს, ნიდერლანდების სს კოდექსის 147 მუხლს, შვეიცარიის სს კოდექსის 261 მუხლს, ესპანეთის სს კოდექსის 525 მუხლს, აგრეთვე, ანალოგიურ პარაგრაფებს, ისლანდიის, იტალიის, ხორვატიის, ლიტვის, პოლონეთისა და პორტუგალის კანონმდებლობაში, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დაუშვებლობას ეხება.

ღვთის გმობა და რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა მხოლოდ ერთი საკითხია, რომელიც დღევანდელ დისკუსიაში #1 პრობლემად არ განიხილება (თუმცა ის ნამდვილად გამოვა წინა პლანზე იმ შემთხვევაში, თუ საპატრიარქოს ოპონენტები გააგრძელებენ სოციალურ ქსელებში იმ მასალების ტირაჟირებას, რომლებიც, სხვა ყველაფერთან ერთად, შეიცავს იმას, რასაც ჩამოთვლილი ნორმები კრძალავს).

ახლა ორიოდე სიტყვით უხამსობაზე, ზნეობასა და შესაბამის საკანონმდებლო ნორმებზე ზოგიერთ «დემოკრატიასთან სერიოზული პრობლემების მქონე ქვეყანაში» (დარჩიაშვილის კლასიფიკაციით): «თუ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ რომელიმე პირი დაკავებულია უხამსი წიგნის გაყიდვით ან კომერციული გავრცელებით, ნებისმიერ მოქალაქეს ან შტატის პროკურორს  (შემდეგ პროკურორების ჩამონათვალი მოდის), უფლება აქვს, მოითხოვოს ოლქის სასამართლოში (ინსტანციების ჩამონათვალი) ამ წიგნის უხამსობის ფაქტის დადგენა» (ვირჯინიის შტატის კანონების კოდექსი, $18.2-384).

საინტერესოა, რომ ამერიკელი კანონმდებლები საზოგადოების აზრსა და სტანდარტებზე დაყრდნობით ადგენენ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს «უხამსობად». ასეთად ითვლება ის, რასაც «საშუალო ადამიანი, საზოგადოების თანამედროვე სტანდარტებიდან გამომდინარე, შეაფასებს, როგორც უმდაბლესი სექსუალური ინტერესისკენ მიმართულს», _ არკანზასის შტატის კანონების კოდექსი; მუხლი 5-68-203 (ამასთანავე, კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსი; მუხლი 311; ტეხასის სს კოდექსი, თავი 43, ქვეთავი «ბ», მუხლი 43.21; ჯორჯიის შტატის კანონების კოდექსი, ტიტული 16, «სამართალდარღვევები საზოგადოების ჯანმრთელობისა და ზნეობრიობის წინააღმდეგ», $16-12-80). 

ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში «სიმორცხვის გრძნობის შეურაცხყოფისთვისაც» კი სჯიან (ბელგია, სს კოდექსის VII თავის 385-ე მუხლი; სან-მარინოს სს კოდექსის III ნაწილი «დანაშაული საზოგადოების წინააღმდეგ», მე-3 თავი, 275-ე მუხლი). 

ცხადია, ჩამოთვლილ ქვეყნებში არავინ უკრძალავს ლგბტ აქტივისტებს, ისევე, როგორც სხვა მოქალაქეებს, თავიანთი მოთხოვნები წამოაყენონ, პროტესტი გამოთქვან და ა. შ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მათი ქცევა ისეთ ფორმებს მიიღებს, რომ საზოგადოების უმრავლესობა გამომწვევ, შეუწყნარებელ პროვოკაციად აღიქვამს, კანონმდებლობაში აუცილებლად მოიძებნება მუხლი, რომელზე დაყდნობითაც ამა თუ იმ მცირე ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება სავსებით ლეგიტიმური საბაბით შეიზღუდება.

რაც შეეხება კანონებს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, დიდ ბრიტანეთში 1998-დან 2003 წლამდე მოქმედებდა «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» კანონის 28-ე მუხლი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებებს უკრძალავდა: «ა) ჰომოსექსუალიზმის შეგნებულ მხარდაჭერას ან ჰომოსექსუალიზმის მხარდაჭერის მიზნით მასალების გამოქვეყნებას; ბ) ნებისმიერ სკოლაში იმის სწავლების მხარდაჭერას, რომ ჰომოსექსუალიზმი მისაღებია, როგორც მოჩვენებითი საოჯახო ურთიერთობა». დღეს ეს ნორმა გაუქმებულია და ევროპის არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობაში მსგავსი რამ არ მოიძებნება. ამ მომენტის დაფიქსირება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქაა  ერთგვარი გზაგასაყარი; ქართულ საინიციატივო ჯგუფებს შეუძლიათ ორი მიმართულებით წავიდნენ _ ან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვა მოითხოვონ, ან კიდევ _ რელიგიური გრძნობების და მორალის დაცვა.

პირველ შემთხვევაში, პარლამენტი საქართველოს ევროინტეგრაციული ვალდებულებებიდან გამომდინარე, თავის მოქმედებაში შეზღუდული იქნება და კანონს, დიდი ალბათობით, არ მიიღებს. მართალია, თუ თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ ჩვენ რეგიონებში ფართო უფლებებით აღჭურვილ ადგილობრივ პარლამენტებს მივიღებთ, შემზღუდავი ნორმების შემოღება შესაძლებელი მათი მეშვეობით გახდება, თუმცა პრობლემები ევროპასთან ამ შემთხვევაშიც შეიქმნება (ამის უფლებას კი, ამ ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს ვერ მისცემს). შედარებით პერსპექტიული «მეორე მიმართულებით» წასვლა, იმ საკანონმდებლო ნორმებზე მუშაობა ჩანს, რომელიც მორწმუნეთა გრძნობებს და, ასე ვთქვათ, საინფორმაციოფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას დაიცავს. ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი გახდება ისეთი ფორმულირებების მოძებნა, რომლებიც, ერთის მხრივ, საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებს უპასუხებს და, მეორე მხრივ, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვას არ გაითვალისწინებს.

ყველაზე ცუდი, ალბათ, საკანონმდებლო ვაკუუმი და გაურკვევლობაა _ სიტუაცია, როდესაც მოქალაქეები ვერ პოულობენ კანონში იმ მუხლს, რომლის მიმართ აპელირება შეუძლიათ, და იმის დადგენას, თუ რა არის «სწორი და არასწორი», მხოლოდ საკუთარ (მეტწილად კი _ სხვის) შეხედულებებზე დაყრდნობით იწყებენ. ქაოსი და უბედურება სწორედ აქედან იწყება. 

დისკუსიის გადატანა კანონშემოქმედების სივრცეში, ნებისმიერ შემთხვევაში, სასარგებლო იქნება, თუნდაც ის უშედეგოდ დასრულდეს, რადგან ასეთი დისკუსიების დროს გროვდება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრებისთვის აუცილებელი გამოცდილება და შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავება ხდება.

არაერთგზის დამიწერია და კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ: ჩინელები სიტყვებს «კრიზისი» და «შესაძლებლობა» ერთი და იმავე იეროგლიფის მეშვეობით გადმოსცემენ და ამაში, ალბათ, ჩაქსოვილია ძალიან დიდი გამოცდილება და სიბრძნე. ყველაზე კარგი იქნება, თუ ჩვენ შევხედავთ «17 მაისის კრიზისს», როგორც შესაძლებლობას იმისთვის, რომ კანონმდებლობა, სახელმწიფო და საზოგადოება გაცილებით უკეთესი, ჯანსაღი გავხადოთ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here