Home რუბრიკები საზოგადოება ვახტანგ ჯაფარიძე: ხელისუფლება, რომელიც ომის ვეტერანებს არ იცავს, შეუძლებელია, ხალხზე ფიქრობდეს

ვახტანგ ჯაფარიძე: ხელისუფლება, რომელიც ომის ვეტერანებს არ იცავს, შეუძლებელია, ხალხზე ფიქრობდეს

1543

საყოველთაო ნგრევისა და თავაშვებულობის ჟამმა ბევრი კარგი სიტყვა გაცვითა და გააფერმკრთალა, მათ შორის სიტყვა _ «ლეგენდარული». მისით ვინ არ შეამკეს: უხმო მომღერლები, უნიჭო მსახიობები, უსმენო კომპოზიტორები, უგემოვნო დიზაინერები და .. საბედნიეროდ, ჩვენს საზოგადოებას შემორჩნენ ადამიანები, რომლებსაც ეს სიტყვა მიესადაგებათ. ერთერთი ასეთი პიროვნება გახლავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლეგენდარული ოპერმუშაკი, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, ძველი თბილისის რაიონის ვეტერანთა კომიტეტის თავმჯდომარე, 91 წლის პოლკოვნიკი ვახტანგ ჯაფარიძე. სკეპტიკოსთა ეჭვის გასაქარწყლებლად ვიტყვი: ბატონმა ვახტანგმა ბრწყინვალედ გახსნა 48 დანაშაული, დააკავა უამრავი დამნაშავე ისე, რომ არც ერთს ფრჩხილიც არ დაუზიანა, მათ შორის, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცოცხლადდამწვარი ევგენი აფრასიძერედაქციაში გვესტუმრა და «ნაციონალების» მიერ 19 აპრილს გამართულ მიტინგთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვა ვახტანგ ჯაფარიძემ:


_ 19 აპრილს «ნაციონალურმა მოძრაობამ» უნებლიეთ დაადასტურა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიც გააყალბა. ვეკითხები მის ლიდერებს: სადაა მოსახლეობის ის 40 პროცენტი, რომელმაც თქვენ ხმა მოგცათ? თქვენ მიერ იქ მორეკილი ხალხის რაოდენობა, თუნდაც 20 ათასი, ამას არ ადასტურებს. მაგდენი ხალხი საპროტესტოდ რომ იკრიბებოდა თქვენი მმართველობის დროს, ხალხმრავლად არ ითვლებოდა!

ოთხი ათეული წელია, რაც ომის ვეტერანების ინტერესების დასაცავად ვიბრძვი. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ღირსებას მაინც არავინ შეგვილახავს, თუმცა არიან პიროვნებები, რომლებიც წინა ხელისუფლებას მისტირიან. სწორედ ისინი მაიძულებენ ხელში კალმის აღებას. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არის სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია. მეც ვსარგებლობ ამით და თავს უფლებას ვაძლევ, შევეხო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელმოუწერელ დოკუმენტებს, რომელთაც მკვეთრად გააუარესეს ომის ვეტერანების ყოფა.

2006 წლის 26 ნოემბერს ქ. მინსკში ჩატარდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება 1941-45 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების საზეიმოდ აღნიშვნის თაობაზე. გადაწყვეტილებაში ჩაწერილია, რომ უნდა განხორციელდეს ღონისძიებები მამულის დამცველთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მებრძოლთა სამარხების, მემორიალური კომპლექსების, ძეგლებისა და ობელისკების, ძმათა სასაფლაოების, მებრძოლ პარტიზანთა და იატაკქვეშელთა ცალკეული საფლავების შენარჩუნებისა და კეთილმოწყობის მიზნით. ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, რუსეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურებმა. სამწუხაროდ, ხელი არ მოაწერეს მხოლოდ თურქმენეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს ანალოგიური სხდომა 2007 წლის 5 ოქტომბერს ქ. დუშამბეში ჩატარდა, სადაც მიიღეს სერიოზული გადაწყვეტილება _ ვეტერანთა მიმართ დასახული ღონისძიებებისთვის ფინანსების გამოყოფის თაობაზე. გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოს მეთაურებმა, მათ შორის თურქმენეთის სახელმწიფოს მეთაურმაც კი. ამ შემთხვევაში ხელი არ მოაწერა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა. რატომ განაცხადა პრეზიდენტმა უარი სახელმწიფო დოკუმენტებზე ხელის მოწერაზე მინსკსა და დუშამბეში, ჩვენთვის ცნობილი არ არის, მაგრამ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ამაზრზენი კანონის შინაარსს რომ გაგაცნობთ, თქვენთვის ყველაფერი ნათელი გახდება.

2011 წლის მარტში პარლამენტმა მიიღო კანონი «თავისუფლების ქარტიის» სახელწოდებით; რატომღაც კანონის მიღებას გია თორთლაძის ინიციატივა უწოდეს. ამ კანონში პირდაპირ ჩამოთვლილია, რომ უნდა დაინგრეს, განადგურდეს საბჭოთა სიმბოლიკები, მემორიალები, მონუმენტები, ძეგლები; უნდა შეიცვალოს სახელწოდებები, გაუქმდეს თავშეყრის ადგილები, რაც მთავარია, საბჭოთა იდეოლოგია გაუთანაბრეს ფაშისტურ იდეოლოგიას! პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა! ამრიგად, თამამად ვამბობ, რომ სამამულო ომის მონაწილეთა უკვდავსაყოფ მემორიალების მშენებლობაზე, ვეტერანთა კეთილდღეობის ამაღლების ღონისძიებების განხორციელებაზე, რომლის დოკუმენტიც მინსკსა და დუშანბეში იყო მიღებული, სახელმწიფო მეთაურთა გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი არ მოაწერა, სამაგიეროდ, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში აშენებული სიმბოლიკების, მემორიალების, ობელისკების, ძეგლების დანგრევაზე, სახელწოდებების შეცვლაზე მიღებულ კანონს მან ხელი მოაწერა! დასაფიქრებელია, რომ ჯერ კიდევ სააკაშვილს კანონზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი, ქუთაისში მემორიალი რომ ააფეთქეს, მემორიალი, კომუნისტებმა ააგეს სამამულო ომში დაღუპული 300 ათასი ქართველი ახალგაზრდა მეომრის ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელსაც დედაშვილის სიცოცხლე შეეწირა!..

რამდენად დიდი ბოროტება, ზიზღი და სიძულვილი უნდა გქონდეს პიროვნებას, რომ მემორიალი ააფეთქო! ამასაც ხომ მოვესწარით!.. ომის ვეტერანებს მიგვაჩნია, თუ ხელისუფლებას მემორიალის ადგილზე პარლამენტის აშენება ჰქონდა დაგეგმილი, რატომ მემორიალი არ გადაიტანეს სხვა ადგილზე ან, პირიქით, რატომ მაინც და მაინც მემორიალის ადგილზე დაიგეგმა პარლამენტის შენობის აგება?! დარწმუნებული ვართ, რომ მემორიალი აფეთქდა და განადგურდა შეგნებულად, წინასწარი განზრახვით და უშუალოდ სააკაშვილის ინიციატივით! ამას პარლამენტის მიერ მიღებული კანონიც ადასტურებს.

რატომ, რისთვის მოხდა არნახული ვანდალიზმი, ეს უნდა დადგინდეს! ამის გამო ჩვენ, ომის ვეტერანები კატეგორიულად მოვითხოვთ, ამ საქმეში ჩაერთოს პროკურატურა! მან უნდა დააზუსტოს მონუმენტის აფეთქების მიზეზები და პასუხი მოსთხოვოს დამნაშავეებს!

საბჭოთა კავშირის მიმართ სიძულვილის გამო სააკაშვილს, შესაძლოა, ჩვენ მიმართაც სიძულვილი აქვს, მაგრამ რა დააშავეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა? როდესაც აფხაზეთის ომის ვეტერანებმა მძიმე სოციალური პირობების გამო შიმშილობა გამოაცხადეს გმირთა მოედანზე, მემორიალთან, ხელისუფლებამ ისინი დაარბია, იმ მოტივით, რომ ტერიტორიას ანაგვიანებენო. არავის უკითხავს, რა გაჭირვებამ აიძულა ომის ვეტერანები, შიმშილობა რომ გამოაცხადეს! ხელისუფლება, რომელიც ომის ვეტერანებს, ომში დაღუპულების ოჯახებს არ ეხმარება, ყურადღებას არ აქცევს და მათ ღირსებას არ იცავს, შეუძლებელია, ხალხზე ფიქრობდეს.

უფრო მეტიც, როგორ გავიგოთ მეტად დამაფიქრებელი ფაქტი იმის თაობაზე, რომ პარლამენტმა ამ კანონში გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნა კომისია, რომლის თავმჯდომარედ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, შეარჩია. ეს მეტად დასაფიქრებელია იმიტომ, რომ მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში განსაკუთრებით საშიშმა დანაშაულებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო, როგორიცაა: უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩაში დახოცვა, უდანაშაულო ადამიანებისთვის ნარკოტიკების, იარაღის ჩადება და გასამართლება, მობილურ და საერთოდ ტელეფონებზე  მოსმენა, წინა თაობის აუგად მოხსენიება და მრავალი სხვა.

2004-2012 წლებში  მარტო საპოლიციო ოპერაციის განხორციელებისას დაღუპულია 100 კაცზე მეტი (ძირითადად, დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობის ან შეიარაღებული თავდასხმის მოტივით). ეს პროფესიონალისთვის საგანგაშო ფაქტია! მაგრამ, ვინც ვანო მერაბიშვილს მისტირის, მისთვის არაფერს წარმოადგენს 26 მაისს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ფაქტი. მე, როგორც პროფესიონალს, არ მომწონდა მერაბიშვილის საქმიანობა და მაღიზიანებდა კიდეც. ამიტომაც, არ შევუშინდი მის «დიდ» ავტორიტეტს, რომელიც იმ პერიოდში ჰქონდა, და 2011 წელს კრიტიკული წერილი გავუგზავნე, რომელშიც ვამხილე მისი დანაშაულებრივი საქმიანობა! ამასწინათ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ტელევიზიით საქვეყნოდ განაცხადა: ახალი მთავრობის საქმიანობა ძველ «კაგებეს» საქმიანობას მაგონებსო. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ცინიკური, უაზრო განცხადებების გაკეთება? მრავალი წლის მანძილზე საქართველოში კგბ-ს მინისტრი იყო დიდი პროფესიონალი და კაცთმოყვარე ადამიანი _ ალექსი ინაური. ყველას ვეკითხები, ვისაც ახსოვს ან  სმენია ბატონი ინაურის მინისტრად მუშაობის პერიოდის შესახებ: თუ მომხდარა თბილისში ახალგაზრდობის ქუჩაში ჩახოცვა და სხვა მრავალი მძიმე დანაშაული, როგორიც მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში ხდებოდა, და რომელთა ორგანიზატორი პირადად ის გახლდათ?

ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. კომუნისტების დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრების ქონება რომ შეკრიბო და გადაიყვანო თანხებში, ახლოსაც ვერ მივა ვანო მერაბიშვილის ქონებასთან! ინაური იყო კორუმპირებული და ვანო მერაბიშვილი პატიოსანი? ეს ხომ ცინიზმია!

გულისტკივილით მინდა აღვნიშნო ფაქტი _ ამერიკის პრეზიდენტ რეიგანის ძეგლი ქართველებმა რიყეზე დადგეს, სტალინის ძეგლი გორში კი წააქციეს და სადღაც სოფელში გადამალეს. სამწუხაროდ, ვინც ეს გააკეთა, ქართველობის რომ არაფერი აქვთ, ამაში მალე მათ თვითონ ქართველები დაარწმუნებენ. ეს ახლო მომავალში მოხდება!

ნუ დაგავიწყდებათ, რაც დიდმა ბელადმა _ სტალინმა, საქართველოს სიკეთე გაუკეთა, ჯერ არვის გაუკეთებია! და მოვა დრო ყოველივე ამას მომავალი თაობა შეისწავლის და მას ღირსეულ ადგილსაც მიუჩენენ!

მინდა, გაზეთის საშუალებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართო: ჩვენ ომის ვეტერანებმა უმძიმესი გზა გავიარეთ სამამულო ომიდან დაწყებული დღემდე, რომლის შესახებ დეტალურად თქვენ მოგახსენეთ, პირველი შეხვედრის დროს. ამ წერილის გაცნობის შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ ყველა ომების ვეტერანთა მიმართ მთავრობის მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება ყურადღება, მაგრამ აქვე განსაკუთრებით მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი თაობა არასდროს არ შელახავს თავის ღირსებას და თავს არ მივცემთ იმის უფლებას, რომ რაიმე მოთხოვნები და პრეტენზიები წამოვაყენოთ. კარგად გვესმის, რომ ამის დრო დადგება. მაგრამ ჩვენი სურვილია, თქვენთან დავაყენოთ ისეთი საკითხები, რომელთა გაზეთში დაწერაზე თავს ვიკავებ. მართალია, დატვირთული ბრძანდებით, მაგრამ იმედს გამოვთქვამთ, რამდენიმე წუთით მიგვიღებთ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, რისთვისაც დიდად კმაყოფილი დავრჩებით!

ჩაიწერა

გიორგი კორძაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here