Home რუბრიკები საზოგადოება ქართული მიწა სისხლის ცრემლებად დნება

ქართული მიწა სისხლის ცრემლებად დნება

ქართველ ერს თავისი ისტორიის გრძელ გზაზე უბედურების, ტანჯვაწამების და ყოფნაარყოფნასთან ჭიდილის მეტი რა უნახავს. უფლისმიერი ნაკურთხი მიწა შემოაჭამეს, დაგლიჯეს, დააკნინეს, დაასუსტეს, მაგრამ ვერ მოსპეს; ქართული გენის გიზგიზა კოცონი ვერ ჩააქრეს. აგერ, დღევანდელობამდე მოაღწია შაგრენის ტყავივით შემცირებული სამშობლოთი უძველესი ენის, დამწერლობის, ზნეობის, კაცთმოყვარეობისა და სიკეთის მატარებელმა ერმა. სწორედ ამიტომ კაცობრიობის შეგნებული და სიმართლის მქადაგებელი ჯანსაღი ნაწილი მარგალიტივით უნდა უფრთხილდებოდეს მის არსებობას.


დაქუცმაცებული, დანაწევრებული, გაგლეჯილ-გამოგლეჯილი იქნევდა მახვილს და მტაცებლებთან უთანასწორო ბრძოლებში აწრთობდა ერისა და მამულისადმი სიყვარულს. ყოფილა ჟამი სიკვდილ-სიცოცხლისა, მაგრამ «თავს არ მოიკლავს ქართველი, არა!..». გადარჩა, გაერთიანდა და შვებით ამოისუნთქა.

თემურ ლენგი, შაჰ აბასი, აღა მაჰმად ხანი…  მრავალი დაუნდობელი დამპყრობელ-ამომგდები გვესეოდა, ყველაფერს სპობდა და ანადგურებდა, მაგრამ ქართველი ხალხი ბრძოლას არ წყვეტდა, ყოველი შემოსევის შემდეგ ფენიქსივით ახერხებდა წამოდგომას. ამჟამად კი სულ სხვაგვარი განსაცდელის ჟამი დაუდგა. ამდენი თავისივე ჯიშისა და მოდგმის მუხთალი რომ გამძვრალიყო ქვეყნის მართვის სადავეებთან, ვერ გაიხსენებს საქართველოს ისტორიის გაყვითლებული ფურცლები.

იყო პერიოდი, როდესაც «ნაციონალური ჭირისგან» თავის დახსნა თითქმის შეუძლებლად მიაჩნდათ, რამეთუ ხალხის ერთობლივად გაბრძოლება ვერ ხერხდებოდა. ამ დროს ბიძინა ივანიშვილმა, არავითარი სიკეთე რომ არ აკლდა, გვერდით გადადო უშფოთველი ცხოვრება და ჩაუდგა სათავეში ქართველი ხალხის საშინელი «ნაციონალური ჭირის» წინააღმდეგ ბრძოლას. მიუხედავად რეპრესიებისა, არჩევნებზე ხალხმა გაიმარჯვა და ახლა გვაქვს ორხელისუფლებიანობა: ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით _ მთავრობა და პარლამენტი უმრავლესობით; პრეზიდენტი სააკაშვილი შემორჩენილი გამგებელ-რწმუნებულებითა და პარლამენტის უმცირესობით.

ბიძინა ივანიშვილის ყოველ მცდელობას ქვეყნისა და ხალხის სავალალო მდგომარეობიდან გამოსაყვანად თან ახლავს სააკაშვილისა და მისი ნახირის საპროტესტო ღრიალბღავილი. მარტო ეს რომ იყოს, კიდევ რა გვჭირდა. დემოკრატიის ბურჯი დასავლეთი შეშფოთდა «ნაციონალების» ესოდენი შევიწროებით და ატეხა ხმაური. დღემდე არავის რომ არ გახსენებია და კუბლაშვილი თავისი სიმპათიაანტიპათიებით ნიშნავდა მოსამართლეებს, ისინიც უდანაშაულო ადამიანებს ენერგიულად ერეკებოდნენ გლდანის საკონცენტრაციო ბანაკში. ახლა ამ მოსამართლეებს რომ შეუტიეს, გამოჩხრიკეს ვენეციის კომისია, რომელსაც სულაც არ შეუწუხებია თავი საქართველოში სასამართლო უსამართლობის კალოს რომ ლეწდა, ახლა ჭკუას გვასწავლის, რამეთუ ჰგონია, რომ ქართველები ღრმად დაარწმუნეს თავიანთი მამიდის პატიოსნებაში.

ებრაელებმა უდაბნო სამოთხედ აქციეს და დღეს პატარა ისრაელი მოწინავე, განვითარებულ ქვეყნებს შორის დგას. ღალატმა და მუხთლობამ სამშობლო სამოთხე ჯოჯოხეთად გვიქცია და დღეს განუვითარებელი, ჩამორჩენილი ქვეყნების კუდში მივჩანჩალებთ.

ჩვენი ასეთი დაკნინება ყველაზე უფრო «ნაციონალების» მიერ სტრატეგიულ პარტნიორებად მონათლულ ვაიმეგობრებს აძლევთ ხელს, თან დამცინავად ეღიმებათ, ეს საცოდავი საზღვრებმორღვეული საქართველო ჩვენი გულის მოსაგებად როგორი ენერგიით მოგვყვება ავღანეთის ავანტიურაშიო.

მოსახდენი მაინც მოხდა და მათმა ლაქია პრეზიდენტმა ხალხისგან მძლავრი პანღური მიიღო და თავისი მაღალჩინოსნებიანად გლდანის სანატორიუმის საგზურის მიღების აჩრდილი არ ასვენებს.

შეშფოთდნენ თავიანთი ძაღლიშვილების სავალალო მდგომარეობით და აგერ _ ვენეციის კომისია, ევროპარლამენტის მუქარა, ამერიკელების თითის ქნევა, ნატოს სამი თითის კომბინაცია და შედეგად ევროატლანტიკური ბუს კვერცხებით გამოჩეკილი კოაბიტაცია. «ნაციონალური მოძრაობა» კი რის ოპოზიციაა, იგი იბრძვის ჩადენილ დანაშაულობათა მისაჩქმალად და სასჯელიდან თავის დასაღწევად. სწორედ ამას ემსახურებოდა 19 აპრილის ნაცისტთა თავყრილობა რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ, რომელიც თვითონ ესოდენ ვანდალურად დაარბიეს.

საშინელი ჭრილობები, რაც ქართველ ერს და მთლიანად საქართველოს მიაყენეს, ჰგონიათ, მათი მფარველების მიერ მოგონილი კოაბიტაციით დავიწყებულია და ახალი ეროვნული მოძრაობის მოგონებით ცდილობენ, საბოლოოდ მოუღონ ბოლო ქართულ ეროვნულობას.

რაც მათ ციხეებში ჩაიდინეს, მხეცსაც კი თავზარს დასცემს. განა შეიძლება ამის დავიწყება? გერმანელ ფაშისტებს არ უკადრებიათ მსგავსი სიბინძურე. ტყვედ ჩავარდნილი გენერალი კარბიშევი, რომელიც წითელი არმიის მშენებელი ერთ-ერთი ნიჭიერი გენერალი იყო, სამშობლოს მოღალატე ვლასოვის მსგავსად, ვერასგზით ვერ გადაიბირეს. ზამთარში ბოძზე მიაკრეს, წყალს ასხამდნენ და ყინულის ქანდაკებად აქციეს. მამაცი გენერალი წამებით მოკლეს, მაგრამ ღირსეულად. ამათ კი ქართველი პოლკოვნიკი ისეთი ბინძური წამებით მოკლეს, რომ ვერავითარი კოაბიტაციის მექისე კაცობრიობის წინაშე ამ სიბინძურეს ვერ ჩამორეცხავს.

ქართველმა ხალხმა ეს პარაზიტები ნაწილობრივ გააპანღურა, მაგრამ თავიანთი პრეზიდენტის, შემორჩენილი პოსტების წყალობით და უცხოელი წამქეზებლების აშკარა ჩარევით გვარიანად უშლიან ხელს საქართველოსთვის მიყენებული ჭრილობების მოშუშებას და ქვეყნის აღორძინების საქმეს.

მათ მიერ დაწყებული ქართული მიწების გაყიდვა უცხოტომელებზე თუ დროზე არ შეჩერდა, საქართველოში ქართველი ქართველს სანთლით დაუწყებს ძებნას.

ნაციონალთა უამრავი ღალატი და ბინძური საქმენი თანდათან გამოდის სააშკარაოზე, მაგრამ დღეს რაც ცნობილია, ისიც საკმარისია მათი ხსენების ამოსაძირკვად.

საცოდავმა აღმა-დაღმა მოშლიგინე სააკაშვილმა ჩერქეზების გენოციდის ისეთი ავანტიურა წამოიწყო, რომ თვითონ ჩერქეზებიც გააოგნა; სასაცილოა, ყოველ ამგვარ სიგიჟეს საქართველოს სახელით რომ ნათლავენ.

ახლა ისტერიკა ემართება აგვისტოს ომის გამოძიების გამო, რომელსაც ჰაიდი ტალიავინის ევროკავშირის ცნობილი გამოძიების დასკვნაც ახლავს, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქართულმა მხარემ. სააკაშვილი კი იმუქრება, ვინც ამას იტყვის, სამშობლოს მოღალატეაო. ამ საკითხში კი სწორს ამბობს: ცხინვალის ავანტიურაში საქართველო არაფერ შუაშია, იგი დაიწყო «ნაციონალთა» ბანდამ და მისმა თავქარქაშა ლიდერმა _ მიხეილ სააკაშვილმა.

 ამას კომისია რად უნდა, როცა მთელი საქართველო ტელეეთერით ამათი ინფორმაციების მოწმეა.

გერმანელმა ხალხმა თუ თვითონ ვერ შეძლო კაცობრიობის საშინელი ჭირის _ ნაციზმისგან თავის დახსნა, ეს სხვისი დახმარებით გაკეთდა დიდი მსხვერპლის ფასად.

ქართველმა ხალხმა თვითონ შეძლო ხელისუფლებიდან გაეპანღურებინა ნაცისტი დამნაშავეები, მაგრამ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას ხელს უშლიან «მეგობარ» სახელმწიფოებში ჩაბუდებული ბოროტი სულები თავიანთი კოაბიტაციით. თუ ნაცისტი დამნაშავეები ნიურბერგის მსოფლიო ტრიბუნალმა გაასამართლა, ამათ ქართველი ხალხი თვითონ გაასამართლებს და სასჯელსაც დამსახურებისამებრ მიუზღავს.

თბილისიდან გორისკენ მიმავალი სააკაშვილის თავქარიანობის ნაყოფს, ფუტკრის სკებივით მიჯრილ ლტოლვილთა ხრიოკზე მოწყობილ დასახლებებს რომ შეხედავ, გულის ტკივილი სიმშვიდეს გაგიქრობს. ვისი ბრალია ქართველების თავისი ნაფერები სახლკარიდან ასე გამორეკვა და ამ ხრიოკზე ლტოლვილების სამსალით დაპურება?! ვისი ბრალია მშვენიერი ქართველი ახალგაზრდების ამოწყვეტა?! ვის არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, რომ თავისი მძიმე დანაშაული აღიაროს?! პასუხი ერთია _ მიხეილ სააკაშვილს არ აპატიებს ქართველი ხალხი ამ უბედურებას და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინებს პასუხს. საქართველო კი კვლავ გამთლიანდება და აყვავდება.

როგორ ბრძნულად ახდა ნიჭიერი ქართველი მამულიშვილის, საქართველოს სოციალური და ეროვნული ურთიერთობის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას წინასწარმეტყველება. იგი ჯერ კიდევ შევარდნაძის დანაშაულებრივი მმართველობის დროს გვაფრთხილებდა, რომ ამგვარი პოლიტიკით მარტო თბილისიღა დაგვრჩებაო, რამეთუ მთელი დამშეული საქართველო თბილისს მიაწყდა.

ესენი კიდევ ქართველებს საქართველოში ფეხის დასადგმელ ადგილს აღარ უტოვებენ. მიჰყვები გორის გზას, უცქერ გაუბედურებულ ლტოლვილთა დასახლებებს და ფიქრი არ გასვენებს, განა შეიძლება ჯანსაღ ხელისუფლებას ჰყავდეს ალექსანდრე ჭაჭიას მსგავსი საღად მოაზროვნე, ერის სასიკეთო მარგალიტი და ქვეყნის აღორძინების სამსახურში არ ჩააყენოს?!

საქართველო შეიძლება წარმოვიდგინოთ იმ დიდ სინად, რომელზეც ალაგია რკინის ჟანგიანი და სუფთა ნაწილები; კიდევ შეიძლება შეგხვდეს სპილენძი, ვერცხლი, ოქრო და მარგალიტიც. ბიძინა ივანიშვილი კი არის მაგნიტი, რომელიც საქართველოს ხსნისა და აღორძინებისთვის წამოწყებულ ბრძოლაში სითბოს, სიკეთესა და მიზიდულობას ასხივებს. ჰოდა, ძვირფასი ლითონები და მარგალიტები თუ თვითონ არ მოიძია, რკინისა და თანაც ჟანგიანის, ნაწილები ისე მიეკვრებიან, ვერცხლს, ოქროს და მარგალიტებს არ დაანახვებენ. «ქართული ოცნება» კი ყველა ღირსეულ მამულიშვილს ეკუთვნის და ეს ოცნება საქართველოს კეთილდღეობისთვის სწორად გათვლილი, ჭკვიანური და თავდადებული ბრძოლაა. არადა, ამგვარი მარგალიტებით მდიდარია საქართველო. საჭიროა მხოლოდ მათი მოძებნა და ხალხის სამსახურში ჩაყენება.

დღეს საქართველოში მწერლობას რომ არ ულხინს, თვალსაჩინო ჭეშმარიტებაა. ხშირად მიფიქრია, ჭაბუა ამირეჯიბის შედევრი «დათა თუთაშხია» ახლა რომ დაწერილიყო, გაიგებდა კი ქართველი ერი მის არსებობას? როცა წიგნის გამოცემა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მისი რეალიზაცია და თანაც ისეთი მწერლისთვის, რომელსაც ლუკმაპურის შოვნის პრობლემა აქვს. სწორედ ამ დღეში ვარ მე და ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაფუძნებულ კონკურსში პრემია მერგო. ისე გამეხარდა, როგორც დასახრჩობად განწირულისთვის მაშველი რგოლის გადაგდება. ბანკში მითხრეს, პრემიის ოცი პროცენტი სახელმწიფომ წაიღოო: მწარედ გამეღიმა, ბიჭო, მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი ხომ ჩაიდეს სტომაქში; გართობა, გასეირნება, რესტორნები და ბორდელები არ გაკლია, ძარცვავ ქვეყანას, მწერლობას მაინც შეეშვი, რომელიც ხალხსა და ღმერთს შორის დგას, და ნუ უშლი ხელს, თავისი მრავალტანჯული ერი მგზნებარე სიტყვით მაინც გაამხნევოს. მაგრამ ვაი, რომ ალექსანდრე ებრალიძის მსგავსი ბიზნესმენები თითქმის ვერ ხარობენ საქართველოში.

მარგალიტებსა და ძვირფას ლითონებზე მქონდა საუბარი და როგორ შეიძლება აქ თემურ ქორიძე არ გაიხსენო. ფეხადგმული სიკეთე, კაცმოყვარეობა, სპეტაკი სინდისი და ზნეობა.

ქართული ენისა და ისტორიის ბრწყინვალე მცოდნე დიოგენივით ცხოვრობს ერთ პატარა, წიგნებით გამოტენილ ოთახში და, სადამდეც სწვდება, სითბოთი, სიკეთით, სიყვარულითა და ქართველი ერის შესანიშნავი თვისებებით ათბობს ადამიანთა სულებს. იგი ზვიად გამსახურდიას მთავრობაშიც იყო ერთი წელი. სამოთახიანი ბინა მისცეს და გაჭირვებულ ოჯახს გადაულოცა. ამგვარ კეთილშობილ ქართველ მამულიშვილს შევარდნაძის ავაზაკები მოსაკლავად დასდევდნენ, რატომ?..

საქართველოში სიკეთითა და სიყვარულით გულანთებულ მამულიშვილებს რა გამოლევს. სწორედ ამიტომ არის, რომ ბედნიერი მომავლის აჩრდილი ქართელ ერს არ სცილდება. დღეს, როცა სამედიცინო მომსახურება შერყეული ჯანმრთელობის ადამიანებს დაუზოგავად ძარცვავს, წამლებს ისეთი ცეცხლი უკიდია, აფთიაქები ბოლავს და საკვირველია, რომ დღემდე არ დაიწვა, ექიმი გივი მაზმიშვილი ბნელ დარბაზში ანთებული სანთელივით იმედის სხივად ანთია. თავისი მკურნალობის მეთოდით აჯანსაღებს მრავალ ავადმყოფს, სიცოცხლის რწმენით ავსებს და, რაც დღევანდელობაში ესოდენ გასაკვირია, მრავალ გაჭირვებულ ავადმყოფს იქით ეხმარება.

მისი ოცნებაა დიდი სამკურნალო დაწესებულების აშენება, სადაც უამრავ პაციენტს უანგაროდ უმკურნალებს. მრავალ ქვეყანაში მიიწვიეს, მაგრამ არ წავიდა, აქ დარჩა, რათა გაუსაძლისი ცხოვრებით შეჭირვებულ თანამემამულეებს მძიმე ცხოვრების ტვირთი შეუმსუბუქოს.

ამგვარად, ჩემო ძვირფასო ქართველო ხალხო, საქართველო სავსეა მარგალიტებით. მერე რა, რომ ქართული მიწა დღეს სისხლის ცრემლებად დნება. ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ ხელისუფლება თავის ირგვლივ მარგალიტებს შემოიკრებს, საქართველოში ისრაელიდან ჩამოვლენ ნამდვილი სამოთხის სანახავად. სწორედ მაშინ ვეღარავინ დაგვიქნევს თითს და ვერც ბუს კვერცხებიდან გამოჩეკილი კოაბიტაციით აგვირევენ ნორმალურ ცხოვრებას.

გივი სომხიშვილი

 

2 COMMENTS

  1. მონებო,გეყოფათ დემაგოგია და ერის გამოთაყვანება,ბიძინაც იმ ხელით იმართება რომლითაც სააკიანი,ხოლო რაც შეეხება მის მეცენატობას,წაიკითხეთ თალმუდიზმის საიდუმლო ციტატები და სიონის ბრძენთა ოქმები.

  2. ანზორი: გივი სომხიშვილი მართალს ლაპარაკობს, როგორც ყოველთვის, მაგრამ ვინ არის გამგები? ამიტომაა რომ მომავლის იმედი თითქმის აღარავის შერჩა(მილიონერთა გარდა).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here