Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ კვარაცხელია: ეს კეთილშობილი პიროვნებებიც კი, სამწუხაროდ, ძველი სტერეოტიპებით აზროვნებენ

ზურაბ კვარაცხელია: ეს კეთილშობილი პიროვნებებიც კი, სამწუხაროდ, ძველი სტერეოტიპებით აზროვნებენ

976

სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზურაბ კვარაცხელიამ და მისმა თანამებრძოლებმა მას შემდეგ, რაც პარლამენტს აცნობეს, რომ ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე აინტერესებდათ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელის _ ქალბატონ გუჩა კვარაცხელიასა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელის _ ავთანდილ არაბულის მოსაზრებები, საჭიროდ ჩათვალეს თბილისში ჩასვლა და მათთან შეხვედრა.

 

_ მეტად მძიმე საუბარი თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა, _ ამბობს ბატონი ზურაბი. _ მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საკითხებზე ჩვენი მოსაზრებები დაემთხვა კიდეც ერთმანეთს, საბოლოო კონსესუსამდე მაინც ვერ მივედით. მე შევეცადე გულწრფელად, ამომწურავად და, რაც მთავარია, ზოგადეროვნული პრინციპებიდან გამომდინარე, ამეხსნა მათთვის ამ ტიპის დეპარტამენტის შექმნის მიზანშეწონილობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ჯერჯერობით მზად არ არიან, ადეკვატურად გაითავისონ და გაიზიარონ ეს ინიციატივა. აშკარაა, რომ ეს ადამიანები რაღაც დოზით მაინც ძველი სტერეოტიპებით აზროვნებენ.

_ ბატონო ზურაბ, რაში გამოიხატებოდა მათი ძველი სტერეოტიპული აზროვნება?

_ ვიქნები ობიექტური: ისინი უდავოდ განიცდიან გულისტკივილსაც და ჩემთან საუბარში გულწრფელად შეწუხდნენ ტ. ფუტკარაძისა და კამპანიის ანტიმეცნიერული და საზიანო პოზიციის გამო. უფრო მეტიც, შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს და მთხოვეს, ფუტკარაძესთან ერთ კონტექსტში ისინი არ მომეხსენიებინა, თუმცა ვიმეორებ: ეს კეთილშობილი პიროვნებებიც კი, სამწუხაროდ, ძველი სტერეოტიპებით აზროვნებენ და მათი კონტრარგუმენტები ჩემთვის მეტად არადამაჯერებელი და მიუღებელი იყო. მაგალითად, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ ენების ოთხმოცი პროცენტი გაქრობის გზაზეა, ეს გლობალიზაციამ მოიტანა და ამას უკვე აღარაფერი ეშველებაო. ამას კატეგორიულად არ დავეთანხმე და ვუპასუხე, რომ ჩვენ, საზოგადოება, ვალდებულნი ვართ, წინ აღვუდგეთ ამ პროცესს; რომ ეს საკითხი სახელმწიფოებრივ დონეზეა ასაყვანი და, ხატოვნად რომ ვთქვათ, გლობალიზაციის ამ ცუნამს, რომელიც წალეკვით ემუქრება ჩვენთვის ძვირფას ფასეულობებს, შემაკავებელი ჯებირები უნდა დავუხვედროთ.

_ ბატონო ზურაბ, თქვენ რა მიგაჩნიათ ამ პრობლემის _ ენების წალეკვის, გაქრობის შემაკავებელ ჯებირებად და რას გთავაზობენ აღნიშნულ უწყებათა ხელმძღვანელები?

_ ამის გაკეთება ხალხის მიერ არჩეული ეროვნულობისა და დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა. ბოლოს და ბოლოს ამაში დამეთანხმნენ, მაგრამ აქვე გამოთქვეს ეჭვი ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტრუქტურის ქმედითუნარიანობათა მიმართ. რა თქმა უნდა, ეს უსუსური არგუმენტაციაა და ამის უარყოფა არ იყო ძნელი საქმე და ამის შემდეგ ქალბატონმა გუჩამ და ბატონმა ავთანდილმა, როგორც იქნა, აღიარეს, რომ მათ არ მოსწონდათ სახელწოდება «ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი»; რომ, რაღაც თვალსაზრისით, მათ ეს აშინებთ, თუმცა დამაჯერებლად ვერ ხსნიან, რატომაა ეს საშიში. შემომთავაზეს, «ქართველური ენები» შეცვლილიყო «ქართული ენით». რა თქმა უნდა, ვუპასუხე, რომ ეს პრინციპული საკითხია, რომ სახელწოდებაში დევს ღრმა შინაარსი, რომ სწორედ აქ დევს ვალდებულება, რომელიც უნდა აიღოს სახელმწიფომ ჩვენს ენობრივ ტრიადასთან მიმართებაში.

_ თქვენი აზრით, ამ მოსაზრებას რისი განხორციელებაც თქვენ გინდათ, ჰყავს მოწინააღმდეგენი?

_ რა თქმა უნდა, არიან ამ თემის რადიკალიზაციის მომხრეებიც და ჩვენი ინიციატივა, ასე ვთქვათ, არის ოქროს შუალედი, პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალური ვარიანტი. მათვის არ დამიმალავს და აქაც ვიტყვი: აბა, დავფიქრდეთ, თუ დეპარტამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც შეიმუშავებს კონცეფციას, პროგრამას, თუ დაისახება ღონისძიებათა კომპლექსი ამ ენების გადასარჩენად, განა ეს ზოგადეროვნული და მამულიშვილური ქმედება არ იქნება?

_ ბატონო ზურაბ, კონკრეტულად როგორია ამ იდეის განხორციელების მეთოდები და გზები?

_ შემიძლია სხვადასხვა მეთოდი და გზა შემოგთავაზოთ. მაგალითად, თუ სკოლებში ვასწავლით ქართველურ ენათა საფუძვლებს, თუ ვასწავლით უმაღლეს სასწავლებლებში, კოლეჯებში, ტელერადიოეთერში, თუ სისტემატიურად გავაკეთებთ, ვთქვათ, ასეთი ტიპის გადაცემებს: შევისწავლოთ ქართული ენა, შევისწავლოთ მეგრული ენა, შევისწავლოთ სვანური ენა ან კიდევ: თუ რეგულარულად მომზადდება გადაცემები ფოლკლორზე, ეთნოგრაფიაზე, საერთოდ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე, განა ეს უფრო არ შეკრავს ეროვნულ სხეულს? არ უნდა დავაყენოთ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, პირიქით _ უნდა წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც წერენ მეგრულად და სვანურად. განა ამით უფრო არ შევუწყობთ ხელს ჩვენი ენობრივი კულტურის გადარჩენა-განვითარებას?

მე მათ ვთხოვე, პარლამენტისთვის არ მიეწოდებინათ უარყოფითი მოსაზრებები. მითხრეს, რომ იფიქრებდნენ ამის თაობაზე. იმედი მაქვს, ისინი მართლაც ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიან, მოიფიქრებენ. აქვე ბარემ იმასაც ვიტყვი, ღმერთო შეგცოდე და მეჩვენება, რომ ზოგიერთი ენათმეცნიერისთვის გამქრალი თუ გაქრობის წინაშე მდგარი ენების სპეციალისტობა უფრო საინტერესოა, ვიდრე მათ გადასარჩენად შეუპოვარი და თავდადებული ბრძოლა. გულს იმით ვიმშვიდებ, რომ ენათმეცნიერთა უმეტესობისთვის უმთავრესი მაინც საკუთარი კეთილსინდისიერებაა.

მე კვლავ დაჟინებით მოვუწოდებ ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს ჩვენს ინიციატივას და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო საზოგადოებას ვთხოვ, გაითავისოს ამ ინიციატივის უაღრესად დიდი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

ესაუბრა

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here