Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკული დემოკრატიის ლოგიკა– დადექით ყირაზე და ასე შეხედეთ მსოფლიოს!

ამერიკული დემოკრატიის ლოგიკა– დადექით ყირაზე და ასე შეხედეთ მსოფლიოს!

608

«შუქურა მიხეილი» და «დიქტატორი» ჩავესი!

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ორმაგი სტანდარტი (ჩემთვის _ ძლიერისთვის ყველაფერი შეიძლება, ხოლო შენთვის _ სუსტისთვის არა) ამერიკის შეერთებულ შტატებს  დასაბამიდან მოსდევს როგორც იდეოლოგიაში, ისე პოლიტიკაშიც. ამ სახელმწიფოს დამაარსებლები (ვაშინგტონი, ჯეფერსონი და სხვ.) ტკბილად და ლამაზად ლაპარაკობდნენ ადამიანის თავისუფლებაზე, თუმცა თითოეულ მათგანს ბევრი შავკანიანი მონა ჰყავდა. მაგალითად, პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის, «თავლა» ორას მონას ითვლიდა… 


იმ დროიდან მოყოლებული ამერიკა დაუღალავად და მიზანმიმართულად აცხადებს, რომ ისაა «დემოკრატიის ციტადელი», თანაც ერთადერთი და განუმეორებელი, რის გამოც მთელმა მსოფლიომ მას უნდა  უსმინოს მოწიწებით; მეტიც, იცხოვროს ისე, როგორც მას აშშ მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ამერიკის ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან დიდი ჩახლართულობით ან ორიგინალობით ნამდვილად არ გამოირჩევა. ის, ვინც მის წინაშე ქედს მოიხრის (ანუ წაიკუზება), ცხადდება ამერიკის მეგობრად, მაშასადამე, «დემოკრატიის შუქურად»; აი, მას კი, ვინც გაჯიუტდება, ანუ თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, «ძია სემი» დაადანაშაულებს ავტორიტარიზმში, დესპოტიზმსა და ტოტალიტარიზმში! ერაყი, იუგოსლავია და ავღანეთი ამერიკული პოლიტიკის «ორმაგი სტანდარტის» კლასიკური მაგალითია და, სამწუხაროდ, არა უკანასკნელი.

სურათზე მარჯვნივ თქვენ ხედავთ ბაჰრეინის მეფეს, ჰამადს, რომელსაც მაამებლად ემთხვევიან ხელზე ქვეშევრდომები, მათ შორის, მინისტრებიც. ზუსტად ამ ჰამადის ბრძანებით, 2011 წლის დასაწყისში, როცა ბობოქრობდა «არაბული რევოლუცია», ამ ქვეყნის დედაქალაქში _ მონამში, უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მომიტინგეებს. ასობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი საპყრობილეებში აღმოჩნდა. და რა? მოისროლა ამერიკულმა «დემოკრატიამ» ჰამადი პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე, როგორც მუბარაქი; ან სამარე გაუთხარა, როგორც კადაფის ან სადამ ჰუსეინს? არა! ოდნავ დატუქსა ერთი «პაწაწუნა» მიზეზის ხათრით _ ბაჰრეინი აშშ-ის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. მის სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსებულია სპარსეთის ყურეში უმსხვილესი ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზა, ხოლო მის ტერიტორიულ წყლებში «ჩასაფრებულია» მეხუთე ფლოტი _ ამერიკის საყრდენი და იმედი ირანთან შესაძლო ომში…

ასევე არ ადარდებთ პოტომაკელ «დემოკრატებს» ადამიანთა უფლებები საუდის არაბეთში. არადა, ვითარება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში უფრო უარესია, ვიდრე სუდანში მოშიმშილე მოსახლეობის პურით მომარაგების საქმეში. საუბარი ქალების უფლებებზე საუდის არაბეთში საერთოდ უხერხულია. მტაცებელი ფრინველები, მწევრები და ცხენები უფრო ფასობენ, ვიდრე მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ არაბი ქალების ბედით არ დაინტერესებულა არც ერთი ამერიკული ენაგადატყაული ფემინისტური ორგანიზაცია! მაგრამ რისთვის უნდა განრისხდნენ «დემოკრატები», როცა მათ გულმოდგინედ უგზავნიან ნავთით დატვირთულ ტანკერებს, შეხიზნული ჰყავთ მათი საზღვაო ფეხოსნები, ტონობით ყიდულობენ მათ იარაღს და, საერთო ჯამში, აფინანსებენ მათი ბიუჯეტის 45-პროცენტიან ფინანსურ «ხვრელს»?! ამიტომ მეფე აბდალა («ჩვენი» სააკაშვილივით) «დემოკრატიის შუქურაა», მიუხედავად იმისა, რომ მის სამეფოში ადამიანებს დღემდე თავებს ხმლით აცლიან! რას იზამ, აბდალა ძველი, ეფექტური, საუკუნეებით გამოცდილი ტრადიციების მომხრეა.  

ამერიკელებს იმედი არ გაუცრუა საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც. მან დემოკრატიის იდეების «სადიდებლად» 2008 წელს სასაკლაო მოაწყო ცხინვალის რეგიონში, სამი წლის შემდეგ, 26 მაისს, უსასტიკესად დასაჯა მშვიდობიანი მომიტინგეები, მათ შორის, უმწეონი _ ბავშვები, მოხუცები და ქალები, ხოლო გლდანის მერვე საპყრობილეში  ცოცხებით პატიმართა გაუპატიურება დაამკვიდრა. ამ საზიზღრობების შემდეგ ამერიკელმა «დემოკრატებმა» მას პასუხი მოსთხოვეს? ნურას უკაცრავად! პირიქით, «დემოკრატიის შუქურად» წარმოაჩენდნენ პირწავარდნილ დიქტატორს, ხოლო როგორც კი ქართველი ხალხის დაკვეთით ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილის ჯალათების დასჯა მოინდომა, უმალ «დიქტატურის აჩრდილზე» ალაპარაკდნენ და «დემოკრატი სააკაშვილისთვის» ინდულგენციის მოსაპოვებლად . . კოაბიტაციის სამარცხვინო  იდეა შემოუგდეს ქართველებს და ბოროტმოქმედებთან თანაცხოვრება გვიბრძანეს! ასეთია მსოფლიო ჟანდარმის, ნამუსის ძარღვგაწყვეტილი თვალთმაქცის _ ძია სემის ნამდვილი სახე და მოდუს ოპერანდი!

აი, სურათზე მარჯვნივ გამოსახული პიროვნება კი, უბრალო ხალხს რომ უკოცნის ხელებს, აწ გარდაცვლილი ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესია, რომელმაც თავის სახელოვანი მმართველობის დროს ამერიკელი ხარბი კოიოტები ქვეყნიდან გამოაპანღურა და ვენესუელის ნავთი ხალხის საკეთილდღეოდ გამოიყენა: აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, გატარდა ქმედითი რეფორმები სოფლის მეურნეობასა და განათლების სისტემაში. ვენესუელა გახდა რეგიონული ლიდერი და სათავეში ჩაუდგა მოძრაობას ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ! როგორც მიხვდით, ჩავესი «დიქტატორია» მარტო იმ მიზეზის გამო, რომ არ წაიკუზა ამერიკული «დემოკრატიის» წინაშე, საპირისპირო გაუკეთა!

როგორ თუ დიქტატორი?! _ აღშფოთდება პატიოსანი, მაგრამ გულუბრყვილო ადამიანი. _ საკუთარი მოსახლეობის ამაწიოკებლები: აბდალა და ჰამადი დემოკრატებია, ხოლო ხალხზე მზრუნველი ჩავესი _ დიქტატორი?! სადაა ლოგიკა?!

აი, საქმეც ზუსტად ისაა, რომ ამერიკულ «დემოკრატიას» (ისევე, როგორც ყველაფერ ამერიკულს) განსაკუთრებული ლოგიკა გააჩნია; და თუ მაინც გსურთ, მის თავისებურებას ჩასწვდეთ, დადექით ყირაზე და ასეთ მდგომარეობიდან შეხედეთ სამყაროს. უთუოდ დაინახავთ, რომ ამერიკული «დემოკრატია», რა თქმა უნდა, თავისუფლებაა, ოღონდ არა ადამიანის, არამედ ტრანსნაციონალური კორპორაციების თავისუფლებაა, გაუკეთოს კაცობრიობას ის, რაც უნდა და, როგორც უნდა!.. მოკლედ, «დემოკრატია» ჭკუანაღრძობთა ფიქციაა და მეტი არაფერი!

კარგად დააკვირდით ამ სურათს და, ღმერთმა არ ქნას, ამის შემდეგ ერთმანეთში  აგერიოთ «დემოკრატი» ჰამადი და «დიქტატორი» ჩავესი!

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here