Home რუბრიკები საზოგადოება დემონსტრაციულად დახვრეტილი პროფესორის ქვრივი ხელს ადებს

დემონსტრაციულად დახვრეტილი პროფესორის ქვრივი ხელს ადებს

808

ბატონო ზვიად, თქვენ მე შვილად მეკუთვნით, მაგრამ მაინც მინდა მოგმართოთ «ბატონობით», ვინაიდან დღეს «დიდი კაცი» ბრძანდებით. მე უნდა გაგახსენოთ ერთი ეპიზოდი თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც შეიძლება აღარც კი გახსოვთ.

2007 წლის 20 მაისს მე და ჩემს ოჯახს ცარგვალი დაგვემხო თავზე, მე მომიკლეს მეუღლე _ გურამ შარაძე, ხოლო ჩემს შვილებს და შვილიშვილებს _ უსაზღვროდ მოსიყვარულე მამა და ბაბუა.

დატრიალდნენ ჟურნალისტები და ინტერვიუს ინტერვიუზე იღებდნენ. ზოგი გულწრფელად განიცდიდა ამ ამბავს, ხოლო ზოგი ნიანგის ცრემლებს ღვრიდა. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი შემზარავი მკვლელობის მიზეზი, თქვენ მას განუცხადეთ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური მკვლელობა, არამედ რაღაც საყოფაცხოვრებო მოტივით განპირობებული რამ (გაზეთი შენახული მაქვს). ეს პოზიცია მაშინ ძალიან მომგებიანი იყო (კარგად იცით, – რატომაც) და თქვენც სარგებელს მეყსეულად სტაცეთ ხელი.

ახლა, როდესაც შეიცვალა ვითარება, აშკარად გამოიკვეთა, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკური მკვლელობა, გამოწვეული იმ მიზნით, რომ გურამ შარაძე ამიერიდან წინ ვეღარ აღდგომოდა საქართველოს დამაქცევართ _ როგორც ქართველებს, ასევე ჩვენს ქვეყანას შემოსეულ ანგარებიან უცხო ტომელებს. მე თქვენ გეკითხებით: ოდნავ მაინც თუ შეგრცხვათ ან სინანული თუ დაგეუფლათ?

საპატიმროში მყოფმა ვინმე გიორგი ჩიხლაძემ, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი ყოფილა, თავის ადვოკატ ედიშერ ქარჩავას უთხრა: «მე რომ დამიჭირეს, დათა ახალაია დამემუქრა: თუ ყველაფერს ისე არ იტყვი და ისე არ მოიქცევი, როგორც მე გიბრძანებ, ისე დავგეგმავ შენს სიკვდილს, როგორც გურამ შარაძის სიკვდილი დავგეგმე და შევასრულე კიდეცო» (ის უბედური და უბედურ დღეზე გაჩენილი ამით ტრაბახობდა კიდეც თურმე). გიორგი ჩიხლაძის ნაუბარი თავის ადვოკატთან, ედიშერ ქარჩავასთან, აჩვენეს ტელევიზიით.

შევიტყვე, რომ ოთხი შვილი გყოლიათ (უფალმა გაჩუქოთ). დედაშვილურად გირჩევთ: თუ გყავთ თქვენი პირადი მოძღვარი და თუ არ გყავთ, ამოირჩიეთ ვინმე წესიერი, ნამდვილი მორწმუნე ადამიანი (მოძღვარს ვგულისხმობ) და არა ანაფორიანი გაიძვერა, რომლებიც მრავლად არიან დღევანდელ საქართველოში, ჩააბარეთ აღსარება და მოინანიეთ თქვენი შეცდომა თუ ცოდვა. მარტო ჩოხა-ახალუხი და ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი ვერ გიშველით.

ასევე მინდა მივმართო ჟურნალისტს _ ვინმე დიმიტრი ტიკარაძეს: იმ უბედურების დღეებში, როდესაც ჩემი ოჯახი განადგურებული, მიწასთან გასწორებული, უპატრონო, უმწეო და მიუსაფარი იყო, მე პირადად ორი ყავარჯნით ძლივს ვახერხებდი გადაადგილებას, ვინაიდან ჩემს სახლთან დამეჯახა, თუ დამაჯახეს მანქანა (დღემდე არ გარკვეულა), თქვენ, ბატონო დიმიტრი, კატეგორიულად თხოულობდით გაზეთის საშუალებით, რომ ჩემი შვილები პროკურატურაში თუ არ გამოცხადდებოდნენ, დაეპატიმრებინათ (გაზეთი შენახული მაქვს). ჩემი საწყალი და უბედური შვილი, გიორგი შარაძე, წარმოუდგენელ მდგომარეობაში იყო. მას მამამისი, რომელიც გაგიჟებით უყვარდა, გარდაცვლილი არ უნახავს. ის ჩაიკეტა ოთახში და ორი წლის განმავლობაში არც არავის დანახვებია და არც არავის დალაპარაკებია. ორი წლის თავზე საშინელ დეპრესიაში, თვითგვემული, ნახევრად არანორმალურ მდგომარეობაში მყოფი დაიღუპა. სიკვდილამდე მხოლოდ ამას მეუბნებოდა: «დედა, გიორგი ბარათელი ამის გამკეთებელი არ არისო». დღემდე ამას იმეორებს ჩემი შვილი _ რუსუდან შარაძე. მათ თურმე სამივეს ერთად უმუშავიათ ტელევიზიაში და იქიდან იცნობდნენ ერთმანეთს.

მე არ ვიცი, ბატონო დიმიტრი, რას მერჩოდით მე, გაუბედურებულსა და გამწარებულ ადამიანს, ან ჩემს ოჯახს. ამას ვინმეს დავალებით ასრულებდით, თუ თქვენი პირადი ინიციატივა იყო, ეს თქვენ ჩემზე კარგად გეცოდინებათ.

ბატონო დიმიტრი, მე თქვენ იმავეს გირჩევთ, რაც ვუთხარი ზვიად ძიძიგურს: მოინანიეთ, რომ თქვენი ცოდვა არ დახვდეს თქვენს შვილებს. ცოდვაა ეს, აბა, რა არის? ოჯახი რომ ჯერ არ გამოთხოვებია მიცვალებულს და თქვენ გაზეთიდან შეაგონებდით ჩემს შვილებს, რომ გამოცხადებულიყვნენ პროკურატურაში. მამის დაკრძალვის შემდეგ რომ გამოცხადდნენ პროკურატურაში, პროკურატურამ რა გააკეთა, ეს თქვენ და თქვენნაირებმა ახლა მაინც გამოიძიეთ კარგად.

ასევე მინდა გამოვეხმაურო პედაგოგ ადელი ერგაიას წერილს (გაზეთი «ალია»), რომელიც ეხება თბილისის 24-საჯარო სკოლის დირექტორს _ გია მურღულიას.

ჩემი მეუღლის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში ჩემთან სახლში სტუმრად მოვიდა შავებით მოსილი, ძალიან სიმპათიური ქალი, რომელიც გამეცნო, როგორც თამარ თუმანიშვილი (თბილისის 24-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი). სამძიმრისა და გულის ამაჩუყებელი საუბრის შემდეგ, მან მითხრა: «მე ცალი ფეხი სამარეში მიდგას და არ მინდა საფლავში წავიღო გია მურღულიას არაკაცობის ამბავი. ის ჩემი სკოლის დირექტორია. ჩვენ ძალიან დაპირისპირებულები ვართ. მე მას ვებრძვი იმიტომ, რომ მან სკოლა დააქცია და მიწასთან გაასწორა. ჯერ კიდევ ბატონი გურამი დაკრძალული არ იყო, რომ ჩვენ საშინლად ვიჩხუბეთ სკოლაში. ამის მოწმეები არიან. მე მას ვუთხარი: აფსუსი არაა, რომ შენ სული გედგას და ისეთი ქართველი, როგორიც გურამ შარაძეა, მიწაში მიდის-მეთქი. ამაზე მურღულიამ ცინიკურად მიპასუხა: «გურამ შარაძე ადრე უნდა მოგვეკლაო».

ქალბატონ ადელი ერგაიას თავის წერილში მოთხრობილი აქვს, აგრეთვე, იმის შესახებ, თუ როგორ გააბრიყვა გია მურღულიამ თბილისის 23-ე საშუალო სკოლის IX კლასელები და მათ შორის ჩემი შვილი _ გიორგი შარაძე, რომელიც ამ კლასში სწავლობდა. გია მურღულიამ საკონტროლო წერისთვის მოიტანა თავისუფალი თემა და ბავშვებს უთხრა, რომ დაეწერათ საკუთარ ოჯახზე, დედ-მამაზე, მასწავლებლებზე, დირექტორზე, პიონერებზე, კომკავშირზე, კომუნისტებზე და სხვ. მან ბავშვებს უთხრა: «ამ თქვენს ნაწერებს ჩემ გარდა არავინ წაიკითხავსო». გია მურღულიამ ბავშვები მოატყუა. ეს ნაწერები გამოქვეყნდა გაზეთ «ახალგაზრდა კომუნისტში», რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა იმის გამო, რომ ბავშვები შეეხნენ იმ დროისთვის მეტად აკრძალულ თემებს. აქვე უნდა გავიხსენო ის, რომ 23-საშუალო სკოლაში მასწავლებლად მოსულ გია მურღულიას ბავშვებმა შეარქვეს «სპირიდონა» (ეგნატე ნინოშვილის «ჩვენი ქვეყნის რაინდის» მთავარი მოქმედი პირის – სპირიდონ მცირიშვილის ანალოგიით). ერთხელ ჩემი შვილების ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა: «ამ ბავშვებმა რომ იცოდნენ, სპირიდონ მცირიშვილი როგორი წესიერი და სპეტაკი ადამიანი იყო, მას გია მურღულიას არ დაარქმევდნენო» (ამ მასწავლებელს ვერ დავასახელებ, რადგან იგი გარდაცვლილია).

ბატონო გია, მე თქვენ იმავეს გირჩევთ, რასაც სხვებს _ მონანიების გარდა, არაფერი არ გიშველით. ახლა, როდესაც დაუყვებით ცხოვრების დაღმართს, ჰკითხეთ თქვენს თავს: «რა მიმაქვს ამ ქვეყნიდან?» სამწუხაროდ და საუბედუროდ, კარგს ვერაფერს გაიხსენებთ.

გურამ შარაძე ოჯახთან ერთად 

გავიგე, რომ თურმე ირაკლი ოქრუაშვილი «ჩამობრძანებულა» საქართველოში და ციხიდანაც «გამობრძანებულა». მე მინდა მას გავახსენო შემდეგი ფაქტი: ჩემი მეუღლე, გურამ შარაძე, ორჯერ დაიჭირეს, ხულიგნობის მუხლით გაასამართლეს და ორივეჯერ თხუთმეტ-თხუთმეტ დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ტელეჟურნალისტის შეკითხვაზე (პირველი დაპატიმრების დროს), თუ როგორ უყურებდით ამ შემთხვევას, თქვენ ამაყად, ამპარტავნულად, გაბღენძილმა (როგორც გჩვევიათ), უპასუხეთ: «გურამ შარაძემ მიიღო ის, რაც ეკუთვნოდაო». ამდენი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას თქვენი თვითკმაყოფილი სახე. ახლა მე მინდა გკითხოთ, ბატონო ირაკლი, თქვენ თუ მიიღეთ ის, რაც გეკუთვნით, თუ ჯერ კიდევ ელოდებით უფლის განაჩენს, რადგან ბოლომდე არ მიგიღიათ ის, რაც დაიმსახურეთ. ჩემთვის და ჩემნაირებისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ისეთ ეიფორიაში, რომ მას მთელი ქვეყნიერება, ცა და მიწა, ზღვა და ხმელი თავისი ეგონოს, რასაც მოისურვებს ოჯახთან ერთად, ხელეწიფებოდეს?! მაგრამ, უფლის ნებით, წამიერი ყოფილა ყოველივე ეს. ეცადეთ, თქვენს შვილებს უფრო სხვანაირი სვე-ბედი ჰქონოდეთ, მე გეუბნებით თქვენ, რომ ვერც საქართველოდან გაზიდული ქონება, ვერც პარიზის მილიონერ ქალთა კლუბის წევრობა თქვენი მეუღლისა (პრესის მიხედვით) ვერ გიშველით თქვენს მეუღლეს და თქვენ, თუ იქნებით ცოდვილები.

ბატონო ირაკლი, თქვენს სინდისზეა არა მარტო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებული ინციდენტი, არამედ სხვა ბევრი ცოდვა, რომელთაც მე ვერ ჩამოვთვლი, რადგან, რომ ჩამოვთვალო, ხომ უნდა ვიცოდე? სამწუხაროდ და საუბედუროდ, მე არ ვიცი ბევრი რამ; მაგრამ თქვენ ხომ კარგად იცით? მე გეკითხებით თქვენ, ბატონო ირაკლი, რა დააშავა ჩემმა საწყალმა მეუღლემ, რომელმაც საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფენილი პორნოგრაფიული პლაკატებიდან ჩამოხია ერთ-ერთი, კერძოდ ის, რომელზეც გამოსახული იყო იოანე ნათლისმცემელი შიშველი ქალის სარცხვინელში თავშეყოფილი?

ჩემს მეუღლეს ისე უყვარდა საჯარო ბიბლიოთეკა, როგორც მორწმუნეს უყვარს ტაძარი. ოზურგეთიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ჩვიდმეტი წლის თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე დაუღალავად მუშაობდა იქ. იმ საბედისწერო დღესაც, როდესაც მას ნაძირალა ქართველებმა შუბლი გაუხვრიტეს, სწორედ საჯაროდან მოდიოდა.

პლაკატის ჩამოხევა საჯაროს ერთმა «ფხიზელმა» თანამშრომელმა, ვინმე ნინო გედენიძემ აუწყა პატრულს და ჩააბარა «ხულიგანი» გურამ შარაძე. თან ამბობდა თურმე, ჩვენ ამ გამოფენებიდან ფული შემოგვდისო. ხოლო როდესაც საჯაროს დარბაზებში ნაირ-ნაირი ჯურის საეჭვო ადამიანები ორგიებს მართავდნენ, ამას გედენიძე ვერ «ამჩნევდა».

აქვე უნდა ვთქვა, რომ პატრულშიც ყოფილან, არიან და იქნებიან კვლავაც ნამდვილი ადამიანები (თურმე ბიძინასგან ჩაცმულ-დახურულები). 2006 წლის 10 მარტს ჩემს სახლთან მანქანა დამეჯახა თუ დამაჯახეს დღესაც არ ვიცი, პატრულს წავუყვანივარ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომლის ეზოშიც ერთი ყმაწვილი ბიჭი ტელეფონში ეხვეწებოდა (შემდეგში გაირკვა, თუ ვის), «ჯერ ვერ დავიჭერ, რადგან მომაკვდავი მეუღლე ახლა დააწვინა საავადმყოფოშიო». იმ დღეს დაუჭერიათ და თხუთმეტი დღე მიუსჯიათ გურამ შარაძისთვის, როგორც «წვრილმანი ხულიგნისთვის». ეს მომხდარა უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გია ხუბუას, დიდი მონდომებით (გაზეთი «ასავალ-დასავალი» #9, გოგი გოგოლაშვილის წერილი).

აქვე მინდა დავასახელო ის ადამიანები, რომელთაც გარკვეული «ღვაწლი» აქვთ ჩემი ოჯახის წინაშე. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ჯერ ერთ ლარად წყნეთში ნაჩუქარი აგარაკის (მილიონებად ღირებულის) მეპატრონეს, ხოლო შემდეგ იძულებით დამთმობს, ნინო ბურჯანაძეს, რომელიც «გადატრიალებული» თუ «გადმოტრიალებული» საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ზ. ჟვანიასთან და მ. სააკაშვილთან ერთად. მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოუხსნა ჩემს მეუღლეს დაცვა, რომელიც ჩემი შვილის, ლაშა შარაძის, ტრაგედიასთან დაკავშირებით დაუნიშნა ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ, ვინაიდან გურამ შარაძესაც ემუქრებოდნენ სიკვდილით.

მე ვეხვეწები ნინო ბურჯანაძეს: დაანთოს სანთელი, გადაიწეროს პირჯვარი (არა თეთრი ხელთათმანებით, როგორც ერთხელ აჩვენეს სამებიდან) და დალოცოს საქართველო იმიტომ, რომ მარტო მისი ოჯახის კარგად ყოფნით მთელი საქართველო კარგად ვერ იქნება. ამით ის სხვა ცოდვებსაც მოინანიებს, რაც მას გააჩნია ჩვენი უბედური ქვეყნის წინაშე.

მე მათ აღარ ჩამოვთვლი.

უნდა ვთქვა, რომ ეს უბედურება მაინც დატრიალდებოდა ჩემს თავზე, რადგან, როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი დაგეგმა და განახორციელა ისეთი სისხლიანი ოჯახის შვილმა, თვითონაც სისხლიანმა და სისხლაღრეულმა, როგორიცაა დათა ახალაია (დავალებით, რა თქმა უნდა). ახლახან გაზეთში დაიბეჭდა, რომ მისმა რომელიღაც წინაპარმა წაბილწა ახალაიების სისხლი და გენი თავისივე მოგვარეზე დაქორწინებით, რაც მიუტევებელი ცოდვაა ქრისტიანი ადამიანისთვის.

აქვე მინდა დავასახელო «თავისუფლების ინსტიტუტის» «სკოლაგამოვლილი» ვინმე ოთარ ქაროსანიძე, რომელიც 2007 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე უკვე გარდაცვლილსა და სისხლში მცურავ გურამ შარაძეს მობილური ტელეფონით უგზავნიდა მესიჯებს: «ხომ ჩაგაძაღლეს შე ფაშისტო», «აწი ვეღარ შეებრძოლები იეღოველებს», «ვეღარ დაიცავ მამულს, ენას, სარწმუნოებას» და სხვ. დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში დამირეკა ქაროსანიძის დედამ და მთხოვა: «შვილი არ დამიწყევლოო», მაგრამ გარწმუნებთ, რომ ის ისედაც დაწყევლილია. მე მას არ ვთხოვ, რომ მოინანიოს, რადგან აზრი არ აქვს. ადამიანი რომ ადამიანობიდან გამოვა, იმას ღმერთიც ვერ უშველის. ახლა ამისი დრო და საშუალება არ არის. სხვა დროს აუცილებლად დავწერ ქაროსანიძის დედის ნაამბობის შესახებ, რომელიც მაგ უბედურს და მის კიდევ უფრო უარესად უბედურ მამას გვირგვინს ნამდვილად ვერ დაადგამს.

1998 წელს გაიმართა კონკურსი საქართველოს ახალი ჰიმნის საუკეთესო ნიმუშის გამოსავლენად. ჟიურიში შედიოდნენ პროფესიონალი მუსიკოსები (საქართველოში სხვა უფრო უკეთესები რომ არ არსებობდნენ, ისეთები). ჟიურიმ  პირველი ადგილი მიაკუთვნა ნუგზარ თუშიშვილს (ტექსტის ავტორი იყო ნუგზარ კობერიძე). კონკურსში გამარჯვებულს აძლევდნენ ფინანსურ ჯილდოსაც. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა კონკურსში მონაწილე და მაშინ ჯერ კიდევ ვერგამარჯვებულ იოსებ კეჭაყმაძეს: «რომ გაგემარჯვათ, ფულს რაში დახარჯავდითო». ი. კეჭაყმაძემ სრულიად უსინდისოდ და ურცხვად უპასუხა: «გურამ შარაძის შვილს ორმოცს გადავუხდიდიო». ჩემი ლაშიკოს ორმოცი ჯერ არ იყო გასული და წარმოიდგინეთ იმ სულიერი არსების უსულგულობა და ბოლოს და ბოლოს არაკაცობა, რომელიც ასე გამოეხმაურა ამ ტრაგედიას. მე ვეკითხები ი. კეჭაყმაძეს: «რაც არ უნდა გამწარებული ყოფილიყავით (ფულისთვის), ეს უნდა გეკადრებინათ?»

ბატონო იოსებ! ალბათ მალე დადგება დრო, როდესაც თქვენს უბადრუკ «ჰიმნს», რომელიც თქვენ შექმენით ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის მოტივებზე და რომელიც «ვარდოსანთა» ხელისუფლების სიმბოლო გახდა (ტექსტი დავით მაღრაძისა, რომელმაც დაამახინჯა და მოსპო აკაკი წერეთლის გენიალური ლექსი), თქვენი და დ. მაღრაძის ოჯახების გარდა არავინ მოისმენს.

გული ვერ მითმენს რომ არ დავასახელო ჩემი ლაშას საქმის გამომძიებლები: ვეფხია ლომიძე და ნოდარ შაყულაშვილი. ვეფხია ლომიძეს ორჯერ გადავაწერინე ჩემი დაკითხვის ოქმი, იმდენი შეცდომა ჰქონდა დაშვებული. სამაგიეროდ, ვ. ლომიძე იმით დააჯილდოვეს, რომ ამერიკაში გაუშვეს «სასწავლებლად». ნეტავი ვიცოდე, რა ისწავლა მან ამერიკაში, როდესაც მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა უჭირდა; ხოლო რაც შეეხება ნოდარ შაყულაშვილს, მას ლაშას საქმის «კარგად გამოძიებისთვის» გენერლის ჩინი მიანიჭეს.

ჩემი ლაშიკოს ექსპერტებს: ტომა მჟავანაძეს, ლევან ჩაჩუას და ვინმე ოქრუაშვილს (ბოდიშს ვიხდი _ მისი სახელი არ მახსოვს) წინ გრძელი გზა აქვთ გასავლელი; როგორც ცოდვილები (მათ გაყალბებული ექსპერტიზა წარმოადგინეს), რანაირად გაივლიან ამ გზას და უფალი რას უმზადებს მათ, მხოლოდ მაშინ მიხვდებიან, როდესაც წარსდგებიან ჩვენი ზეციური მამის სამსჯავროზე.

გურამ შარაძის საქმის გამომძიებლები იყვნენ: მალხაზ ბოხუა და ზაალ გურგენიძე.

 მათ ისეთი «კარგი გამომძიებლობა» გამოიჩინეს, რომ მათი «გამოძიებული» საქმის მიხედვით, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, როგორც ახლა ირკვევა, სრულიად უდანაშაულო ადამიანი, გიორგი ბარათელი, 26 წლით გამოკეტა ციხეში.

მე მინდა მივმართო მალხაზ ბოხუას, ზაალ გურგენიძეს და ბადრი კოჭლამაზაშვილს:

რატომ აიღეთ საკუთარ თავზე ასეთი მძიმე მისია? უსამართლო სამართლის დამკვიდრება ხომ დროებითია? თქვენ და თქვენნაირებს ასე ჰგონიათ, რომ თქვენი გამოტანილი ვერდიქტი სამუდამოა, მაგრამ ღმერთის წყალობით, ეს ასე არ არის. ბატონო ბადრი და სხვა ბატონებო, მე თქვენ ძალიან მეცოდებით, ვინაიდან რა მიიღეთ იმით, რომ გურამ შარაძის წინააღმდეგ შეთითხნილ საქმეში მონაწილეობდით, გარდა წყევლისა და შეჩვენებისა? ჩემი მეუღლე ხშირად იტყოდა: «ადამიანი ერთხელ ჩნდება და ერთხელ კვდებაო». თქვენ ნამდვილ სიკვდილამდე ბევრი სიკვდილი გელოდებათ წინ. თურმე ბ. კოჭლამაზაშვილს გაუსამართლებია ცოტნე გამსახურდია, მელორ ვაჩნაძე, ლადო ბედუკაძე (პრესის მიხედვით). ყოველივე ეს თუ თავისმოსაწონებელი იყო, არ მეგონა, მაგრამ მოვტყუვდი. ბატონო ბადრი, თქვენთან და თქვენ გვერდით უნდა დავასახელო პროკურორი, ვინმე გიორგი ჩივიაშვილი, რომელსაც გურამ შარაძის საქმის პროკურორობისთვის კახეთში, რაღაც დიდი თანამდებობა უბოძეს. ვაი, მას და მის უბედურ ოჯახს, თუ ასეთი ბინძური გზებით შოულობს თანამდებობებს.

ჩემმა შვილმა, რუსუდან შარაძემ, მოინდომა, რომ ჩვენს სადარბაზოსთან ყოფილიყო განთავსებული მემორიალური დაფა. მან ნებართვისთვის მიმართა მერიას, საიდანაც მოგვივიდა პასუხი სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას, ხელმოწერით. მერია ნებას გვრთავდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარჯს ოჯახი გასწევდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, თბილისის «საწყალსა» და «გაღლეტილ» მერიას ხომ «არ დავაზარალებდით?» მოწყალესა და ღვთისმოსავ ადამიანებს რა გამოლევს ქვეყანაზე? ჩემს სიძეს, თემურ გოგიძეს, სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარმა დედა ქეთევანმა (კოპალიანი) აჩუქა ქვა, ხოლო წარწერა სრულიად უსასყიდლოდ ამოკვეთა ერთმა ახალგაზრდა კაცმა ანზორ მარღანიამ, რომელსაც ჩემი სიძისთვის უთქვამს: «ეს ჩემთვის დიდი პატივიაო».

ვერ ვითმენ, რომ არ დავასახელო ჟურნალისტი, ვინმე ნათია ბანძელაძე, რომლის მეუღლეც ჩემს გიორგისთან და რუსუდანთან მუშაობდა თურმე ტელევიზიაში. ჩემი მეუღლის დაკრძალვიდან მოსულ გამწარებულ და შეიძლება ითქვას, სრულ ჭკუაზე არმყოფ ადამიანებს კარი კინაღამ ჩამოგვიღო. უნდოდა თურმე სიუჟეტი გაეკეთებინა და ტელევიზიით ეჩვენებინა გურამ შარაძის განადგურებული და წაქცეული ოჯახი. ღამის თერთმეტ თუ თორმეტ საათზე ჩემმა მეზობელმა ძლივს «გაისტუმრა» ძალით; ხოლო შემდეგ, როდესაც თავის ქალიშვილთან ერთად «მაღალ ეშელონებში» გაინავარდა, ერთხელ არ შეგვხმიანებია (რაღაში ვჭირდებოდით კარგად, უხვად და მსუყედ დაფინანსებულს).

შემთხვევით ხელში ჩამივარდა ერთი გაზეთი, რომელშიც ჩამოთვლილები იყვნენ საქართველოს მაღალჩინოსნები, მათი ხელფასები და პრემიები, ანუ დანამატები (ეს სიტყვა ძალიან მოდაშია). გაოგნებული დავრჩი _ თუ შეიძლებოდა ამხელა ხელფასები ჰქონოდათ გაღატაკებული ქვეყნის ჩინოსნებს, არ მეგონა. ჩემს მეუღლეს უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში ხელფასი ჰქონდა 48 ლარი (მართალია, ნახევარ განაკვეთზე, მაგრამ – მაინც). რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ამით არ ვცხოვრობდით. ჰონორარები იყო ჩვენი ძირითადი საარსებო წყარო, რომელსაც ჩემი მეუღლე ჯოჯოხეთური შრომის შედეგად გამოცემული წიგნებით ღებულობდა. კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ, როგორც იტყვიან, «თევზივით პირი წყლით მაქვს სავსე». ერთ რამეს კი დაჩოქილი ვეხვეწები ყველას, ვინც საუბრობს საქართველოს ეროვნული დროშის, ჰიმნის, გერბის, აგრეთვე, მამის სახელის, ეროვნების რეკვიზიტისა და საქართველოს უმდიდრესი საგანძურის შესახებ (რომელზედაც დადის მოარული ხმები, რომ ის დღეს საქართველოში აღარ არის), გაიხსენონ გურამ შარაძე, რომელმაც სიცოცხლე ზვარაკად მიიტანა მათ დასაცავად. მის სულს, ალბათ, ძალიან გაახარებდა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებმა (ისეთებმა, რომელთაც ეროვნული სული და შეგნება შენარჩუნებული აქვთ) მის კუბოს ეროვნული დროშა გადააფარეს და ასე მიაცილეს სამუდამო განსასვენებლამდე.

ამ ქვეყნიერებაზე უცოდველი ადამიანი არ არსებობს. მკითხველი თუ არ იტყვის, გულში მაინც გაივლებს ჩემზე, მას რატომ არ უშველა უფალმაო. მე ბევრ მოძღვარს (ნამდვილს, წესიერს, განათლებულს, ჭკვიანს, მართლა ღვთისმოსავს და ღვთისმოყვარეს) ვეკითხები ამის შესახებ. ამ კითხვაზე ასეთ პასუხს ვღებულობ: «უფალი ადამიანს განსაცდელს მოუვლენს იმიტომ, რომ ის უფრო დაიახლოვოს და რწმენაში გააძლიეროსო».

ქრისტიანი ადამიანი თავს ვერ მოიკლავს. მეც ვარ ცოცხალი გულგაპობილი და ხეიბარი. ველოდები, როდის ინებებს უფალი ჩემი სულის მიერთებას ჩემი საფიცარი ადამიანების სულებთან.

მე ბოდიშს ვუხდი მკითხველს, რადგან ძალიან გავაგრძელე; მაგრამ იმედი მაქვს, შემინდობს და მაპატიებს ჩემი საწყალი და გაუბედურებული, მაგრამ მაინც ამაყი და გაუტეხელი ქართველი ხალხი (და არა ქართული ან ქართველი საზოგადოება, როგორც ეს დამკვიდრდა, საუბედუროდ და სამწუხაროდ). საქართველო, რომელმაც საუკუნეთა სიღრმეში გამოატარა თავისი დიდი და უკვდავი ეროვნული სული, ახლა, მცირედი შეყოვნების მიუხედავად, უფლის ნებით და მარიამ ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით, კვლავ დაიკავებს მის კუთვნილ ადგილს და აღიდგენს მისთვის ჩვეულ ღირსებას.

სვეტლანა გახარია-შარაძე

28 მარტი, 2013

 

P.S. ბატონ ზვიად ძიძიგურს და სხვა უამრავ ზვიადს საქართველოში!

თქვენ ისეთი ადამიანის სახელი გქვიათ, რომ ეს ბევრ რამეს გავალდებულებთ, პირველ რიგში, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულსა და ზნეობრივ სისპეტაკეს.

იმ ღმერთის რჩეულსა და ღვთივკურთხეულ ადამიანს ძალიან უყვარდა თურმე ეს გულიდან ამოხეთქილი სიტყვები:

«როგორც უფალი, სამშობლოც –

ერთია ქვეყანაზედა».

თქვენც, ზვიადებო და არა ზვიადებო, გულის ფიცარზე დაიწერეთ ეს სიტყვები, რომ ეგების ეშველოს ჩვენს ბედკრულ სამშობლოს! დაე, თქვენი თავდადებული და თავგანწირული სიყვარული იყოს ჩევნი სამშობლოსთვის ბედნიერების მომტანი.

დალოცვილები იყავით ყველანი, ვისაც გიყვართ სამშობლო და მისი ბედნიერებისთვის გიძგერთ გული.

1 COMMENT

  1. ქალბატონო სვეტლანა…მე არ ვიცი რა მოგიყვათ ქაროსანიზის დედამ.მაგრამ ტვიტონაც ერტი ბრიყვი და ხარბი ქალია ..უზნეო..მევახშე..ფარისეველი…ეკლესიაში ათენ აღამებს…მაგრამ ათიდან მინიმუმ რვა მცნებას არღვევს…

  2. ,,თქვენ მას განუცხადეთ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური მკვლელობა, არამედ რაღაც საყოფაცხოვრებო მოტივით განპირობებული რამ,,
    =================================================
    ეჰ. ზვიად, ზვიად.

  3. ქალბატონო სვეტლანა გამარჯობატ,კიდევ ერტხელ ვიზიარებ ტქვენს მცუხარებას,დზალია დიდი ქომაგი დაკარგა საქარტველომ ბატონი გურამის სახიტ, ვაი რომ დგევანდელ საქარტველოს დზალიან ცოტა კავს ასეტი მამულიჰვილები….. ბევრს ფრტა ჰეესხა მისი ცასვლიტ და მაჰინვე ვტქვი რომ ეს ჰეკვეტილი მკვლელობა იკო,როგორც ბევრი სხვა, და მიკვირს რას უცდის ეს ჰვენი მტავრობა,ხალხი ელის ბოლო პასუხს….ვერ იტანენ ნორმალურად მოაზროვნე,პატრიოტ ადამიანებს,იმიტომ რო ნამუსი ეჰმაკზე აქვტ მიკიდული და ადრე ტუ გვიან გმერტი სამაგიეროს მიუზგავტ.გმერტი იკოს ტქვენი და ტქვენი ოჯახის მფარველი……

  4. ქალბატონო სვეტლანა,ღმერთმა გაგაძლიეროთ..თქვენისთანებს უფალი არასოდეს არ მიატოვებს..

  5. ბატონ გურამ შარაძის მკვლელები უმდა დაისაჯონ სამაგალითოდ,კანონის მთელი სიმკაცრით.
    პასუხი უნდა აგოს ნაცმომ ყველა ჩადენილ დანაშულზე არა იდიოტური კოჰაბიტაციის პრინციპებიდან გამომდინარე,არამედ ხალხისა და კანონის წინაშე.
    სამშობლოსათვის თავდადებული პატრიოტი მამულიშვილების სულები ზეციური სამყაროდან დაკაშკაშებენ სათაყვანებელ დედასამშობლოს,შარავანდედად იღვრებიან და ფიანდაზად ეფინებიან საქართველოს მრავალჭირგადახდილ მთასა და ბარ
    ს…
    უფალი მიუზღვავს სამაგიეროს დემონთა კასტას…

  6. ქალბატონო სვეტლანა მინდა მოგეფეროთ შორიდან და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ!თქვენ გმირი ქართველი ქალი და დედა ხართ,თქვენ ჭირდებით იმ საქართველოს რომლისთვისაც იბრძოდა ბატონი გურამი.ქართველებს სამწუხაროდ,გვიან გვჩვევია გამოფხიზლება.მოვა დრო…ერი და უფალი თავად გამოუტანს განაჩენს,იმ არარაობებს რომლებმაც დიდი ქართველი მოღვაწე მუხანათურად მოკლეს.კიდევ მოვა დრო… და ლეგენდები შეიქმნება თქვენს ოჯახზე და საქართველოსთვის თავდადებულ გურამ შარაძეზე.როგორც ოლღა გურამიშვილს ილიას მკვლელები ასევე თქვენც,მხოლოდ გეცოდებოდეთ ყველა მედროვე და მკვლელი არარაობა.

  7. ნათელში იყოს შენი სული ,დიდო მამულიშვილო,ბატონო გურამ!ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს თქვენს სახელს!ბატონი გურამ შარაძის მკვლელები, აუცილებლად უნდა დაისაჯონ!

  8. დიდი მამულიშვილის ღირსეულ მეუღლეს ჩემი მოკრძალებული პატივისცემა!

    მოწიწებული სამძიმარი აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო!

    ჭეშმარიტად დიდებული თანამეცხედრე მდგარა ბატონი გურამის გვერდით!

    გამაგრდით ქალბატონო სვეტლანა!

    ღვთის სამსჯავროს ვერავინ აარიდებს თავს!

  9. რა სულგრძელი და არაჩვეულებრივი ადამიანის წერილია…ქალბატონო სვეტლანა, შესაშური სარწმუნოება გაქვთ! ღმერთმა გაგაძლიეროთ!…მაგათ, თქვენ რომ ლოცავთ და სინანულისკენ მოუწოდებთ, მეეჭვება, რამე ეშველოთ!
    ბუჯანაძის დალოცვილი საქართველოც არ მინდა, ქალბატონო სვეტლანა! …თქვენ დალოცეთ საქართველო და ქართველი ხალხი! გვაპატიეთ, ჩვენ ამდენი გულგრილობა და გვერდში არ დადგომა! თქვენ ულამაზესი ოჯახის, მშვენიერი დიასახლისი იყავით! სამწუხაროდ, ვაი ქართველებმა, არ დაგაცადეს, არ გაგახარეს! მე, ამ მარხვაში წყევლა-კრულვას ვუგზავნი მათ! მათ, ვისაც ბატონი გურამის სისხლში აქვთ ხელები გასვრილი, მათ, ვისაც ასე უნდოდა ამ მართლა ქართული, და არაჩვეულებრივი ოჯახის განადგურება!….
    ღმერთმა გაგაძლიეროთ! დალოცვილი გიმყოფოთ თქვენი რუსუდანი!

  10. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვიცოდი შემძრა წაკითხულმა,ქალბატონო სვეტლანა დიდება თქვენს გამძლეობას და მოთმინებას.თქვენი ოჯახის მტრები,ქვეყნის მტრები არიან,მუხლმოდრეკილი რომ ევედრონ უფალს,შეწყალებას ვერ ეღირსებიან…ბატონი გურამი მოკლეს,მაგრამ ისინი ცოცხლად მკვდრები არიან,ბატონი გურამის სახელს არდავიწყება ხვდა წილად.მათ კი თავიანთ შთამომავლებს სიძულვილი და ცოდვები დაუტოვეს.
    იმედია ხელისუფლება ნათელს მოფენს ამ ბურუსით მოცულ საქმეს.

  11. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი გურამი და თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვებთ მალე სამართლიანობის მოწმე ყოფილიყავით:ბატონი გურამი მთელი საქართველოს ტკივილია …პირადად მე დიდი მოთმინებით ველოდები სამართლიან გამოძიებას!!!

  12. ველოდები ეს მეოცნებეები თუ ახსენებენ მაინც შარაძის მკვლელობას, მემგონი მთავარმა მეოცნებემ საერთოდ არც იცის ვინ იყო გურამ შარაძე და იქნებ შეახსენოთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here