Home რუბრიკები პოლიტიკა ზაზა გაბუნია: ესაა «ნაციონალური მოძრაობის» გათვლილი ქმედება ჩემ წინააღმდეგ!

ზაზა გაბუნია: ესაა «ნაციონალური მოძრაობის» გათვლილი ქმედება ჩემ წინააღმდეგ!

682

სამუშიასა და გაბუნიას «ქართულ ოცნებაში» გადასვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ ეჭვნარევ მოსაზრებებს  ზაზა გაბუნია  ბილწ, საზარელ, სამარცხვინო, საძაგელ პოზიციას უწოდებს. ამ მითქმა-მოთქმაში სიცრუისა და სიმართლეს ნათელი მან გაზეთ «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში მოფინა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

_ პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო  პოზიციას, რომელიც ჩემთან დაკავშირებით სრულიად უარგუმენტაციოდ, ბოღმის გადმონთხევის მიზნით, აირჩია ბატონმა ბროკიშვილმა. და გზა, რომელიც აირჩია, მთლიანად ემთხვევა «ნაციონალური მოძრაობის» გზას, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ ხელისუფლებაში თავიანთი  ყოფნის განმავლობაში, რომ შეეგზავნათ ვინმე სადღაც, ჩაენერგათ, მერე იქიდან მიეღოთ ინფორმაცია და ა. შ. რატომ მიმართა ბატონმა ბროკიშვილმა ამ გზას (უფრო სწორად, მიამართინეს), გუშინ ყველასთვის ცნობილი გახდა. ადამიანი, რომელიც გუშინდლამდე ყველას ეგონა ოპოზიციონერი, აღმოჩნდა, რომ სიმპატიებით არის განმსჭვალული და მხარდაჭერას უცხადებს «ნაციონალურ მოძრაობას» და მისი ფრაქციის წევრიც გახდა. ამით ყველაფერს ნათელი მოეფინა, რა მიზანს ემსახურებოდა ბროკიშვილის უსირცხვილო ბრალდება, რომ თითქოს მე და ჯაბა სამუშიას გვაქვს ურთიერთობა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერებთან.

ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ხაზგასმით ვთქვა: მე «ქრისტიან-დემოკრატიულ» პარტიაზე ანგარიშგასაწევი, სერიოზული და მნიშნელოვანი მიზეზების გამო ვთქვი უარი.  ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იმ დღეს, როდესაც ამ პარტიასთან საბოლოო ურთიერთობა გავწყვიტე, ეს იყო 6 თებერვალს, მას შემდეგ ესემესი რო ესემესია, მინიმალური კომუნიკაციის საშუალებაც არ გამომიყენებია მათთან დასაკავშირებლად. ვთვლი, რომ იმ სერიოზული მიზეზების გამო, რომელთა გამოც მე პარტია დავტოვე, უნდა  დამემთავრებინა პარტიასთან ყველანაირი ურთიერთობა, რაც გავაკეთე კიდეც. ის აპრობირებული მეთოდი «ნაციონალური მოძრაობისგან», რომლითაც, სამწუხაროდ, იმართება ბატონი ბროკიშვილი, «დაგაბრალე და თავი იმართლეს» პოზიციით, შეაქვთ შეფერხება პროცესში, რომელსაც პირადად მე ვაწარმოებ.

თქვენ იცით, გიგი უგულავას პოლიტიკური გუნდის გადაცდომების მამხილებელი გახლავართ. მე გამოვიტანე სააშკარაოზე მათი საქმიანობის 90%-ზე მეტი. ეს არაა ხმამაღალი განცხადება, ესაა ფაქტები, დაწყებული ფინანსური მაქინაციებიდან, ფიქტიური დასაქმების ადგილებიდან… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აწუხებს «ნაციონალურ მოძრაობას». მათ  სხვადასხვა გეგმა ჰქონდათ შედგენილი იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური პროცესი შეეფერხებინათ. რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიის პრესსპიკერმა თქვა, რომ ჩვენ ზაზა გაბუნიას, თუკი ის არ დაასრულებს ჩვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას,  სასამართლოში ვუჩივლებთო. თავისთავად ეს განცხადება იმას უსვამს ხაზს, რომ ძალიან მძიმე და აუტანელია ამ ადამიანებისთვის ჩემი კრიტიკა მათ მიმართ. ისინი ყველანაირად ცდილობენ იმ პროცესს, რომელიც ძალიან მძიმე პროცესია და ემსახურება იმას, რომ თბილისშიც ოპოზიციაში გადავიყვანოთ «ნაციონალური მოძრაობა», შეიტანონ შეფერხება. სასამართლოში ვერაფრით მიჩივლებდნენ, არაფერი დანაშაული არ მიმიძღვის არაფერში და გამოჩნდა, რომ ამის გაგრძელება იყო ჩემ წინააღმდეგ იმ ადამიანის საშუალებით მოეტანათ იერიში, რომელიც დღეს უკვე მათი ფრაქციის წევრია. შესაბამისად, რამდენად არის დამაჯარებელი ბროკიშვილის ნათქვამი ჩემ მიმართ, თბილისში გიგი უგულავას გუნდის ყველაზე პრინციპული მებრძოლის  წინააღმდეგ, ყველაფერი ნათელი და გასაგებია. კარგად ჩანს, რომ ბატონ ბროკიშვილს ათამაშებენ «ნაციონალები». ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში _ ის, რომ ბროკიშვილს გარკვეული ინტერესები აქვს «ნაციონალური მოძრაობის» მიმართ. ამ ინტერესების შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. როგორც ჩანს, ამ ინტერესების გამო, ადვილად სამართავი გახდა ბროკიშვილი და აკეთებინეს ისეთი ხმამაღალი, უსაფუძვლო ხმაურიანი განცხადებები, რომლებშიც, მათი აზრით, შეიძლება ეჭვი შეეტანა ვინმეს.

მე თქვენი გაზეთის საშულებით კატეგორიულად ვითხოვ, ბატონმა ბროკიშვილმა და იმ ადამიანებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ კარგი იქნებოდა ამ ბინძური კამპანიის აგორება, წარმოადგინონ დეტალური ფაქტები და მტკიცებულებები ჩემი ურთიერთობისა ქდმ ლიდერებთან. წინააღმდეგ შემთხევაში, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ბინძურ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, სასამართლოში ვუჩივლებ, რადგან მე ვარ პოლიტიკოსი, საჯარო პირი და ნებისმიერი ტალახის სროლა ჩემი მისამართით აღიქმება, მათ შორის, სამართლებრივადაც ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვად, რასაც არ დავუშვებ. 8-წლიანი გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში და ამ დროის განმავლობაში ყოველი ნაბიჯის გადადგმის წინ ვფიქრობდი, რას მომიტანდა ჩემთვის და ზოგადად იმ საქმიანობისთვის, რასაც ვაკეთებ, ეს ნაბიჯი. შესაბამისად, ჩემი განვლილი საქმიანობის არანაირად არ მცხვენია. იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ დღეს იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ და მეორე დღეს ამ რეჟიმის ნაწილნი ხდებიან, არ მივცემ საშუალებას,  ტალახი მესროლონ. ამიტომ მოვითხოვ, პასუხი აგონ საკუთარ სიტყვებზე. გაზეთის საშუალებით იქნება ეს თუ განცხადების სახით. არავის აქვს უფლება, ისეთი ბრალდება წამომიყენოს, როგორიცაა ჩანერგილი. რაში სჭირდება ბანკროტირებულ პარტიას, სადმე ვინმე ჩანერგოს?! ქდმ-ზე მაქვს საუბარი. მესმის, ჩანერგოს ვინმემ, როცა ფეხზე დგას და რამეს წარმოადგენს.

გაჟრერდა ვერსია, რომ «ნაციონალური მოძრაობა» მართავდა ქდმ ლიდერებს და შემდგომ მათი საშუალებით აპირებდა ფრაქცია «ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს» მართვას.

 – არსებობს ბევრი ეჭვი, რომ «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერებს ქდმ-ს ლიდერებთან (საუბარია 2-3 კაცზე) საეჭვო ურთიერთობა ჰქონდათ. დიახ, ეს ეჭვი არსებობს და ამას ხშირად ვისმენდი, როცა ქდმ-ში ვიყავი. ეს იყო ჩემთვის მთავარი უხერხულობის მიზეზი,  როცა მე პარტიის წევრი გახლდით. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ასევე მთავარი მიზეზი იმისა, რომ მე პარტიიდან წამოვედი, რადგან დავიღალე მუდმივად ბრალდებების მოსმენით, რომლებიც ძალიან მაწუხებდა. ჩემი საქმიანობა დავიწყე გაერთიანებული რადიკალური ოპოზიციონერობით და მაშინ ვიყავი გაერთიანებული ახალგაზრდული ოპოზიციონერების ხელმძღვანელი. დილით რომ ჩემს აქტივისტებს ვხვდებოდი, საღამოს ტყეში თუ ქუჩებში ვეძებდით მათ. იტაცებდა ვანო მერაბიშვილის ზონდერჯგუფები მათ და რკინის ხელკეტებით სცემდა რუსთაველის გამზირის პატარ-პატარა ჩიხებში. მე აქედან დავიწყე ჩემი პოლიტიკური კარიერა და შესაბამისად, ნებისმიერი კოლაბორაცია, ფარული მითუმეტეს, ილუზიაა. მე წერტილი დავუსვი იმ პარტიაში ჩემს წევრობას იმის გამო, რომ ძალიან მაწუხებდა ეს კლიშე. თუ ბროკიშვილი ფიქრობდა, რომ «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერებთან ქდმ-ს ლიდერებს ურთიერთობა ჰქონდათ, ეს ქდმ-ს ლიდერებს მოჰკითხოს და ნუ ცდილობს, ამაში გარიოს ის ადამიანები, რომელთაც აწუხებდათ ეს პრობლემა. ესაა «ნაციონალური მოძრაობის» გათვლილი ქმედება ჩემ წინააღმდეგ, რადგან ვერ მიტანენ იმის გამო, რომ ძალიან ბევრ, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს ნელ-ნელა სააშკარაოზე გამოვიტან.

ერთერთ ყველაზე ერთგულ თანაპარტიელად გიორგი თარგამაძისათვის თქვენ მოისაზრებოდით. სწორედ ამიტომ ვერ გაიგო საზოგადოებამ ალბათ თქვენი ასე უცებ ქდმდან «ქართულ ოცნებაში» გადასვლა.

– დიახ, მე საერთოდ ერთგული ადამიანი ვარ. მაგრამ, როგორც კი ჩნდება შეკითხვები, ამაზე არ არსებობს პასუხები. როგორც კი პარტიას უწევს თავის მართლების პოზიციაში ყოფნა მუდმივად და მე ამ დისკომპორტის გამო, რომელშიც არავითარი წვლილი არ მიმიძღვის შეიძლება ვთქვა, _ დიდი ბოდიში, მეგობრებო, მე უკვე ძალიან მაწუხებს ამდენი პასუხგაუცემელი შეკითხვა, ვიღაცის ეჭვები, რომლებთანაც მე არაფერი მაკავშირებს, და ამიტომ უნდა ავდგე და წავიდე-მეთქი, ეს შეიძლება ღალატად ჩაითვალოს? ღალატი არის, როდესაც რაღაც მატერიალური სარგებელის სანაცვლოდ ადამიანს ცხოვრებას დაუნგრევ, ესაა ღალატი. მაგრამ, როდესაც ვამბობ, რომ არ მომწონს მუდმივი სპეკულაციები ღალატზე, სატელიტობაზე, მე ეს მაწუხებს და მამძიმებს და მივდივარ იმ პარტიიდან, რომელსაც ამის გამო მუდმივად თავის მართლება უწევს, ეს ღალატი არაა! როდესაც ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც გიგი უგულავას მიმართ ახალ-ახალ ბრალდებებს ვაყენებ, როგორ შეიძლება ვინმემ ჩანერგილი მიწოდოს?! უკაცრავად და ვინმე «ჭამს» ამ ბრალდებას? «ნაციონალური მოძრაობა» იმ ტოტსაც ჭრის, რომელზეც დგას. მესმის, რომ ძალიან მძიმე და კატასტროფულ მდგომარეობაშია დღეს ის  და მის წინააღმდეგ გამოდის სააშკარაოზე მთელი ის დანაშაულები, რომლებიც მათ თავიანთი მმართველობის დროს დააგროვეს და მეორე მხრივ, მე და ჩემისთანა ადამიანები არ ვაპირებთ, ბროკიშვილის მსგავსად, უკან დავიხიოთ და ჩვენს პრინციპებს ვუღალატოთ რაღაც პროექტების გამო და ჰკითხეთ მას, ეს რა პროექტია. თქვენი გამოცემის საშუალებით, მინდა ვუთხრა «ნაციონალურ მოძრაობას», რომ ამ პოლიტიკური პროცესების შეფერხებას ვერ მოესწრება. წარმოადგინონ მტკიცებულებები და ფაქტები, როცა მე რეპუტაციას მილახავენ! ბოდიში მოიხადოს ბროკიშვილმა პირადად ჩემ წინაშე.

მეგობრები მყავს პარტიაში და მათგან შევიტყვე, რომ ჩემი პარტიიდან გარიცხვის გეგმა ჰქონდათ შემუშავებულიო, _ ასე ამბობს ბროკიშვილი.

–  არ ვიცი, ვინ მეგობრები ჰყავს და რა გეგმაზეა საუბარი. მე «ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში» არანაირი პარტიული ვალდებულება არ მქონია. ვიყავი არჩეული წევრი თბილისის საკრებულოში და ჩემს საქმეს ვაკეთებდი. პარტიაში ვინ უთხრიდა ძირს ბროკიშვილს, არ ვიცი. ბროკიშვილს აქვს საკრებულოში შემოსვლაზე პრობლემა. ინგა გრიგოლია რომ გავიდა, სხვის შემოსვლაზე იყო საუბარი. მე ვიყავი, ვინც მას მხარი დაუჭირა შემოსვლაზე, რადგან მას ეკუთვნოდა. პარტიიდან ის გარიცხეს ერთი კვირის წინ, მე კი პარტია 5 თვის წინ დავტოვე. ხომ ხედავთ, რამდენად სულელური დამოკიდებულება იკვეთება საკითხისადმი. ქდმ-ს დატოვება ჯერ კიდევ ციხის კადრების ჩვენების შემდეგ გადავწყვიტე. აგვისტოში უკვე მქონდა კომუნიკაცია «ქართული ოცნების» ლიდერებთან და გადაწყვეტილიც მქონდა, კრწანისში მაჟორიტარობაზე კანდიდატურა მომეხსნა. უკვე მაშინვე ჩანდა, რომ «ქართული ოცნება» მოიგებდა არჩევნებს და კანდიდატურის მოხსნაც აღარ გახდა საჭირო. მე უარი ვთქვი ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო სიაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა პარტიიდან წამოსვლა. დღეს, 28-ის ნაცვლად, ბატონი ბროკიშვილის «გმირობის» გამო «ნაციონალურ მოძრაობას» 29 დეპუტატი ჰყავს. მაგრამ ვარწმუნებ მათ, დღესაც, ხვალაც, უახლოეს დღეებში პარტიას უფრო მეტი ღირსეული ადამიანი დატოვებს, რომლებსაც, უბრალოდ, აღარ უნდათ, იყონ იმ პარტიაში, რომელმაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ასეთი ფეხის დადებები კარგს არაფერს მოუტანს მათ, რადგან სიმართლეს გამოვიტანთ სამზეოზე და შერცხვებათ. ასეთი ემოციურობა არ მჩვევია, მაგრამ ახლაგაზრდა კაცი ვარ, 28 წლის, და 8 წელი შეიძლება პოლიტიკაში ვიღაცას არ აკვირვებს, მაგრამ ამ რვა წლის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ ვინმეს გადაბრუნებულად რაიმე ეთქვა, ამიტომ არ მოვითმენ ვინმე ბროკიშვილისგან საეჭვო განცხადებების გაკეთებას.

ესაუბრა ლილი მიროტაძე

1 COMMENT

  1. ბროკიშვილი, გაბუნია, თარგამაძე, ვეფხვაძე, ახვლედიანი…ერთი პოლიტიკური ნაგვის ყუთია. ჯერ მიშას ქოლგის ქვეშ ოპოზიციონერობდნენ, ეხლა კი ბიძინას უძვრებიან.გაბუნიასთვის ეს მესამე პარტიაა, ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ გამოიცვლის პარტიებს. მაგრამ მთავარი არ შეიცვლება: ის დარჩება მხოლოდ პირად ინტერესებით მოქმედი მოღალატე პიროვნება.რატომ არჩევნებამდე არ დატოვა ქდმ? საქართველოში პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს მსგავსი ზნეობის ადამიანებისგან!

  2. სტატიაში ჩანს, რომ გაბუნიას არჩევნებამდე გადაუწყვეტია პარტიის დატოვება. ქდმ-ს საპარლამენტო სიაზე უარი უთქვამს. ზოგადად ამ ადამიანს ძალიან ვემადლიერები უგულავას წინააღმდეგ პრინციპულობისთვის

  3. მე მაინც არმჯერა მისი. ის რვა წელი მოუნდა გაერკვია ტუ ვის გვერდიტ იდგა??? მისგან ვერ დადგება ერტგული პოლიტიკოსი ეომელიც კვეკნის კეტილდგეობისტვის და არ პირადული კეტილდღეობისტვის იშრომებს!!

  4. 8 წელი? ქდმ სულ 4 წლის არ იყო? და თან ისეთი შენიღბული რომ საბოლოოდ ახლა დადასტურდა რა პარტიაც ყოფილა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here