Home რუბრიკები პოლიტიკა ლიკბეზი საქართველოში აშშ-ის ელჩისთვის

ლიკბეზი საქართველოში აშშ-ის ელჩისთვის

606

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში 2013 წლის 5 მარტს _ სტალინის გარდაცვალების დღეს _ გორის უნივერსიტეტში აშშის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის, სტუმრობის შესახებ. სტუდენტებთან შეხვედრის დროს მას, როგორც ჩანს, დაუტრაბახებია, რომ 1993 წელს გორში, ერთერთ ოჯახში მიპატიჟებულს არ დაულევია სტალინის სადღეგრძელო პრინციპულად. შესაშური სიმტკიცეა!

ელჩი იხსენებდა: «იყო ქართული ჭაჭა, სტუმართმოყვარეობა, თამადა, სადღეგრძელოები. ბოლოს მივედით სტალინის სადღეგრძელომდე. შემომთავაზეს მისი დალევა. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო»…

რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! დალევდა და კარგ ხვითოსაც დააჭერინებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში…

ადგილობრივი ტრადიცია რომ შეურაცხყო, ეგ არაფერი, სტალინი რომ არად ჩააგდო, ამასაც ავიტანთ, მაგრამ იმაზე რას გვეტყვის დღევანდელი ელჩი და მაშინდელი სტუმარი, რომ უგულებელყო ისტორიული ფაქტი (ვითომ, არ იცოდა?!), კერძოდ ის, რომ აშშ-ის ლეგენდარული პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი უაღრესად აფასებდა სტალინს _ იოსებ ჯუღაშვილს და მისი სადღეგრძელოც დაულევია დიდი სამეულის ისტორიული შეხვედრების დროს?! ეს ერთი.

მეორე.

კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რომელ წყაროს იყო დაწაფებული სააკაშვილი და მისი «ირმების გუნდი», ანტისტალინური კამპანიის გაღვივებისა და ქვეყნის მართვის ვექტორების არჩევის დროს. «მინდა გითხრათ, _ განუცხადა ელჩმა სტუდენტებს, _ რომ უფრო მეტად ვარ ჩართული საქართველოს შიდა საკითხებში, ვიდრე ეს სხვა ქვეყანაში ელჩობის დროს მიხდებოდა. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს, ვინმეს საკუთარი აზრი მოვახვიოთ, არამედ თქვენს ქვეყანაში ელიან, რომ ამერიკა უფრო მეტად იყოს ჩართული შიდა საკითხებში».

სააკაშვილს სურდაო, ასე გამოდის. მაგრამ დიპლომატიას თავი დავანებოთ, სხვა დროისთვის გადავდოთ.

ახლა კი ბატონ რიჩარდ ნორლანდის საყურადღებოდ ლიკბეზის პროგრამით ვაქვეყნებთ წერილს, რომელშიც ობიექტურად არის განხილული სტალინის ფენომენი და მისი ეპოქა.

ვიწრო ქართული შოვინიზმი რომ არ დაგვწამოთ, ბატონო ნორლანდ, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ წერილის ავტორი არის არა ქართველი კაცი, არამედ რუსი პუბლიცისტი, ანუ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელშიც იშვა და საიდანაც გავრცელდა ხრუშჩოვისეული ანტისტალინიანა.

«შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ ისტორიულ ფიგურას არ განუცდია იმგვარი წინასწარგანზრახული ცრუ და აგრესიული ავტორისეული ინტერპრეტაცია, როგორც ეს სტალინთან დაკავშირებით მოხდა. საბჭოთა კავშირში ეს პროცესი დაიწყო ყბადაღებული სკკპ XX ყრილობიდან, რომელიც აღინიშნა პრიმიტიული და უნამუსო «ხრუშჩოვის მოხსენებით». ამ ციტატის ავტორიც რუსი კონსტანტინ რომანენკოა (იხ. წიგნი «Великая война Сталина»).

ღვთის რისხვა

ამ ადამიანისადმი რუსეთში გულგრილი არავინაა. ზოგნი აღმერთებენ, სხვებს გაშმაგებით სძულთ, კურგინიანის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ რუსეთელთა დაახლოებით 90 პროცენტი დესტალინიზაციის წინააღმდეგია.

იგი იყო რუსეთის უკანასკნელი მეფე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. რუსეთს მეფე ძალიან სჭირდება. სწორედ ამით აიხსნება ქვეყნის მოსახლეობის მისდამი დამოკიდებულება.

სტალინი წელიწადის ყველაზე მოკლე დღეს დაიბადა. მოხდა ისე, რომ იგი ღამის ადამიანი გახდა. მაგრამ არა იმიტომ, რომ უკუნეთს გამოასხივებდა, არამედ იმიტომ, რომ მისი ცხოვრების ჟამი ისტორიის ყველაზე უფრო მრუმე პერიოდს დაემთხვა: ორი მსოფლიო ომი, რევოლუციები სხვადასხვა ქვეყანაში, ადამიანთა ურთიერთობის უკიდურესი აგრესიულობა.

მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი არნახულად სასტიკი იყო მთელ მსოფლიოში. ფიქრობენ, რომ ეს გამოწვეული იყო საერთო ყოფიერების კოსმოსური ფაქტორებით. შეგახსენებთ საშინელ ხოცვა-ჟლეტას, რომელიც იაპონელებმა ჩინეთსა და სხვა დაპყრობილ ქვეყნებში მოაწყვეს, იაპონური წარმოშობის ამერიკელების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს აშშ-ში, რასობრივ წმენდას შვედეთში, ატომური იარაღის გამოყენებას, რაც სამხედრო თვალსაზრისით სრულიად ზედმეტი იყო.

სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველაზე უფრო გამოკვეთილი პერიოდებია: სწავლა სასულიერო აკადემიაში, კოლექტივიზაცია, ინდუსტრიალიზაცია, 37 წელი და გამარჯვება.

სემინარიაში 5 წელიწადი დაჰყო. ღრმად შეისწავლა მართლმადიდებლური რელიგიისა და სულიერების საფუძვლები, რამაც უეჭველად უძლიერესი კვალი დაამჩნია მის სულსა და გულს.

სტალინი მთელი ცხოვრება თვითგანათლებით იყო დაკავებული, უამრავ წიგნს კითხულობდა და, უცხოელ თანამედროვეთა აზრით, საფუძვლიანად ერკვეოდა სამხედრო საქმიდან დაწყებული, თეატრით დამთავრებულ საკითხებში.

სტალინის უდავო წარმატებად მიიჩნევენ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციასა და გამარჯვებას, დანაშაულად _ კოლექტივიზაციასა და 37 წელს.

განვიხილოთ დანაშაულობანი.

30-იან წლებში მართლაც უზარმაზარი იყო რეპრესიების გაქანება და მსხვერპლის ოდენობა, თუმცა გაცილებით ნაკლები, ვიდრე სამოქალაქო ომის პერიოდში. მაგრამ სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია ობიექტურად აუცილებელი იყო, რადგან ინდივიდუალური გლეხური მეურნეობები ქვეყანას სურსათით ვერ უზრუნველყოფდა. იმ დროისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქის მოსახლეობის წილი, რომელიც განახორციელებდა გრანდიოზულ ინდუსტრიალიზაციას, რაც აუცილებელი იყო მომავალში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და გამარჯვების უზრუნველსაყოფად. საბოლოო ჯამში სწორედ კოლექტივიზაციის წყალობით შეძლო სტალინმა, კავის რუსეთი ატომური შეიარაღების მქონე ქვეყნად გადაექცია. ქვეყნისთვის ეს თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო. სახელმწიფო მოღვაწე ზოგჯერ იძულებულია შეავიწროვოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რათა გადაარჩინოს ქვეყანა სრულად.

ამის დავიწყება არ შეიძლება.

არსებობს მოსაზრება, რომ კოლმეურნეობებში აღორძინდა სოფლის თემი _ რუსეთის გლეხობის არსებობის მთავარი საუკუნოვანი ფორმა. გამორიცხული არ არის, რომ ახალ რუსეთში სოფლის მეურნეობის აღორძინება რაიმე მსგავსი ფორმით მოგვიწევს. ფერმერულმა ვარიანტმა ჩვენთან ფეხი ვერ მოიკიდა.

მე არ ვამართლებ გაკულაკების დანაშაულობებს. სხვათა შორის, ეს ტანჯვა ჩემმა წინაპრებმაც იწვნიეს. მაგრამ, ვიმეორებ, ეს იყო არაჩვეულებრივად სასტიკი პერიოდი მთელ მსოფლიო ისტორიაში. ყველა ქვეყანაში აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ ისეთ გადაცდომათა გამო, რისთვისაც დღეს მხოლოდ ჯარიმებს აკმარებენ.

ახლა _ 37 წლის ფენომენის შესახებ. რა იყო იგი? მიმდინარეობდა მმართველი ფენის შეცვლა, ერთგვარი კონტრევოლუცია ზემოდან. პარტიიდან და უშიშროების ორგანოებიდან იცილებდნენ ძველ ბოლშევიკებს, რომლებიც თავიანთი ბუნებით პროფესიონალი რევოლუციონერები, ანუ დამანგრევლები იყვნენ. ოცდაათიან წლებში საბოლოოდ მიიღეს ქვეყნის აღორძინების კურსი მსოფლიო რევოლუციის კურსის ნაცვლად, ამიტომ დამანგრეველთა ნაცვლად საჭირო გახდნენ შემქმნელები.

სტალინი თავად იყო ძველი ბოლშევიკი, მაგრამ მან იმთავითვე განჭვრიტა და გაითვითცნობიერა ქვეყნის ცხოვრების ახალი რეალიები. ბევრმა სხვამ ვერ შეძლო. 37 წლის შესახებ ამდენს იმიტომ ყვირიან, რომ მაშინ ძირითადად ნადგურდებოდა ელიტა, რომელიც დღევანდელი ოლიგარქული ფსევდოელიტის ანალოგიური რამ იყო.

ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანას კისერზე არ ასხდნენ აბრამოვიჩები და ხოდორკოვსკები. ეს უდავოდ სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის. იმავეს თქმა შეიძლება ომისწინანდელ საბჭოთა კავშირზეც.

მე წინააღმდეგი ვარ დახვრეტებისა და ბანაკების, სამსახურებიდან დათხოვნა და ქონების კონფისკაცია დღეს სავსებით საკმარისი იქნებოდა. მაგრამ, ვიმეორებ, მაშინ ასეთი იყო მსოფლიოში მიღებული ქცევის სტილი. ამასთან, სტალინური რეპრესიების მასშტაბი ძალიან გაზვიადებულია.

 რეპრესიების შესახებ შექმნილი წარმოდგენა ძირითადად ემყარება სოლჟენიცინის «გულაგს», რომელსაც ავტორი დოკუმენტური სიზუსტის პრეტენზიის არმქონე მხატვრულ ნაწარმოებს უწოდებდა. იქ არც არის დოკუმენტური სიზუსტე. სტატისტიკური მონაცემებით არ ჩანს დემოგრაფიული ხვრელი ოცდაათიან წლებში, რაც დასტურდება სამოქალაქო და სამამულო ომების პერიოდში.

ომების დროს მართლაც მასობრივად მცირდება მოსახლეობის ოდენობა. ოცდაათიან წლებში ასეთი რამ არ შეიმჩნევა.

მე წაკითხული მაქვს სტალინის ომისდროინდელი მიმოწერა ჩერჩილთან, რუზველტთან და ტრუმენთან. მათში აშკარად ჩანს მისი გონიერება, ქვეყნის ინტერესებისთვის ზრუნვა, მიზანსწრაფვა დასახული მიზნების მისაღწევად. პარტნიორები ცდილობენ, თავი აარიდონ თავიანთივე დანაპირების შესრულებას, სტალინი კი დაჟინებით მოითხოვს სამხედრო მოწოდებების შესრულებას, მეორე ფრონტის გახსნას, დიპლომატიურ მოქმედებას. ამ მიმოწერის შემდეგ ჩემი დამოკიდებულება სტალინისადმი ძლიერ შეიცვალა მის სასარგებლოდ.

გვჭირდება დღეს ახალი სტალინი?

უეჭველად.

ლიბერალები დაუყოვნებლივ აყვირდებიან: შენ რა, გულაგი მოგენატრა?..

მე არ მსურს «გულაგის» პატიმრობა, მაგრამ არც ამერიკის საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრად ყოფნა მინდა მხოლოდ იმიტომ, რომ იაპონური გვარით ვარ დაბადებული.

სტალინს დღეს რომ ემართა ქვეყანა, დღეს მიღებული საშუალებებით დაამყარებდა წესრიგს… რუსეთს დღეს სჭირდება ფართო თვალსაწიერის მქონე, ჭეშმარიტად სახელმწიფო აზროვნების მოღვაწე, რომელიც აღჭურვილი იქნება დასახული გეგმების შესრულებისთვის საკმარისი ნებისყოფით.

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ჯერჯერობით რჩება ასეთი მასშტაბის უკანასკნელ ადამიანად.

ალექსანდრ კოფანოვი

P.S. ეს რეპლიკა, თუ ლიკბეზის «მოკლე კურსი» შეიძლება გამოგადგეთ, ბატონო ელჩო, საქართველოში თქვენი მოღვაწეობის პერიოდში.

შეიძლება, არც წაიკითხოთ, რაც ფრიად გულდასაწყვეტი იქნება.

თუმცა, არა მგონია, ზემოთ მოყვანილი ორივე ვარიანტის გაცუდებამ უარყოფითად იმოქმედოს აშშსაქართველოს პარტნიორულ ურთიერთობაზე, რაც შეუდარებლად მეტია, ვიდრე სტუდენტების წინაშე უტაქტობის დემონსტრაციის ერთეული ფაქტი.

მძიმე წლებში ფრანკლინ რუზველტი თავის რადიომიმართვებს ერისადმი იწყებდა ასე: «ვიმედოვნებ…»

დავესესხები: მეც ვიმედოვნებ

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here