Home რუბრიკები პოლიტიკა ანდრის ბერზინში: „ლატვია არასოდეს დაუჭერს მხარს სამხედრო აქციების გზით კონფლიქტების გადაწყვეტას“

ანდრის ბერზინში: „ლატვია არასოდეს დაუჭერს მხარს სამხედრო აქციების გზით კონფლიქტების გადაწყვეტას“

611

ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა, რიგაში, დსთ–ს, ბალტიის ქვეყნების და საქართველოს რედაქტორთა კლუბის წევრებთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ ორგანიზაციების წევრობისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულება კი საქართველოს ხელთაა.

რედაქტორთა კლუბის წევრის, ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის შეკითხვის – „რამდენად რეალურია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში?“ – პასუხად ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა: „ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის ყველას მიმართ მეტნაკლებად ერთნაირი მოთხოვნებია. ჩვენ დავაკმაყოფილეთ ეს მოთხოვნები, რათა გავმხდარიყავით ევროკავშირის და ნატოს წევრები. ჩვენ ყოველთვის მხარს გიჭერთ, მაგრამ თქვენს ხელთაა ამ მოთხოვნების შესრულება. ჩვენ გვაქვს გამოცდილება და მხოლოდ მისი გაზიარება შეგვიძლია, რათა ისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე და  ჩვენი შეცდომები არ გაიმეოროთ. ჩვენ მზად ვართ გაგიზიაროთ გამოცდილება.“

მორიგი შეკითხვას – „ლატვიის უსაფრთხოებას რა განაპირობებს – ნატოს წევრობა თუ  საგარეო-პოლიტიკური ორიენტირების გამოკვეთისას უახლოესი მეზობლების მიმართ ლატვიის ხელისუფლების დამოკიდებულება?“ – პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა ასე უპასუხა: „ჩვენი პოლიტიკა იყო და იქნება ყველაზე ახლო ურთიერთობების გაგრძელება ჩვენს მეზობლებთან. აქ კითხვის ნიშნები არც დგას. და არა მხოლოდ ახლო მეზობლებთან, არამედ ნებისმიერ ქვეყანასთან. ლატვია არასოდეს დაუჭერს მხარს სამხედრო აქციების გზით კონფლიქტების გადაწყვეტას. ნატოში გაწევრიანება არის რეალური ნაბიჯი, რათა ამ ორგანიზაციის წევრობით ჩვენ შევძლოთ საკუთარი ვალდებულებების შესრულება საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებით, გვაქვს რა გარკვეული გამოცდილება და ძალაც გარკვეული მიმართულებებით.  მე ასე ვხედავ, და ეს საკმარისია, რომ ჩვენ თავდაჯერებულად და მშვიდად ვიყოთ და წინ ვიაროთ. ეს არის ჩვენი სტაბილურობის საფუძველი. არსებობს დაუბალანსებელი გამონათვამებიც, მაგრამ ასეთს ჩემგან ვერ მოისმენთ.“

ლატვიის დედაქალაქმა რიგამ 24–26 თებერვალს უმასპინძლა „რია–ნოვოსტის“ მიერ ორგანიზებულ დსთ–ს, ბალტიის ქვეყნების და საქართველოს რედაქტორთა კლუბის მეხუთე სესიას. სესიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ლატვიის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here