Home რუბრიკები პოლიტიკა აივის რონისი: „ჩვენ მივესალმებით ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას საქართველოს და რუსეთს შორის“

აივის რონისი: „ჩვენ მივესალმებით ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას საქართველოს და რუსეთს შორის“

592

ლატვიის ტრანსპორტის მინისტრმა და ამ ქვეყნის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აივის რონისმა რიგაში, დსთ–ს, ბალტიის ქვეყნების და საქართველოს რედაქტორთა კლუბის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ნატოს წევრობის მოსურნე სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავის მხრივ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.“

რედაქტორთა კლუბის წევრის, ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის შეკითხვის – „თქვენ იცით, რომ საქართველო ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატოსკენ. ჩვენ ჯერ კიდევ 10 წლის წინ, პრაღის სამიტზე დავაკაკუნეთ ნატოს კარზე. მას შემდეგ ვაკაკუნებთ და ვაკაკუნებთ და ვკარგავთ საკუთარ ტერიტორიებს. ხედავთ თუ არა საერთოდ საქართველოს ადგილს ნატოსა და ევროკავშირში, თუ ეს ჩვენი პოლიტიკოსების განუხორციელებელი ამოცანაა?“ – პასუხად მინისტრმა განაცხადა:  „ყველა ქვეყანას აქვს არჩევანის უფლება. ჩვენ ამის შესახებ ყოველთვის ვლაპარაკობდით და ლატვია, ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო და ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საქართველოს არჩევანს. ნატოს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მხარი დავუჭირეთ სქართველოს, რათა მას მიეღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ნატოს წევრი ყველა ქვეყანა არ იყო მზად ამისთვის. შემდეგ მოხდა ეს უბედურება – ომი. რასაკვირველია, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ეს პოლიტიკა არ შეცვლილა და არ იცვლება. ჩვენ მივესალმებით ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას საქართველოს და რუსეთს შორის. სასურველია პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაწყდეს.“

მინისტრმა ასევე გააკეთა მინიშნება იმის თაობაზე, რომ „თუკი საქართველო მომავალშიც ისურვებს ნატოში გაწევრიანებას, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ქვეყნის მოსახლეობაც მხარს უჭერდეს ამას და საქართველო თვითონ იყოს მზად ნატოს წევრობისთვის.“ მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს მეზობლებთან. „ნატოს წევრობის მოსურნე სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავის მხრივ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს,“ – დასძინა მინისტრმა აივის რონისმა.

ლატვიის დედაქალაქმა რიგამ 24–26 თებერვალს უმასპინძლა „რია–ნოვოსტის“ მიერ ორგანიზებულ დსთ–ს, ბალტიის ქვეყნების და საქართველოს რედაქტორთა კლუბის მეხუთე სესიას. სესიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ლატვიის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here