Home რუბრიკები საზოგადოება უნდა გამოცხადდეს თუ არა «ნაცმოძრაობა» კანონგარეშე?!

უნდა გამოცხადდეს თუ არა «ნაცმოძრაობა» კანონგარეშე?!

690

გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, «ნაცმოძრაობის» კანონგარეშედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში ხმაური და აჟიოტაჟი მოჰყვა. უმცირესობამ, როგორც ყოველთვის, პოლიტიკურ დევნაზე მიანიშნა, კოალიციის ერთერთმა დეპუტატმა გიგი ქვლივიძემ კი ეს ყველაფერი შემდეგნაირად ახსნა: «საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ ძალიან ლმობიერები ვართ «ნაციონალური მოძრაობის» მიმართ. ისინი საკითხს ასე სვამენ, რომ არავითარი შეთანხმება ამ ხალხთან არ გამოდის, არც გამოვა არასოდეს. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას და მშენებლობის დროს ისინი ჩვენ არ გამოგვადგებიან. ამიტომ ისინი გვთავაზობენ, რომ «ნაციონალური მოძრაობა», როგორც დამნაშავე, გამოცხადდეს კანონგარეშე. ეს არის მათი აზრი და ვეთანხმები». ექსპერტთა ნაწილი კანონგარეშე გამოცხადებას «ნაციონალებისთვის» ხელსაყრელადაც აფასებს, რადგან, მათი აზრით, ყოფილმა სახელისუფლო პარტიამ ამით, შესაძლოა, საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი სახელი მოიცილოს. ზოგი ამ ყველაფერს შესაძლებლად მიიჩნევს და თვლის, რომ შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე სუბიექტების ლუსტრირება აუცილებელია. რამდენად ადეკვატურია დღევანდელ ვითარებაში აღნიშნული ინიციატივა და რეალურია თუ არა მისი განხორციელება, ამაზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიო» იურისტებს, უფლებადამცველებსა და არასამთავრო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

ქეთი ბექაური, ადვოკატი, უფლებადამცველი:

_ პირდაპირ ფორმულირებას, როგორ და რა სამართლებრივი მექანიზმებით შეიძლება ესა თუ ის პოლიტიკური სუბიექტი კანონგარეშე გამოცხადდეს, ვერ გეტყვით, მაგრამ საერთოდ ის, რაც ამ ცხრა წლის მანძილზე «ნაციონალურმა მოძრაობამ» ქართულ საზოგადოებას ავნო, ყველასთვის დღესავით ნათელია. რომ არა ოქტომბრის არჩევნები, უკვე აპოკალიფსამდე ვიყავით მისული. აქედან გამომდინარე, საზოგადოების დაკვეთა იყო, უწინარესად, სამართლიანობის აღდგენა, უკანონო პატიმრების განთავისუფლება, ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის გამოსწორება და ზოგადად სოციალური ფონის შეცვლა. ახალი ხელისუფლება ცდილობს, ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელოს. ამიტომ ის, რაც დღეს ხდება, ჩემი აზრით, სავსებით ლოგიკურია. რა თქმა უნდა, «ნაცმოძრაობას» სურს ამ პროცესის სულ სხვაგვარად წარმოჩენა, მათ უნდათ, საზოგადოებას შავი თეთრად მოაჩვენონ, ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ ცხრა წლის მანძილზე, მაგრამ ერთია პროპაგანდა, მეორე _ სამართალი. ცივილიზებულ მსოფლიოში უზენაესობა აქვს მხოლოდ კანონს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ქვეყნისა და ერის წინაშე ჩაიდინა სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული, უნდა წარსდგეს სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე; აქ უკვე ლოიალურობა აბსოლუტურად მიუღებელია. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს სამართლიანი პროკურატურა, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვაქვს ნორმალური სასამართლო. სანამ ამაზე შეთანხმება ვერ მოხერხდება და პრობლემა არ იქნება მოგვარებული, სამართლიანობის სრულყოფილად აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია.

_ 19 აპრილს «ნაცმოძრაობა» მიტინგს გეგმავს, რა აზრის ხართ ამაზე?

_ ეს არის მოქალაქეების კიდევ ერთხელ დაშტერების მცდელობა. სხვა გზას ესენი ვერ ხედავენ, მაგრამ ვერც იმას ხვდებიან, რა ხდება მათ გარშემო. რა მიტინგი და რის აქცია, «ნაცმოძრაობა» მკვდარია. მას ქართველმა ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი. მორჩა. რასაც ახლა აკეთებენ, ესაა განწირული გედის სიმღერა. ეს სიმღერა, უნდათ, 19 აპრილს იმღერონ და, უნდათ, _ 9 აპრილს.

ირმა ჭკადუა, ადვოკატი:

_ მთლიანად პარტიის კანონგარეშე გამოცხადება კონკრეტულად რა ფორმით უნდა მოხდეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ისტორიამ იცის ნიურნბერგის პროცესი, ასევე სხვა მაგალითების გახსენებაც შეიძლება. დღესდღეობით მთავარი პრობლემა, რომელსაც სამართლიანობის აღდგენის პროცესში ვაწყდებით, არის სასამართლო. მოსამართლეები და პროკურატურა არიან დაპირისპირებულები. «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს, ამ სისტემის სახით, აქვთ მნიშვნელოვანი თავდაცვის მექანიზმი. შუაში კი იჭყლიტებიან რიგითი მოქალაქეები, რომელთა მიმართაც ამ სასამართლოს, ადრინდელივით, გამოაქვს არაადეკვატური განაჩენი. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: ორი დღის წინ მქონდა ერთ-ერთი საქმე იარაღის უკანონოდ შენახვასთან დაკავშირებით და დავაყენე შუამდგომლობა _ მოვითხოვე გირაო. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა, რომელიც არის ცნობილი დემაგოგი, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეუფარდა პატიმრობა. ახლა ვნახოთ, ვარძელაშვილის შემთხვევაში საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ… ანუ მე რისი თქმა მინდა: ის ადამიანები, რომლებიც ადრე იჩაგრებოდნენ, ისევ იჩაგრებიან, ხოლო ვინც ადრე წარმოადგენდა სააკაშვილის კრიმინალურ ელიტას, კვლავ რჩებიან პრივილეგირებულ მოქალაქეებად, იმიტომ, რომ სასამართლო იცავს. ეს უნდა შეიცვალოს და ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ვაპირებ, მივმართო ხელისუფლებას.

_ ეს ხელისუფლება ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდა, რომ მოსამართლეებს სრულ თავისუფლებას მიანიჭებდა. თუ დღეს მოსამართლეები თავისუფლები არიან, პრობლემა რაში მდგომარეობს?

_ მესმის თქვენი კითხვის არსი. მე დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებს მართლაც აქვთ სრული თავისუფლება, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც ცხრა წელი, ფაქტობრივად, იყვნენ მონები, მიჩვეულნი არიან ამ მონობას და ახლა, უბრალოდ, სხვანაირად არ შეუძლიათ. დღეს ისინი ასრულებენ სააკაშვილისა და კუბლაშვილის მითითებებს, ამიტომ ვერასოდეს გახდებიან დამოუკიდებლები. ვიმეორებ: ის მოსამართლეები იყვნენ მონები და რჩებიან მონებად.

_ საბოლოო გამოსავალს რაში ხედავთ, რა უნდა გაკეთდეს ამ სისტემაში?

_ გამოსავალი მხოლოდ ერთია, უნდა შეიცვალოს ეს ხალხი. დღეს ეს სასამართლო კი არა, საბავშვო ბაღია. წარმოიდგინეთ, მოსამართლეებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ უმაღლესი განათლება არ აქვთ. ასე ესმოდათ ამათ პასუხისმგებლობა, ამიტომ გაქრა ქვეყანაში სამართლიანობის განცდა. ახალ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, ეს გამოასწოროს…

ლალი აფციაური, ადვოკატი, უფლებადამცველი:

_ მე, როგორც იურისტს, კანონგარეშე გამოცხადება შემდეგნაირად მესმის: ეს შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ, რომელსაც დაუმტკიცდება დანაშაული. დიდი ხანია, ჩემთვის «ნაციონალები» კანონგარეშე არიან, მაგრამ ერთია შენი დამოკიდებულება და მეორეა, იურიდიული, სამართლებრივი ნორმები რის უფლებას მაძლევს. ბოლო ცხრა წლის მანძილზე მართლაც უამრავი დანაშაული მოხდა ქვეყანაში. ამიტომ ხელისუფლებას ვურჩევ, არ დარჩეს არც ერთი გაუხსნელი საქმე, შესაბამისად, _ არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი; აი, ესაა ჩემთვის «კანონგარეშედ» გამოცხადების არსი.

 _ 19 აპრილს ვანო მერაბიშვილმა რუსთაველზე «პატრიოტებს» უხმო. რას ელით ამ ყველაფრიდან? რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, ისეთივე პროვოკაცია ვიხილოთ, როგორიც 8 თებერვალს განხორციელდა ბიბლიოთეკის შენობასთან?

_ სწორედ ესაა, ჩემის აზრით, «ნაცმოძრაობის» მიზანი, ამიტომ პროვოკაციას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ. რაც შეეხება მერაბიშვილის იმ ომახიან მოწოდებას, მე პატრიოტი ვარ ჩემი ქვეყნის, მაგრამ 19-ში აქციაზე არ მივდივარ… არაფერიც არ მოხდება, სააკაშვილის რეჟიმი უკვე არის ჩავლილი წყალი, ერთადერთი, რასაც ესენი ებღაუჭებიან, არის ის, რომ თითქოს დასავლეთი მხარს უჭერთ, სინამდვილეში კი სწორედ დასავლეთმა აქცია მათ ზურგი ყველაზე ადრე. გასაგებია, ძალიან უჭირთ ძალაუფლებასთან გამოთხოვება და ვერ ეგუებიან ამას. არა უშავს, ცოტა ხანში აზრზე მოვლენ, მიეჩვევიან ჩვეულებრივ ცხოვრებას და დაწყნარდებიან.

დავით ლილუაშვილი, კოალიცია «ჩვენი უფლებებისთვის» თავმჯდომარე:

_ საზოგადოებაში არის ნამდვილად იმის განწყობა, რომ «ნაციონალური მოძრაობა», იმ მრავალი ჩადენილი დანაშაულის გამო, რომელთაც ის ახორციელებდა წლების მანძილზე, განიდევნოს საერთოდ პოლიტიკური სივრციდან. რაც შეეხება ამ საკითხის სამართლებრივ მხარეს, მსოფლიო ისტორიაში არსებობს ანალოგიური პრაქტიკა. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ გერმანიის ფაშისტური ხელისუფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თან ახლავს სერიოზული პროცედურები, რომლებიც თავისთავად გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც დასრულდა ჰიტლერის ეპოქა, ფაშისტური პარტია გამოცხადდა კაცობრიობის წინაშე დამნაშავე პოლიტიკურ ძალად, ჩატარდა ნიურნბერგის პროცესი და რეჟიმის იდეოლოგები გასამართლდნენ. დაახლოებით იმავეს ვარაუდობენ საზოგადოებაში, როცა საუბარია კანონგარეშე გამოცხადებაზე, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ეს ძალიან რთულად განსახორციელებელი პროცესია. პოლიტიკურ განაჩენს რაც შეეხება, ამაში ბევრი რამ შეიძლება ვიგულისხმოთ, მათ შორის ისიც, რაც დასაწყისში ვახსენე, რომ «ნაციონალური მოძრაობა», როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია, აიკრძალოს. ყოველ შემთხვევაში ამას საზოგადოება გადაწყვეტს, მე კი ერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით, ესენი გულხელდაკრეფილი არ იჯდებიან და არ შეეგუებიან დამარცხებას; დარწმუნებული ვარ, ყველანაირად ეცდებიან, დარჩნენ პოლიტიკური პროგრესის ზედაპირზე. ამისთვის ყველაფერზე წავლენ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ _ საბოტაჟისთვის, პროვოკაციისთვის და ვინ იცის, კიდევ რა მოუვათ თავში.

_ პროვოკაცია რადგან ახსენეთ, 19 აპრილს თუა მოსალოდნელი მსგავსი რამ, როგორ ფიქრობთ?

_ მე მოვისმინე, მერაბიშვილმა როგორ მოუწოდა ე.წ. პატრიოტებს მხარდაჭერისკენ. რა გითხრათ, ესაა მორიგი ავანტიურა, რომლის მსგავსიც ადრე ბევრი გვინახავს. არ ვიცი, ვის გულისხმობენ ესენი პატრიოტებში, მაგრამ, თუ საქართველოს იმაზე მეტი პატრიოტი არ ჰყავს, რამდენიც ამათ აქციაზე მიუვათ სავარაუდოდ, დავღუპულვართ და ეგაა. სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს. რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა ველოდოთ, ჩემი აზრით, აქციის თარიღად აპრილი შემთხვევით არ დასახელებულა. მოგეხსენებათ, იმ დროისთვის სააკაშვილს კონსტიტუციით მინიჭებული ექნება უფლება, მთავრობა დაითხოვოს. არაა გამორიცხული, სწორედ ამ მიტინგზე გაკეთდეს შესაბამისი მოთხოვნა «ნაციონალების» მხრიდან თავიანთი «ბელადის» მიმართ და მანაც ეს განახორციელოს. შემდეგ ამას მოჰყვება დაპირისპირება, არეულობა ქვეყანაში და ბუნებრივია, ყველაფერი დაბრალდება ხელისუფლებას. ესაა ამათი გეგმა, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ესენი ამაზე წავლენ, მაშინ 19 აპრილს «ნაცმოძრაობას» ქართველი ხალხისგან დაუდგება ნამდვილი განკითხვის დღე, მიიღებენ ისეთ პასუხს საზოგადოებისგან, რომელზეც ახლა წარმოდგენაც შეიძლება არ ჰქონდეთ.

იური ვაზაგაშვილი, მოძრაობის «გადაარჩინე სიცოცხლე» ხელმძღვანელი

_ «ნაცმოძრაობის» კანონგარეშე გამოცხადების თაობაზე მე გოგი ქავთარაძის განცხადება მოვისმინე, მაგრამ, სანამ ბატონი გოგი გააკეთებდა განცხადებას, მანამდე საზოგადოება, დიდი ხანია, ამას ითხოვს. ამათ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, იმდენი მკვლელობა და ათასი სისაძაგლე, რომ ჩამოსათვლელად ერთი თვე არ გვეყოფა. აქედან გამომდინარე, თუ ახალი ხელისუფლება ხალხის ნებას არ დააკმაყოფილებს, თუ რეჟიმის სრული ლუსტრირება არ მოხდება და ყველაფერს არ დაერქმევა თავისი სახელი, საზოგადოება აუცილებლად გამოვა შესაბამისი მოთხოვნით. ამაში მე, რა თქმა უნდა, ქუჩის აქციებსაც ვგულისხმობ. კიდევ ერთხელ მივესალმები გოგი ქავთარაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, «ნაცმოძრაობა» არის წმინდა ფაშისტური ორგანიზაცია და ის აუცილებლად უნდა აიკრძალოს.

_ კონკრეტულად როგორ, რა ფორმით წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი?

_ ეს საზოგადოების მოთხოვნაა და, თუ საზოგადოებას არ სჭირდები, მაშინ რა გინდა ხელისუფლებაში? ვინ არის პოლიტიკოსი ან პარტია საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე?! კი, ბატონო, შეიკრიბოს ხუთი კაცი, ჩამოაყალიბონ რამე ორგანიზაცია და იყონ თავისთვის. აქ ხალხი წყვეტს, როგორ იქნება. ნერვებს ნუ გვიშლიან, ეყოთ, რაც აქამდე გვიშალეს, თორემ ამათი საბოლოო განაჩენი ჯერ არ დამდგარა. მადლობა გვითხრან, რომ ქუჩაში თავისუფლად დადიან და, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება, თავპირს არ უმტვრევენ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. …ეჰ, რა დრო იყო 9 წლის წინ, მიშას ვარდი რომ ეჭირა ხელში. ალბათ, წარსულის ნოსტალგიამ შეაწუხათ ბიჭები და ამიტომაც ეპოტინებიან 19 აპრილს… «ბოროტი ხმები» იმასაც ამბობენ, პროვიკაციას გეგმავენოსაზოგადოება ამისთვის მზად უნდა იყოს _ 8 თებერვალს «ნაცებმა» გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარეს, თუმცა 8 თებერვალი შესაძლებელია განრისხებული ხალხის შურისძიების რეპეტიციადაც მივიჩნიოთ

 

1 COMMENT

  1. უკვე დაგვიანებულიცაა..რას უცდით? კანონგარეშე კი არა ციხეში ეს გარეწარი მკვლელები… საქმე აკეთეთ საქმე… ესენი რომ გამყიდველები არიან რა არ იციტ?-

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here