Home რუბრიკები პოლიტიკა ბესო ჩერქეზიშვილი: უზენაესი სასამართლო და ძალოვანი სამინისტროები გადატენილია «ნაცმოძრაობის» აგენტურით

ბესო ჩერქეზიშვილი: უზენაესი სასამართლო და ძალოვანი სამინისტროები გადატენილია «ნაცმოძრაობის» აგენტურით

1136

 «საქართველო და მსოფლიომ» (7-13 ნოემბერი, 2012.) გამოაქვეყნა ინტერვიუ ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროს ლადო ჩერქეზიშვილთან, რომელშიც მან მიმართა მთავარ პროკურორს, გაეძევებინა პროკურატურიდან ბესო თხელიძე, შაქრო ზაალიშვილი, დავით მესტვირიშვილი და თენგიზ ხარებავა, რადგან, მაიორ ჩერქეზიშვილის მტკიცებით, «ნაცების» დროს ყველა უკანონოდ გამოძიებული საქმე ამ ადამიანების სინდისზეა»! ამ საუბრიდან ას დღეზე მეტი გავიდა. დავინტერესდით, როგორაა საქმე? გააძევეს ზემოთ ჩამოთვლილი პროკურორები? ამ კითხვებზე გვიპასუხებს ლადო ჩერქეზიშვილი.

_ მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაგ პროკურორს სერიოზული ბრალდებები წავუყენე, არავითარი გამოხმაურება ჩემს განცხადებას არ მოჰყოლია! პირიქით, სააკაშვილის ჯიბის პროკურორები გააქტიურდნენ. ჩემი ცნობით, ქალაქის პროკურორის მოადგილის, ბესო თხელიძის, დავალებით, შაქრო ზაალიშვილი და დავით მესტვირიშვილი ჩემ მიმართ პროვოკაციას ამზადებენ. კერძოდ, იღლიაში ამოდებული გაზეთებით, რომლებშიც დაბეჭდილია ჩემი ინტერვიუები, დადიან მოწმეებად დაკითხულებთან, მაგალითად, არჩილ სახვაძის მშობლებთან, და ეუბნებიან, რომ მე, ლადო ჩერქეზიშვილი, ვაპირებ ვუჩივლო მათ შვილს, რომელსაც სინამდვილეში არ ვიცნობ!

_ რატომ უნდა უჩივლოთ იმ ადამიანს, რომლის წინააღმდეგაც არ მიეცით ცრუ ჩვენება და რომელსაც მისჯილი აქვს 37 წელი? ვერ არის ეს მოსაზრება მთლად ლოგიკური, სიმართლე გითხრათ, არასერიოზულია!

_ მკითხველს შევახსენებ, რომ 2007 წელს დამაკავეს ბრალდებით, ვითომდა 2005 წელს, საბურთალოს პოლიციის უფროსობისას, ხელი შევუშალე გამოძიებას იმ დანაშაულის გახსნაში, როცა სპორტის სასახლესთან ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრნენ სახვაძე, ბილანიშვილი და ბეგაშვილი. 2007 წელს დამაკავა მაშინდელი შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ. ირაკლი ფირცხალავა არის არაპროფესიონალი და არაკაცი. ამ არშემდგარმა «კომისარმა მეგრემ» _ ფირცხალავამ, რატომღაც ჩათვალა, რომ 5 დეკემრის ქუჩაზე პატრულის თანამშრომელის მკვლელობა ჩაიდინა არჩილ სახვაძემ;  და, მისი მოკლე ჭკუის დასკვნით, მე რომ 2005 წელს გამეხსნა სპორტის სასახლესთან მომხდარი დანაშაული, უფრო ზუსტად, ხელი არ შემეშალა მის გახსნაში, გამომეაშკარავებინა სახვაძე, ეს უკანასკნელი პოლიციელს არ მოკლავდაო. ეს მოსაზრება ფირცხალავამ მოახსენა თავის უშუალო ხელმძღვანელს _ ვანო მერაბიშვილს და მინისტრმაც დაიჯერა!

_ რატომ ენდო მერაბიშვილი ფირცხალავას «მხოლოდ მოსაზრებას»? რატომ არ გამოგიძახათ და პირადად არ დაგკითხათ, თუნდაც გამოძიების დეტალების დასაზუსტებლად? სულ ცოტა, თქვენ პოლიციის მაღალჩინოსანი გახლდით?

_ მე წინა ინტერვიუში გითხარით, მერაბიშვილი არაკომპეტენტური მინისტრი ბრძანდებოდა. რა თქმა უნდა, ვალდებული იყო, დავეკითხე. ასე მოიქცეოდა პროფესიონალი, საქმის მცოდნე, მაგრამ არა უვიცი მერაბიშვილი!

_ თქვენ, როგორც პოლიციის უფროსმა, რა ღონისძიებები ჩაატარეთ სახვაძის საქმესთან დაკავშირებით?

_ იმ დღესვე, უშუალოდ ჩემი ბრძანებით, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება; გამოვიძახე საგამოძიებო სამსახური, ასევე, ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი, შევატყობინე მომხდარზე ზედამხედველ პროკურორს _ გიორგი გრატიაშვილს. ჩემივე ბრძანებით, იმავე დღეს ოპერატიულმა მუშაკებმა გაჩხრიკეს სახვაძის ბინა, რა თქმა უნდა, სასამართლოსა და გრატიაშვილის ნებართვით. შემდეგ, საავადმყოფოში მოთავსებული სახვაძე, ბეგაშვილი და ბილანიშვილი იძლეოდნენ ერთნაირ ჩვენებებს, თითქოს ვიღაც გამვლელმა მოახდინა მათ მიმართ გასროლა. არადა, პოლიციაში გვქონდა ინფორმაცია, რომ სახვაძემ, ბილანიშვილმა და ბეგაშვილმა ერთმანეთს აუტეხეს სროლა. ეს მოვახსენე გრატიაშვილს და ვთხოვე, მოეცა მითითება ამ სამეულის მიმართ შემდგომში რა ღონისძიებები გაგვეტარებინა. გრატიაშვილმა მიპასუხა, მარტო ინფორმაციის ფონზე მე ამ პიროვნებების დაკავებას ვერ შევძლებო.

მიუხედავად იმისა, რომ მან სხვა საგამომძიებლო უფლება არ მოგვცა. მე მაინც დავაფიქსირე ჩემი ვარაუდი, კერძოდ, ეს დანაშაული ჩადენილია ამ პიროვნებების მიერ, რაც ვაჩვენე სადღეღამისო ანგარიშში და მთელ გარნიზონს გავაცანი; ანუ ყველაფერი შევასრულე, რასაც კანონი მოითხოვდა და ამით ფირცხალავასი და სინდისგარეცხილ პროკურორების ბრალდება ჩემი და სახვაძის «ახლობლობასა და მეგობრობაზე» გამოირიცხა; და ზუსტად ამ ეპიზოდში საქალაქო სასამართლომაც გამამართლა.

_ როგორც მახსოვს, სახვაძის «ახლობლობის და მეგობრობის» გარდა,   დაგადანაშაულეს იმაშიც, რომ 2005 წელს გამოძიებას და პროკურატურას თქვენ შეუშალეთ ხელი სახვაძის საქმის გამოძიებაში, რადგან ამაზე გთხოვეს ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა და მსოფლიო ჩემპიონმა კობა კურტანიძემ.

_ დიახ, ასეთი აზრიც მოუვიდათ თავში ფირცხალავას, ქიქავასა და გამომძიებელ დიმიტრი ტეპნაძეს. გობეჯიშვილს და კურტანიძეს, ამ პატივცემულ, სახელოვან ადამიანებს, მართლაც რომ ეთხოვათ, ვერაფრით დავეხმარებოდი, რადგან ყველა ოპერატიული ღონისძიება უკვე ჩატარებული მქონდა!

_ ბატონო ლადო, გამარკვიეთ ნიუანსებში, რატომ არ მოხდა პოლიციის ზედამხედველი პროკურორის, გიორგი გრატიაშვილის, დაკავება, რადგან კანონით მხოლოდ მას უნდა მიეცა თქვენთვის მითითება სხვადასხვა საგამომძიებლო მოქმედების ჩასატარებლად; და რატომ დაგაპატიმრეს მაინც და მაინც თქვენ, ფაქტობრივად, გრატიაშვილის ბრძანებების და მითითებების შემსრულებელი?

_ ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ მერაბიშვილს, ადეიშვილსა და ფირცხალავას. ამ არაადეკვატურობაზე მე პასუხი არ მაქვს!

_ კარგი, სხვა მხრიდან შემოვუვლი ამ ამბავს: «სახვაძის ეპიზოდში» თქვენ გაატარეთ კანონით დაშვებული ყველა ღონისძიება და, ასე ვთქვათ, დოკუმენტურადაც გააფორმეთ. მაშასადამე, ფირცხალავა ვალდებული იყო, ამის თაობაზე სცოდნოდა! რა გამოდის, შეგნებულად წავიდა უკანონობაზე?

_ დიახ, შეგნებულად!

_ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ მერაბიშვილის უწყებაში განუკითხაობა, თვითნებობა მეფობდა?

_ პირველი თვითნება თავად მერაბიშვილი გახლდათ და, რასაკვირველია, ასეთები იყვნენ მისი მოადგილეებიც და კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალავაც. თევზი ხომ თავიდან ყარს!

_ და მაინც: გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხელმძღვანელს სურვილიც კი არ უჩნდება ხელქვეითის «მხოლოდ მოსაზრების» გადასამოწმებლად!

_ მერაბიშვილის «გადამოწმება» მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ მან პირადად გასცა  ჩემი დაკავების ბრძანება! კოლეგებისგან ინფორმირებული ვარ, სამინისტროს მეხუთე სართულზე ფირცხალავამ სიხარულით ყველა კაბინეტი რომ მოიარა და თანამშრომლებს დაავალა: ჩერქეზიშვილი დგას პეკინზე და სასწრაფოდ დააპატიმრეთ, ეს მინისტრის ბრძანებააო… ისიც ვიცი, ზოგიერთმა განყოფილების უფროსმა კატეგორიული უარი განაცხადა ჩემ დაპატიმრებაზე!

უნდა გითხრათ, რომ «ნაციონალების» ე.წ. ელიტაში იერარქია მკაცრად იყო დაცული. ზემდგომს შეეძლო დედა შეეგინებია ქვეშევრდომისთვის. ამ შემთხვევაში,  შეურაცხმყოფელის ფიზიონომიას სამართლიანი დაჟეჟვისაგან «ნაცპარტიის» ფარული «უსტავი» იცავდა! ჰოდა, როცა მოხდა ხუთი დეკემბრის ქუჩაზე პატრულის თანამშრომლის მკვლელობა, გაცოფებულმა მერაბიშვილმა უხმო ფირცხალავას და არანორმატიული ლექსიკის დახმარებით აუხსნა, თუ რა მოუვიდოდა კრიმინალური პოლიციის უფროსის დედას ამ დანაშაულის არგახსნისთვის!.. რა ექნა საბრალო ფირცხალავას? მშობელი დედის ღირსების დაცვას, თავის კარიერას ხომ არ გადააყოლებდა! ჯერ პოლიციელის მკვლელობა დააბრალა არჩილ სახვაძეს, რომელიც ამ დანაშაულის ჩადენას უარყოფდა, მერე აი, ასე, არაკაცურად მე მომექცა…

_ რამდენადაც მახსოვს, თქვენი ბრალდება შედგებოდა ოთხი პუნქტისგან და, თუ არ ვცდები, სამ ეპიზოდში გაგამართლეს, არა?

_ ასე იყო. შეგნებულად დამიტოვეს ის მუხლი, რომლითაც ჩემს სიმამრს მიკავშირებდნენ. მთელი გამოძიების პროცესში პროკურორი შაქრო ზაალიშვილი და ციხის ადმინისტრაცია ჩემზე საშინელ ზეწოლას ახდენდნენ. მოითხოვდნენ მეღიარებინა ყველა დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმამრს «გვერდზე მომისვამდნენ». ცხრა თვის განმავლობაში თხელიძის, ზაალიშვილის, მესტვირიშვილის და ხარებავას «წყალობით» გადავიტანე ფიზიკური შეურაცხყოფა და დამცირება…

_ ბატონო ლადო, მაგ პროკურორების აფორიაქება ხომ არ გამოიწვია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, განცხადებამ, «ძველი საქმეების» გადახედვის თაობაზე?

_ ზუსტად ასეა! პირადად მე, 2012 წლის 12 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროში შევიტანე განცხადება ჩემი საქმის გადახედვის მოთხოვნით. საკმარისია, კომპეტენტურმა ადამიანმა მას მხოლოდ თვალი გადაავლოს, რომ ბრალდების აბსურდულობა დაინახოს! მერწმუნეთ, არ არსებობს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განსასჯელს ოთხი ეპიზოდიდან სამში ამართლებდეს, ხოლო მეორე ინსტანციის სასამართლოზე იგივე განსასჯელი აღიარებდეს დანაშაულს იმ სამ გამართლებულ ეპიზოდში!

_ რატომ აღიარეთ?

_ თხელიძემ და «კამპანიამ» ბოლოს არჩევანი არ დამიტოვეს _ დამემუქრნენ ოჯახის გაუბედურებით და ამ მუქარის «პირველი მერცხალი» ჩემი სიმამრის დაპატიმრება გახდა!..

_ სულ ახლახან თქვენმა «ძველმა ნაცნობმა» _ ირაკლი ფირცხალავამ პრესკონფერენციაზე უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაძე, რომ იუსტიციის სამინისტროს წინ გახსნილ მემორიალზე «კანონიერი ქურდების» გვარები არ უნდა იყოსო და, კიდევ, გირგვლიანისა და რობაქიძის გვერდით არ უნდა გაჟღერდეს ვაზაგაშვილის გვარიო. ზურა ვაზაგაშვილი «კანონიერი ქურდი» იყო?

_ აქაც გამოჩნდა ფირცხალავას არაპროფესიონალიზმი და არაკაცობა. ზურა ვაზაგაშვილი არ იყო არც ნასამართლევი და არც ძებნილი. ასე რომ, «კანონიერი ქურდი» ვერ იქნებოდა. ფირცხალავას «აეწვა», რადგან იგი ყველა ბინძურ საქმეში ფიგურირებს და გრძნობს, რომ სამართალს ვერ გადაურჩება. ამიტომაც ფორთხიალობს საიგავო ბაყაყივით «რძეში», ეგებ «კარაქად» ვაქციოო და სამშვიდობოს გამოვძვრეო… მე კვლავ მივმართავ თხოვნით არჩილ კბილაშვილს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, თხელიძე, ზაალიშვილი, მესტვირიშვილი და ხარებავა დაუყოვნებლივ, არათუ გააძევოს, გამოაპანღუროს პროკურატურიდან! დღეს ხალხი მთავრობისგან  მკაცრ კანონიერ ქმედებებს ელოდება, რათა ქვეყანა  კრიზისიდან გამოვიდეს. მე ერთი რამის თქმა შემიძლია: უზენაესი სასამართლო და ყველა სამინისტრო გადატენილია «ნაცმოძრაობის» კადრებით, მათი აქტივისტებით, ჩათვალეთ, აგენტურით, რომლებიც სინამდვილეში არიან «შენელებული მოქმედების ნაღმები»! და, სანამ ჩვენი ახალი ხელისუფლება ამ გაიძვერებს არ გააძევებს სამთავრობო უწყებებიდან, არაფერი გამოვა!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here