Home რუბრიკები საზოგადოება თიბისი ბანკი ანზორ ქოქოლაძეს სიცრუეში ამხელს

თიბისი ბანკი ანზორ ქოქოლაძეს სიცრუეში ამხელს

793

გასულ კვირას გაზეთში «საქართველო და მსოფლიო» დაიბეჭდა ვრცელი ინტერვიუ კომპანია «ელიტ ელექტრონიქსის» ყოფილ დამფუძნებელ ანზორ ქოქოლაძესთან, რომელშიც ის, ჩვეულებისამებრ, ცილს სწამებს თიბისი ბანკს და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ბანკმა მას განზრახ წაართვა კომპანია და შემდგომ გაასხვისა.

ბატონ ანზორ ქოქოლაძის მხრიდან ასეთი სიცრუის პროპაგანდა და ამ სიცრუის ტირაჟირებისთვის მედიის იარაღად გამოყენება ახალი არაა. იგი რამდენიმე თვეა, აქტიურად ცდილობს, თიბისი ბანკს დასწამოს ცილი და შეულახოს რეპუტაცია.

ცხადია, თიბისი ბანკი არ აპირებს მის შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე მუდმივად პასუხის გაცემას, მაგრამ ვინაიდან გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» პირველად გამოეხმაურა ამ თემას და ეს იყო მხოლოდ ცალმხრივი, ტენდენციური ინფორმაციის შემცველი ინტერვიუ, მიზანშეწონილად ვთვლით, გაზეთის მკითხველებს მივაწოდოთ სწორი, ფაქტებსა და ციფრებზე დაყრდნობილი ინფორმაცია, რომელიც «ელიტ ელექტრონიქსისა» და თიბისი ბანკის ურთიერთობის ისტორიას ასახავს მოვლენათა განვითარების ზუსტი ქრონოლოგიით.

შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია არ შეიცავს რაიმე დასკვნებს და ინტერპრეტაციებს და მხოლოდ ფაქტების ქრონოლოგიას წარმოადგენს, რის გაყალბებასაც ცდილობს ანზორ ქოქოლაძე. გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რათა მან თავად გააკეთოს დასკვნა:

* «ელიტ ელექტრონიქსმა» თიბისი ბანკთან თანამშრომლობა 2005 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს დაიდო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც «ელიტ ელექტრონიქსმა» თიბისი ბანკისგან მიიღო სესხები, რომელთა უზრუნველსაყოფად ანზორ ქოქოლაძემ თიბისი ბანკის სასარგებლოდ დააგირავა «ელიტ ელექტრონიქსის» აქციათა 55%,  კომპანიის სხვა აქტივები და ქოქოლაძის კუთვნილი ბინა.

* 2009 წლის პირველ ნახევარში «ელიტ ელექტრონიქსმა» რამდენიმეჯერ დაარღვია თიბისი ბანკის სესხის გადახდის გრაფიკი, თუმცა ბანკის მხრიდან ამას არ მოჰყოლია სესხის სრულად დაფარვის მოთხოვნა.

* 2009 წლის ივნისში ბანკმა გამოავლინა კეთილი ნება და მოახდინა «ელიტ ელექტრონიქსის» კრედიტების რესტრუქტურიზაცია. თუმცა მალე კომპანიამ ამ ახალი სესხის პირობებიც დარღვია. ამ მომენტისთვის თიბისი ბანკის მიმართ დავალიანება 13 მილიონ ლარს აღემატებოდა.

* 2009 წლის აგვისტოში «ელიტ ელექტრონიქსს»» დაეკისრა 7,5 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, რის გამოც კომპანიის ანგარიშებს დაედო საინკასო დავალება.

* ამ დროისთვის კომპანიის ჯამურმა დავალიანებამ შეადგინა 49 მილიონი ლარი: 7,5 მილიონი _ საგადასახადო დავალიანება, 25 მილიონი – კრედიტორი ბანკების (საქართველოს ბანკის, ბანკ რესპუბლიკის, სახალხო ბანკისა და თიბისი ბანკის) მიმართ ვალდებულება, 12 მილიონი – მომწოდებლებისადმი დავალიანება და ასევე ვალდებულებები სხვა უამრავი კრედიტორის მიმართ.

* შეიქმნა ვითარება, რომ «ელიტ ელექტრონიქსის» ვალდებულებები რამდენიმეჯერ აღემატებოდა მის აქტივებს, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების სრულად გაყიდვის შემთხვევაშიც ვერ მოხდებოდა მისი ვალდებულებების დაფარვა და მაინც დარჩებოდა 35 მილიონი ლარის დავალიანება.

* ეს ბანკებისთვის და ყველა მევალისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა, რადგან კომპანიას აღარ შესწევდა უნარი, დაებრუნებინა აღებული სესხები. «ელიტ ელექტრონიქსი» ფაქტობრივად გაკოტრებული იყო. ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობდა იმაში, რომ ბანკებს მოეთხოვათ კომპანიის გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება და დაეყენებინათ იპოთეკით დატვირთული და დაირავებული ქონების (მათ შორის, ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი აქციების) რეალიზაციის საკითხი, რათა თავისი გაცემული სესხები ნაწილობრივ მაინც დაბრუნებულიყო.

* სასამართლოს გადაწყვეტილებით, «ელიტ ელექტრონიქსის» მართვა გადაეცა კრედიტორებისგან შერჩეულ რეაბილიტაციის მმართველს.

* პარალელურად, კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად, კრედიტორმა ბანკებმა შეიმუშავეს სარეაბილიტაციო გეგმა და მოახდინეს კომპანიის მთლიანი სესხების რესტრუქტურიზაცია განსაკუთრებული შეღავათებით.

* გამოიყო  დამატებითი ფულადი რესურსები კომპანიის ასამუშავებლად.

* თუმცა კომპანიის დირექტორად კვლავ რჩებოდა ანზორ ქოქოლაძე, რომელიც ხელს უშლიდა რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას.

* უფრო მეტიც, ქოქოლაძემ თავისი თაღლითური საქმიანობით გაკოტრებამდე მიიყვანა «ელიტ ელექტრონიქსი». როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბანკებიდან ნასესხებ თანხებსა და კომპანიის შემოსავლებს იგი განკარგავდა არამიზნობრივად _ საეჭვო გარიგებების მეშვეობით ხდებოდა სახსრების «გადაქაჩვა» მისი და ახლო ნათესავების კუთვნილ კომპანიებსა და ისეთ მიმართულებებში, რომლებიც დაკავშირებული არ იყო «ელიტ ელექტრონიქსის» საქმიანობასთან.

* ანზორ ქოქოლაძემ და მისმა დამ, ეთერ ქოქოლაძემ (შპს ტექნობუმის დამფუძნებელმა), «ელიტ ელექტრონიქსს» 7,691 მილიონ ლარად მიჰყიდეს მათ მიერ  დაფუძნებული კომპანიის _ შპს «ელიტ ტექსტილის» 100%-იანი წილი, მაშინ, როდესაც ამ კომპანიის აქტივების ღირებულება 1,7 მილიონ დოლარს შეადგენდა და თან ეს ქონება დატვირთული იყო იპოთეკით საქართველოს ბანკის სასარგებლოდ.

* ზემოხსენებული 7,691 მილიონი ლარი სრულად იქნა გატანილი «ელიტ ელექტრონიქსის» ანგარიშებიდან და სალაროდან პირადად ანზორ ქოქოლაძის მიერ, რაც დადასტურებულია სასამართლოს განაჩენით, რომლითაც ქოქოლაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებაში,  მიესაჯა 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაეკისრა «ელიტ ელექტრონიქსისთვის» მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

* ანუ ქოქოლაძის გუნდი «ელიტ ელექტრონიქსს» იყენებდა, როგორც საკუთარი ფულადი რესურსების წყაროს და აძლიერებდა პარალელურად შექმნილ მისსავე სხვა კომპანიებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ, როგორც კი ქოქოლაძე ჩამოშორებული იქნა «ელიტ ელექტრონიქსის» მართვას, ქოქოლაძეებმა წამსვე წამოიწყეს ანალოგიური ბიზნესი «ტექნობუმის» სახით და ეს იმ დროს, როცა «ელიტ ელეტრონიქსი» დარჩა პრაქტიკულად ყოველგვარი სახსრების გარეშე, ათობით მილიონი ლარის დავალიანებით.

* არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქოქოლაძემ ეს ალტერნატიული ბიზნესი «ელიტ ელექტრონიქსიდან» სხავადასხვა გზით არაკეთილსინდისიერად მითვისებული თანხებით წამოიწყო.

* რაც შეეხება «ელიტ ელექტრონიქსის» რეაბილიტაციის გეგმას, მისი ეფექტური განხორციელებისთვის აუცილებელი გახდა ქოქოლაძის ჩამოშორება კომპანიის მართვიდან და მისი და მისი ნათესავების ჩანაცვლება მაღალკვალიფიციური კადრებით.

* 23 თებერვალს ქოქოლაძე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან, რის შემდეგაც მიზანმიმართულად განხორციელდა «ელიტ ელექტრონიქსის» ბათუმის მაღაზიების ქსელის პარალიზება, დოკუმენტაციისა და საწყობების დროული გადაბარების გაჭიანურება, მთავარი პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანება, თანამშრომლების დაშანტაჟება… ყოველივე ამან  კომპანიის ფუნქციონირებას კიდევ ერთხელ სერიოზულად შეუშალა ხელი და მას დამატებითი ზიანი მიაყენა.

* შედეგად, მარტში «ელიტ ელექტრონიქსმა» კვლავ დაარღვია სესხის ხელშეკრულება, რის გამოც თიბისი ბანკმა წერილობით გააფრთხილა ანზორ ქოქოლაძე, რომ მოხდებოდა დაგირავებული აქციების რეალიზაცია.

* 2010 წლის მაისში მოხდა თიბისი ბანკის სასარგებლოდ დაგირავებული აქციების (ელიტ ელექტრონიქსის აქციათა 55%-ის) რეალიზაცია, რომელიც ბანკმა 116 ათას ლარად შეისყიდა. ამ პერიოდისთვის ეს იყო, ფაქტობრივად, გაკოტრებული კომპანიის აქციები, რომელთაც ღირებულება არ გააჩნდა და მას მხოლოდ ვალდებულებები მოჰყვებოდა.

* იმისათვის, რომ ბანკებს ნაწილობრივ მაინც დაებრუნებინათ მათ მიერ გაცემული სესხები და «ელიტ ელექტრონიქსის» ასობით დასაქმებული ადამიანი ქუჩაში არ დარჩენილიყო, საჭირო გახდა დიდი გამოცდილების მქონე სტრატეგიული ინვესტორის მოძიება, რომელიც მოახერხებდა «ელიტ ელექტრონიქსის» მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას და მისთვის «ელიტ ელექტრონიქსის» აქციების გადაცემას.

* ჩვენ მოვახერხეთ, მოგვეწვია ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია «ბრიმაგი», რომელმაც თავის თავზე აიღო «ელიტ ელექტრონიქსის» რეაბილიტაცია და საჭირო ინვესტიციების განხორციელება.

* კომპანიის გადარჩენის მიზნით, მაინც საჭირო გახდა დავალიანებების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოწერა, რის გამოც, საბოლოო ჯამში, თიბისი ბანკმა მაინც ვერ ამოიღო გაცემული სესხი და ბანკის ზარალი დღეისათვის შეადგენს 8 მილიონ ლარზე მეტს.

ამასთან, გვინდა განვაცხადოთ, რომ არც თიბისი ბანკი და არც მისი აქციონერები არ ფლობენ «ელიტ ელექტრონიქსის» აქციებს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, თიბისი ბანკი არავის მისცემს მისი რეპუტაციის შელახვის უფლებას. მოვუწოდებთ ქოქოლაძეს, შეწყვიტოს ცილისწამება და შევახსენებთ, რომ თიბისი ბანკის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილია განცხადება ქოქოლაძის წინააღმდეგ, მის მიერ განხორციელებული ცრუ დასმენების გამო, და მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება მის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

თიბისი ბანკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here