Home რუბრიკები საზოგადოება მომავალი პრეზიდენტი – დეკორაცია თუ კონფლიქტების მოგვარების გასაღები?

მომავალი პრეზიდენტი – დეკორაცია თუ კონფლიქტების მოგვარების გასაღები?

621

საპრეზიდენტო არჩენები სადაცაა კარს მოგვადგება. მოახლოებულ ციებცხელებას პოლიტიკურ ასპარეზზე დაძაბულობაც თან სდევს. კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის ქვეყნის მოწყობასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს აჩენს. ძლიერი პრეზიდენტი მძლავრი საპარლამენტო კონტროლით თუ უბრალოდ საპრეზიდენტო მმართველობა _ ეს საკითხი «ქართულ ოცნებაში» შესაძლო განხეთქილების  ვაშლად კვლავ რჩებამომავალი პრეზიდენტის ფუნქციებზე, აგრეთვე, იმაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩვენს გაზეთთან  საუბარში პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ახლებური და საინტერესო ხედვა წარმოადგინა. ამასთან დაკავშირებით «საქართველო და მსოფლიომ» კომენტარი ექსპერტებს სთხოვა.

_ რა უნდა იყოს ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებსაც მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს?

ელისო კილაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა «ჩემი საქართველოს» თავმჯდომარე:

_ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. სასურველია, იყოს გამოცდილი. პოლიტიკურ წარსულს რაც შეეხება, ცხადია, არ უნდა იყოს იმ დანაშაულებრივი რეჟიმის თანაავტორი, რომელიც «ვარდების რევოლუციის» მერე შეიქმნა საქართველოში. კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით, სასურველია, მან მოახერხოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, რადგან რუსეთი ჩვენი ისტორიული მეზობელია და ამას, უბრალოდ, ვერ შევცვლით.

_ როგორ ფიქრობთ: უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობა აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსეთთან და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ კონფლიქტურ რეგიონებში პირველ ეტაპზე, ალბათ, საჭიროა სახალხო დიპლომატიის გამოყენებაც, იმდენად, რამდენადაც კავკასია დიდი რეგიონია და ამ რეგიონში მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს კეთილმეზობლური დამოკიდებულება მათთან. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა შეძლოს საომარი რიტორიკიდან დიალოგის რეჟიმზე გადასვლა.

ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი:

_ თუ იქნება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, საერთო სახალხო კენჭისყრით, სულ სხვა კრიტერიუმებია მაშინ საჭირო პრეზიდენტისთვის. არსებობს ზოგადი კრიტერიუმებიც, მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორ აირჩევენ პრეზიდენტს, შესაბამისად, კრიტერიუმებიც განსხვავებული იქნება. პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, უბრალოდ, რჩება მაქსიმალურად შეზღუდული უფლებები, მხოლოდ ცერემონიალური უფლებები და ამ შემთხვევაში ბევრი ისეთი თვისება, რაც პირდაპირი წესით არჩევის დროს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, შეიძლება აღარც მოეთხოვოს. მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება ყველა შემთხვევაში საჭიროა.  

როდესაც ხელისუფლება ყალიბდება რეჟიმად, დიქტატურისკენ, ავტორიტარიზმისკენ და ტოტალიტარიზმისკენ იხრება, მისი წარმომადგენელი, არა მგონია, პრეზიდენტობის კანდიდატად გამოდგეს. თუ მოხდება «ნაციონალური მოძრაობის», როგორც რეჟიმის, სისტემის გასამართლება და შესაბამისი შეზღუდვები დაუწესდება ამ გასამართლების შედეგად, ბუნებრივია, მათგან რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატად ვერც წარდგება. ზოგადად, პოლიტიკური ძალები მიდიან საქართველოს ხელისუფლებიდან ან ქრებიან, ან სხვა პოლიტიკურ ძალად გარდაიქმნებიან. შევარდნაძის ხელისუფლებისდროინდელი «მოქალაქეთა კავშირი» გადაიქცა «ნაციონალურ მოძრაობად» და, წინა ძალებზე თუ ვისაუბრებთ, მხოლოდ გამსახურდიას პარტიაზე საუბარი მოგვიწევს, რომელიც აღარ არსებობს.

_ თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი და პასუხისგებლობა აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსეთთან და ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ როგორც მახსოვს, ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს უფლება-მოვალეობები მკვეთრად შეუმცირდა. საგარეოპოლიტიკური ურთიერთობის მოგვარებაში რამდენად რჩება უფლებები პრეზიდენტს, არ მახსოვს, მაგრამ, თუ ახლადარჩეულ პრეზიდენტს მხოლოდ ცერემონიალური ფუნქციები ექნება, კონფლიქტებში მონაწილეობა მისი, როგორც აქტიური პერსონის, შეიძლება არც იყოს კანონით გათვალისწინებული.

_ რამდენად დამაკმაყოფილებელია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტატუსი კონფლიქტურ რეგიონებთან სრულფასოვანი მოლაპარაკებების საწარმოებლად და საკმარისად მიგაჩნიათ თუ არა ახალი ხელისუფლების ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობის ჩიხიდან გამოსაყვანად?

_ ნეტავ რეინტეგრაციის მინისტრის სტატუსი წყვეტდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ბედს და ნებისმერ სტატუსს შევურჩევდით. რაც შეეხება იმას, რამდენად საკმარისია ახალი ხელისუფლების ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობის ჩიხიდან გამოსაყვანად, აქ მთელი საკითხებია.  თუ ჩვენ მიზნად ვისახავთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას რუსეთთან, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს მიღწევადია. გრძელვადიან პერსპექტივას რაც შეეხება, იქ უამრავი ფაქტორი მოქმედებს: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები როგორი ინტენსივობით წარიმართება, როგორი იქნება ძალთა ბალანსი სახელისუფლო პარტიებს შორის და ა. შ.

როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს განიხილავს, როგორც მხოლოდ რუსეთსა და ამერიკას შორის დაპირისპირების ობიექტს, და ეს ქვეყანა იარსებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაპირისპირების ობიექტი იქნება, ეს ზოგადად ავადმყოფური მიდგომაა. და როდესაც პრეზიდენტი თავის ფუნქციად მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ის უნდა იყოს საჯილდაო ქვა ორ უძლიერეს სახელმწიფოს შორის, ეს ნორმალური არაა, მგონი. როგორი ავადმყოფური მიდგომებიც ჰქონდა ძველ ხელისუფლებას საკუთარი ფუნქციისადმი და ქვეყნისადმი, ხომ ფაქტია! ახალმა ხელისუფლებამ ეს მიდგომა  რადიკალურად შეცვალა. ის ამბობს, რომ საქართველო, როგორც არც ერთი სხვა ქვეყანა, არ შეიძლება განიხილებოდეს ქვეყნებს შორის დაპირისპირების ობიექტად და არ შეიძლება ქვეყნის ფუნქცია იყოს ის, რომ შენს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახელმწიფომ იომოს, და ამას აცხადებდეს ქვეყნის პირველი პირი. როგორც იცით, ახალმა ხელისუფლებამ პარლამენტშიეს დეკლარაციის სახით შეიტანა, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დაპირისპირების ობიექტი საერთაშორისო ასპარეზზე და პირიქით, საქართველო მალე შეიძლება იქცეს რეგიონში თანამშრომლობისა და სხვადასხვა ინტერესის ობიექტად. და რადგან მიდგომები შეიცვალა, სამომავლოდ უნდა ვიფიქროთ, რომ წინსვლაც იქნება.

გია ხუხაშვილი, სს «საქართველოს რკინიგზის» გენერალური დირექტორის კონსულტანტი:

_ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი. უნდა აბალანსებდეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შესაძლო კრიზისის შემთხვევაში. უნდა იყოს უპირობო ავტორიტეტი, ძალიან გამოცდილი, ასაკოვანი, მე ასე წარმომიდგენია. ახალგაზრდა ვერ წარმომიდგენია ასეთი ტიპის თანამდებობაზე. ასევე არ უნდა იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული და არ უნდა იყოს მხარე სახელმწიფოში. მთლად აპოლიტიკური არ გამოვა, მაგრამ ეს ადამიანი აქტიური პოლიტიკიდან, კარიერული პოლიტიკიდან გასული უნდა იყოს.

_ რამდენად უნდა იყოს მისი პრიორიტეტი აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსეთთან და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის ფუნქცია არაა საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა, ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის მონაწილეობა პროცესებში იქნება უფრო პასიური. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატს ამ კრიტერიუმებით არ შევაფასებდი. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი არც საგარეო პოლიტიკაში და, ზოგადად, ქვეყნის ყოველდღიურ მართვაში არ  მიიღებს მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, არაა ეს მისი შერჩევის, ჩემი აზრით, პრინციპული კრიტერიუმი, თუმცა საარჩევნო კამპანიის დროს, რა თქმა უნდა, მას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება, ეთანხმება თუ არა მის მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხებზე.

_ რამდენად დამაკმაყოფილებელია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტატუსი კონფლიქტურ რეგიონებთან სრულფასოვანი მოლაპარაკებების საწარმოებლად და საკმარისად მიგაჩნიათ თუ არა ახალი ხელისუფლების ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობის ჩიხიდან გამოსაყვანად?

_ საუბარი იმაზე, რომ ან რომელიმე სამინისტროს, ან ხელისუფლებას შეუძლია სწრაფად გამოსვლა ამ პრობლემებიდან, აზრს მოკლებულია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, პროგრამა მინიმუმის შესრულებას. ანუ რუსეთის მხრიდან იმ სიტუაციის უზრუნველყოფას, რომ ის ჩვენ საგარეო, თუ საშინაო საქმეებში არ ჩაერიოს. ის, რომ რუსეთი ჩვენ რამეში დაგევხმაროს, არასწორი კონცეფციაა, ჩემი აზრით. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ნეიტრალიზება უფროა ჩვენი მთავარი ამოცანა. იმისათვის, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება, ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს პირდაპირ ვესაუბროთ. ამ კუთხით თუ კონცეპტუალურად ყველაფერი დალაგდება და თუ რუსეთთან სიტუაციის ნორმალიზება მოხდება, თუნდაც იმ კუთხით, რომ ხელი არ შეგვიშალოს, ეს სერიოზულად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. რაც შეეხება რეინტეგრაციის სამინისტროს, მე საერთოდ ეს სახელიც არ მომწონს. ძალიან ამბიციურია. სენსიტიური თემაა ზოგადად და პირდაპირ სახელში ჩადება საბოლოო მიზნის, ვფიქრობ, არასწორია. უფრო ფაქიზი მუშაობა დაგვჭირდება ჩვენს აფხაზ ძმებთან იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მე, მაგალითად, ვისურვებდი თუნდაც სახელის შეცვლას ამ სამინისტროსი. ასე, რომ ეს ყველაფერი სხვა შედეგზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. რუსეთთან სიტუაციის ნორმალიზება უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მათ დაიცვან ნეიტრალიტეტი. ასევე, ჩვენ ჩვენს აფხაზ მოქალაქეებს უნდა შევუქმნათ იმის განცდა, რომ არ ვაპირებთ მათ წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას და არც არასდროს გამოვიყენებთ და ესაა ის ძირითადი კონფიგურაცია, რომლის საფუძველზეც მოგვეცემა შესაძლებლობა, შემდგომში გადავიდეთ საკუთრივ რეინტეგრაციის პროცესზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ მოგეხსენებათ, კოალიციას უნდა, რომ პირველი პირი აირჩიოს საკანონმდებლო ორგანომ. ვინ იქნება ეს, არ ვიცით, მაგრამ, ვინც უნდა იყოს, მე მიმაჩნია, რომ ასეთი პრეზიდენტი იქნება არა არჩეული, არამედ დანიშნული პრეზიდენტი, მოხელე. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რას უნდა აკმაყოფილებდეს იგი, ვფიქრობ, უმჯობესია, პრეზიდენტად არჩეულ იქნეს პიროვნება, რომელიც გადაცილებულია ორმოცდაათ წელს, ვიდრე მოვიდეს 35 წლის გამოუცდელი ახალგაზრდა. ასევე, ცხადია, ის უნდა იყოს განათლებული, ჭკუადამჯდარი, მოაზროვნე კაცი და ნაკლებად ამა თუ იმ პარტიასთან დაახლოებული. უმნიშვნელოვანესია ისიც, თუ რა პრინციპებით იხელმძღვანელებს კონფლიქტურ რეგიონებთან და, რაც მთავარია, რუსეთთან მიმართებაში.

_ მიგაჩნიათ, რომ ეს პრიორიტეტი უნდა იყოს?

_ ვიმეორებ: თუ ლაპარაკია საპარლამენტო რესპუბლიკაზე, მაშინ მომავალი პრეზიდენტის ორიენტაციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ის არ იქნება აქტიური; ხოლო თუ საუბარია საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე, ცხადია, პრეზიდენტი უნდა იყოს ორიენტირებული უმთავრეს პრობლემურ საკითხებზე _ აფხაზეთსა და ოსეთზე, რომლის მოგვარებაც რუსეთის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია.

_ რამდენად დამაკმაყოფილებელია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტატუსი კონფლიქტურ რეგიონებთან სრულფასოვანი მოლაპარაკებების საწარმოებლად და საკმარისად მიგაჩნიათ თუ არა ახალი ხელისუფლების ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობის ჩიხიდან გამოსაყვანად?

_ მიმაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს რეინტეგრაციის სამინისტრო. მისი ფუნქცია არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი. ესაა ხელისუფლების მიერ იმისათვის შექმნილი სამინისტრო, რომ საზოგადოების ყურადღება გადაეტანა ამ გადაწყვეტილებაზე. რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაცას აკეთებს, ამ დროს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია რეინტეგრაციისთვის, მაგრამ შექმნა სამინისტრო. ეს იყო საზოგადოებისთვის თვალის ახვევა, რომ აი არსებობს სამინისტრო და ის გადაწყვეტს ყველაფერს. ასე რომ, ესაა თითიდან გამოწოვილი და არაფრისმაქნისი სამინისტრო.

_ საკმარისად მიგაჩნიათ თუ არა ახალი ხელისუფლების ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობის ჩიხიდან გამოსაყვანად?

_ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება არაა მარტო ეკონომიკური საკითხების და ღვინის ექსპორტის საქმე. აქ გაცილებით უფრო სერიოზული საკითხებია და, როდესაც აბაშიძე და კარასინი მიადგებიან ამ საკითხებს და ის საკითხები თუ არ გადაწყდა, ცხადია რეინტეგრაციის საკითხები საერთოდ ზღაპარია. როდესაც ეს ორი პიროვნება მიადგება ამ საკითხებს, საერთოდ ვითარება შევა სერიოზულ ჩიხში, იმიტომ, რომ არც საქართველოს და არც რუსეთს არ აქვს გასაღები ამ საკითხის მოგვარების. რადგან საქრათველოს ხელისუფლებამ 2008 წელს დაუშვა სერიოზული შეცდომა ომის დაწყების თვალსაზრისით, რომ მისი გამოსწორების შესაძლებლობა არათუ აბაშიძესა და კარასინს, არათუ პუტინსა და ივანიშვილს, არამედ ღმერთსაც აღარ შეუძლია. ასე იოლად არ შეიძლება მისი გამოსწორება. მე არ ვიცი, როგორ უნდა შეიცვალოს რუსეთში მდგომარეობა და როგორ უნდა დაჩაჩანაკდეს რუსეთი, რომ თქვას, აფხაზეთმა და ოსეთმა თვითონ მიხედონ თავსო. ეს უახლოეს პერიოდში წარმოუდგენელია. რუსეთმა აღიარა ყოფილი საბჭოთა საქართველოს ავტონომიების დამოუკიდებლობა და, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს, ვერ აიძულებს, უარის თქვას თავის პოზიციაზე.

რაც შეეხება ღვინის და მწვანილის რუსეთის ბაზარზე შეტანას, ეს ძალიან დიდი რევერანსია რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ და ეს იმის მიუხედავად, რომ თითქმის 20 წელია ქართული მხარე რუსეთს აფურთხებს და ამას დღემდე აგრძელებს. ეს ყველაფერი რუსმა სხვანაირად მიიღო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩაყლაპა და ნება დართო, ქართული პრუდუქცია შევიდეს რუსეთის ბაზარზე, არადა, დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ რუსეთის ბაზარს აბსოლუტურად არ ესაჭიროება არც საქართველოს ღვინოები და არც სხვა პროდუქტი. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომ რუსეთი ამ დათმობაზე წავიდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისათვის და არა საკუთარი კეთილდღეობისათვის.

მარიამ ცაცანაშვილი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი:

_ პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი, რა თქმა უნდა, იმ ასაკაში უნდა იყოს, რომელსაც გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილებები გავლილი აქვს, და მას შეუძლია უკვე არბიტრის ფუნქცია შეასრულოს. თუ მომავალ კანდიდატს საზოგადოებასთან ჰქონია კონტაქტები სხვადასხვა მიმართულებით, სისტემების აწყობებზე უმუშავია, ზნეობრივად გაწონასწორებულია, თავის საქმეში პროფესიონალია, კომუნიკაბელურია, და არ უჭირს კონფლიქტების მოგვარება, ასეთი ადამიანი, ჩემი აზრით, სრულიად შეესაბამება პრეზიდენტის კანდიდატურას. 

_ როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა მომავალი კანდიდატისთვის პრიორიტეტი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა, ასევე რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ პრეზიდენტმა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები უნდა შეასრულოს. ახალი პრეზიდენტი უკვე მაგ ფუნქციის შემსრულებელი აღარ იქნება.

_ რამდენად უნდა იყოს მისი კანდიდატურა სოხუმის, ან ცხინვალის მმართველი წრეებისთვის, ასევე რუსეთისათვის მისაღები?

_ საერთოდ პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი იმ ყველა კითხვას, რომელიც დამისვით, ანუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი, ვუპასუხებ: დიახ, ყველა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ის მისაღები უნდა იყოს ქართული საზოგადოების უმრავლესობისათვის.

_ რამდენად დამაკმაყოფილებელია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტატუსი კონფლიქტურ რეგიონებთან სრულფასოვანი მოლაპარაკებების საწარმოებლად და საკმარისად მიგაჩნიათ თუ არა ახალი ხელისუფლების ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობის ჩიხიდან გამოსაყვანად?

_ სტატუსი ამ სამინისტროსი იმხელად დიდია, რომ მასზე ფუნქციიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. მისი ფუნქციები, რამდენადაც ცნობილია, საკმარისია იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. რაც შეეხება მეორე საკითხს, ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებაში, საშური და აუცილებელი საქმეა. არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც ცდილობენ, რომ კარგი ურთიერთობები დაამყარონ რუსეთთან, რომ სრულფასოვან სუბიექტებად იქნენ წარმოჩენილნი. მთელი ჩვენი წინაისტორია და ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა განაპირობებს იმას, რომ რუსეთთან, როგორც მეზობელთან გარკვეული პოლიტიკური ურთიერთობის აწყობა აუცილებელია. ასე რომ, დღევანდელმა ხელისუფლებამ, მიუხედავად სხვადასხვაგვარი ზეწოლებისა, უნდა მოძებნოს რუსეთთან დიალოგის გამართვის  გზები.

ვასილ ჭიჭინაძე, დიპლომატი:

_ პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა იყოს პრაგმატული პიროვნება. ჩამოყალიბებული, დახვეწილი და, რაც მთავარია, მან ყოველთვის უნდა გათვალოს, რა შეიძლება მოჰყვეს მის, თუნდაც ერთი შეხედვით ნაკლებად მნიშვნელოვან, მოქმედებას. პრეზიდენტს პიროვნული წონა უნდა ჰქონდეს, რათა პატივი სცენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ასე რომ, აქ უამრავი ასპექტია. პირადად ჩემთვის გადამწყვეტია, რა პოლიტიკა ექნება მას ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან მიმართებაში, შეძლებს თუ არა ახალი პრეზიდენტი კონფლიქტურ რეგიონებთან და რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსებას. კატეგორიულად არ შეიძლება იმის გაკეთება, რასაც «ნაციონალები» ითხოვენ, კონსტიტუციაში ჩაწერეთ კურსის უცვლელობაო. ესაა, მაპატიეთ და იდიოტიზმი. რატომ მაქცევ მე შენ რაღაც საზღვრებში, რატომ ვერ უნდა გამოვიდე ამ ჩარჩოდან?! ხვალ, ვთქვათ და, დაიშალა ეს შენი ევროკავშირი, რას ვშვრებით მერე?! ან, ვთქვათ, შეიქმნა რამე სხვა კავშირი, რომლის წევრობაც ჰაერივით გვჭირდება, ვერ უნდა შევიდეთ?! ასეთ ვიწრო ინტერესებში დიპლომატიის მოქცევა სისულელეა. სადაც რუსეთია დომინანტი, იქ არ გვინდაო. კი მაგრამ, შე დალოცვილო, რუსეთი დომინანტია გაეროშიც, გამოდი მაშინ… არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ასე რომ, რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება უნდა იყოს პრიორიტეტი. გვაქვს ჩვენ ამის რესურსი, უბრალოდ, ამ რესურსს გამოყენება უნდა. სხვათა შორის, ამასწინათ ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ წავიკითხე თქვენს გაზეთში… მას მკაფიოდ და გასაგებად აქვს ჩამოყალიბებული მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატის ფუნქციებიც, პასუხისმგებლობაც და კრიტერიუმებიც, რომელთაც სრულად ვეთანხმები.

ესაუბრა

ლილი მიროტაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here