Home რუბრიკები პოლიტიკა პრეზიდენტი მხოლოდ სიმბოლო არ არის…

პრეზიდენტი მხოლოდ სიმბოლო არ არის…

927

1995 წელს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია მიიღო, ირაკლი წერეთლისთვის უკითხავთ, 35 წელი გისრულდება და პრეზიდენტად კენჭს თუ იყრიო? მას უპასუხია, ახლა პრეზიდენტი რომ გავხდე და ორი ვადითაც ამირჩიონ, 45 წლისამ რაღა ვაკეთო _ პენსიაზე გავიდეო?

მას შემდეგ მეთვრამეტე წელი გადის და ორგზის ნაპრეზიდენტალი მიხეილ სააკაშვილიც გახდა 45 წლის, მაგრამ პენსიაზე გასვლა არც მას სურს. მართალია, მრავალგზის დაჭრილ-შეკერილი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრობის მოსურნე მიშას პრეზიდენტობა აღარ «ემუქრება», მაგრამ «ქართული ოცნება» ჯერაც არ არის მზად ერთიანი კანდიდატისთვის. ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მაჟორიტარული არჩევნები ვერ მოიგო, რასაც ხელი არ შეუშლია მისი საპრეზიდენტო ამბიციებისთვის.

«ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერებმა ბევრი იქილიკეს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა იგი «პრეზიდენტობაზე ოცნებისთვის» დასაჯა და ვიცე-პრემიერობა ჩამოართვა, თუმცა ამ შემთხვევაში, ალბათ, მთავარი მაინც ის იყო, რომ თუნდაც უფლებაშეზღუდული პრეზიდენტის ადგილზე «ქართულ ოცნებას» ისეთი კანდიდატი სჭირდება, რომელიც ეროვნულ თანხმობას განასახიერებს, ალასანია კი ჯერჯერობით თავად კოალიციაში აღმოჩნდა უთანხმოების ფაქტორი.

ივანიშვილის მიერ დასახელებული ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურა ისევე შორს  არის სასურველისგან, რომ მისი წამოწევა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: პრეზიდენტი ის არ არის, რის გამოც დაპირისპირება ღირს. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილმა სწორედ ამგვარი მინიშნება გააკეთა. და მაინც, როგორი ფუნქციებიც უნდა ჰქონდეს მომავალ პრეზიდენტს, იგი არც ისე უფერულია, როგორც გვიხატავენ. მას არბიტრის როლი აკისრია და თავისთავად ცხადია, რომ უავტორიტეტო, გამოუცდელი და შემთხვევითი პირი ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს.

იმ ვითარებაში, როდესაც ყოფილი და ახალი მმართველი ძალები, პრაქტიკულად, არაფერს განსხვავებულს არ ამბობენ, სწორედ პრეზიდენტი იძენს იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელიც ერთადერთ განსხვავებულ საკითხს _ რუსეთთან ურთიერთობის საკითხს წაადგება ან საბოლოოდ დაასამარებს. მართლაც, «ქართული ოცნება» ისევე დებს თავს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, როგორც «ნაციონალური მოძრაობა», თუმცა, მისგან განსხვავებით, მიაჩნია, რომ «საქართველომ უნდა შეძლოს ითამაშოს ხელშემწყობის და არა შემაფერხებლის როლი რუსეთის ფედერაციის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დაახლოებისა და ინტერესების დაბალანსების შესაძლო პოლიტიკურ პროცესში… საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია უნდა გახდეს არა სტრატეგიული ინტერესების კონფრონტაციის, არამედ ამ ინტერესთა მრავალმხრივად სასარგებლო ასპარეზობის სივრცე».

სწორედ ეს პუნქტი აღმოჩნდა ყველაზე მიუღებელი «ნაცმოძრაობისთვის». მათ რუსეთთან ურთიერთობა ისეთ ჩიხში შეიყვანეს, რომ ელემენტარული დიალოგიც კი შეუძლებელი იყო, ხოლო სააკაშვილი ახლაც რუსეთთან კონფრონტაციული რიტორიკით ირთობს თავს. ამ ვითარებაში პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ ის ფიგურა შეიძლება იყოს, რომელთანაც ურთიერთობის პრობლემა რუსეთს არ ექნება. მიუხედავად იმისა, არის თუ არა პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკის სუბიექტი, დიალოგის ამ დონეზე აყვანა უდავოდ საუკეთესო ფონს შექმნის რუსეთთან მოლაპარაკებებში. დღევანდელი დონე (პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი) მხოლოდ იმის დემონსტრირებას წარმოადგენს, რომ ეს საკითხი უპირველესი მნიშვნელობის არ არის.

«ნაციონალური მოძრაობის» კიდევ ერთი დიდი შეცდომა ის იყო, რომ დარწმუნებული იყვნენ, აფხაზები და ოსები ისე მოიქცეოდნენ, როგორც მოსკოვი უბრძანებდა. სხვადასხვა ფორმატში ისინი მუდამ ცდილობდნენ, მეგობარი დასავლეთის მხრიდან რუსეთზე ზეწოლა მოეხდინათ, მაგრამ დასავლეთს საკუთარი ინტერესები აქვს და, რუსეთს საქართველოს გამო რომ არ დაუპირისპირდება, ამის მოწმე არაერთხელ ვყოფილვართ.

ამის გათვალისწინებით, მომავალ პრეზიდენტს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა და, რაც მთავარია, მორალური უფლება უნდა ჰქონდეს. რა გასაკვირიც უნდა იყოს, აფხაზებისა და ოსებისთვის იმასაც აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი რომელიმე წინანდელ რეჟიმთან კავშირში მყოფი პირი. ეს ფაქტორი უთუოდ უმნიშვნელოვანესია იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მათთვის უპირობო აგრესორია და აქ ტალიავინის კომისიის დასკვნის სხვადასხვა წაკითხვა მათ დამოკიდებულებას ვერ შეცვლის. შევარდნაძის სხვა თანამებრძოლები (აკი, მიშაც მისი გამოზრდილია), ასევე ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ ნდობას გამოიწვევენ. «ქართული ოცნების» მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზებისა და ოსებისთვის კვლავაც «ენჯეოშნიკად» რჩება და მის მიერ რეინტეგრაციის პრობლემის დაძლევის შიში აფხაზებს არა აქვთ, ქართველებს კი _ იმედი.

9-წლიანი «თინეიჯერული დიქტატურის» შემდეგ საზოგადოებაში არის იმის მოთხოვნილებაც, რომ პრეზიდენტად ასაკოვანი, გამოცდილი და გონებადამჯდარი ადამიანი იხილოს. ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზებთან და ოსებთან დიალოგშიც, რადგან, ძალადობრივად «ვესტერნიზებული» ქართული პოლიტიკური ელიტისგან განსხვავებით, ისინი ასაკსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას პატივს სცემენ და ანგარიშს უწევენ.

თავსმოხვეული კოაბიტაციის რეჟიმში, როცა ორმა ურთიერთდაპირისპირებულმა ძალამ პოლიტიკური არენიდან ერთგვარად «გადარეცხა» სხვა პარტიები, ალბათ, დიდი მნიშვნელობა ექნება იმასაც, რომ პრეზიდენტი, როგორც არბიტრი, არც ერთი ამ ბანაკის წარმომადგენელი არ იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიერ ამ ფუნქციის შესრულება შეუძლებელი გახდება. მეორე მხრივ, არ შეიძლება ქართული პოლიტიკური ტრადიციის უგულებელყოფაც _ ამომრჩეველი ყოველთვის ქარიზმატულ ლიდერს ანიჭებდა უპირატესობას.

ასე იყო უახლოეს წარსულშიც, როცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტობის კანდიდატად არა დავით უსუფაშვილი, არამედ ლევან გაჩეჩილაძე აირჩია. თუმცა «გრეჩიხას» ქარიზმამ ვერ გაჭრა და მასზე უფრო ქარიზმატული სააკაშვილი მეორედ გახდა პრეზიდენტი. მეორე მხრივ, იმავე სააკაშვილის წყალობით, ქარიზმა საქართველოში უკვე საფრთხის შემცველადაც აღიქმება და შესაძლოა, მოვიდა დრო, როცა ქარიზმატული ლიდერი აუცილებელი აღარ არის. პირიქით, იგი პოლიტიკური აქტივობისგან გამიჯნული უნდა იყოს, თუმცა პოლიტიკურ პროცესებსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ზედმიწევნით უნდა ფლობდეს.

პრეზიდენტი, თუნდაც საპარლამენტო რესპუბლიკაში, არ არის მხოლოდ სიმბოლო, არც მაღალი სტუმრების მიმღები და გამცილებელი, ჩვენს შემთხვევაში კი, საქართველოსთვის უმთავრესი საკითხის _ მისი გამთლიანების საქმეში სწორმა არჩევანმა შეიძლება ის შედეგი გამოიღოს, რომლის მიღწევასაც ყველა მანამდე არსებულმა ხელისუფლებამ უსასრულოდ დაგვაშორა. თუ ახალი მთავრობა კვლავაც ეცდება, პრეზიდენტად საკუთარი გუნდის ისეთი წარმომადგენელი გაიყვანოს, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან საერთო არაფერი ექნება, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და ჩვენი მთავარი მიზანი _ საქართველოს მთლიანობის აღდგენა, ისეთივე არარეალური გახდება, როგორც «ნაცმოძრაობის» ხელისუფლების დროს.

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here