Home რუბრიკები პოლიტიკა თარგამაძის ნევრასთენია და ბარნოვას კომფორტოლოგია

თარგამაძის ნევრასთენია და ბარნოვას კომფორტოლოგია

1103

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბრალდებულად ცნო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. გამოძიების ინფორმაციით, 2012 წლის ივნისში რუსი ოპოზიციონერები: სერგეი უდალცოვი, ლეონიდ რაზვოზჟაევი და კონსტანტინე ლებედევი გივი თარგამაძეს არეულობების დაფინანსებაზე შეუთანხმდნენ. აღნიშნული საუბრის ამსახველი ვიდეომასალა გადაცემაში «პროტესტის ანატომია» აჩვენეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციითვე, გივი თარგამაძე 6 მაისს «ბალოტნაიას მოედანზე» პოლიციასა და დემონსტრატებს შორის შეტაკებების ორგანიზებაში «კონკრეტულ როლს» ასრულებდა. საქმეში 20-ზე მეტი ადამიანი ფიგურირებს. რუსეთში მასობრივი არეულობის ორგანიზება და «ბალოტნაიას საქმე» ამ ეტაპზე გაერთიანებულია. მასმედიის ინფორმაციით, გივი თარგამაძე, «ვარდების რევოლუციის» გარდა, მონაწილეობდა «ნარინჯისფერ» და «ტიტების რევოლუციებში». ასევე ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარების მცდელობაში.

დაუსჯელი ხულიგანი

მაშინ ეს ამბავი ქართულ მედიაში ფართოდ გაშუქდა. დაზარალებულები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ გივი თარგამაძეს კანონის შესაბამისად პასუხი უნდა ეგო, მაგრამ…

2002 წლის 8 ივნისს გივი თარგამაძესა და დონაძეებს შორის მოხდა ჩხუბი. გვიან ღამით დიდ დიღომში დავით დონაძის მანქანას დაეჯახა ირაკლი აბაშიძის ავტომობილი, რომელიც თარგამაძის ქორწილიდან მთვრალი მოდიოდა. შემთხვევის ადგილზე, აბაშიძის შეტყობინებით, მივიდნენ თარგამაძე და მისი მეგობრები. ინციდენტმა მძაფრი ხასიათი მიიღო. გივი თარგამაძემ და მისმა მეგობრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მამა-შვილ დონაძეებს. გივი თარგამაძემ თავში ბოთლი ჩაარტყა დავით დონაძეს, რის გამოც იგი საავადმყოფოში მოათავსეს. ამ საქმეში არსებობს ქალაქის სამმართველოს მიერ საქმის გამოძიების დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: «თარგამაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო ხულიგნურ მოქმედებაში და დავით დონაძეს კეფის არეში ჩაარტყა მომარჯვებული საგანი, იქვე მდებარე ჯიხურში შეძენილი ნახევარლიტრიანი «ბორჯომის» მინის ბოთლი, რის შედეგადაც ხანმოკლე დროით დავით დონაძემ წონასწორობა დაკარგა. შემდეგ გივი თარგამაძემ, ირაკლი აბაშიძემ და თანამონაწილეებმა წააქციეს დავით დონაძე და განაგრძეს მისი ცემა. აღნიშნულის დანახვაზე შვილის დახმარების აღმოსაჩენად გაემართა ნოდარ დონაძე, რომელიც ასევე წააქციეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საბოლოოდ, გივი თარგამაძემ წაქცეულ, ნაცემ დავით დონაძეს სპეციალურად მომარჯვებული საგანი ესროლა. ზემოაღნიშნული «ბორჯომის» ბოთლი, რომელიც სახის არეში მოარტყა… დავით და ნოდარ დონაძეების ცემის დროს თარგამაძე, აბაშიძე, ბუცხრიკიძე და მათთან ერთად მყოფი პირები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მამა-შვილს. ჩხუბის დასრულების შემდეგ ნოდარ დონაძე მივარდა გივი თარგამაძეს და უთხრა, რომ პასუხს აგებინებდა ჩადენილი დანაშაულისთვის, რაზეც გივი თარგამაძემ ცინიკურად უპასუხა, რომ აღნიშნული ქმედებისთვის მას პასუხს ვერავინ აგებინებდა. ხმარობდა საგინებელ სიტყვებს, კერძოდ, ახსენებდა მამაკაცის სასქესო ორგანოს და სხვ.»

პრესკონფერენციაზე ნოდარ დონაძემ დააზუსტა, რაში მდგომარეობდა თარგამაძის მიერ ნახსენები უცენზურო სიტყვები. თარგამაძეს მისთვის უთქვამს, სადაც გინდა, იქ მიჩივლე, … არავის მოაჭამოო. გარდა ამისა, დანაშაულის მეორე დღეს დონაძეების სახლში რეკავდნენ თარგამაძის მეგობრები და ოჯახის წევრებს ეუბნებოდნენ, ვერც პოლიციაში და ვერც სასამართლოში ვერ მოგვერევით, მანქანას კი გაგაკეთებინებთო. დონაძეები პირობას დებდნენ, გივი თარგამაძე თუ არ აღიარებდა სიმთვრალეში ჩადენილ დანაშაულს და თუნდაც ბოდიშს არ მოუხდიდა მათ, არ მოეშვებოდნენ და სამართლის ძალით პასუხს აგებინებდნენ.

დონაძეების ადვოკატი ოთარ ბერიშვილი მიიჩნევდა, რომ ანტიკორუფციულ საბჭოში თარგამაძის ყოლა პრეზიდენტის (შევარდნაძე) შეურაცხყოფა იყო, ამიტომ თარგამაძესთან დაკავშირებული წერილი ანტიკორუფციულ საბჭოში შეიტანა. ანტიკორუფციული საბჭოს მდივან კახა უგულავას კი პასუხი არ გაუცია. თარგამაძის ინტერესებს ადვოკატი ეკა ბესელია იცავდა.

მარიკა ბარნოვას შორსმჭვრეტელობა?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაზარალებული პოლიციელი დავით დონაძე მკურნალობდა ორთაჭალაში მდებარე ე. წ. ემვედეს ჰოსპიტალში. საავადმყოფოს პერსონალმა კონფიდენციალურ საუბარში განგვიცხადა, რომ ჰოსპიტლის მაშინდელმა ნევროლოგიური განყოფილების გამგემ მარიკა ბარნოვამ მომხდარის თაობაზე შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინა, მოგვიანებით კი ეს «სულგრძელი საქციელი» საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.

სულ მალე «ნაცმოძრაობა» ქვეყნის სათავეში მოვიდა, მის რიგებში კი გივი თარგამაძეც ირიცხებოდა. როდესაც ჰოსპიტლის პრივატიზაციის საკითხი წამოიჭრა, ბარნოვას, რომელსაც ამ უძრავი ქონების დასაკუთრება სურდა, უთქვამს,  თარგამაძეს ჩემი ვალი აქვს და ამ საქმეში დამეხმარებაო. სულ მალე ჰოსპიტალი მარიკა ბარნოვას მფლობელობაში გადავიდა და მას შპს «ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი» დაერქვა. ერთ მშვენიერ დღეს კი ბარნოვამ ჰოსპიტლის პერსონალის თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაათავისუფლა. სხვათაშორის, შს მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ბარნოვას სამინისტროს დაქვემდებარებაში ჰოსპიტლის დაბრუნება შესთვაზა, რაზეც მწვავე უარი მიიღო. ბარნოვას ეს ხელს არ აძლევდა, რადგან ამ შემთხვევაში სახელფასო განაკვეთები და შემოსავალი ნაკლები იქნებოდა. ასე კი თვითონ იყო ყველაფრის ბატონ-პატრონი და, პერსონალის თქმითვე, საგადასახადო ინსპექციას ჰოსპიტალი თავისი ყურადღებით არ «შეუწუხებია».

ჯუღელი და ბარნოვა

მარიკა ბარნოვა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, ბესო ჯუღელის, მეუღლეა. 1985-87 წლებში თელავის ქარხანა «მიონის» დირექტორი იყო. 1987-92 წლებში _ მეტალურგიული ქარხანა «ჰიდრომეტალურგხელსაწყოს» დირექტორი. 1992-93 წლებში საქართველოს მრეწველობის მინისტრი. 1995 წელს საქართველოს პარლამენტში აირჩიეს დემოკრატიული პარტიის სიით. ბესო ჯუღელი «ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური სახეც იყო. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში მისთვის ადგილი ვერ გამოინახა. ბესო ჯუღელი იტალიაში გადასახლდა და «ნაციონალების» კრიტიკას მიჰყო ხელი. 2008 წლის ნოემბერში მედიის საშუალებით მაშინდელი მთავრობა საბავშვო ბაღად მოიხსენია, რომელთაც ჭკუა არ მოეკითხებოდათ.

მან ისიც აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან არაფერი აკავშირებდა, სატელეფონო საუბრებიც კი.

2012 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, «ნაციონალურ მოძრაობაზე» განაწყენებული ბესო ჯუღელი GHN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ «ნაციონალურმა მოძრაობამ» დემოკრატიის განვითარებისთვის ყველაფერი გააკეთა. «ხელისუფლებაში რა ძალაც არ უნდა მოვიდეს, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ეჭვი მეპარება, იმ ძალამ დემოკრატიის განვითარებას შეუწყოს ხელი. ვფიქრობ, «ნაციონალურმა მოძრაობამ» ყველაფერი გააკეთა ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განვითარებისთვის. შესაძლოა, საქართველოში არ გვაქვს ისეთი დემოკრატია, როგორც, მაგალითად, დანიასა და ნორვეგიაშია, მაგრამ სააკაშვილმა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგა.

«ნაციონალური მოძრაობის» გარდა, ხელისუფლებაში რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა მოვიდეს, არა მგონია, მათ დემოკრატიის დამყარება შეძლონ.  «ნაციონალურმა მოძრაობამ» აჩვენა, რომ ის დემოკრატიის განვითარებისთვის ნამდვილად იბრძვის, თუმცა საქართველო ჯერ მზად არა არის დემოკრატიისთვის. ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად დემოკრატი ადამიანია, იდეები კარგი აქვს, მაგრამ მეორე საკითხია, მის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი რამდენად შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. არიან კი ამისთვის მზად ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები?»

ბოლო დროს მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბესო ჯუღელი, შესაძლოა, იტალიაში დანიშნულიყო ელჩად. თავად ჯუღელმა მედიასთან აღნიშნული ფაქტი უარყო, მაგრამ იქვე დასძინა, რომ, თუ ახალი ხელისუფლება შესთავაზებდა, იგი ამ წინადადებას დათანხმდებოდა.

ჭოპორტი თუ «მშვენიერა»

ჭოპორტში ერთი პატარა ხელოვნური წყალსაცავია, რომელიც სასმელი წყლის ბუნებრივ ფილტრაციას ახდენს. თბილისის მოსახლეობა სასმელი წყლით სწორედ ამ მაგისტრალიდან მარაგდება.Pამ ტერიტორიაზე თიბვა და ფეხის დადგმაც კი აკრძალულია. პარლამენტარ ბესო ჯუღელის სახლი კი სოფელ ჭოპორტში სწორედ აკრძალულ ზონაში მდებარეობს. ჯუღელმა სახლი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს აიშენა. «ნაციონალური მოძრაობის» გამარჯვების შემდეგ კი ჯუღელის მეზობლად ორი სახლი აშენდა, რომელთაგან ერთი პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძას _ თემურ ალასანიას, ხოლო მეორე პირველი ლედის, სანდრა რულოვსის, მშობლებს ეკუთვნით. აღნიშნული სახლები სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა ააშენა, მას შემდეგ, რაც ჯუღელის სახლის კანონიერების საკითხზე უკვე არსებობდა დავა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუღელმა სანამ სააკაშვილს «გაუნაწყენდებოდა» და იტალიაში გაიქცეოდა, ძირძველი ქართული სოფლის სახელწოდება ჭოპორტი ძველმოდურად მიიჩნია და «მშვენიერა» უწოდა. 2007 წელს მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი «კვირის პალიტრისთვის»  მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ჯუღელს ჭოპორტში სახლი კანონის გვერდის ავლით აქვს აშენებულიო.

ბესო საბაშვილი: _ მას შემდეგ, რაც ჯუღელის სამოსახლოს კანონიერებით დავინტერესდი, გავიგე, რომ წყალკანალიდან ელაპარაკნენ ამ უკანონობის აღკვეთის საკითხზე, ამიტომ დეპუტატის მეუღლე, მარიკა ბარნოვა, შეეცადა, სახლი კანონიერად გაეფორმებინა. დუშეთის გამგეობიდან ნებართვას ითხოვდა, მაგრამ, როგორც ვიცი, გამგეობამ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. გამგეობა ვერ გასცემს ნებართვას, თუ წყალკანალის ნებართვა არ იქნება. წყალკანალის მხრიდან კი ასეთ რამეზე წასვლა დიდ სკანდალს გამოიწვევდა, ხელისუფლების პირველი პირების მიმართ ღრმა შიშისა და პატივისცემის მიუხედავად. ესეც ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი, რაც არ შეიძლება ზოგადად ხალხისთვის, ის შეიძლება ზოგადად ამათთვის.

«საქართველო და მსოფლიო» მარიკა ბარნოვას დაუკავშირდა.

_ ქალბატონო მარიკა, რამდენიმე წლის წინ გივი თარგამაძემ ჩხუბში პოლიციელი დაჭრა. დაზარალებულმა თქვენს ჰოსპიტალში გაიარა მკურნალობის კურსი. როგორც ამბობენ, მაშინ თქვენ შესაბამისი დოკუმენტაცია საგამოძიებო ორგანოებს არ გადაეცით…

_ ასეთი შემთხვევა თუ იყო, როგორ არ გადავცემდით. ჩვენ ყველას ყველაფერს ვაძლევთ. რატომ არ უნდა გადაგვეცა?

_ ამბობენ, რომ ამის სანაცვლოდ თარგამაძე გარკვეული დოკუმენტების გადაფორმებაში დაგეხმარათ…

_ არა, არა! არაფერი მაგდაგვარი არ ყოფილა. მე რომ შემესყიდა ან რაღაც დახმარება დამჭირვებოდა, ამის საჭიროება არ არსებობდა. გადმოფორმებაში რატომ უნდა დამხმარებოდა? საავადმყოფო იყო «ემვედესი», მერე გახდა შპს და გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, ახლა გახდა საპატრიარქოსი. მანდ სად იყო დახმარების საჭიროება, არ მესმის. შსს-ს დაქვემდებარებიდან ძალიან არ გვინდოდა გამოყოფა, რადგან ყველანაირად კომფორტულად ვიყავით.

_ თუმცა დამეთანხმებით, რომ ფინანსურ სამსახურს არასდროს შეუმოწმებია თქვენი საავადმყოფო.

_ ფინანსური სამსახური ჩვენთან არასდროს შემოსულა. თუ საავადმყოფოსთან რაღაც პრეტენზია არსებობს, იმ შემთხვევაში ამოწმებენ. ჩვენ, ასე ვთქვათ, ყველაფერს ვიცავთ.

_ ქალბატონო მარიკა, პერსონალის გათავისუფლებას და მათ მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა?

_ პირადად მე ვთვლი, რომ იმაზე მეტი თანამშრომელი გვყავს, ვიდრე საჭიროა. ფიზიკურ შეურაცხყოფას…

_ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიხსენებია, ქალბატონო მარიკა…

_ ახლა უკვე ერთი და იგივე გახდა. ამჟამად პატიმარს ვეღარ მიაყენებ შეურაცხყოფას. მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაშიც, მოგეხსენებათ, ფიზიკური და მორალური მხარე ერთ კონტექსტში გადის. პირადად მე დაწესებულებაში პატივისცემის მეტი არაფერი მიგრძვნია, თუ გნებავთ, თანამშრომლებს ჰკითხეთ.

ასმათ ჯაღმაიძე,

ანა ქევხიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here