Home რუბრიკები საზოგადოება თემო გოცაძე: მიშა დამთავრდა, სააკაშვილის პერიოდი _ არა!

თემო გოცაძე: მიშა დამთავრდა, სააკაშვილის პერიოდი _ არა!

1096

საქართველოს სახალხო მხატვარ თემო გოცაძესთან დღევანდელ პრობლემებზე სასაუბროდ მივედი, მაგრამ «მაგთიკომის» მიერ გამოცემული მისი ალბომის საჩუქრად მიღების გამო სჯაბაასი თავიდან სხვა მიმართულებით წარიმართა. უპირველეს ყოვლისა, მადლობა ვუთხარით «მაგთის» მესვეურს _ გია ჯოხთაბერიძეს, რომელიც მართლაც ქართულ საქმეს აკეთებს. შემდეგ ხელოვნებაზე გადავედით.

_ ჩემთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის მშვენიერება იყო. ყველაფერში, რაც გინდა მეკეთებინა. რადგან არსებობს მშვენიერებისკენ სწრაფვა, ყველაფერი სხვა ამაზეა დაფუძნებული _ სიყვარული, კაცთმოყვარეობა, შენდობა, პატიოსნება, მაღალი სულიერება, მოქალაქეობა, რაც საბოლოოდ აყალიბებს პიროვნებას, რომელიც ამ საზოგადოებაში ცხოვრობს.

ამასთან, შემოქმედებას რისამე პრეტენზია რომ ჰქონდეს, ცხოვრებიდან უნდა მომდინარეობდეს, საზოგადოებრივი ცხოვრებაც უნდა ახლდეს თან.

დრო აფასებს შემოქმედებას, დღეს ძალიან ძნელია ამის გაკეთება. შემფასებელი მოვა, სხვა ეპოქის, სხვა დროის, ერთი ამოსავალი წერტილი ექნება _ ეს მართლა არის შემოქმედება თუ არა, კონიუნქტურის პროდუქტია თუ მიზანთან სანახევროდ მიახლოება… ცხოვრებასთან ურთიერთობა თუ გაკლია, შემოქმედებაც ნაკლულია.

_ დაველოდოთ შემფასებლის მოსვლას და დღეს დღევანდელი დღისა ვთქვათ.

არ დაგიმალავ და, მე მგონი, კონტრასტი არა, მაგრამ შენი შემოქმედების ზეციური სიმაღლეები, სითბო და სილაღე მაინც და მაინც არ ესადაგება შენსავე საზოგადოებრივ საქმიანობას, მისთვის დამახასიათებელ სიმკაცრეს, შემტევითობას, უკომპრომისობას, პრინციპულობას, რომელიც ზოგჯერ მაქსიმალიზმის დონემდე არის ასული.

_ ყველაფერი, რაც ჩამოთვალე, არის გზა, საშუალება იმ ჰარმონიულობისკენ, რომელიც, შენი თქმით, ჩემს შემოქმედებაში დაინახე და რომლისკენაც ისწრაფვის ჩვენი საზოგადოება.

ეს ერთი. მეორე. არც ერთ ჩვენგანს არ გვაკლია ადამიანური სისუსტეები. მაგრამ არ შეიძლება, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო იმ ღირებულებების ნგრევა, რომლებზეც აღზრდილი ხარ. თანაც ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი შესთავაზო.

_ აქედან ხომ არ მოდის ის შეხედულება, რომ ახალი არაფერი მივიღეთ, რომ არ გვაქვს დემოკრატია და, ქართული ანდაზისა არ იყოს, საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი? ხომ არ აღმოვჩნდით გატეხილი ვარცლის ანაბარა?

_ წინა ხელისუფლების დროს ფაქტობრივად ყველაფერი დაინგრა: აღარც მეგობრობა აღარ მუშაობს, აღარც კაცური ურთიერთობა, იმიტომ, რომ გუშინდელებმა შემოიღეს დასმენის, «ჩაშვების» ინსტიტუტი, ნულოვანი ტოლერანტობა და ათასი ასეთი უბედურება.

დღეს ყველაფერი აღსადგენია, მათ შორის, ჭეშმარიტი დემოკრატიაც.

ამათ ხომ ვიცნობ მე, ყველას, ვინ რას წარმოადგენს: არავინ არაფრის მაქნისი არ არის. ორი წინადადების ერთმანეთზე გადამბმელი არავინაა, ამ უვიცებმა ადამიანის შეცვლა მოინდომეს. ჰიტლერივით ნიცშეანური მიზანი დაისახეს _ ქართველი ხალხის მენტალიტეტის შეცვლა.

_ ამათ უნდოდათ, თუ სხვამ უკარნახა?

_ პრინციპულად მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი ისაა, რომ იყო ამათი მზაობა. თორემ, ცხადია, რომ უკარნახეს. ის, რაც ჩვენთან მოხდა, მხოლოდ საგანგაშო კი არ არის, საკივლელია, რადგან ჭკუათმყოფელმა არ შეიძლება გააკეთოს ის, რაც ამათ დამართეს ჩვენს საზოგადოებას!

_ დამთავრდა სააკაშვილის პერიოდი.

_ არ დამთავრდა სააკაშვილის პერიოდი. დამთავრდა სააკაშვილი. რაც უფრო ხშირად გამოჩნდება ეკრანზე, მით უარესი მისთვის. დამიჯერე! ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, თავს გვაჩვენებს, თითქოს მოვლენების სიღრმეებში ერკვევა, სინამდვილეში ელემენტარულად ვერ საზღვრავს იმას, რასაც ლაპარაკობს.

_ ვერ საზღვრავს?! აბა, კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ამასწინათ თქვა, რომ სააკაშვილმა ტრიბუნაზე გამოსვლა იცის, ამას ვერ წაართმევო?!

_ ვერ საზღვრავს, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მის საუბრებს კომპოზიცია, როგორც ასეთი, არ აქვს: დასაწყისი, განვითარება და ფინალი არ გააჩნია. ერთი თემა არ აქვს, თემიდან თემაზე ხტება.

_ სუმბურია, ანუ აბდაუბდა.

_ რაღაც საშინელი ვინეგრეტია, ცუდი ვინეგრეტი.

_ ამონანთხევი!

_ არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ამას ჰგავს მთელი მისი ფილოსოფია და მისი გამოსვლები. რანაირად შეიძლება, ადამიანს, რომელსაც ცხრა წელიწადია უყურებ, ერთი გამოსვლა არ ჰქონია, ისეთი, სიყვარულს რომ აფრქვევდეს, ადამიანებს რომ ეფერებოდეს…

_ რატომ? პარლამენტში გამოსვლისას გმირები რომ წარმოგვიდგინა _ კირკიტაძე და სხვები?

_ ყალბი იყო თავიდან ბოლომდე. იცი, რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მისი ცოდნა ნაჭერ-ნაჭერ ამოგლეჯილია ხან საიდან, ხან საიდან.

_ «ნაჭერნაჭერ ღრუბლი მოდის»…

_ აკადემიური ცოდნა არ აქვს, გამიგე? ის ცოდნა არ არის, რომელიც სჭირდება სახელმწიფო მოღვაწეს. ის ცოდნა არ არის, რომელიც ჰქონდა ზვიად გამსახურდიას _ აკადემიური, ნიჭიერი კაცი იყო.

_ მიშაზეც ხომ ამბობენ, ნიჭიერიაო?

_ ელემენტარული ავანტიურისტია. შექმნილ სიტუაციაში ავანტიურას ზოგჯერ მოაქვს სარგებელი. მასაც მოუტანა. თავისნაირი, ნაწილ-ნაწილ შეკოწიწებული ადამიანები შემოიკრიბა. პიროვნება რომელია, მითხარი!

_ მერაბიშვილი ხერხემალია, თანაც _ ქვეყნის!

_ კარგი, რა! შეიძლება, 40 წელს მიაღწიო და არაფერი დაგრჩეს?! ან სახლი უნდა დატოვო აშენებული, ან წიგნი დაწერილი, ან ისეთი სიყვარული შეგეძლოს, რომ ლეგენდად იქცეს, ან ისეთი კაცი იყო, რომ თბილისს ეამაყებოდე, ხალხს უხაროდეს ქუჩაში შენი დანახვა. არსად არაფერი! გაგიჟდები! ასეთი უფერული, ასეთი სიცარიელე, ბნელი, ბინძური, მართლა ბინძური სახეები არსად მინახავს.

მოუსმინე მათ ლექსიკას, შეხედე მათ ჩაცმულობას, დააკვირდი მათი ცხოვრების წესს.

სააკაშვილის დრო არ დამთავრებულაო, იმიტომ ვამბობ, რომ არ დამთავრებულა ასეთი ადამიანების კონგლომერატი.

_ როდის დამთავრდება, აბა?

_ როცა განათლების ნამდვილი რეფორმა განხორციელდება საქართველოში: სკოლა სკოლას დაემსგავსება, უმაღლესი _ უმაღლესს. როცა მომავალი თაობა განვითარდება ისე, როგორც უნდა განვითარდეს და მიიღებს ისეთ განათლებას, როგორიც სჭირდება დღევანდელ დღეს.

_ განათლების რეფორმაზე ისინიც ბევრს ლაპარაკობდნენ და ტრაბახობდნენ  ამ რეფორმით.

_ მათი რეფორმა მათივე მსგავსი თაობის, როგორც პროდუქტის, მიღებას ემსახურებოდა _ ბნელების, ჩამშვებების, ყველაფერზე ხელის მომწერების გამოზრდას.

პირველი ხილული შედეგი იმ ორმეტრიანი, ფორმიანი მუტრუკების მოქმედება იყო, რომლებიც არბევდნენ დემონსტრაციებს, სასიკვდილოდ იმეტებდნენ უიარაღო ადამიანებს. გეკითხები, ეს ნორმალურია?! იმათზე კი არ მაქვს ამჯერად ლაპარაკი, ვინც უბრძანა. არა. მე იმ ახალგაზრდებზე ვლაპარაკობ, რომლებიც ასეთ ბრძანებას ასრულებდნენ. ტვინი არა გაქვს, რომ ერთხელ მაინც შეეკითხო საკუთარ თავს _ რას ვაკეთებ, ვის ვურტყამ _ ძმას, მამას, შვილს? ფულზე გაქვს გაყიდული სინდისი, კაცობა?

_ სწორი გზით მივდივართ ახლა მაინც?

_ სწორი გზით მივდივართ. მართალია, ადამიანები ჩქარობენ, დღესვე სურთ შედეგის დანახვა, მაგრამ მე არ ვარ იმისი მომხრე, რომ ვიჩქაროთ და ამ სიჩქარეში რამე გავაფუჭოთ, გზა გავიმრუდოთ.

რა მომწონს, იცით? ეს კაცი ყველაფერში რომ არ ერევა. ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ.

_ ვარგა ეს?

_ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ბრძანებებისა და დირექტივების გარეშე ცხოვრებასა და არსებობას. ყველანი, ყველა დონეზე. კი, ეს ძალიან მძიმე იქნება, გაგვიჭირდება, შეცდომებიც ბევრი გვექნება, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ.

გსმენიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ვინმეზე ზემოქმედება მოეხდინოს, იძულებული გაეხადოს, დაემორჩილებინოს?

შეუძლია, უფლება აქვს, მაგრამ არ აკეთებს, გამოდის, უხსნის, რაც სავსებით საკმარისია გონიერი ადამიანებისთვის სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ის ტვინი, რომელიც ბიზნესს გეგმავს და განახორციელებს, სხვაა. ეს ტვინი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონების: ლასკერის, ბოტვინიკის, კაპაბლანკას ტვინია, რომელიც მეცამეტე და მეოცე სვლას წინასწარ გათვლის და იმარჯვებს.

ბიძინა ივანიშვილმა ხომ ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრა _ დაამთავრა სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, როგორც მილიონმა სხვამ. მაგრამ ასჯერ და ათასჯერ მეტი გააკეთა. იცი რატომ?

_ რას გულისხმობ, არ ვიცი.

_ იმიტომ, რომ, გენეტიკურად რაც მოსდევს, ის განვითარდა სწორედ მასში, მასში იფეთქა.

ვაჟას «გველისმჭამელი» ხომ გახსოვს? მინდიას

«ესმის დღეიდან ყოველი,

რასაც ფრინველნი

გალობენ,

ან მცენარენი, ცხოველნი,

როდის ილხენენ,

წვალობენ.

რაც კი რამ დაუბადია

უფალს სულიერუსულო,

ყველასაც თურმე ენა აქვს,

არა ყოფილა ურჯულო».

ეს სამყაროს ენა მოულოდნელად იფეთქებს ადამიანებში, რომ არ ელოდები, მაშინ, უცებ და იქ, სადაც წარმოუდგენელი გეგონა… რა უნდოდა ჩარგალში ვაჟა-ფშაველას?! რა უნდოდა გორის ღარიბულ უბანში სტალინს?!

წამოვიდა ის რაღაც, საუკუნეებით დაგუბებული, მდორედ მდინარე… როგორც სომერსეტ მოემი, დიდი ინგლისელი მწერალი ამბობდა: «ღმერთის დოლაბები ნელა ფქვავს, მაგრამ სწორად ფქვავს», იმისთვის ფქვავს, ვისთვისაც განკუთვნილია.

ეს მისტიური მოვლენაა, რომელიც კიდევ სხვა ძალებთან არის დაკავშირებული… ასეთ ადამიანებს სამყაროს ფეთქვაზე აქვთ ხელი დადებული.

იმათ, უკვე წასულ ხელისუფლებას, სჭირდებოდა დამსჯელი, ჯალათი, ხალხის დამთრგუნველი, თანაც აქ და ამ დროს, მაგრამ ვერ შეძლებდნენ, არჩილ კბილაშვილისგან მოეთხოვათ, გამხდარიყო მამულოვი, სამაგიეროდ იპოვეს მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალაია, რომლებმაც მამულოვი თავიანთი სისასტიკით ჯიბეში ჩაისვეს.

მონსტრები მოიცილა საქართველომ.

_ მაგრამ ხალხი რომ მოითხოვს უმეტეს სიმკაცრეს, ყველას ციხეში ჩაყრას, ხალხი სისხლისმსმელია?!

_ არა. ხალხი არ არის სისხლისმსმელი. ისინი, ვის დასჯასაც მოითხოვს ხალხი, იმდენად გახრწნილები არიან, რომ მოსპეს სამხილები, რომლებიც კანონის წინაშე მათ ავკაცობას დაადასტურებდა, ეტყობა, ამიტომ ჭიანურდება გამოძიების პროცესი. თორემ, ისინი რასაც წარმოადგენენ, ყოველთვის და ყველასთვის იყო ცნობილი.

მიადგებიან აუცილებლად, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. რთულდება, და კიდევ კარგი, რომ დროში იწელება, რადგან ხმლის მოქნევასავით გადაწყვეტილების მიღებაში ყოველთვის არის შეცდომის შანსი.

_ როგორც მხატვარს, ფერმწერს, როგორ წარმოგიდგენია ის უბედურება, რომელიც თავს გადაგვხდა?

_ დიდი ხანია, ვხატავ სურათს, რომელსაც ჰქვია «ღრეობა ჭირიანობის დროს». ჯერ სურათი დამთავრებული არ არის, ესკიზი კი იმ წიგნშია, «მაგთიმ» რომ გამოსცა. როცა პროცესი დამთავრდება, მაშინ ვაპირებ დასრულებას.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here