Home რუბრიკები პოლიტიკა მამუკა კაციტაძე: თუ ნატოსკენ მივისწრაფვით, რუსეთთან პარტნიორობა შეუძლებელია

მამუკა კაციტაძე: თუ ნატოსკენ მივისწრაფვით, რუსეთთან პარტნიორობა შეუძლებელია

654

რუბრიკაში «გაკრეფილები» შემდეგ სტუმრად «ახალი მემარჯვენეები» მოხვდნენ, მაგრამ, როგორც თვითონ ამტკიცებენ, პოლიტიკური არენიდან კი არ გაიკრიფნენ, უბრალოდ, ტაიმაუტი აიღეს და ახლა უკვე პარტიის ახალ ლიდერთან, ფიქრია ჩიხრაძესთან, ერთად ახალი შემართებითა და პოლიტიკური დოკუმენტით დაუბრუნდებიან დიდ პოლიტიკას. «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია «ახალი მემარჯვენეების» ერთერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი მამუკა კაციტაძე.

_ ბატონო მამუკა, თქვენ პოლიტიკური არენიდან გაიკრიფეთ, შესაბამისად, მოხვდით რუბრიკაში «გაკრეფილები». გაიკრიფეთ თუ ტაიმაუტი აიღეთ?

_ თქვენი ნებართვით, თემას ორ ნაწილად დავყოფ: პირველი, ეს არის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი და მეორე, ავიღეთ ტაიმაუტი და ამის შესახებ  4 ოქტომბერს გამოვაცხადეთ.

საუბარს მეორე ეტაპიდან დავიწყებ. ტაიმაუტის მიზეზი პარტიაში მნიშვნელოვანი გახდა, ჩვენმა ლიდერმა აქტიური პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა. ჩვენი დროებითი სიჩუმე იმანაც გამოიწვია, რომ, თუ შარზე არ ხარ, ყველა ახალი ხელისუფლება იმსახურებს, მისცე დრო, რათა ხალხს უჩვენოს თავისი უნარი, შესაძლებლობები, ენერგია. ამ და კიდევ  სხვა ორგანიზაციული საკითხების გამო, ჩვენ გამოვაცხადეთ ტაიმაუტი. როდესაც ეს ინტერვიუ დაიბეჭდება ტაიმაუტი მოხსნილი იქნება და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დავუბრუნდებით.

ახლა, «გაკრეფილობის» თემაზე გადავიდეთ. საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდა ფინანსურად ძლიერი, წონადი ფიგურა, რუბრიკა «გაკრეფილები» მისი პირველივე საჯარო ტექსტის ამონარიდია, მისი მხრიდან საზოგადოებაში ასეთი დაკვეთა გაიგზავნა _ შუაში ყველაფერი უნდა გაიკრიფოს! ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ შუა კი არ უნდა გაიკრიფოს, უნდა გაძლიერდეს, რადგან მიგვაჩნია, ორპოლუსიანი პოლიტიკა, შავ-თეთრი პოლიტიკა და ამგვარი რაღაცეები (და ყოველთვის ასე ვიქნებით) არ არის სასარგებლო ქართული დემოკრატიისთვის. ქართული სახელმწიფო, დემოკრატიის თვალსაზრისით, ახალი სახელმწიფოა და ასეთი პოლიტიკური ვითარება არ შეშვენის, ამით დემოკრატია ვერ განვითარდება და არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც გედავებიან, რომ ამერიკაში ხომ ორი პარტიაა?! ჯერ ერთი, ამერიკაში ორი პარტია არ არის, ამერიკაში ორი ძლიერი პარტიაა, ისინი ამ ეტაპამდე გარკვეული დროის და გამოცდილების შემდეგ მივიდნენ. რაც შეეხება ევროპას, იქ არ არის ორპოლუსიანი პოლიტიკა.

«გაკრეფილობა» ავნებს ქართულ პოლიტიკას, თუმცა 1 ოქტომბრის არჩევნებმა თავისი ერთმნიშვნელოვნად დადებითი შედეგი მოიტანა, საქართველოში პირველად ხელისუფლება არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ აქვს ნეგატიური მხარეც, რადგან «ახალი მემარჯვენეები» აქტიური პოლიტიკის მიღმა დავრჩით.

«გაკრეფილებში» აღმოჩენა კარგი არ არის, მაგრამ თუ თქვენი მკითხველი დამეთანხმება, 1 ოქტომბრის არჩევნებს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩატარებულ რეფერენდუმს დავარქმევდი. ეს იყო: ხო ან არა! მესამე და მეოთხე ვერსია არ არსებობდა.

არსებულ ვითარებასა და მდგომარეობაში მყოფი «ნაცმოძრაობა» «ქართული ოცნების» ოპონირებას ვერ შეძლებს. «ახლები» კი თავს ვუყურებთ, როგორც არსებული ხელისუფლების კვალიფიციური და გამოცდილი ოპონენტები. თქვენი გაზეთის რუბრიკა «გაკრეფილები» ცოტა ხანში შეფასდება, როგორც დროებითი მოვლენა.

_ თქვენ შეცდომები დაუშვით, შევარდნაძის პარლამენტში შესვლას გაგახსენებთ, უახლოეს წარსულში კი «რვიანის» დაშლას. მაშინ ხალხი ამბობდა, რომ თქვენ ამ საქმეში დიდი ფული აიღეთ, რადგან «რვიანის» დაშლის შემდეგ დაიწყეთ ოფისების გახსნა და პოლიტიკური აქტივობა, რაც მანამდე არ გქონდათ. ამას ისიც მოჰყვა, რომ ბრალი დაგდეს ხელისუფლებასთან გარიგებაში.

_ დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ შევარდნაძის დროს «ვარდების რევოლუციის» შემოქმედთა რიგებში არ აღმოვჩნდით, იმდროინდელ ლიდერთა შემოთავაზებაზე, რომ მათ გვერდით ვმდგარიყავით, უარი გააზრებულად განვაცხადეთ. ამის შემდეგ, მახსოვს, პოლიტიკურ კეთროვანებს გვეძახდნენ, მაგრამ ძალიან მალე ჩვენ აღმოვჩნდით ერთადერთი ძალა პარლამეტში, რომელიც ოპონირებას უწევდა ხელისუფლებას. მოკლე ხანში დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ჩვენი ნაბიჯი სწორი იყო.

ვისაუბროთ «რვიანზე». «რვიანი» საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილი პოლიტიკური პარტიების ერთობა იყო, რომელიც  ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად შეიკრიბა, ეს მოლაპარაკება შედგა და დასრულდა კონკრეტული შედეგით. ამ შედეგით კი ყველამ ისარგებლა. იმ მილიონით, რომელიც ბარიერის გადალახვის შედეგად ეძლეოდა პოლიტიკიურ პარტიას და არა სხვაგვარად, ჩვენ არ გვისარგებლია, პარლამენტში შესულმა ყველა პარტიამ ისარგებლა, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ დაფინანსების საკითხი, ეს იყო სისტემის საკითხი, კონსტიტუციური უმრავლესობის საკითხი, ბარიერის გადალახვის შემთხვევაში გარანტირებული ფრაქციის მიღება, სიებთან დაკავშირებული თემები, რომელიც მუდმივად გაკიცხვის საგანი იყო, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ სიებთან დაკავშირებული პრობლემა 1 ოქტომბრის შემდეგ განულდა. პირველად ვამბობ თქვენთან: იცით, რამდენი საჩივარი დაიწერა? _ 714, აქედან მხოლოდ 7 საჩივარი იყო სიებთან დაკავშირებული. თემა, რომლის გამოც 2003 წელს რევოლუცია მოხდა, დასრულდა. მედიამონიტორინგი, რომელიც მხოლოდ პირველ არხზე ტარდებოდა, კონკრეტული შედეგით დასრულდა. სანამ თქვენ მკითხავთ, რატომ დაფიქსირდა ფაქტი, რომ თქვენ დაშალეთ «რვიანი»?! მე გეტყვით, «რვიანი» შეიქმნა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მიზნით და არა პოლიტიკური ბლოკის შესაქმნელად.

მოლაპარაკების ბოლოს შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ დაიწყო საუბარი პოლიტიკური ბლოკის შექმნაზე, რაზეც ჩვენ მწარე გამოცდილების გამო უარი განვაცხადეთ.

 რაც შეეხება იმას, რომ «ახლებმა» ფული აიღეს, იცით, რომ ჩვენ ოფისის თანხა ვეღარ გადავიხადეთ და ახლა, აბაშიძის #16-ში უფრო პატარა და მოკრძალებულ ოფისში დავბინავდით. როგორ ფიქრობთ, ფული რომ აგვეღო, ოფისს გამოვიცვლიდით?

_ თქვენ იმ ფულის დახარჯვა საარჩევნო კამპანიის დროს შეგეძლოთ.

_ როგორ?! თქვენ არ აკვირდებოდით ჩვენს საარჩევნო კამპანიას? ვისი ბილბორდებით იყო აჭრელებული ქალაქები, როგორი რეკლამები ჰქონდათ სხვა პარტიებს და როგორი იყო ჩვენი? ვინ ატარებდა ძვირადღირებულ შეხვედრებს? ეს იყო ტალახის სროლა ჩვენი მისამართით, ამ ტალახს კი ყველა გვესროდა, რადგან არჩევნებში ყველას კონკურენტი ხარ.

რაც შეეხება შეცდომებს, ჩვენ არ გავურბივართ მათ აღიარებას. ჩვენ მთავარი შეცდომა დაშვებული იყო 2008 წელს. მაშინ, როდესაც უარი ვთქვით კუთვნილ მანდატებზე და შეცდომა ის კი არ იყო, რომ პარლამენტში არ შევედით, შეცდომა ის იყო, რომ ჩვენი უარი არ გამოდგა საყოველთაო და ჩვენ ეს ვერ გავთვალეთ. მაშინ ყველა პარტია ჩვენსავით რომ მოქცეულიყო, სააკაშვილს სახლში მარტო დავტოვებდით. ამას მოჰყვა 2009 წელი, რადიკალი «მემარჯვენეები» არავის უნახავს, მაგრამ მაშინ საერთო «კაშაში» მოვხვდით, რაც ძალიან ცუდი აღმოჩნდა და რამაც იდენტობა დაგვაკარგვინა.

_ რატომ იყო ბიძინა ივანიშვილი თქვენ მიმართ ასეთი კატეგორიული?

_ ეს მას უნდა ჰკითხოთ? თუმცა მაინც ვიტყვი იმას, რომ ივანიშვილის მიზანი იყო, დარჩენილიყო პირისპირ სააკაშვილთან და ამ ვითარებაში «ახალი მემარჯვენეები» არ გამოვადგებოდით, რადგან უკვე მკაფიოდ გვქონდა დაფიქსირებული, რომ არჩვენებში დამოუკიდებლად ვიღებდით მონაწილეობას. ამ დროს ის ამბობდა, რომ შუაში ყველაფერი უნდა გაიკრიფოსო!

_ რატომ წყვეტთ ტაიმაუტს, რამე ისეთი მოხდა, რის გამოც გაჩუმება აღარ ღირს?

_ არა, ჩვენ გვჭირდებოდა შიდა გადაწყობა, მომხდარის გააზრება და, ასე ვთქვათ, ჭრილობების მოშუშება. არ არის იოლი პარტიიდან გამოკვეთილი ლიდერის წასვლა. ასევე, როგორც გითხარით, არსებობს ახალი ხელისუფლებისთვის კუთვნილი დრო.

_ მოგწონთ თუ არა ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა?

_ ვამზადებთ პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელშიც ერთ-ერთი ძირითადი თემაა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები. «ახალი მემარჯვენეები» ვიყავით და ვრჩებით დასავლეთზე ორიენტირებულ ძალად.

2002 წელს პარლამენტმა ნატოსკენ სვლის პროექტი რომ მიიღო, იმ პროექტის ავტორები ჩვენ ვიყავით. ყველანაირი სიკეთე, რომელზეც ვოცნებობთ, ნატოზე გადის. იმას არ ვამბობ, რომ ჩრდილოეთისკენ ზარბაზნები უნდა მივმართოთ. რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში ინტეგრაციის სინთეზის ერთად განხორციელება რთულია. ურთიერთობა უნდა დალაგდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ნატოსკენ მივისწრაფვით, რუსეთთან პარტნიორობა შეუძლებელია. შეთავსება შეუთავსებლისა არ არსებობს!

_ რამდენიც უნდა ვისაუბროთ, ფაქტი ჯიუტია _ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება საზოგადოების დაკვეთაა.

_ ქვეყნის სწორი განვითარება არ შეიძლება გაიცვალოს მანდარინის გაყიდვაზე, როდესაც საუბრობენ ტერიტორიულ მთლიანობაზე, ძალიან მიკვირს, ნატოზე უარის თქმის ხარჯზე რატომ უნდა დაგვიბრუნოს რუსეთმა ტერიტორიები?!

_ ტერიტორიების დაბრუნების საკითხში მხოლოდ ნატოზე ორიენტირებულებს არჩევნებზე ხელი მოგეცარათ, ბევრი ამბობს, რომ თქვენი დრო წავიდა

 _ ბევრი, შესაძლოა, ფიქრობს, ამ ხელმოცარულებს რაღა უნდათო, მაგრამ  მოდით პოლიტიკურმა ცხოვრებამ დაგვანახოს _ გვინდა თუ არ გვინდა. ბევრი მინახავს პოლიტიკაში ფურორით მოსული და ძალიან მალე შეცვლილა სიტუაცია. მინახავს დაცემული პარტიებიც, მაგრამ ხელისუფლებაში მოსული, დღეს ასეთი მაგალითებიც გვაქვს, ამიტომ არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ვიღაცის დრო დამთავრდა.

პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება, საქართველო უკეთეს მდგომარეობაში ნამდვილად არ არის _ არც შინ და არც გარეთ, მოსახლეობასაც უჭირს, მაგრამ მე არ მინდა ხალხს იმედი გაუცრუვდეს.

ამიტომ უკაცრავად ყველასთან, ვისაც ჰგონია, რომ პოლიტიკიდან გავიკრიფეთ.  ჰოოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!    

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here