Home რუბრიკები საზოგადოება მისტერ მაიკლ სააკაშვილის გებელსარიუმი

მისტერ მაიკლ სააკაშვილის გებელსარიუმი

757

_ სადაა აქ ოკუპაციის მუზეუმი? _ ვეკითხები ბილეთების გამყიდველ ქალბატონს და ეროვნული მუზეუმის დათვალიერების უფლებას ხუთ ლარად ვიძენ. _ მეოთხეზე, _ ვღებულობ უხალისო პასუხს. არადა, «შავბნელი და წყეული» კომუნისტების დროს ამჟამად ვადაგასულ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში სტუმრობა, როგორც საბჭოთა სკოლის მოსწავლეს, შემდგომ კი, საბჭოთა სუკის სასაზღვრო ჯარების სერჟანტს, უფასოდ ერგებოდა! ხოლო როგორც ზრდასრულ რიგით მოქალაქეს, ათი კაპიკი დაუჯდებოდა. თუ ბილეთის საფასურით ვიმსჯელებთ, მიშას (ისევე, როგორც ჩვენ) ორმოცდაათჯერ გაუძვირდა ცხოვრება, არც მეტით და არც ნაკლებით!.. აჰ, გამახსენდა! მუზეუმები ხომ თვითდაფინანსებაზეა გადასული. სახელმწიფომ, უფრო ზუსტად, დამოუკიდებელი (მხოლოდ, დე იურე) საქართველოს ხელისუფლებებმა საზოგადოების კულტურული დონის ამაღლება ზედმეტ ტვირთად ჩათვალეს და: «ხალხო, თავში ქვა გიხლიათო»… ხალხმაც მონური მორჩილებით, თავში ქვა იხალა. მოიპოვა რა თავისუფლება, სინამდვილეში, დასავლეთის ქვეყნებში მაწანწალობის (თანაც ფასიანი) უფლება, გროშების, სარჩოს მოსაპოვებლად, გერმანელ, ინგლისელ, იტალიელ, ესპანელ, ფრანგ, ჰოლანდიელ, ბერძენ, თურქ, ამერიკელ ლოგინზე მიჯაჭვულ პენსიონერებს, მეტნაკლები წარმატებით, უკანალებს უწმენდს!..

ავდივარ მეოთხე სართულზე. ესეც «საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი»! როდესაც კონკრეტულ ისტორიის მონაკვეთს ასეთ პატივს დადებ, ანუ შექმნი მუზეუმს მუზეუმში, მისმა ექსპონატებმა დამთვალიერებელს თმები ყალყზე უნდა დაუყენოს, რა თქმა უნდა, თუ იგი მელოტი არაა. ბედს არ ვუჩივი, ღმერთმა დამინდო და თმებიც შემინარჩუნა, მაგრამ საინტერესოა, დამიდგება ყალყზე თუ არა? _ ვეკითხები საკუთარ თავს და მოწიწებით ვაბიჯებ მუზეუმის ზღურბლს. აღმოვჩნდი შედარებით მცირე მოცულობის დარბაზში. ხელმარცხნივ დაცხრილული ვაგონია. მსმენია ეს ამბავი, 1924 წლის აჯანყების შემდეგ, ასეთ ვაგონში ბოლშევიკებმა გამოამწყვდიეს მეამბოხეთა ჯგუფი და ტყვიამფრქვევი დაუშინეს. მასზე მიმაგრებული წარწერა მამცნობს, რომ ეს ზუსტად ის ვაგონია, თანაც სასწაულებრივად გადარჩენილი, რომელშიც ბოლშევიკი ჯალათები ხოცავდნენ აჯანყებულებსო. ამ ფაქტს მე ვერ უარვყოფ, მაგრამ ექსპონატის ორიგინალობაში ეჭვი მეპარება და, აი, რატომ: ახლო მანძილიდან ნასროლი ტყვიამფრქვევის ჯერი ვაგონის თხელ ხის კედელს ნაფოტებად აქცევდა, ამაში კი მხოლოდ ნახვრეტებია. არა, არა, ნამდვილად ნასროლია, მაგრამ ავტომატიდან და, მინიმუმ, 50-55 მეტრის დისტანციიდან.

თუ არ ვცდები, ორი ჯერია გაკეთებული _ მარჯვენა და მარცხენა კუთხიდან ცენტრისკენ. ყალიბი უფრო 5,45 მილიმეტრიანს ჰგავს. Ну, да Бог с ним. ვისაც რა უნდა, ის იფიქროს. ეს მხოლოდ ჩემი აზრია. გვერდით კედელზე თვალი მოვკარი ეკრანს, რომელზეც კრემლის პალატებში მოსიარულე პუტინსა და მედვედევს «ვაფიქსირებ». მათ ცვლიან შვეულმფრენები, ტანკები, გორის დაბომბვა, ომის საშინელებები და ა.შ. ამ კადრებს «დესერტისთვის», გამოსვლისას დავიტოვებ.

«ოკუპაციის მუზეუმის» დიდი, ძირითადი დარბაზი იდუმალ ბინდბუნდშია «გახვეული». შთაბეჭდილებას ამძიმებს ზედა განათება, რომელსაც საექსპოზიციო სტენდები და ექსპონატები თითქოს ისტორიის ჯურღმულიდან გამოჰყავს სინათლეზე. დახვეწილი კომპოზიციისთვის რაღაც აკლია. ნეტავ, რა? ყვავილებში ჩაფლული პოზუმენტებიანი კუბო, რა თქმა უნდა, ჩეკისტის ქურთუკში გამოწყობილი მიცვალებულით? სინამდვილეში კი, საკმაოდ ფართო, ვარდისფრამდე გახუნებულ ფიანდაზს მასიური მაგიდისკენ მივყავარ, რომელიც დახუნძლულია ადამისდროინდელი შავი ტელეფონით, მარმარილოს დაფით, სამელნით, საწერი კალმებით, მასიური მელნის საშრობით და აუცილებლად ღამის ლამპით, შხამიანი სოკოს ფერის აბაჟურით. ფიანდაზის გასწვრივ, მარჯვნივ და მარცხნივ ჩამოკიდებულია ერთმანეთის შემყურე სამ-სამი რკინის კარი პატარა სათვალთვალო სარკმლით. ამის შემქმნელის ჩანაფიქრში, სახაზინო მუხის მაგიდამ თავისი განუყრელი ატრიბუტებით, ალბათ, ყოვლისშემძლე ლავრენტი პავლოვიჩის ან შინსახკომის უფრო პატარა გასაქანის მოხელეთა კაბინეტის ასოციაცია უნდა გამოიწვიოს. დანაშაულის ჩასადენად აქ ყველაფერი მზადაა. დარჩენილია: ხალხის მტრის დაკითხვაზე შეყვანა, ცემა, შამფურის ყურში გაყრა, დახვრეტა და, ბოლოს, სიკვდილმისჯილის ოჯახში ქვითრის გაგზავნა მოთხოვნით, რომ სახელმწიფოს აუნაზღაუროს ვაზნის საფასური!.. ამაზეც ბევრი მსმენია! მართალია, ამ ამბის მომყოლნი იფიცებიან, რომ ასე იყოო, მათ საკუთარი თვალით უნახავთ ეს ქვითარი, იციან სადაა, თუმცა დამამტკიცებელი საბუთები დღემდე მოაქვთ… ვაკვირდები კამერის კარს და ვორჭოფობ: რომელი უფრო საიმედოა _ აი, ეს თუ გლდანის მერვე საპყრობილისა _ სააკაშვილის სულის ასლისა?

«ოკუპაციის მუზეუმში» სამოცდაათწლიანი კომუნისტური პერიოდი მკვეთრად დაყოფილია. თითოეული პერიოდის სტენდთან პატარა მონიტორია, რომელზეც კინოქრონიკის კადრებს ატრიალებენ. აგერ _ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია აღლუმზე. ყველაფერი ევროპულ დონეზეა, გაუთავებელი ძვირადღირებული ბანკეტებისა და მეჯლისების ჩათვლით. დაკვირვებული დამთვალიერებელი უნებლიეთ გაავლებს პარალელს მენშევიკ ჟორდანიასა და ნაციონალ სააკაშვილს შორის. ორივეს ქვეყანა თავზე ენგრეოდა, ისინი კი ტაშფანდურით იყვნენ დაკავებულნი; ორივე ევროპისკენ მიისწრაფვოდა, ევროპელობას იფიცებოდა, მაგრამ, ევროპელები სხვაგვარად ფიქრობდნენ. ორივენი «დასავლელმა პარტნიორებმა» თხებივით გაყიდეს: პირველი _ 1921 წლის 25 თებერვალს, მეორე _ 2008 წლის აგვისტოში. ევროპული ღალატის სცენარი საოცარი სიზუსტით მეორდება, ანუ დასავლურ კუზს სამარე თუ გაასწორებსო.……

აი, კიდევ მენშევიკური უტვინობის, არაეროვნულობისა და გამცემლობის მაგალითი _ ილიას დისშვილის, კოტე აფხაზის მიერ შექმნილი სამხედრო ცენტრის ტრაგედია. ეს ცენტრი შედგებოდა იმდროინდელი სამხედრო არისტოკრატიის რჩეულებისგან; გენერლები: კოტე აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე; პოლკოვნიკები: გიორგი ხიმშიაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი, ივანე ქუთათელაძე, ალექსანდრე მაჭავარიანი, სიმონ ჭიაბრიშვილი, ელიზბარ გულისაშვილი; კაპიტანი იასონ კერესელიძე, როტმისტრები _ სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ლევან კლიმიაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, ფარნაოზ ყარალაშვილი და ნიკოლოზ ზანდუკელი, გაასამართლეს და 1923 წლის 20 მაისს დახვრიტეს. ყველა მათგანი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ოღონდ არა ბაჩუკი ქარდავას) წევრები გახლდნენ და ძალზე კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი ნოე ჟორდანიას მენშევიკური მთავრობისა და პარლამენტის მიმართ, რომელიც თითქმის მთლიანად (97%) დაკომპლექტდა სოციალ-დემოკრატებით. მენშევიკების ელიტამ, ჟორდანიას მეთაურობით, 1921 წლის მარტში მოკურცხლა, თან საკმაოდ დიდი განძეულობა გააყოლა ხელს და არხეინად დაასრულა წუთისოფელი შორეულ ლევილში. ეროვნულ-დემოკრატები კი დარჩნენ და სამშობლოს თავი შესწირეს. ვამაყობ, რომ ბაბუაჩემი, პოლკოვნიკი ივანე ქუთათელაძე მათ რიცხვშია. ის მხოლოდ 38 წლისა იყო… სამხედრო ცენტრისთვის გამოტანილ განაჩენს, სხვათა შორის, ხელს აწერენ მიქელაძე, ელიავა და ცნობილი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის, სიმამრი _ ორახელაშვილი. «ლენინური გვარდიის» ყველა ზემოჩამოთვლილმა წევრმა თავისი მისაგებელი 1937 წელს მიიღო…

37-ის მოვლენები ფართოდაა წარმოდგენილი, ძირითადად, რეპრესირებულთა სურათებით, მათ შორის, რეჟისორ სანდრო ახმეტელისა და მხატვარ დიმიტრი შევარდნაძის.

გამოყოფილია, აგრეთვე, სტალინის სიკვდილის შემდგომი პერიოდი. ერთ-ერთ სტენდზე ჩემს ყურადღებას იპყრობს პორტრეტი, საიდანაც მიყურებს პეწიანად ჩაცმული მამაკაცი, მწყაზარი სახით, რუდოლფო ვალენტინოს სტილის წვრილი ულვაშებით, ნატიფი თითებით, რომლითაც ლამაზად უკავია სიგარეტი. ეს ბატონი გივი იასონის ძე ბადრიძეა. დაბადებულია 1929 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში, უმაღლესი განათლებით, ცოლშვილიანი. მიუხედავად უპარტიობისა, საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს სტრუქტურაში უკავია კარგი, პრესტიჟული თანამდებობა, კერძოდ, კინოფიკაციის სამმართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელია. დაპატიმრებულია საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სუკ-ის მიერ და 1958 წლის 16 იანვარს გასამართლდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (პროპაგანდა ან აგიტაცია, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) და 58-11 (ყოველგვარი ორგანიზებული ქმედობა მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისათვის) მუხლებით. ანტისაბჭოური პროკლამაციების გარდა, ბატონი გივი პოეზიის ენითაც ებრძოდა კომუნისტურ ხელისუფლებას:

«სჯობს უცხოელთა მიენდო მტრობას

და ნუ ენდობი ნიკიტას  ნათქვამს.

ებრძოლე სუფრულ პატრიოტობას,

თუ სინდისი გაწუხებს მართლა.

ბრძოლით განკურნავ მრავალ ჭრილობას,

ლახვარი ჩაეც შავბნელ პარტიას,

რადგანაც იმის დროშაზე მხოლოდ

სიბოროტე და ტანჯვა ხატია».

მართლაც ძალიან მამაცი ადამიანი გახლდათ ბატონი გივი. არ დაგვავიწყდეს, რომ 1958 წელია, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ სიძლიერის ზენიტშია, მსოფლიოს, მათ შორის, ბრიტანეთს და მის განუყრელ დომინიონს _ აშშ-ს, აზანზარებს და პარტიის ასეთი შეურაცხყოფა დამწერს კარგს არაფერს უქადის. ეს დაახლოებით იგივეა, «წმინდა ინკვიზიცია» სატანის მსახურებაში დაადანაშაულო, რასაც უმალ მოჰყვება ტოლედოს, მადრიდის ან ვენეციის მთავარ მოედანზე კოცონის აგიზგიზება! საინტერესოა, როგორ იქცევა ბაქრაძის მიმართ საბჭოთა «ინკვიზიცია»? ვაი, სირცხვილო! კომუნისტებმა, თავისი არაადამიანურობით იმედი გამიცრუეს _ ბატონ გივის ჯერ 8 წელიწადი მიუსაჯეს, მაგრამ ეს არ იკმარეს და საპატიმრო ვადა სამი წლით შეუმცირეს. არასრული ხუთი წლის შემდეგ, იგი 1963 წლის 15 იანვარს ოჯახს დაუბრუნდა. უნებლიეთ მახსენდება ერთი ამბავი. ვანო მერაბიშვილის დედას მეზობელმა ქათამი მოპარა. ქურდობა დანაშაულია, მაგრამ მისი სიმძიმე ხომ გასათვალისწინებელია? და, რა? როგორ მოიქცა «დემოკრატიის შუქურის» სასამართლო? ქურდს 11 (თერთმეტი) წლით პატიმრობა მიუსაჯეს!!! ჩემი ცნობით, ვანოს დედის მეზობელი დღემდე ციხეშია!..

უკვე მეორე წრეს ვარტყამ დიდ დარბაზს და ვუბრუნდები 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში დაღუპული იუნკერების სტენდს. მახსენდება სააკაშვილის სიტყვები იუნკერებზე: «დღევანდელი თაობები სწავლობენ ამ გმირულად დაღუპული იუნკერების მაგალითზე _ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და როგორ უნდა ებრძოლო მის მტრებსო». ენა უძვლოა. ერთია, მგზნებარედ მოუწოდო, და სულ სხვაა, მისცე «დღევანდელ თაობებს» პირადი გმირული მაგალითი. შიშით პარალიზებულმა «მთავარსარდალმა» სააკაშვილმა გორის ქუჩა ცხვირით მოხნა… ყველაფერი ხდება!

რაც უფრო მეტ დროს ვარ აქ, სულ უფრო და უფრო მივდივარ დასკვნამდე, რომ ეს მუზეუმი კი არა, მოძრავი გამოფენაა ძალზე სუსტი თემატიკით და ექსპოზიციით. სულ ცოტა, აქ არაფერია ისეთი, რაც არ მსმენია.

თუმცა რა მაკვირვებს. ჩვენთან პროფესიონალიზმს «ნაციონალებმა» დაუნდობელი ომი გამოუცხადეს უკლებლივ ყველა სფეროში. აქაც, სამუზეუმო საქმეში, რაში სჭირდება სოროსის მოჯამაგირეებს პროფესიონალი ისტორიკოსის მომსახურება? მათთვის ისტორიაში ხომ «ყველაფერი გასაგებია». რა უნდა მოსთხოვო იმათ, ვინც საქართველოს ყოფს «ნაციონალებად» და «ჩარეცხილებად», ვინც მარტო შავ-თეთრ ფერებში აღიქვამს წარსულს, ვინც დღეს ხალხებს ყოფს «ოკუპანტად» და «ოკუპირებულად» და ამგვარი პროვოკაციებით შუღლს, მტრობას თესავს ორ მართლმადიდებელ ერს შორის!

ეჭვიც არ მეპარება, 2006 წელს მარიონეტი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, თავისი დასავლელი პატრონების ბრძანებით, ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პროვოკაციას. და ეს ზნეობრივად, პოლიტიკურად მავნე, ფსევდოისტორიული მუზეუმი იყო, აშშ-ის სახდეპარტამენტში დაგეგმილი დიდი პროვოკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი! არავისთვისაა საიდუმლო, რომ ამერიკის ხელისუფლებებს სჩვეოდა და სჩვევია საკუთარი ქვეყნის, ხშირ შემთხვევაში, კერძო ინტერესები სხვების სისხლით დაიცვან.

მართლაც, რა საჭიროა «ოკუპაციის მუზეუმები»? რა დანიშნულება აქვს მათ? მაგალითად, ინგლისელები რატომ არ უძღვნიან მუზეუმს ნორმანელ დამპყრობლებს? ან ფრანგები _ ინგლისელ ან გერმანელ ოკუპანტებს? თავის მხრივ, გერმანელები მუზეუმების გახსნით რატომ არ «სცემენ პატივს» შვედ, დანიელ და სხვა დამპყრობლებს? ან სპარსეთმა რა დააშავა? რატომ არ ხსნიან იქ «ქართველ აგრესორთა მუზეუმს», როდესაც ჩვენი ჯარი, «ნაქურთალი მონოფიზიტის» _ ივანე მხარგრძელის სარდლობით, 1209 წელს შეიჭრა ირანში და ბევრი ქალაქი დაარბია, მათ შორის, დედაქალაქი თავრიზი? ან რატომ არ უძღვნიან თურქები მუზეუმს «გურჯისტანის სისხლიანი მეფეს» _ დავით აღმაშენებელს, რომელმაც, ფაქტობრივად, გადამწყვეტი როლი შეასრულა სელჩუკთა იმპერიის დამხობაში? მან ხომ უამრავი თურქი, ძირითადად, მეომარი გაწყვიტა! ან სააკაშვილს რატომ არ მოუვიდა იდეა ტვინგამოცლილ თავის ქალაში, როცა ბათუმს «ალამაზებდა», შეექმნა «თურქების მიერ აჭარის სამასწლიანი ოკუპაციის მუზეუმი»? რამ შეუშალა ხელი? მისი ხნის თურქმა მამინაცვალმა?

სერიოზული სახელმწიფოები ამგვარ მუზეუმებს არ ქმნიან, რადგან ეს მეზობლების გაღიზიანებას, მტრობას გამოიწვევს! გინდა-არ გინდა, მეზობელს პატივი უნდა სცე და, თუ იყო მისი მხრიდან ძალადობა, აპატიე, მაგრამ მისი ჩადენილი არ დაივიწყო. ამგვარი «დაწესებულებების» შექმნა მხოლოდ არშემდგარი სახელმწიფოების ხვედრია, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე არავითარი წონა, ავტორიტეტი არ გააჩნია!

მაგრამ, გაოცება წინ მელოდა, როცა რკინის კიბით დარბაზის მეორე სართულზე ავედი. აქ 20-30 წლების საარქივო დოკუმენტებია გამოფენილი.

ცნობილია, როდესაც ღმერთი სჯის ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, გონებას ართმევს. არ ვიცი, ვისი ინიციატივით გამოიფინა ეს დოკუმენტები, უეჭველად დილეტანტის მიერ. პროვოკაციასაც პროფესიონალიზმი სჭირდება! იდეოლოგიური თვალსაზრისით, ამ გაყვითლებული ქაღალდების შინაარსი «ნაცხელისუფლების» წინააღმდეგ მუშაობს! ვკითხულობ ქართული სოფლის დევრისის მოსახლეობის საპროტესტო წერილს ამ სოფლის სამხრეთ ოსეთის ოლქში ჩართვის გამო. ხელს აწერენ 80 ოჯახის წარმომადგენლები. წერილი დათარიღებულია 1921 წლის დეკემბრით. «სამხრეთ ოსეთის ოლქში ჩართვა» აღაშფოთებს, აგრეთვე, კეხვის, დოესისა და ლიახვის ხეობის სხვა სოფლის მოსახლეობას! რა გამოდის? მუზეუმის ინიციატორი _ ნაცპარტია ბელადითურთ, ადანაშაულებს და სავსებით სამართლიანად ბოლშევიკურ ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიაზე «სამხრეთ ოსეთის ოლქის» შექმნას; მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, 2006 წელს, «ფანდარასტად» წოდებული სააკაშვილი ამ უკანონო წარმონაქმნს უბრუნებს 1991 წელს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ გაუქმებულ სტატუსს!.. თუ ბოლშევიკების მიერ «სამხრეთ ოსეთის» შექმნა სახელმწიფო დანაშაულია, სააკაშვილისა და მისი ხროვის მიერ «სამხრეთ ოსეთის» აღორძინება რაღაა?!

მაგრამ ეს ყველაფერი ფერმკრთალდება იმ დოკუმენტებთან, რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ. მათში ერთ-ერთი ხელმომწერი ლავრენტი ბერიაა. ეს დოკუმენტი დათარიღებულია 1924 წლის 6 სექტემბრით და დაგზავნილია აჭარის, აფხაზეთის შინსახკომებში და ასე შემდეგ.

საქართველოს შინსახკომი წინადადებას იძლევა, ჩატარდეს აჯანყებაში მონაწილეთა საყოველთაო ფილტრაცია, კერძოდ: «პირველი, ორი დღის ვადაში გათავისუფლდნენ გლეხები _ აჯანყების რიგითი მონაწილეები, პატიმრობაში დატოვეთ აჯანყებულთა ჯგუფების ხელმძღვანელები და მეთაურები;

მეორე, გათავისუფლდეს ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც არ  მონაწილეობდა გამოსვლებში და შემჩნეული არაა აგიტაციაში და ისინი, ვისზეც არაა ბრალეულობის მასალები… მეოთხე, ყველა თავადი და აზნაური, რომლებიც არ გახლავან მავნეები და ვის წინააღმდეგ არაა ბრალეულობის მასალები _ გათავისუფლდნენ… და მერვე, დახვრეტილთა, ასევე გაქცეულ აქტიურ მონაწილეთა ქონება ექვემდებარება კონფისკაცია, იმათი გამონაკლისით, ვისაც ოჯახები დარჩათ»!

დაუჯერებელია! «პირსისხლიანი ბოლშევიკები», როგორც მათ დღევანდელი ლიბერალური «ინტელიგენცია» უწოდებს, რომელიც ხალხში, ლიბერასტების სახელითაა ცნობილი, თავისი დახვრეტილი მტრების ოჯახებზე ზრუნავდნენ? დაუჯერებელია, მაგრამ, აი, უტყუარი ფაქტი _ ბებიაჩემი თავისი ხუთი მცირეწლოვანი შვილით ბოლშევიკებს ქუჩაში არ გაუძევებიათ. ბაბუაჩემის სახლი ბელინსკის ქუჩაზე მის საკუთრებაში დარჩა. გამოდის, ამ დადგენილების წყალობით. ჩემს ეჭვს, საბოლოოდ, აი, ეს, «ფრიად საიდუმლო» გრიფდადებული ცირკულარი მიფანტავს. მკითხველს მას მთლიანად ვთავაზობ.

სასწრაფოდ.

ფრიად საიდუმლოდ.

ცირკულარი

«მაზრების აღმასკომის თავმჯდომარეებს, პოლიტბიუროების უფროსებს, პროკურორის თანაშემწეებს მაზრაში.

რესპუბლიკის პროკურატურაში და საგანგებო კომისიაში შემოდის ცნობები რაიონის ხელისუფლებების მიერ ჩადენილი უკანონო მოქმედებების შესახებ, რაც გამოიხატება ამ უკანასკნელ დროს მომხდარი ამბების გამო დახვრეტილთა და დატუსაღებულთა ქონების კონფისკაციაში. საამისო არსებული წესის მიხედვით, ზემოაღნიშნულ პირთა კონფისკაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დახვრეტილ ან დატუსაღებულ პიროვნებას არ ჰყავს ოჯახი და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქონება შეადგენს მის (დახვრეტილ ან დაჭერილის) პირად საკუთრებას.

ხშირი არის ისეთი შემთხვევა, როდესაც მრავალრიცხოვან ოჯახის წევრთა შორის, ერთი წევრი ოჯახისა ხელისუფლების მიერ ისჯება. დასჯასთან ერთად კონფისკაციას უშვრებიან მთელი ოჯახის ქონებას, რის გამოც დაუმსახურებლად ისჯება დანარჩენი ოჯახის წევრებიც. ასეთი გარემოება, რასაკვირველია, ქმნის მრავალ გაუგებრობას და უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ, რაც ყოვლადდაუშვებლად უნდა ჩაითვალოს. იმ შემთხვევაში, როდესაც მაზრის ხელისუფლების ორგანო, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულს ჰყავს ოჯახი, და ამავე დროს მაინც საჭიროთ თვლის ქონების კონფისკაციას, აუცილებლად მას (მაზრის ან რაიონის ხელისუფლების ორგანომ) საქ. საგანგებო კომისიიდან ყოველ კონკრეტულ ამგვარ შემთხვევაში საჭიროა სანქცია, რომლის შემდეგ უნდა განხორციელდეს აღნიშნული ქონების კონფისკაცია.

პროკურატურას და საგანგებო კომისიას აქვს ცნობები, კონფისკაცია ქმნილი ქონება იყიდება მცხოვრებთა შორის, რაც ყოვლად დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს. ყოველ შემთხვევაში, კონფისკაცია ქმნილი ქონება შეიძლება მოხმარდეს პირველ რიგში უღარიბეს გლეხობას სრულიად უსასყიდლოდ და, აგრეთვე, შესაძლებელია, გადაეცეს რომელიმე სახელმწიფო ან საზოგადო ორგანოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, წინადადებას გაძლევთ, მიიღოთ ყოველი ზომები თქვენი პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ, თავიდან აიცდინოთ ზემოხსენებული არანორმალური მოვლენები და კანონიერ ფარგლებში ჩასვათ მაზრის ხელისუფლების ორგანოს მოქმედება ხსენებული საკითხის გადაჭრის დროს. აღნიშნული ცირკულარის მიღების შემდეგ ჩადენილი უკანონო კონფისკაცია გამოიწვევს ყველა დამნაშავე თანამდებობის პირთა პასუხისგებაში მიცემას.

ცირკულარი იგზავნება ფრიად საიდუმლოთ და ინახება მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის, პროკურორის თანაშემწის და პოლიტბიუროს უფროსის პასუხისმგებლობის ქვეშ, სასტიკათ აკრძალულია აღნიშნული ცირკულიარიდან ასლის გადაღება ან ვინმე პირზე გადაცემა.

ცირკულარის მიღებისთანავე საიდუმლოთ გვაცნობეთ მიღება ცირკულიარისა მიღების დროს აღნიშვნით.

რესპუბლიკის პროკურორი ვარძიელი

საქ.საგ. კომისიის თავმჯდომარე კვანტალიანი.

დედანთან სწორია: თვარაძე»

თუ ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში შედარებითია, მაშ შევადაროთ ბოლშევიკები და ამჟამინდელი «ნაციონალები». რას ვხედავთ? ერთის მხრივ, ბოლშევიკები თავიანთი მტრების ოჯახებს ინდობდნენ, ხოლო «ნაციონალები», როცა «ფული მოშივდებოდათ», მომხრეებსაც ოჯახიანად აწიოკებდნენ. ამის მაგალითი უამრავია! და კიდევ, ერთი საინტერესო დეტალი: თუ არქივიდან ამოღებული საიდუმლო საბუთებიც ბოლშევიკების ხელისუფლებას წარმოგვიდგენენ საკმაოდ ლმობიერ ხელისუფლებად, საინტერესოა, როგორ გამოჩნდება ნაცპარტია და მისი ბელადი, როცა მზის შუქს იხილავს მათი «საქმენი საგმირონი»?!

«საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი» _ ვფიქრობ, სააკაშვილს არ ესმის, რას ნიშნავს სიტყვა ოკუპაცია.  იმას, რასაც იგი ქმნიდა, ეს სიტყვა არ შეესაბამება. «ოკუპაცია» ნიშნავს სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვისი ტერიტორიის დროებით დაკავებას. 70 წელი ძალზე დიდი დროა ოკუპაციისთვის. მისტერ სააკაშვილს თავისი «პირმშოსთვის» ასე უნდა დაერქმია: «ძალადობრივი ინკორპორაციის, ანექსიის მუზეუმი». მოგახსენებთ, ისტორიაში არ გამიგია სხვა მაგალითი, როცა ოკუპირებულ სახელმწიფოში იქმნება ფუნდამენტური სამეცნიერო სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, კვლევითი ინსტიტუტები; ადრე ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა ხდება განვითარებულ ინდუსტრიულ-აგრარულად. აყვავებულია ხელოვნება: მუსიკა, კინო, თეატრი! «საბჭოთა ოკუპაციის» ხანაში ნახევარმილიონ თბილისში შენდება მეტრო, რომელიც ბევრ დედაქალაქს დღემდე მხოლოდ ესიზმრება, აგრეთვე, სანაპირო!

«ოკუპაციის» დროინდელი მიღწევების სია შეგვიძლია გავაგრძელო, მაგრამ, ესეც საკმარისია. აბა, რით შეუძლია იტრაბახოს «ნაცმოძრაობამ»? განათლების მოშლით, სამეცნიერო სკოლების მოსპობით, კვლევითი ინსტიტუტების დახურვით, ინდუსტრიის განადგურებით, უმუშევრობით, უდანაშაულო ადამიანების ქუჩაში დახვრეტით, ზნეობის დაცემით, უცხოელ «ბიზნესმენთა» თარეშით, საქართველოს მოსახლეობის ჩაგვრით, 2008 წლის სისხლიანი ავანტიურით, ბათუმის ბორდელად და ტრეფიკინგის ცენტრად გადაქცევით, მათხოვრობით,  ძვირადღირებული მშენებლობით, თანაც უხარისხოდ და ისიც თითზე ჩამოსათვლელი; უაზრო ქანდაკებებით, აგრეთვე, გზებით, რომელთაც ექსპლუატაციაში გაშვებიდან მალევე კაპიტალური რემონტი ესაჭიროება! ამ სიის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ კმარა.

დიდი დარბაზიდან ვბრუნდები მცირე დარბაზში. ისევ შევხედე კედელს, რომელზეც უჩვენებენ კრემლს, პუტინს, მედვედევს, ვერტმფრენებს, გორის დაბომბვას, სისხლს… საზარელი კადრები მთავრდება ჯონ მაკკეინის არანაკლებ საზარელი (თავისი ფარისევლობით) სიტყვებით: დღეს ჩვენ, ყველანი ქართველები ვართო. ვისზეა ეს გათვლილი? ვის აუჩუყებს გულს? უპირველეს ყოვლისა, გამოუსწორებელ ქართველ პროვინციალებს!

რატომ არ ჩათვლის მაკკეინი თავს ქართველად, როცა ქართველობა პირადად მისთვის დიდად სარფიანია. ჯონი ხომ ამერიკელია, ამერიკელი კი მარადიულ, უცვლელ, ადამიანის გონებისთვის აუხსნელ ფენომენს _ დროს, პრიმიტიულად ზომავს «მწვანე «ქაღალდით» _ დოლარით!.. სხვათა შორის, დღემდე ვერ გაგვირკვევია, სად წავიდა ის ერთი მილიარდი დოლარი, რომელიც ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა უბოძა ქართული ჯარის მოდერნიზაციას? იმ ჯარს, რომელსაც სააკაშვილის ავანტიურის დროს რაციებიც არ აღმოაჩნდა? რა გასაკვირია, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართველად საკუთარი თავი ჩათვალეს: ჩეინიმაც, ბუშმაც და ეშმაკი უწყის, კიდევ რომელმა ვაშინგტონელმა მოხელემ.

იქვე, ქვემოთ, მინის ქვეშ «დასვენებულია» შავი ჩოხა სატევრით, ხმლითა და ორდენით. წარწერით ვიგებ, სატევარი და «თეთრი გიორგის» ორდენი საქართველოს ეროვნულ გმირს, პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილს ეკუთვნოდა. რა მეზობლობაა _ ქაქუცა და ჯონი! ქვეყნის პატრიოტი და ოკეანისგაღმელი პოლიტიკური თაღლითი! რა ცინიზმია!

ეს მუზეუმი სიყალბეა, რადგან პათოლოგიური მატყუარის _ სააკაშვილის პირმშოა! გმირების სახელს თავისი კაცთმოძულე მიზნებისთვის იყენებს. რა საერთო აქვს მას, რა აკავშირებს ამ თახსირს წმინდა პატრიარქ ამბროსისთან, დევგმირებთან _ კოტე აფხაზთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ან გიორგი მაზნიაშვილთან? ესენი ხომ სააკაშვილის ანტიპოდებია! ქაქუცას რომ დაენახა, როგორ ზილავდა გორის ქუჩის ტალახს «მთავარსარდალი» სააკაშვილი, აი, ამ სატევრით მას უთუოდ თავს წააცლიდა!

«ოკუპაციის მუზეუმიო» _ ამბობს დეგრადირებული სააკაშვილი. ვინაა «ოკუპანტი»? ომისა და შრომის ვეტერანები: დავით იაკობაშვილი, მოსე მდინარაძე, ეთერ სოლომონია, ზურაბ სალარიძე და უამრავი სხვა, რომლებმაც თავის სისხლითა და ოფლით იმ «ოკუპაციის დროს» საქართველო ერთ-ერთ უმდიდრეს რესპუბლიკად რომ აქციეს?! და რომელთა ნაამაგარზე სააკაშვილი და მისი ხროვა დღემდე პარაზიტირებს?!

სიცრუე, სიცრუე და არაფერი სიცრუის გარდა! ამ «დაწესებულებით» სააკაშვილმა მარტო ის დაამტკიცა, რომ იოზეფ გებელსის მოწაფეა, მართალია, უნიჭო, მაგრამ მაინც _ მოწაფე!

ჩვენ გვაქვს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილია ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა პერიოდი. რა არის «საბჭოთა ოკუპაცია», სულიერად და ფიზიკურად გახრწნილი სააკაშვილის გაგებით, ეს მე არ მაინტერესებს. მაგრამ, ჩემი აზრით, აუცილებელია, შეიქმნას ექსპოზიცია «საქართველოს ისტორიის საბჭოთა პერიოდი». ამ საქმისთვის უნდა მოიწვიონ სერიოზული ისტორიკოსები და არა სიმონა მასხარაშვილის მსგავსი ვულგარიზატორები; უნდა გამოქვეყნდეს დოკუმენტები, რომლებიც აუწყებენ დამთვალიერებელს, მაგ დროს რა გაკეთდა კარგი და რა _ ცუდი. დაე, თვითონ მან, შედარების შემდეგ, გააკეთოს სწორი დასაკვნა. იდეალური დრო კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს. დედამიწა სამოთხე არაა!

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here