Home რუბრიკები პოლიტიკა კახა კალაძე: როცა უფლებამოსილება შეუწყდება, სააკაშვილს პროკურატურაში დაიბარებენ, სადაც უამრავ კითხვაზე...

კახა კალაძე: როცა უფლებამოსილება შეუწყდება, სააკაშვილს პროკურატურაში დაიბარებენ, სადაც უამრავ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა

686

მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე.

_ ბატონო კახა, ირაკლი ალასანიასთვის ვიცეპრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტამ უკვე თითქმის სკანდალური ხასიათი მიიღო. ყველა, მათ შორის ექსპერტებიც, იმაზე საუბრობენ, რომ პრემიერმა მას გუნდის სხვა წევრებთან შეუთანხმებელი მოქმედება არ აპატია და დასაჯა. ლაპარაკია გარკვეულ შიდაბზარებზეც კოალიციაში. რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს სინამდვილეში?

_ სინამდვილეში ხდება ის, რაზეც რამდენიმე დღის წინ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. მარტივად გეტყვით: კი, გარკვეული მსჯელობა, დისკუსია, შესაძლოა, ყოფილიყო, მაგრამ ისეთი გაუგებრობა ან რაიმე მსგავსი დამოკიდებულება, რომ კითხვები გაჩნდეს, ნამდვილად არ არსებობს, ამას სრული გულწრფელობით ვამბობ. რომ ყოფილიყო პრემიერსა და ირაკლის შორის სერიოზული გაურკვევლობა, შელაპარაკება, გარწმუნებთ, მაშინ ის არც თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩებოდა. რაც შეეხება მიზეზს, რატომ ჩამოერთვა ვიცე-პრემიერის ფუნქცია, მე ვფიქრობ, რომ ირაკლის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა აქვს, ამიტომ, ამის შემდეგ, მას უფრო მეტი დრო დარჩება საკუთარი უწყებისთვის და იმ პრობლემების გამოსასწორებლად, რომლებიც დღესდღეობით ქართულ ჯარშია შექმნილი.

_ ანუ დროისა და რესურსის შეუთავსებლობა იყო ამ ყველაფრის მიზეზი?

_ ფაქტობრივად ასე გამოდის. მოგეხსენებათ, მეც ვარ ვიცე-პრემიერი და  ენერგეტიკის მინისტრი, მაგრამ შეუძლებელია, შეადარო ენერგეტიკისა და თავდაცვის სამინისტრო ერთმანეთს. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი სამინისტროა თავისი ყველანაირი რესურსით. აქედან გამომდინარე, ცხადია, ბევრად უფრო შრომატევადი საქმე აქვს ბატონ ირაკლის და მხოლოდ ეს იყო მიზეზი. სხვას მე ვერაფერს ვხედავ.

_ გასაგებია, მას სამუშაო ბევრი აქვს, მაგრამ რატომ თავიდანვე არ იფიქრა პრემიერმა იმაზე, რომ ორი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის _ თავდაცვის მინისტრობისა და ვიცეპრემიერობის შეთავსება რთული იქნებოდა, მით უფრო, ალასანია დასაწყისშივე საუბრობდა, უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვხვდებაო?

_ საქმე ისაა, რომ დროთა განმავლობაში უფრო იჩინა ამ ყველაფერმა თავი. ამიტომ თვითონ ირაკლი ალასანიაც, ალბათ, საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რა გადაწყვეტილებაც მან და პრემიერმა შეთანხმებულად მიიღეს…

_ ბიძინა ივანიშვილმა ალასანიას შეცდომად ჩაუთვალა ის, რომ პრემიერთან შეუთანხმებლად მან თავის თანაპარტიელებთან ერთად დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხის განხილვა. თქვენი აზრით, არის ეს შეცდომა?

_ ზოგადად კოალიცია იმიტომაა კოალიცია, რომ, როდესაც ჩვენ გარკვეულ თემებზე გვიწევდა მუშაობა, განხილვა ხდებოდა ერთად. სხვანაირად, უბრალოდ, პოზიციების შეჯერება შეუძლებელია, რაც შეეხება, იყო თუ არა შეცდომა, თუ ერთი გუნდი ვართ, რა თქმა უნდა, მას უნდა დაეყენებინა ეს საკითხი; აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტი ასეთ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდა დამოუკიდებლად, ჩემი აზრით, შეცდომაა.

_ თქვენმა მთავარმა ოპონენტმა, «ნაციონალურმა მოძრაობამ», ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ თურმე პროდასავლური ორიენტაციის მქონე ალასანიასთვის პრორუსულად მოაზროვნე ივანიშვილის პოლიტიკა მიუღებელია. რა აზრის ხართ ამაზე?

_ საერთოდ «ნაციონალური მოძრაობა» ბოლო დროს ისეა გამწარებული, მე მგონი, თვითონ ვერ ხვდება, რა განცხადებებს აკეთებს, სად იმყოფება და რა რეალობაა დღეს ქვეყანაში. რაც შეეხება საგარეოპოლიტიკურ კურსს, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წინასაარჩევნო პერიოდშიც და ახლაც ამას ვადასტურებთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები, რომ საქართველოს სწრაფვა არის ევროპისკენ.

 ცხადია, ამისთვის ჯერ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, უწინარესად კი, გასაძლიერებელია დემოკრატიული ინსტიტუტები, შესაქმნელია ისეთი გარემოება, როგორიც დასავლურ ცივილიზებულ ქვეყნებშია, და ახალი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა ეს მოხერხდეს. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობაში ვცხოვრობდით ცხრა წლის განმავლობაში _ საზოგადოება იყო ზეწოლის, ტერორის ქვეშ; სააკაშვილის ხელისუფლება იდგა შიდა და გარე პიარსა და შიშზე, რომელიც მათ დათესეს მოსახლეობაში პოლიციის ხარჯზე. ახლა მთავარია, რომ ეს დამთავრდა, დანარჩენი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო შევიდეს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში, ნატოში და საბოლოოდ გახდეს იმ ერთიანი გეოპოლიტიკური ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპული ოჯახი ჰქვია.

_ რუსეთის მიმართ რა პოლიტიკა გაგვაჩნია?

_ ზუსტად ამ საკითხამდე მივდივართ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება მეტად მნიშვნელოვანია და სწორედ ამას გვახსენებენ მუდმივად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები _ როგორც ამერიკელები, ისე ევროპელები. თქვენ ხედავთ, რომ პრემიერი უკვე ეძებს იმ გზებს, რომლითაც შეიძლება ამ ეტაპზე მივიდეთ რაღაც საერთო კონსესუსამდე. ცხადია, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარია, არის ნება. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და ვნახოთ, რა ხასიათს მიიღებს ამ ხნის განმავლობაში პროცესები.

_ რაც შეეხება ტარიფებს, დენის ღირებულება 3,54 თეთრით შემცირდა. თქვენ ეს დისტრიბუციის კომპონენტში არსებული პრობლემების გადაჭრით ახსენით. სხვა კიდევ რის ფასად დაუჯდა ახალ მთავრობას ამის მიღწევა?

_ სხვა მეტი არაფერი, ძირითადი ეს იყო. თვითონ ტარიფის შემადგენლობაა დისტრიბუცია, გენერაცია, ანუ წარმოშობის წყარო და გადაცემა. ამ ორში _ გადაცემასა და გენერაციაში, უბრალოდ, შეუძლებელი იყო ტარიფის შემცირება და მომავალშიც შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ დაარტყამს ინვესტიციების შემოსვლას, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუშლის ახალი პროექტების განხორციელებას. ჩვენ რაც მოვახერხეთ და მთავრობამ რაზეც იმუშავა, ესაა ის, რომ შემცირება მომხდარიყო იმ კომპანიების ამონაგების ხარჯზე, რომლებიც დღეს ქართულ ბაზარზე არიან. ესაა «ენერგოპროჯორჯია» და «თელასი». ამ კომპანიებს აქამდე თუ, ვთქვათ, მოგება ჰქონდათ ათი ლარი, ახლა ექნებათ შვიდი ლარი. აი, ამის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი.

_ ამის გაკეთება შეიძლებოდა თუ არა წინა ხელისუფლების დროს?

_ რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. ესაა სწორედ მტკივნეული და საწყენი, რომ ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი იყო 2007-2009 წლებში და არ გაკეთდა. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობის ზურგზე გადაიარა სიდუხჭირემ. ამ დანაზოგით კი ყოველწლიურად ბიუჯეტში დარჩება 35-40 მილიონ ლარამდე.

_ ცნობილია, რომ ენერგეტიკის სამინისტროში თქვენი მოსვლის შემდეგ აუდიტი ჩატარდა. რაიმე სერიოზული დარღვევა თუ აღმოაჩინეთ?

_ აუდიტი ჯერ არ დასრულებულა, სამუშაო კი ძალიან ბევრია. ახლა ჩვენ ვამოწმებთ ყველა იმ ხელშეკრულებას, რომლებიც დაიდო ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის სამინისტროს მეშვეობით, ვეცნობით გარიგების მემორანდუმებს და ა.შ. კითხვები, რა თქმა უნდა, გაგვიჩნდა. ამასთან დაკავშირებით მე უახლოეს მომავალში ვაპირებ ბრიფინგის ჩატარებას. შემდეგ ამ ყველაფერს გადავუგზავნით შესაბამის ორგანოებს და ისინი, ალბათ, დაიწყებენ გამოძიებას.

_ გამოსაძიებელი პროკურატურას ისედაც ბევრი აქვს. ფაქტობრივად, დღე ისე არ გავა, ვინმე არ დაკითხონ ან არ დააკავონ. ალბათ, ეს ყველაფერი სამართლიანადაც ხდება, მაგრამ ამის მიუხედავად, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს სწამთ, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული შანსები პოლიტიკაში. მაგალითად, სააკაშვილმა, დაახლოებით თვენახევრის წინ, ერთერთ გამოსვლაში განაცხადა, მომავალ არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთო.

_ რა გითხრათ, სააკაშვილის შანსი ნულია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ნულს ქვემოთ ნამდვილადაა. ეს კაცი არის რეალობას აცდენილი, ვერ ხვდება, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. თქვენ ხედავთ, რა დამოკიდებულება აქვს ხალხს მათ მიმართ, სადაც უნდა წავიდნენ, რომელ კუთხეში და ქალაქში. რაც ამ ადამიანებმა ცხრა წლის განმავლობაში აკეთეს ხალხის წინააღმდეგ, ენით აუწერელია. ძალიან ბევრი შემზარავი ფაქტია, რომლებიც მოსახლეობისთვის არაა ცნობილი და ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს; უამრავი მკვლელობაა ჩადენილი. ასე რომ, მათი უკან შემობრუნება წარმოუდგენელია. სხვათა შორის, ძალიან ბევრ მათგანს, რომლებიც დღეს არხეინად არიან, მოუწევს მომავალში კითხვებზე პასუხების გაცემა. არაა გამორიცხული, მათ შორის აღმოჩნდეს სააკაშვილიც, იმიტომ, რომ ის იყო იმ ყველაფრის იდეოლოგი, რაც ხდებოდა ქვეყანაში, საპატიმროებში. თქვენ გახსოვთ, ერთ-ერთ გამოსვლაში პრეზიდენტმა ამაყად აღნიშნა, საფრანგეთმა ჩვენგან გადაიღო  ციხეების მართვაო. შემდეგ ვნახეთ შემზარავი კადრები… ამ ყველაფრისთვის არა მარტო ბაჩო ახალაიამ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა, მთლიანად იდეოლოგებმა უნდა აგონ პასუხი. იდეოლოგი კი არის მიხეილ სააკაშვილი.

_ გინდათ, თქვათ, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა სააკაშვილსაც შეეხება?

_ რა თქმა უნდა, როცა ამ ადამიანს უფლებამოსილება შეუწყდება, პროკურატურა დაიბარებს და ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. სხვანაირად გამორიცხულია, ჩვენ ვიქნებით დამნაშავეები, რომ არ მოვთხოვოთ მას სათანადოდ იმ დანაშაულებზე, რომლებიც მისმა რეჟიმმა ჩაიდინა. ეს არა მარტო ჩვენი სურვილია, ეს საზოგადოების ნებაა. გარდა ამისა, სამართალი და სამართალწარმოება ყველასთვის უნდა იყოს ერთი, ადამიანმა დაარღვია კანონი, არ აქვს მნიშვნელობა, შენ პრეზიდენტი ხარ, მინისტრი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე.

 ასე რომ, საზოგადოება დღეს რასაც მოითხოვს, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს.

_ დასასრულს, სააკაშვილის გამოსვლაზეც გკითხავთ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მან თითქმის მთელი 25 წუთი ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ ასამარებენ თურმე დღეს საქართველოში დემოკრატიას, როგორ იჭერენ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით და . . როგორ ფიქრობთ, რეალურად მოახდინა თუ არა პრეზიდენტმა ამით ახალი მთავრობის დისკრედიტება?

_ სააკაშვილის უპირველესი მიზანიც სწორედ ესაა და ამას ემსახურება მისი ბინძური პიარსაშუალებებიც. ამისთვის იბრძვიან და ძალ-ღონეს არ იშურებენ, მაგრამ ყველა ყველაფერს ხედავს. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის ბედი, ხალხის განწყობა. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, როგორი მოლოდინი და დამოკიდებულებაა დღეს ახალი რეალობის მიმართ.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რას შევადარო, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა მისი საქმე. არანაირი შანსი არ აქვს მას და მის გუნდს, ესენი არიან პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანები. ასე რომ, რაც უნდა ილაპარაკონ, რაც უნდა ამტკიცონ, დემოკრატიას სპობენო, ამ ბინძური პროპაგანდით არაფერი გამოუვათ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. დგეს თქვენ წინა ხელისუფლებით მანიპულირებთ…საკმარისია უკვე.მიშას ნუ კი დასდევთ,ქვეყანა რომ თავზე გვენგერვა ამას მიხედეთ….

  2. ეეჰ,მაგათ რა უჭირთ მილიონები აქვთ….და კაი კაცების როლს თამაშობენ….გაძვალტყავებული ქართველი პატიოსანი კაცი ისევ პირში ჩალაგამოვლებული დარჩა….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here