Home რუბრიკები პოლიტიკა ნაციონალური მაზოხიზმის კვირეული

ნაციონალური მაზოხიზმის კვირეული

618

«როტორიკულ კითხვას დავსვამ: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა აი ამ ჩუკენობას და როდის გადავა რეალური საქმის კეთებაზე?» _ განაცხადა გიგი უგულავამ, რის შემდეგაც საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ქალაქის მერის ქვეცნობიერის სიღრმეში ფარული და ამავე დროს საოცრად ძლიერი მაზოხისტური მოტივები ბუდობს, რადგან წესიერ საზოგადოებაში მსგავსი განცხადებებისთვის მთქმელს ზედმეტი ახსნაგანმარტებების გარეშე დაუნდობლად სცემენ. ქუჩაში ეს მომენტალურად ხდება, პოლიტიკაში კი სასჯელი შეიძლება ამა თუ იმ ფორმატში შეიფუთოს, ხოლო მისი აღსრულება გარკვეული დროით გადაიდოს, თუმცა, არსებითად, შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იქნება და გამორიცხულია, მერს ეს სცოდნოდა. თუმცა რიგი გარემოებები მიანიშნებენ იმაზე, რომ საქმე ამ შემთხვევაში არა პერვერსიულ ვნებების მოულოდნელ ვულკანურ ამოფრქვევასთან ან ბანალურ უზრდელობასთან, არამედ სააკაშვილისა და «ნაციონალების» ახალ, ლეოპოლდ ფონ ზახერმაზოხის სახელობის ტაქტიკასთან გვაქვს.

არცთუ დიდი ხნის წინ ერთ შენობაში, სადაც პოლიტიკაზე საუბარი მიღებული არ არის, სადაც გაცილებით უფრო ხშირად გალობენ, ვიდრე მღერიან (ალბათ, უკვე გასაგებია, სად მოხდა ყოველივე ეს), ერთმანეთს ორი პოლიტიკოსი შეხვდა, თანაც არა უბრალოდ პოლიტიკოსი, არამედ მაღალი თანამდებობის პირი. გარკვეული დროის განმავლობაში საუბარი ამ ეზოპურ ფორმატში მოგვიწევს (ხანდახან ასე უფრო საინტერესოა), ვინაიდან მეტად სარწმუნო წყარო, რომელიც ამ შეხვედრის შესახებ გვიამბობს, სასტიკ უარს ამბობს მისი ვინაობის გამჟღავნებასა და დეტალების ყოვლისმომცველ დაკონკრეტებაზე და ჩვენ მისი თხოვნის გათვალისწინება მოგვიწევს.

მოკლედ, ამ ორ პოლიტიკოსს ერთმანეთის დანახვა გულზე ნამდვილად არ ეხატება, თუმცა, გარემოებათა გამო, იძულებული გახდნენ, ერთად დამჯდარიყვნენ. სიმარტივისთვის შეგვიძლია მათ «ა» და «ბ» ვუწოდოთ, თუმცა ეს მეტისმეტად შაბლონურია. მოდით, ასე ვქნათ, ერთ-ერთი დარჩება «ბ», ხოლო მეორე იქნება «მ». სხვათა შორის, მათთან ერთად იჯდა მესამე, «დ»- პოლიტიკოსიც (მაღალი თანამდებობის ტანმორჩილი, აშკარად დიეტაზე  დასასმელი პირი), თუმცა ჩვენთვის საინტერესო მომენტში მას ხმა არ ამოუღია.

მ. (ემოციურად, ჟესტიკულაციით): _ მიდი, დაიჭირე, ჩემი გუნდის ყველა წევრი დაიჭირე, ისინიც დაიჭირე (მან ორი პოლიტიკოსის გვარი დაასახელა,  მათ პირობითად «გენმდივანი» და «ქალაქის თავი» ვუწოდოთ). მიდი, დაიჭირე…

ბ. (მშვიდად): _ შეგროვდება მტიკიცებულებები და შეიძლება დავიჭიროთ კიდეც.

მ. (კიდევ უფრო ემოციურად): _ რად გინდა მტკიცებულებები, ახლავე დაიჭირე!

ბ. (მცირე პაუზის შემდეგ): _ ჭკვიანად თუ არ იქნები, ახლა აქვე დაგიჭერ.

ბოლო რეპლიკის მთელი ანეგდოტურობა იმაშია, რომ იქ, სადაც ისინი საუბრობდნენ, ადამიანების დაპატიმრება მიღებული ნამდვილად არ არის.

ძნელი სათქმელია, გადმოსცემს თუ არა წყარო ყველა რეპლიკას 100%-იანი სიზუსტით, თუმცა ერთი ფაქტია: ბოლო დროს ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ქცევასა და განცხადებებში უცნაური მაზოხისტური მოტივები ფიქსირდება: მიდით, დაგვარტყით, დაგვიჭირეთ, გაგვასამართლეთ. საინტერესოა, რა მიზნის მიღწევას ცდილობენ ისინი?

ერთის მხრივ, მათ, სავარაუდოდ, სურთ, საუბარი გააგრძელონ  უცხოელ პარტნიორებთან «პოლიტიკურ რეპრესიებზე» და «ძალისმიერ ზეწოლაზე» და სჭირდებათ ახალი ფაქტები, რომლებიც ამის შესაძლებლობას მისცემენ. ამასთანავე, ზოგიერთი მათგანისთვის, როგორც ჩანს, სასურველია, შედარებით მსუბუქი ბრალდება დღეს წაუყენონ, ვიდრე გაცილებით მძიმე, მოგვიანებით, როდესაც პროკურატურა მთელ რიგ ეპიზოდებთან დაკავშირებით გამოძიებას დაასრულებს. სასურველი შედეგის მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური (მაგრამ არა ერთადერთი) საშუალება ბანალური პროვოკაცია და ახალი ხელისუფლების დუღილის სტადიამდე მიყვანაა.

ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, მოთმინების დეფიციტს ნამდვილად არ უჩივის. მის ადგილას რომ ყოფილიყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოში სახელი, უპირველესად, იმით გაითქვა, რომ ჰალსტუხს ახალი ფუნქცია მოუძებნა, ალბათ, უკვე ათჯერ დააპატიმრებდა ან აცემინებდა თავის ზონდერებს მათ, ვინც ხელისუფლებას და მის მეთაურს ასე თავხედურად და გამომწვევად მიმართავენ. მაგრამ ივანიშვილს სხვა პრობლემა აქვს, მისი მხარდამჭერების არცთუ მცირე ნაწილი მოუთმენლად, დაჟინებით მოითხოვს იმ ჩინოვნიკების დაპატიმრებას, რომელთა დანაშაული, მათი აზრით, ზედაპირზე დევს. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეთია, რომ ნებისმიერ, თუნდაც მცირე, დაყოვნებას ახალ ხელისუფლებას სისუსტეში ჩაუთვლიან და «ნაციონალების» სავარაუდო ტაქტიკა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, როგორც ჩანს, ამ ფაქტორსაც ითვალისწინებს.

თუ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს «მ»-ის და «ბ»-ს დიალოგს, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ პირველი მათგანი ნერვული აშლილობის ზღვარზე იმყოფება, ან კიდევ ძალიან ცუდი პოლიტიკოსია, რომელიც ვერ მალავს, რაზე ფიქრობს და რა შედეგის მიღწევა სურს და ამით ოპონენტს კონტრზომების მიღებისკენ უბიძგებს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია უპრობლემოა. სპეცსამსახურების თანამშრომლებს ტყუილად კი არ ასწავლიან, რომ ყველაზე საშიში მოწინააღმდეგეები მოხუცები, ბავშვები და სულელები არიან, მათი მოტივების დადგენა ძალზე რთულია, ხოლო შესაძლო მოქმედების წინასწარი განჭვრეტა _ პრაქტიკულად შეუძლებელი.

უახლოეს მომავალში ჩვენ, სავარაუდოდ, ვიხილავთ უხეში პროვოკაციების მთელ სერიალს; იქნება შეურაცხმყოფელი განცხადებები და უკიდურესად გამომწვევი ქცევა, რომელთან შედარებით უგულავას განცხადება შეიძლება კურტუაზულ კომპლიმენტად მოგვეჩვენოს. საქმე შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ უახლოესი თანამებრძოლები ეტყვიან ივანიშვილს: «რაღას ელოდები, დაარტყი, თორემ ჩვენ თვითონ დავარტყამთ». საინტერესოა, როგორ მოიქცევა «ქართული ოცნების» ლიდერი სიტუაციაში, როდესაც მოთხოვნა პასუხის გაცემაზე, მეტიც, მასშტაბური რეპრესიების სასწრაფოდ დაწყებაზე მისი მხარდამჭერების დომინანტური მოთხოვნა გახდება.

«ნაციონალების» საყურადღებოდ კი, ალბათ, შემდეგი რამ უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ივანიშვილის მყისიერი რეაქცია კონკრეტულ ეპიზოდში, მათ, სავარაუდოდ, უნდა გაითვალისწინონ (პრინციპში, თავისი საქმის თვითონ იციან), რომ ეს კაცი არასოდეს არაფერს ივიწყებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით _ არაფერს და არასდროს! და მათ ინტერესებშია, ანგარიში გაუწიონ ამ გარემოებას, როდესაც უგულავას, ხაჩიძის (თუ ვინც იქნება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) მონაწილეობით ახალი ტაქტიკის ფარგლებში მორიგ აქციას დაგეგმავენ.

პოლიტიკური მაზოხიზმის მოტივებმა საინტერესო, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, პოეტური ასახვა ჰპოვა მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ გამოსვლებში; აგერ, ელდარ შენგელაიას იუბილეზე (ვულოცავთ!) გამოვიდა და თქვა: «რა თქმა უნდა, ყველანი გავფრინდებით, აუცილებლად, ჩვენი ქვეყანაც გაფრინდება ყველა იმის ჯინაზე, ვისაც უნდა, დაგვაკაოს, დაგვამიწოს, ცხრაკლიტულში მოგვათავსოს. ჩვენი მთავარი ნატვრა ახდება, ყველაზე გაბედული რაღაცები მოხდება და საქართველო ისეთი იქნება, როგორიც ერთაოზს წარმოედგინა და როგორც ჩვენ ყველას გვინდა».

ყურადღება მივაქციოთ ცონტრასტს: ერთის მხრივ, ჰაერის სტიქია და ეს მფრინავი ერთაოზები სააკაშვილის თამადობით; მეორე მხრივ კი, მიწის სტიქია, რომელიც ცხრაკლიტულში ტანჯვას და ლამის კიდურების ფიქსაციას გულისხმობს, «ვამპირები, მუმიები, სხვადასხვა ურჩხულები», _ როგორც ფიგურანტმა თავის ერთ-ერთ ეპოქალურ გამოსვალში ბრძანა. სიღრმისეული დრამატიზმი ამ სტროფებს, სავარაუდოდ, იმ ფაქტმა შეჰმატა,  სააკაშვილს რომ მეორე თვითმფრინავი წაართვეს, თუმცა თავი დავანებოთ ამ მერკანტილურ ნიუანსებს, მთავარი ამ შემთხვევაში ტანჯვის მოტივია, რომელიც გმირს მის ნატვრასთან (სინამდვილეში კი ჭეშმარიტებასთან) აახლოებს და ამავე დროს პარადოქსულად აშორებს მას. და მთელ ამ პათოსს, მთელ აღმაფრენას კლავს ერთადერთი სიტყვა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მთელი ხასიათი და შინაგანი ბუნება აირეკლა; ეს სიტყვაა «ჯინაზე».

სწორედ ესაა მიზეზი, რომლის გამო სააკაშვილი ვერასოდეს გაფრინდება. არ შეიძლება იცხოვრო სხვის ჯინაზე, მიაღწიო წარმატებას სხვის ჯინაზე; თუ ამ მიდგომით იხელმძღვანელებ, კი არ გაფრინდები, გააფრენ!

ზედმეტი ფილო (სოფია + ლოგია) საგაზეთო ფორმატში მავნებელია, თუმცა საინტერესოა, რომ ეს სიტყვა რუსულად ასე ითარგმნება: «ნაზლო». მისი ფუძე ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ შესაბამისი ქცევა ბოროტებას ამრავლებს. როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ საიდან გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ამდენი ბოროტება, ერთი შეხედვით უწყინარი და კარნავალური «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, ალბათ, ისიც უნდა დავუშვათ, რომ ის, მათ შორის (მეტიც, უპირველეს ყოვლისა), ამ მიმართულებიდან შემოვიდა.  

ალბათ, საინტერესოა იმაზე დაფიქრებაც, რაზე წამსვლელია სააკაშვილი «ივანიშვილის ჯინაზე»? საბოტაჟზე? დესტაბილიზაციაზე? იქნებ სამოქალაქო ომზეც, უცხო ქვეყნების ჩარევითა და საქართველოს მიწასთან გასწორებით? სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი ადამიანი (და ეს ნათლად აისახება მედიასა და სოციალურ ქსელებში) მიდის დასკვნამდე, რომ ის წამსვლელია აბსოლუტურად ყველაფერზე. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არც ერთი მოწინააღმდეგე არ დარჩება და ქვეყნის ნანგრევებზე თავის შტანდარტს (ცოცხზე დამაგრებული წითელი ჰალსტუხი) დაარჭობს, ის მაინც ვერ გაფრინდება, იმ გაგებით, რომელიც თავის შესანიშნავ ფილმში ელდარ შენგელაიამ ჩადო. ვერაფერს ვიზამთ, ცხოვრება სასტიკი და ამავე დროს სამართლიანია: ვილჰელმ II-მ ვერ იხილა პარიზი (რაზეც მუდამ ოცნებობდა), სააკაშვილი კი ვერ გაფინდება.

საქართველოს, როგორც ჩანს, გაუმართლა იმ თვალსაზრისით, რომ სააკაშვილს არ აქვს საკმარისი გამბედაობა იმისთვის, რომ ყოველივე აღწერილი «რეალში» მოაწყოს; ის თავს საფრთხეში არ ჩაიგდებს. მაქსიმუმი, რის გაკეთებასაც ის თანამდებობაზე ყოფნის დარჩენილ დღეებში მოახერხებს, სავარაუდოდ, ჩუმი საბოტაჟი და «ერთიანი ნაციონალური მაზოხიზმის» მსგავსი სამოქმედო ტაქტიკების შემუშავება იქნება.

დასანანი კი ისაა, რომ ის თავის ახალგაზრდა მხარდამჭერებს (ცოტანი არიან, მაგრამ მაინც) ისეთ სურათს უხატავს, თითქოს ისინი «ვამპირების, მუმიების, სხვადასხვა ურჩხულების» უღლის ქვეშ ცხოვრობენ და ამით, ფაქტობრივად, ფსიქიკას უნგრევს და სიცოცხლის ხალისს ართმევს მათ. ამით ის აქტიურად უწყობს ხელს იმას, რომ მათ ჩამოუყალიბდეთ შიში და სიძულვილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ გვერდით ცხოვრობენ. საქმე, სავარაუდოდ, იქამდეც მივა, რომ ისინი საკუთარ სამშობლოს მტრულ გარემოდ აღიქვამენ. ეს დიდი პრობლემაა; ის, რომ ბევრი ადამიანი მას ვერ ამჩნევს, მის მასშტაბს არ ამცირებს და ჯერჯერობით გაუგებარია, რა შეიძლება გაკეთდეს მის გადასაწყვეტად.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here