Home რუბრიკები საზოგადოება ხალხი გაჭირვებულია, არასამთავრობოები ლაღობენ

ხალხი გაჭირვებულია, არასამთავრობოები ლაღობენ

652

ორი თვე გავიდა ახალი მთავრობის მმართველობიდან და უკვე სახეზე გვაქვს ზოგიერთი ხელშესახები და აუცილებელი ცვლილება. ყველაზე მთავარი დასაწყისისათვის, ჩემი აზრით, ის არის, რომ მოიხსნა შიშის სინდრომი მოსახლეობაში. ახლა აღარავის ეშინია, გააკრიტიკოს ხელისუფლება მუშაობაში დაშვებული შეცდომებისთვის. კარგად გვახსოვს, რომ, თუ «ნაციონალებზე» ცუდს იტყოდი ან დაწერდი, შენს ან შვილს და ახლობელს დაიჭერდნენ, ან სამსახურიდან დაითხოვდნენ. აღდგა სამართლიანობა.

პოზიტიური შედეგი ისიც არის, რომ ახალი მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ხალისით თანამშრომლობენ მედიის წარმომადგენლებთან, რეგულარულად ატარებენ ბრიფინგებს და პრესკონფერენციებს.

შესანიშნავია, რომ ბიზნესი განთავისუფლდა ხელისუფლების წნეხისგან, ხოლო ყოფილი დიდჩინოსანნი ძრწიან, რადგან მოეკითხათ და მოეკითხებათ. სამწუხაროდ, ამის მეტ ცვლილებებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ და ოპტიმიზმისთვის საკმაო საფუძველი არ გვაქვს.

 მოველოდით, რომ ამ პერიოდში მთავრობა რამეს შეცვლიდა მმართველობის სტრუქტურაში, აღადგენდა პირადობის მოწმობაში ეროვნებას და მამის სახელს, კუთვნილ შენობებს დაუბრუნებდა შემოქმედებით ორგანიზაციებს, მასმედიის წარმომადგენლებს, აღადგენდნენ მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებს, ძეგლებს დააბრუნებდნენ თავიანთ ადგილებზე, გააიაფებდნენ წამლებს და ტარიფებს და ა.შ. მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მომხდარა.

ბატონო ბიძინა, კარგად გვესმის, რომ ყველაფერი უცებ არ მოგვარდება, მაგრამ უმცირესობა, «ნაციონალები», შეტევაზე რომ გადმოდიან, იმას რა ვუყოთ? მათი ბუნებიდან და მზაკვრული გეგმებიდან გამომდინარე, ხომ ყველაფერია მოსალოდნელი?! აკი ე.წ. პრეზიდენტი იმუქრება კიდეც და წინასწარმეტყველებს, «მეოცნებეები» ვერ მიაღწევენ 2013 წლის ბოლომდეო.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოველი მთავრობის წარმატებული საქმიანობის მთავარი შედეგი ხალხის ცხოვრების დონის აღმავლობისთვის ზრუნვა უნდა იყოს. ჩვენი ხალხი ტრადიციულად გამრჯე და მუყაითია, ამასთან, ჩვენს ქვეყანას აქვს ოპტიმალური კლიმატი, ნაყოფიერი მიწა, საკმარისი სარწყავი და სასმელი წყალი. მაშ, რატომ ვართ ღარიბები და ნახევრად მშივრები?

იმიტომ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ თქვენამდე ყოფილი სამივე მთავრობა არაკომპეტენტური და ხალხის მიმართ გულგრილი იყო. როგორ უნდა დაუშვას ქვეყნის ხელმძღვანელმა, რომ სათავეში მოქცეული მოხელეები წლიურად 150-200 ათას ლარს იღებდეს, პენსიონერები კი 100 ლარს?! განა შეიძლება მოხელის ხელფასი 200-ჯერ აღემატებოდეს რიგითი ადამიანის შემოსავალს?

გამოსავალია შემოსავლების სამართლიანი განაწილება მოსახლეობის ფენებს შორის, ჩვენი მიწა-წყლის ყაირათიანი გამოყენება, გლეხების მიერ მოყვანილი პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის ორგანიზება, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ხალხის ხელშეწყობა და დაფინანსება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა, ხალხის მასობრივი დასაქმებისთვის. ყველა რეგიონში უნდა ამოქმედდეს მისთვის დამახასიათებელი კულტურების მოსავლის გადასამუშავებელი საწარმოები.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, როცა წინასაარჩევნო ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვენ გკითხეს _ არჩევის შემთხვევაში აღადგენთ თუ არა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასო, უპასუხეთ: ზარალიანი იქნება და მისი ამუშავება არ ღირსო. ჯერ ერთი, წამგებიანი რატომ უნდა იყოს, მილიონობით ტონა ჯართი გავიდა ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი და გირჩევთ, აკრძალოთ მისი გატანა.

მეორეც, შეიძლება საწყის ეტაპზე ქარხანა წამგებიანი იყოს, მაგრამ იქ ათასობით ადამიანი დასაქმდება და ეს თავისთავად დიდი მოგებაა. ასეა თუ ისე, რუსთავზე ხელის ჩაქნევა არ ღირს.

ერთსაც გირჩევთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო: დააკომპლექტეთ კომპეტენტური კომისია და გაგზავნეთ დანიაში მისი ეკონომიკის შესასწავლად. მოგეხსენებათ, დანია მოსახლეობით ჩვენხელა ქვეყანაა, მისი ტერიტორიის მხოლოდ 2,6 პროცენტია ათვისებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად. არ გააჩნია სასარგებლო წიაღისეული და მისი მრეწველობა შეტანილ ნედლეულზე მუშაობს. აი, ასეთ პირობებში მყოფი ქვეყნის ბიუჯეტი ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ოცი მილიარდი დოლარი იყო, რაც ჩვენთვის საოცნებოა. ვისწავლოთ დანიისგან მეურნეობის გაძღოლა.

იგივე  შეიძლება ითქვას შვეიცარიაზეც. მახსოვს, პრეზიდენტი შევარდნაძე გვპირდებოდა, 4-5 წელიწადში საქართველო მეორე შვეიცარია გახდებაო… მაგრამ ვერ გახდა.

იქნებ თქვენს ხელში მოვესწროთ?

კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი: მე შეიძლება კომპეტენტური პიროვნება არა ვარ და ვერ ვაფასებ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დანიშნულებას საზოგადოებაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისინი დემოკრატიის ფასადის შესაქმნელად არიან შექმნილნი. ეს ორგანიზაციები სრულიად ზედმეტი ტვირთია ქვეყნისთვის.

როგორც ამბობენ, ჩვენს პატარა ქვეყანაში 200-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ალბათ, პარტია ამაზე მეტი. გეკითხებით, რა საჭიროა საერთოდ ასეთი ორგანიზაციები, მათ ხომ საიდანღაც დაფინანსება აქვთ, ალბათ, კარგ ხელფასებსაც იღებენ მათში შემძვრალი უსაქმურები. მე არ მსმენია, რომ მათ რჩევას რომელიმე მთავრობა ყურად იღებდეს. მაშნ რა საჭიროა ისინი?

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ვიცი, რომ გონიერი მმართველი ბრძანდებით, მთავრობაც, ასე თუ ისე, კომპეტენტური გყავთ, მაგრამ ყველაფერს ვერ გასწვდებით, ყველა მომენტში ყველა ასპექტს ვერ გაითვალისწინებთ, ამიტომ საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის აზრის მოსმენა გმართებთ. იქნებ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან, რა თქმა უნდა, არა ყველასთან, მაგალითად, კუკავას, ბაღათურიას, ბურჯანაძის პარტიებთან კონსესუსის გზა გამონახოთ და მათთან ერთად რაღაც სათათბირო ორგანო ან საბჭო შექმნათ, თვეში ერთხელ მაინც ერთად შეიკრიბოთ და რეგულარულად იმსჯელოთ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, იქნებ რაიმე ფორმით მათაც მიაღებინოთ მონაწილეობა ქვეყნის მართვაში.

თქვენი გულმხურვალე მხარდამჭერები აღჭურვილი ვართ მოთმინებით და იმედით.

ინდიკო სეფაშვილი,

პენსიონერი ყვარლიდან

 

1 COMMENT

  1. რატომ არის ასთი აქტუალური,რომ მაგარია ტუ აგარ გვეშინია ხელისუფლების გაკრიტიკების.ზოგადად საერთოდ არ მაქვს სურვილი პოლიტიკაში მივიღო მონაწილეობა და ვაქო ან ვაკრიტიკო…და თუ ვინმეს მაგის აგარ ეშინია,სამაგიეროდ უკვე გარეთ გასვლის ჩვენ გვეშინია და რუსსეთან მიერთების.მე მგონი ჯბდა ისევ ხელისუპლების გვეშინოდეს ვიდრე რუსეთმა გვმართოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here