Home რუბრიკები საზოგადოება აბაშის ექსპერიმენტი კვლავ აქტუალურია

აბაშის ექსპერიმენტი კვლავ აქტუალურია

937

2010 წლის 26 დეკემბერს თავის საკვირაო ქადაგებაში პატრიარქმა ილია II- მოუწოდა მრევლს, გაიღონ ათათი ლარი, რათა თბილისთან ახლომდებარე სოფელში აშენდეს მეღორეობის ფერმა. პატრიარქის მოწოდება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია მეცხოველეობა ქვეყანაში და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დარგის აღორძინება.

როგორც ვიცით, ახალი მთავრობის უპირველეს მიზანს სოფლის მეურნეობის აღორძინება, შესაბამისად, მეცხოველეობის აღორძინება წარმოადგენს. სავარაუდოა, რომ ამ მიზნის მისაღწევად გადაწყდება მსხვილი მეცხოველეობის კომპლექსების მშენებლობა, რომელთაც, უდავო უპირატესობის მიუხედავად, გააჩნია თავისი ნაკლიც: პირველი. ასეთი კომპლექსების მშენებლობა ძალიან ძვირი ჯდება; მეორე. ამ გზით მხოლოდ ნაწილობრივ მოხდება სოფლის მოსახლეობის დასაქმება.

ამიტომ მიგვაჩნია საჭიროდ მეცხოველეობის განვითარების სხვა ალტერნატიული გზების მოძებნა, რომლებიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს მოსახლეობის დასაქმების პრობლემის მოგვარებას და, მეორე მხრივ, იქნება უფრო იაფი.

ძველ თაობას, ალბათ, კარგად ახსოვს თავის დროზე გახმაურებული ექსპერიმენტის შესახებ, რომლის ავტორიც იყო იმ დროს აბაშის რაიონის რაიკომის მდივანი გურამ მგელაძე. მან მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების გაზრდა ერთი შეხედვით მარტივი გზით გადაწყვიტა. სწორედ ამ სიმარტივეში იყო ამ ექსპერიმენტის უპირატესობა. იმის მაგივრად, რომ აშენებულიყო ათასობით სულ პირუტყვზე გათვლილი ძვირადღირებული მეღორეობის ფერმა, პირუტყვის მოვლა-პატრონობა განაწილდა სოფლის მოსახლეობაზე. კოლმეურნეობა, რომლის საკუთრებაშიც იყო მხოლოდ მეღორეობის სანაშენე ფერმა, პირუტყვს გასაზრდელად ურიგებდა გლეხებს და ამარაგებდა მათ საკვებით, ხოლო ზრდასრულ პირუტყვს იბარებდა გლეხისგან და გაწეული მუშაობისთვის გასამრჯელოს უხდიდა. შედეგად სოფელი გადაიქცა ერთ დიდ ორგანიზებულ მეცხოველეობის მეურნეობად. ამით მოგებული დარჩა როგორც გლეხობა, რომელმაც მიიღო დამატებითი შემოსავალი, ასევე სახელმწიფო, რომელსაც სარეალიზაციოდ ჩაბარდა რამდენიმე ათასი ტონა ხორცის პროდუქცია.

კოლმეურნისა და დღევანდელი გლეხის მდგომარეობა, მართალია, სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ მაინც წააგავს ერთმანეთს. მაშინდელი იდეოლოგიით, გლეხს არ შეეძლო საკუთარი ფერმერული მეურნეობა ჰქონოდა, ამიტომ მხოლოდ ოჯახის შესანახად ჰქონდა პირუტყვის ყოლის უფლება. დღეს გლეხს შეუძლია იყოლიოს რამდენიც უნდა, იმდენი საქონელი, მაგრამ არა აქვს საამისო სახსრები, პირუტყვის გამოსაკვებად რომ ძვირადღირებული საკვები შეიძინოს. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ აბაშის ექსპერიმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, ერთის მხრივ, გლეხის დასაქმება და, მეორე მხრივ, მცირე დანახარჯებით მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების გაზრდა, დღევანდელ პირობებშიც წარმატებული იყოს.

მაგალითისთვის ავიღოთ 200-კომლიანი სოფელი. თითოეულ კომლს თავის საკარმიდამო ნაკვეთში, პირუტყვის სადგომში თავისუფლად შეუძლია იყოლიოს 10-12 ღორი, ანუ სოფელს ერთდროულად შეუძლია გაზარდოს 2000-ზე მეტი ღორი. იმის გათვალისწინებით, რომ პირუტყვის სახორცედ ჩაბარება ხდება 6 თვის ასაკში, სოფელს წლის განმავლობაში შეუძლია გამოზარდოს 4000 სულ ღორზე მეტი და ჩააბაროს სარეალიზაციოდ.

ამ წამოწყების ორგანიზატორი შეიძლება იყოს კერძო მეწარმე ან სოფლის კოოპერატივი. პირველ შემთხვევაში კერძო ფერმერი აშენებს 200 დედა ღორზე და 2000 გოჭზე გათვლილ სანაშენე ფერმას და კომბინირებული საწარმოს დამამზადებელ საწარმოს. 40-დღიან გოჭებს აბარებს სოფელს და ამარაგებს საკვებით. 5 თვის შემდეგ იბარებს ზრდასრულ ღორს, ყიდის და უხდის გლეხს გასამრჯელოს.

მეორე შემთხვევაში იქმნება სოფლის კოოპერატივი, რომლის მეპაიეც გახდება სოფლის თითოეული კომლი. კოოპერატივი აშენებს ფერმას და კომბინირებული საკვების საწარმოს. მეპაიეები თანაბრად ინაწილებენ გოჭებს გამოსაზრდელად. გაზრდილ პირუტყვს ყიდის, მოგება დივიდენდის სახით ნაწილდება კოოპერატივის წევრებს შორის.

მეცხოველეობის რენტაბელობა პირდაპირ დამოკიდებულია საკვების ღირებულებაზე, ამიტომ ორივე შემთხვევაში მიზანშეწონილია, რომ ფერმერს მცენარეული საკვების წარმოებისთვის საკუთრებაში ჰქონდეს შესაბამისი რაოდენობის სახნავ-სათესი მიწის ფართობი.

ანალოგიური სქემით (გარკვეული სპეციფიკური ცვლილებების გათვალისწინებით) შეიძლება მოხდეს სოფლად მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობის  ორგანიზებაც, იგულისხმება, რომ ამ შემთხვევაში, საქონლის ხორცის წარმოების გარდა, მნიშვნელობას იძენს ყოველდღიურად რძის წარმოება და მისი რეალიზაციის საკითხი.

დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე მწვავე პრობლემა მოსახლეობის დასაქმებაა. ეკონომისტების გათვლებით, ერთი სამუშაო ადგილის შექმნა 20 ათასიდან 50 ათას ლარამდე ჯდება, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა უზარმაზარი ინვესტიციები არის საჭირო ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს. აბაშის ექსპერიმენტის დანერგვა საშუალებას იძლევა სწრაფად, მარტივად და, რაც მთავარია, მცირე ინვესტიციების ხარჯზე მოხდეს სოფლად დასაქმების საკითხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, რაც ქვეყნის მასშტაბით უკეთესობისკენ შეცვლის არსებულ სიტუაციას.

არჩილ ქავთარაძე,

ბიზნესმენი, თბილისი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here