Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ბედი საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაწყდება

საქართველოს ბედი საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაწყდება

744

საქართველოს მთავარ კანონში _ კონსტიტუციაში, მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით სახალხო განხილვამ ზუგდიდში ხმაურისა და ინციდენტის გარეშე ვერ ჩაიარა. «ნაცმოძრაობის» თავგამოდებულ იდეოლოგს, ბობოხიძეს, თავში მოხვდა ლაყე კვერცხები. ეთიკის ჩარჩოებიდან ეს კარგი არ არის. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით ატეხეს ხმაური.

მადლობა უფალს, კოლხ კაცს სტუმრის მიღება არ ესწავლება და არც კეთილმოსურნისა და მტრის გარჩევა. ჩემთვის უცნაური აღსაქმელი იყო თავად ბობოხიძის რეაქცია «როგორ გამიბედესო აუგის თქმა და კვერცხების სროლა?». იცით, ბატონო აკაკი? ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, თქვენ ქუჩაში კი არ მოიქეცით ქუჩურად, არამედ, _ სადაც ყველაზე დახვეწილად უნდა იქცეოდეს მამაკაცი, ჯენტლმენი და ზრდილი ადამიანი. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოავლინეთ ხულიგნური ქცევები. სწორედ თქვენ, ბაგეზე დუჟმორეულმა, სილა გააწანით კოლეგას და უწმაწური სიტყვების კორიანტელი დააყენეთ.

არსებობს ქართული ანდაზა: «რასაც დასთეს, იმას მოიმკიო». ჰოდა, მოიმკეთ კიდეც ის, რაც დათესეთ. ამიტომ ჩემი მშობლიური მხარისადმი, სამეგრელოსადმი ცუდის თქმამდე პირში წყალი გამოივლეთ.

და კიდევ ერთი.

დიახ, კიდევ ერთი. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მოსახლეობას ეჯავრებით? თქვენი დანახვა რომ ზარავს და აცოფებს?.. გამონაკლისი სამეგრელო არ არის. მხარის სოფლის მოსახლეობა თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებზე როლანდ ახალაიამ და მისმა დამნაშავე ამფსონებმა შეძლეს მათი «მოტყუება». ცოდვის დიდი წილი სოფლის მუნიციპალიტეტის გამგებლებზე მოდის, რომლებსაც ლომის წილი მიუძღვით მოსახლეობის დაბნევასა და გადაცდომაში. აქვე უნდა ითქვას «ქართული ოცნების» წარმომადგენლთა ცუდ ინფორმაციულ საქმიანობაზე სამეგრელოს სოფლებში.

ცხადია, ქალაქების მოსახლეობამ «ქართულ ოცნებას» მისცა ხმა. ეს ფაქტია. ფაქტი კი ჯიუტია.

და თუ, შეცდომაში შეყვანილი სამეგრელოს სოფლის მოსახლეობის იმედითაა «ნაცმოძრაობა» და მისი ლიდერი სააკაშვილი, მოლოდინი უნდა გაგიცრუოთ. ძირძველ და საქართველოს ხერხემლად წოდებულ მხარეში ძველი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა.

«ნაციონალების» ეგიდით არჩეულმა ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატებმაც კი დატოვეს ძველი, დრომოჭმული და მოძალადე პარტია. ეს ყოფილი ხელისუფლების რღვევის აშკარა დასტურია და შორი არ არის დრო, როცა ეს დაწყებული პროცესი სრული ფიასკოთი დასრულდება.

ლანქერს გაყოლილი ხელისუფლების მომავალი ის კუბოა, რომელიც 16 იანვარს ზუგდიდის ცენტრში ჩამოატარეს და მეგრული მოთქმითა და გლოვით საფლავში ჩაუშვეს. მე არ ვარ მომხრე ამგვარი თეატრალიზებული ტრაგიკომედიური სცენების წარმოდგენისა, მაგრამ მოსახლეობას აქვს უფლება, საკუთარი დამოკიდებულება და რეაქცია გამოხატოს მიუღებელ მოვლენებთან დაკავშირებით.

გაჟღერდა, «თითქოს არჩევნებში სამეგრელომ «ნაცმოძრაობას» დაუჭირა მხარი და ამიტომ სააკაშვილი  სამეგრელოს რეზიდენციაში გადაბარგებას და იქ საიმედო პლაცდარმის შექმნას აპირებს, რათა იქედან დაუპირისპირდეს მოქმედ ხელისუფლებას.

ჯერ ერთი, ვადაგასული მიხეილ სააკაშვილი ზვიად გამსახურდია არ არის, მისებრ გულანთებული, მორწმუნე, წმინდა, უცოდველი, ალალი და სამართლიანი ერის შვილი, რომ სამეგრელომ სისხლის ფასად დაიცვას და გვერდით დაუდგეს. უკვე ცხადია, ყავლგასული ძველი ხელისუფლების ძალადობაზე დამყარებული ოლიგარქიული პლაცდარმი თვითმფრინავის ბოლივით დაიშალა.

ისიც ცხადია, სააკაშვილი ცდილობს, გამოიყენოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტები, აქვს განუხორციელებელი სურვილი, ძველი დრო დააბრუნოს, მაგრამ ამ მიზნის განხორციელებისთვის მას სამეგრელო ნამდვილად არ გამოადგება, რადგან, მიუხედავად მისი «ქართული ოცნებისადმი» თვალთმაქცურად გაცხადებული შერიგებისა, არ ტოვებს არც ერთ ხელსაყრელ მომენტს, ჩირქი არ მოსცხოს მოქმედ ხელისუფლებას. ამგვარი განწყობითა და რევანშის წყურვილით, ცხადია, ის ქვეყანას მხოლოდ უბედურებას მოუტანს. მოსახლეობამ უკვე იწვნია მისი ავანტიურისტული, ძალმომრეობითი, უსამართლო, ინტელიგენციის «დაჩმორების» და მისი როლის დაკნინების ავადმოსაგონარი ჟამი, ამიტომ «დასამარებულის» ამოთხრასა და გაცოცხლებას არ დაუშვებს.

არა მგონია, სამართალში მიცემულმა ახალმა გუბერნატორმა, თენგიზ გუნავამ, შეძლოს რაიმეს წაღმა შემობრუნება. როგორც სააკაშვილმა მისი წარდგენის დროს განაცხადა, «ის წარმატებული დივერსიული და ერთგული მეთაურობისთვის დავაწინაურეო». კარგად ვიცით მისი დივერსიული ქმედებები და ჩადენილი დანაშაულები რა მასშტაბისა იყო სამეგრელოში. გუნავამ ჯერ მოსახლეობის წინაშე უნადა მოინანიოს, თუმცა მეეჭვება,  გულწრფელად მოინანიოს. ისიც საკითხავია, ამ მონანიებას ხალხი მიიღებს თუ არა. ყველა შემთხვევაში, ის ისეთივე ხელმოცარულ და ფორმალურ გუბერნატორად დარჩება, როგორიც მისი მფარველი და «მამა-მარჩენალი» უუფლებო პრეზიდენტია.

ვერ გავიზიარებ პრესაში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ «ივანიშვილი გაბრაზებულია სამეგრელოზე იმის გამო, რომ მისმა ბლოკმა შედარებით ცოტა ხმა მიიღო, რომ მას რეგიონის წარმომადგენლების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა არ სურს». ჯერ ერთი, ეს შეხედულება ძირშივე მცდარია იმის გამო, რომ იგი შეიძლება მხოლოდ «ნაცმოძრაობის» «აგენტებს» ეკუთვნოდეთ (ივანიშვილს ამის მსგავსი არაფერი გამოუვლენია). რადგან ძველ ხელისუფალთ ხელს აძლევთ, თითიდან გამოწოვილი მონაჩმახით ივანიშვილის წინააღმდეგ ქარიშხალი ააბობოქრონ  მხარეში, მაგრამ ეს არ მოხდება; ან ჯერაც «შემორჩენილი» საკუთარი მომხრეები დაარწმუნონ, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის.

ახალი ხელისუფლების ფრთხილი, მოზომილი პოლიტიკა რეგიონებისადმი გეგმაზომიერად  ვითარდება. ჯერ ერთი, წამყვანი უწყების სამი მინისტრი (ალასანია, ოდიშარია და ნარმანია), ხოლო საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტის თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები სამეგრელოს წარმომადგენლები აირჩიეს. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა სამეგრელოში, რა პოტენციალის მატარებელია ეს მხარე, ამიტომ არასდროს მისცემს თავს უფლებას, გახდეს ეჭვებზე დაფუძნებული შურისმაძიებელი.

ფორმალურად ჯერ კიდევ შემორჩენილი საკონსტიტუციო უფლებები სააკაშვილს და «ნაცმოძრაობას» აძლევს იმის ფარატინა საფუძველს, რომ იყოს დაპირისპირებული მხარე. მხოლოდ იყოს. ცნობილია სააკაშვილის რადიკალური აშკარა და დაფარული გეგმები. იგი შეეცდება, გაცვეთილი «კომბალი» მოიქნიოს, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს. მგონია, რომ, რასაც ოთხზე შემდგარი სააკაშვილი ცდილობს, არის მხოლოდ მცდელობა, რომ მარტო არ დარჩეს ოქტომბრამდე, შეინარჩუნოს აქტიურ პოლიტიკოსის იმიჯი, თორემ თავადაც კარგად უწყის, რა რესურსი დარჩა.

ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გარკვეული დრო დარჩა. სააკაშვილის ვერსია, რომ მოსახლეობამ მხოლოდ სოციალური პირობების გაუმჯობესების გამო დაუჭირა მხარი ივანიშვილსა და მის კოალიციას, მცდარია ისევე, როგორც უმართებულოა, ივანიშვილის მიერ მოსახლეობაზე შეპირებულის აღსრულების დაყოვნება რომ მათ წისქვილზე დაასხამს წყალს.

ამგვარი ლოგიკა, წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ნიშნავს.

ცხადია, 2013 წლის ბოლოს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მუსირებს აზრი, რომ  «ეს თითქოსდა დრამატული შეჯიბრი იქნება. თუმცა ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, «ქართული ოცნების» საშუალო კანდიდატიც კი, სავარაუდოდ, უპრობლემოდ დაამარცხებს «ნაციონალების» ნებისმიერს, მათ შორის საუკეთესო კანდიდატს, რადგან არჩევნების ჩატარების მომენტისთვის «ოცნების» მხარდამჭერთა უმრავლესობა, სავარაუდოდ, ივანიშვილის გუნდს ზურგს არ შეაქცევს და მათ დაემატება ის ამომრჩევლებიც, რომლებიც ხმას ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას აძლევენ.

ცხადია, «ოცნების» პოზიციები ერთ წელიწადში ისე არ გაფუჭდება, რომ მან რეიტინგი დაკარგოს. მით უფრო, რომ სახელისუფლო შტოებში მისი მომხრეები ინიშნებიან, რასაც ძალოვანი სტრუქტურების გარანტირებული ხმები მიემატება, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ მცხოვრებთა კეთილი ნებაც მათ მხარეზე იქნება, რაც საერთო ჯამში შექმნის იმის გარდაუვალობის საფუძველს, რომ  «ოცნების» კანდიდატი თითქმის უპირობოდ გაიმარჯვებს».

თუ გვინდა, რომ საქართველოში არსებულ ძალთა თანაფარდობა დასტაბილურდეს, ანუ, როგორც პოლიტიკოსები ვარაუდობენ, «ოცნების «საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ეყოლა», მაშინ მივიღებთ ერთპოლუსიან პოლიტიკურ ველს, რაც დაკარგავს მოსახლეობის ყოველგვარ ინტერესს და დაგვაბრუნებს წარსულში.

პაექრობა უნდა გაიმართოს არა მხოლოდ პაექრობისთვის, მოჩვენებითი «საცირკო» დადგმისთვის, არამედ რეალური, საინტერესო და შედეგიანი  დაბოლოებისთვის, რასაც მხოლოდ ახალი, მესამე ძალა უზრუნველყოფს.

ამბობენ, რომ ყველაფერს მხოლოდ ორი მხარე აქვს _  დადებითი და უარყოფითი. თუმცა არსებობს მესამე, ალტერნატიული გზა, რომელიც შუალედურს სთავაზობს საზოგადოებას. ეს გზა ნაცადია და მისაღები, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ალტერნატიულს ირჩევს. 

ეს არის არა პირობითი, არამედ ლოგიკური. ზოგჯერ კი არა, მეტწილად გამართლებული. როცა ორი, რადიკალურად დაპირისპირებული მხარე არკვევს ერთმანეთში ურთიერთობას, მუდამ მესამე ძალას აქვს მნიშვნელობა.

მსოფლიოში არსებობს ამის პრაქტიკა. XX საუკუნის დასაწყისში «მესამე გზის» პრეტენზიას აცხადებდა  «სოციალ-დემოკრატია», რომელსაც მიაჩნდა, რომ ის იყო მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური იდეოლოგიის მოძრაობა, რომელიც საკუთარ თავში მოიცავდა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს გავრცელებას და ეკონომიკური დემოკრატიის შექმნას.

არც საქართველოა გამონაკლისი. დღეს «მესამე ძალის» პრეტენზიას აცხადებს პარტიათა ნაწილი, რომლებმაც ცალკე და გაერთიანებებთან ერთად უკვე სცადეს საკუთარი ბედი, მაგრამ მოსახლეობის ნდობა და სასურველი მანდატი ვერ მოიპოვეს. ამიტომ უნდა გამოჩნდეს ახალი და ისეთი «მესამე ძალა», რომელიც დააკმაყოფილებს ხალხის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სულიერ და ოცნებადქცეულ მოთხოვნებს.

«ქართულ ოცნებას» ხელთ უპყრია ორი ძირითადი _ სახელისუფლო და საკანონმდებლო «აღვირი». ბევრს მიაჩნია, თუ მომავალი პრეზიდენტის «სამუშაო პრიორიტეტებს ჩამოვაყალიბებთ, მან უნდა იმუშაოს იმ მიმართულებებზე, იმ საკითხებზე, რომელთა დარეგულირება პრემიერისთვის და პარლამენტის სპიკერისთვის სირთულეს წარმოადგენს». ეს თვალსაზრისი სინამდვილესთან ახლოსაა. ვის შეუძლია ამ გამოწვევებთან გამკლავება? ვის გააჩნია მთავარი ეროვნული მიზნების განხორციელების რესურსი? ადამიანს, რომელიც აღჭურვილია პოლიტიკური გამოცდილებით, აქვს გარკვეული სიახლოვე აფხაზებთან და ოსებთან!

ყველასთვის ცხადია, რომ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების «ბარიკადის « მეორე მხარეს ამბიციური რუსეთია. მასთან საჭიროა უფრო გამოკვეთილი, აქტიური დიალოგი და მოქმედებები. ნაბიჯები, რომელთაც ახალი ხელისუფლება დგამს, მისასალმებელია. საიმედო მესიჯების შემცველია პრემიერ ივანიშვილის განცხადებები ერევანში, თუმცა ის ორი ნაპირი, რომლებიც გააჩინა სააკაშვილის უხეშმა პოლიტიკამ, იოლად არ დაიძლევა. ჩრდილოელ მეზობელთან კეთილი განწყობისა და ურთიერთობების რესურსი «ნაცმოძრაობამ» «ნაგვის ყუთში» მოისროლა. ახლა რეალური ძალაა საჭირო, ვინც შეძლებს ქვეყნის «წითელი ზოლის» დაცვით ამ ურთიერთობის აღდგენას.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში  რუსეთთან ურთიერთობაში გარკვეული გარდატეხა რომ მოხდება, ამას მოწმობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია II-ს ვიზიტი მოსკოვში. რუსეთის დედაქალაქში გაგრძელდება არა მხოლოდ ადრე დაწყებული საუბარი ჩვენი თავდადებული და ღირსეული მეფეების _ ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ს ნეშტის გადმოსვენებასთან დაკავშირებით. იქნება დიალოგი უფრო მასშტაბურ, სასიცოცხლო საკითხებზეც. 

ისიც ცხადია, მალე დაიწყება კოალიცია «ოცნების» თანდათანობითი დაშლა. და თუ ეს პროცესი ახლა დროებით შეჩერებულია, მხოლოდ იმის გამო, რომ ელოდებიან აპრილს, რადგან თეორიულად ჯერ კიდევ არსებობს შანსი, სააკაშვილმა გამოაჩინოს საკუთარი «უსუსური კბილი». როგორც კი გაზაფხული ჩამთავრდება, დაიწყება «კოალიციის» პარტიებად დაშლა და ეს, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდება. ამიტომ არათუ საჭიროა, აუცილებელიცაა, შევჯერდეთ პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატზე, რომელიც შეძლებს სააკაშვილისა და «ნაცმოძრაობის» განეიტრალებას სამეგრელოში და რომელსაც ექნება როგორც სოხუმისა და ცხინვალის, ასევე რუსეთის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევის რესურსი და შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში სერიოზული დესტრუქცია და დაპირისპირება გარდაუვალია და სააკაშვილის  ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე სამარცხვინო გამოსვლა ამის ნათელი დასტურია.

ბორის დავითაია,

აკ. წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი,

«ღირსების ორდენოსანი»,

მეცნიერებათა აკადემია «აიას» ნამდვილი წევრი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here