Home რუბრიკები სამართალი სიმონ კილაძე: ამდენი ადამიანი მოკლეს, ამაზე არ ჰქონდა დასავლეთს რეაქცია და ჩემზე...

სიმონ კილაძე: ამდენი ადამიანი მოკლეს, ამაზე არ ჰქონდა დასავლეთს რეაქცია და ჩემზე ვის რა რეაქცია ექნებოდა?!

925

სიმონ კილაძე პირველი იყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატისთვის 2006 წელს რომ გაასამართლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩეველი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. დღეს სიმონ კილაძე სრულ რეაბილიტაციას და მის საქმეზე «გრიფით საიდუმლოს» მოხსნას ითხოვსპირველი ჯაშუშური სკანდალის მონაწილე, სიმონ კილაძე, «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება.

_ ბატონო სიმონ, თავს დამნაშავედ არ ცნობთ და სრულ რეაბილიტაციას ითხოვთ. როგორ ფიქრობთ, რა გახდა თქვენი დაპატიმრების რეალური მიზეზი?

_ ჩემთვის არანაირი სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი დოკუმენტი ან ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ჩემი ძირითადი მოვალეობა იყო როგორც ქართული, ასევე უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიმოხილვა და ანალიზი, რომელიც შემდეგ ეგზავნებოდა სხვადასხვა სტრუქტურას, უშუალოდ პრეზიდენტს. მე მქონდა ინფორმაცია მხოლოდ პრეზიდენტის ვიზიტების შესახებ, რაც შემდეგ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს, თითქოს მე გავამხილე ამ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია, რაც სრული აბსურდი იყო, ვინაიდან ეს ისედაც საჯარო ინფორმაციაა და აღნიშნული ვიზიტების შესახებ ისედაც ყველა ჟურნალისტმა ყველაფერი იცოდა.

ქართულ პრესაში ხელისუფლების შესახებ იბეჭდებოდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პუბლიკაციები. აქედან გამომდინარე, ჩემი მასალები ხელისუფლების კრიტიკასაც შეიცავდა, რაც არ მოსწონდათ. ამას გარდა, ხელისუფლებისა და ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში მიმდინარე პროცესებისადმი საკმაოდ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი და ამას არც ვმალავდი. სხვათა შორის, რამდენიმეჯერ მიმანიშნეს კიდეც, რომ არ უნდა მელაპარაკა. იყო კიდევ ერთი მიზეზი _ მე აშშ-ის საელჩოსთან ვთანამშრომლობდი და მათთვისაც ვამზადებდი მედიის მიმოხილვას. ასევე, მქონდა კავშირი ჩეხეთის ერთ-ერთ კვლევით ცენტრთან და ქართული პრესის ანალიზის საფუძველზე მათაც ვუგზავნიდი მასალებს. რასაკვირველია, ეს ხელისუფლებას ძალიან არ მოსწონდა, ვინაიდან საზღვარგარეთ გადიოდა ყველა ის კრიტიკული და უარყოფითი ინფორმაცია, რომლებიც ხელისუფლების შესახებ ქართულ პრესაში იბეჭდებოდა. დაპატიმრების შემდეგ მითხრეს კიდეც, თქვენ თავს უფლებას აძლევდით, რომ ხელისუფლების შესახებ ასეთი კრიტიკული მასალები მოგემზადებინათო.

2005 წელს რუსეთში, კერძოდ ყაზანში ოფიცალური ვიზიტით ვახლდი მიხეილ სააკაშვილს, შევხვდით იქაურ ქართველებს, პრეზიდენტმა აღუთქვა, რომ ამიერიდან ყურადღებას მოგაქცევთ, ხალხს გამოვაგზავნით, რომელიც გიპატრონებთო. მეორედ უკვე ოფიციალური მივლინებით გამაგზავნეს ყაზანში, ბაშკირეთში, უფაში. ეს არ ყოფილა საიდუმლო ვიზიტი, რუსეთში საქართველოს საელჩოს მიწვევით ვიმყოფებოდი, მაგრამ შემდგომში ეს სრულიად უვნებელი ფაქტიც კი ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს. თუმცა მაშინ რუსეთთან არ გვქონდა ასეთი დაძაბული ურთიერთობა და ასე უსაფუძვლოდ რუსეთის ჯაშუშადაც ვერ გამომაცხადებდნენ, რადგან ამაზე რუსეთს მწვავე რეაქცია ექნებოდა. 

ვფიქრობ, ჩემი დაპატიმრების ძირითადი მიზეზი ის გახდა, რომ მე უკვე ვიყავი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი და მათთვის არასასურველი პიროვნება, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს. ყველა ატესტაცია და კონკურსი წარმატებით მქონდა გავლილი, ამიტომ ასე უბრალოდ ვერ გამათავისუფლებდნენ და, მიზეზი რომ ვერ მომინახეს, ითმენდნენ ჩემს იქ არსებობას, მაგრამ შემდეგ მოკლეს სანდრო გირგვლიანი, მოხდა ციხის ბუნტი, ხელისუფლებას სასწრაფოდ სჭირდებოდა ამ მოვლენების გადაფარვა, რისთვისაც მე გამომიყენეს. 

_ საკმაოდ სერიოზული ბრალდებით დაგაპატიმრეს. რას ითხოვდნენ თქვენგან?

_ სურდათ, მეღიარებინა, თითქოს უცხოეთის სპეცსამსახურებთან ვთანამშრომლობდი. თუმცა საგულისხმოა, რომ არ იყო დასახელებული კონკრეტულად რომელი ქვეყნის სპეცსამსახურთან ვთანამშრომლობდი. დამიწერეს აღიარების ტექსტი და მაიძულებდნენ, ხელი მომეწერა.

_ ჯაშუშობაში დაგადანაშაულეს, მაგრამ საქმეში მითითებული არ იყო, კონკრეტულად რომელი ქვეყნის ჯაშუში იყავით?

_ დიახ, განაჩენში არ იყო მითითებული. სწორედ ამაში გამოიხატება საქმის აბსურდულობა. დღემდე არ ვიცი, რომელი ქვეყნის ჯაშუშობას მაბრალებდნენ. ვინაიდან მაშინ ყველანაირი უკანონობა გასდიოდათ, რასაც მოისურვებდნენ, ჩემი საქმეც ასე შეთითხნეს. საკმარისია, ფოტოგრაფების საქმე გაიხსენოთ, მიხვდებით, როგორ უსწორდებოდა ხელისუფლება მათთვის არასასურველ ადამიანებს.

_ თუმცა საბოლოოდ თქვენ მაინც აღიარეთ ბრალი. რატომ?

_ როდესაც ციხეში მოხვდება ადამიანი, არავინ იცის, როგორ მოიქცევა. თავიდან მტკიცედ ვიდექი, ვაპროტესტებდი უსაფუძვლო ბრალდებებს, მაგრამ…  რაც სურდათ, იმას აკეთებდნენ, თვითონვე შეთხზეს აღიარებითი ჩვენება და მომთხოვეს, ხელი მომეწერა. კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ჟღენტი მეუბნებოდა, აღიარე, თორემ აქედან ვერ გახვალო. ზოგჯერ ფსიქოლოგიური ზეწოლა უარესია, ვიდრე ფიზიკური. ოჯახის წევრების დაჭერით დამემუქრნენ. ერთ-ერთი საუბრის დროს მაჩვენეს ვიდეოკადრები, როგორ უთვალთვალებდნენ ჩემს შვილებს. ეს ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემთვის. ბევრი ფიქრისა და უძილო ღამეების შემდეგ გადავწყვიტე, აღიარებთ ჩვენებაზე ხელი მომეწერა. ჩემმა ადვოკატმაც მირჩია, ახლა მთავარია, გარეთ გახვიდე, არავის შენი ჯაშუშობის არ სჯერაო.

_ რა გელოდათ იმ შემთხვევაში, თუ ბრალს არ აღიარებდით?

_ მეუბნებოდნენ, _ საერთაშორისო საზოგადოებაც მხარს გვიჭერს და ჩვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას კანონიერად და სამართლიანად ჩათვლიან. ასე რომ,  ყველაფერს გავაკეთებთ და სამუდამოდ ციხეში დარჩებიო.  პირად საუბრებში ციხის თანამშრომლები, პროკურორი, გამომძიებელი არც მალავდნენ, _ ვიცით, რომ არ ხარ დამნაშავე, მაგრამ «ზემოდან» არის მითითება და ამიტომ უნდა აღიარო დანაშაულიო.

ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, ადამიანს იჭერდნენ და რამდენიმე წუთში პრეზიდენტი, შს მინისტრი, კონტრდაზვერვის უფროსი, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, ყველა ერთხმად აცხადებდნენ დამნაშავედ. დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამის შემდეგ ნორმალურ სახელმწიფოში ნებისმიერი ნორმალური სასამართლო გამათავისუფლებდა. მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე გამოვიდა და მანაც პირდაპირ დამადანაშაულა, თურმე სამსახურში ასეთი აგენტი გვყოლიაო.

გამოვიდა ვანო მერაბიშვილი და განაცხადა, სიმონ კლაძეს 20 ათას ლარს ურიცხავდა ამერიკის საელჩოო. ჯერ ერთი, ეს თანხაც გაზვიადებული იყო, თუ დავიანგარიშებთ, სულ 10-12 ათასი ლარი მაქვს აღებული მათგან ორი წლის განმავლობაში. არც ერთი ჯაშუში ასეთ მცირე თანხაზე არ მუშაობს, ეს ხომ ალოგიკურია, ამას გარდა, თანხა მერიცხებოდა ოფიციალურად, რომელ აგენტს ურიცხავენ ხელფასს ბანკში?

_ რატომ არ ჰქონდა მწვავე რეაქცია ამაზე ამერიკის საელჩოს?

_ ეს ის პერიოდია, საქართველო «დემოკრატიის შუქურად» რომ მოინათლა, ჯორჯ ბუში ჩამოვიდა საქართველოში და ხელისუფლებას სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. ციხის ბუნტის დროს ამდენი ადამიანი მოკლეს, ამაზე არ ჰქონდა დასავლეთს რეაქცია და ჩემზე ვის რა რეაქცია ექნებოდა?!

_ ჯაშუშობის ბრალდების მიუხედავად, საკმაოდ მალე გაგათავისუფლეს, რა პირობით გამოგიშვეს ციხიდან?

_ ციხეშიც ყველა ხვდებოდა, რომ ტყუილუბრალოდ ვიყავი დაპატიმრებული და მეუბნებოდნენ, არც სააკაშვილი და არც მერაბიშვილი შენს გამო არ უარყოფენ თავის ნათქვამს და საჯაროდ ბოდიშს არ მოგიხდიან, ამიტომ ცოტა ხანს იჯექი და მოითმინეო. ასევე მთხოვეს, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საჯაროდ ნუ ილაპარაკებ ამ ყველაფერზეო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირობითი სასჯელი მქონდა, ყველა ოპოზიციურ საპროტესტო აქციაზე დავდიოდი და ხელისუფლებასაც ვაკრიტიკებდი. ერთი-ორჯერ დამირეკეს და მიმანიშნეს კიდეც, რომ გავჩუმებულიყავი.

_ დღეს სრულ რეაბილიტაციას ითხოვთ, თუ აპირებთ სარჩელის შეტანას დამნაშავეების წინააღმდეგ?

_ შევიტანე განცხადება პროკურატურაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ, რომ ჩემ გამო ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს არავინ დაიჭერს, მაგრამ ჩემთვის არც არის არსებითი, ყველა დაიჭირონ და ციხეში გამოკეტონ. კარგი იქნება, გამოვიდნენ და აღიარონ მაინც საკუთარი დანაშაული, გაჩუმდნენ მაინც და ისეთი პოლიტიკური განცხადებები აღარ აკეთონ, როგორსაც ახლა ვანო მერაბიშვილი აკეთებს. ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია როგორც სხვა პოლიტპატიმრების, ასევე ჩემი საქმის გადახედვა და სრული რეაბილიტაცია მოხდეს.

ახლა მთავარია, საკანონმდებლო ორგანომ შეცვალოს კანონი საპროცესო შეთანხმების შესახებ, რადგან კანონში წერია, რომ გასაჩივრების უფლება ჩვენ არ გვაქვს. «ნაციონალებმა» ეს ყველაფერი წინასწარ კარგად გათვალეს და უსამართლობის გასაჩივრების უფლებაც არ დაგვიტოვეს.

  მინდა ჩემს საქმეს აეხსნას «გრიფით საიდუმლო», ჩატარდეს გამოძიება და მოხდეს ჩემი სრული რეაბილიტაცია, მაგრამ ამისთვის საჭიროა, სააკაშვილის ხელისუფლების მოსამართლეები და გამომძიებლები სამსახურებიდან გათავისუფლდნენ, რადგან არც ერთი მოსამართლე და გამომძიებელი თავის გაფუჭებულ საქმეს არ აღიარებს და, რა თქმა უნდა, იმავე განაჩენს გამოიტანს.

პირველ რიგში, მაინც უმთავრესია, სამართლიანობა აღდგეს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და შერიგებაზე მერე ვისაუბრებთ.

_ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება «ყოფილი ჯაშუშისადმი» და როგორ ცხოვრობთ დღეს?

_ მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლო ტელევიზიები ჩემს აგენტობას აქტიურად ამტკიცებდნენ, ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ არანაირი ჯაშუში მე არ ვიყავი. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გავაგრძელე სამეცნიერო მუშაობა. დღეს «ქართულ-ამერიკული» უნივერსიტეტის ლექტორი და ამავე უნივერსიტეტში არსებული კვლევითი ცენტრის თანამშრომელი ვარ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ჩემი საზოგადოებრივი რეაბილიტაცია უკვე მოხდა, მაგრამ მინდა როგორც საქართველოს სახელით დამნაშავედ გამომაცხადეს, ასევე საქართველოს სახელმწიფოს სახელით მოხდეს ჩემი რეაბილიტაცია.   

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here