Home რუბრიკები საზოგადოება ლაშა ამირეჯიბი: რა უფლება აქვს დავით უსუფაშვილს, მთელი ქართველი ხალხის მაგიერ აპატიოს...

ლაშა ამირეჯიბი: რა უფლება აქვს დავით უსუფაშვილს, მთელი ქართველი ხალხის მაგიერ აპატიოს «ნაციონალური მოძრაობის» კლანს ათასგვარი დანაშაული?!

723

«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «სახალხო კრების» ერთერთი ლიდერი ლაშა ამირეჯიბი.

_ ლაშა, რას იტყვით «ქართული ოცნების» ზოგიერთი საპარლამენტო ლიდერის ინიციატივაზე _ «ნაციონალური მოძრაობის» წევრებსა და ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკებს, რომელთაც მძიმე დანაშაული  არ ჩაუდენიათ, სხვა სახის დანაშაული ვაპატიოთ, მივუტევოთ და ეს კანონითაც გავამყაროთო

 _ პირველად ეს იდეა დავით უსუფაშვილმა გაახმაურა და მას «ქართულ ოცნებაში» ბევრი მხარდამჭერიც ჰყავს. ამის გაკეთება იმისთვის სჭირდებათ, რომ «ნაციონალებთან» კოაბიტაციის რეჟიმში იყვნენ. ისე, «ქართული ოცნების» არაერთი ლიდერი არჩევნებამდეც და დღესაც კოაბიტირებულია «ნაციონალური მოძრაობის» ზოგიერთ  წევრთან.  როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, მისი უმთავრესი დაპირება ის იყო, რომ ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენდა. წინასაარჩევნოდ ამას იმეორებდნენ მისი კოალიციის ის ლიდერები, დღეს რომ პარლამენტში სხედან. როგორც მახსოვს, უსუფაშვილი და ამ «პატიების იდეის»  მხარდამჭერები აცხადებენ, იმათ ვაპატიოთ, ვისაც მკვლელობა არ ჩაუდენიათ და ხალხი არ უწამებიათო. მორწმუნე ადამიანი ვარ და მიტევების საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, მაგრამ მე შემიძლია მივუტევო მას, ვინც მე რაიმე დამიშავა. რა უფლება აქვს თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარესა და ხალხის მიერ არჩეულ დავით უსუფაშვილს, მთელი ქართველი ხალხის მაგიერ აპატიოს «ნაციონალური მოძრაობის» კლანს ათასგვარი დანაშაული?!  მარტო მკვლელობები და ხალხის წამება იყო? უამრავ ადამიანს წამალი და იარაღი ჩაუდეს და საკმაოდ დიდი ვადით გაუშვეს ციხეში, ზოგს იმავე წამლის ჩადების მუქარით, ბიზნესს ვინღა ჩივის, საცხოვრებელი წაართვეს და ქუჩაში დატოვეს, ათასობით ადამიანი შანტაჟით, დაშინებით გააუბედურეს და ლამის მონებად აქციეს, მიტინგების დაშლისას ხალხი ისე სცემეს, რომ დაახეიბრეს _ ამის ჩამდენმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ!  როგორ შეიძლება, აპატიო გიორგი ბარამიძეს აფრასიძეების ოჯახის წევრების ჩახოცვა, როლანდ ახალაიას _ მთელი სამეგრელოს დატერორება, ხალხისთვის ქონების წაგლეჯა და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვება?! დავით საყვარელიძის კისერზეც ბევრი უდანაშაულო პატიმარია და ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. ამ ხალხს უნდა მოეკითხოს თავიანთი ცოდვები და კანონის წინაშე  უნდა აგონ პასუხი, იმის მიუხედავად, ვინ დეპუტატია დღეს და ვინ ყოფილი ძალოვანი. თუ პატიებაა, მაშინ იმ ხალხმა უნდა აპატიოს, რომელიც დაზარალდა, ვინც ტყუილად იჯდა ციხეში და ვინც «ნაციონალებმა» გააუბედურეს. «მპატიებელმა პოლიტიკოსებმა» ჰკითხონ ამ ხალხს, თუნდაც რეფერენდუმის ან სხვა გზით, თანახმანი არიან, რომ მიუტევონ დანაშაული «ნაციონალურ მოძრაობას» და, თუ ხალხი თანახმა იქნება, მაშინ ხალხის ნება უნდა აღსრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაეხსნან ამ თემას და თავიანთი საქმე აკეთონ. რამდენადაც ვიცი, ხალხი ბიძინა ივანიშვილისგან კვლავ ერთსულოვნად მოითხოვს მთავარი დანაპირების ასრულებას _ სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში. სამართლიანობა  კი მანამდე ვერ აღდგება, ვიდრე «ნაციონალური მოძრაობის» ყველა დამნაშავე წევრი სამართლიანი სასამართლოს წინაშე არ წარსდგება. ამდენად, საყოველთაო პატიებაზე ლაპარაკიც კი უაზრობაა.

თუ უფრო მასშტაბურად შევხედავთ ამ საკითხს, ეს იდეა დასავლეთის, ამერიკელების შემოგდებულია. დასავლეთმა უამრავი ფული და ადამიანური რესურსი დაახარჯა «ნაციონალურ მოძრაობას», მაგრამ ამ პარტიამ მათი იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა, ბოლომდე ვერ მოახერხა ქვეყნის დანგრევა. ამიტომ ახლა ცდილობენ, რაღაც დონეზე შეინარჩუნონ «ნაცმოძრაობის» ნარჩენები და მერე მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას შეუწყონ ხელი, რათა საბოლოოდ დააქციონ საქართველო. აი, ამისთვისაა გამოგონილი ეს კოაბიტაციაც და პატიების იდეაც. დამნაშავეებს განაჩენი ქართველმა ხალხმა _ სამართლიანმა სასამართლომ უნდა გამოუტანოს და არა მათმა მფარველმა უცხოელებმა. 

_ ახალი ხელისუფლების ერთერთი უმწვავესი პრობლემა საკადრო დეფიციტია. ეს იქიდანაც ჩანს, რომ სახელისუფლო სტრუქტურებში ვერ ელევიან ძველ კადრებსმათ შორის ისეთებსაცრომლებიც სხვადასხვა დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამადასტურებელი უამრავი მასალაა მედიით გავრცელებული. მართლა ასე მძიმედაა საქმე ქვეყანაში კადრების მხრივ?

_ მითი, თითქოს ქვეყანაში საკადრო დეფიციტია, ბატონ გია ხუხაშვილს ეკუთვნის. ამ პიროვნების შესახებ, თუ შეიძლება,  ჩემს აზრს ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი კადრებს მივხედოთ. კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ნამდვილად არ არის ქვეყანაში. გაიხსენეთ, თუნდაც «ქართულ ოცნებაში» შემავალი პოლიტიკოსების ძველი საჯარო განცხადებები _ ამ ხალხისგან ლამის ყოველდღიურად გვესმოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა პროფესიონალი კადრები უკანონოდ გამოყარა სახელმწიფო სტრუქტურებიდან და ათიათასობით ადამიანი დატოვა სამსახურის გარეშეო. კი, ეს მართლაც ასე იყო, «ნაციონალებმა» უამრავი პროფესიონალი დაითხოვეს, თან ყველა სფეროდან  და უცოდინარ, გამოუცდელ ხალხს გაუკაფეს კარიერისკენ გზა. მაინტერესებს, ახლა სად არიან ის კვალიფიციური, უმუშევარი კადრები? ისინი სახლებში სხედან  და, თუ მოინდომებენ, იპოვიან. გია ხუხაშვილს კი ამ  «საკადრო დეფიციტის» შექმნა იმიტომ სურს, რომ საკუთარ კადრებს გაუწიოს ლობირება, თავისი ხალხი დაასაქმოს ყველა სფეროში და ამას წარმატებით ახერხებს.

 მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, სულ 373 პროკურორი მყავს, კადრებში მიჭირს და იძულებული ვარ, ძველ პროკურორებს დავეყრდნოო. ზურაბ ადეიშვილმა უამრავი პროკურორი დაითხოვა თავის დროზე, მათმა უმრავლესობამ უარი თქვა მისი ბინძური დავალებების შესრულებაზე და ამიტომ მოიშორა. ის ხალხი სად არის? გაქრა? დაუძახონ და დაასაქმონ!  ანდა ბოლო 10 წლის მანძილზე რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ მაინც ხომ დაამთავრა წარჩინებით იურიდიული ფაკულტეტი? ჩაატარონ კონკურსი და დაასაქმონ ეს ხალხი, მისცენ შანსი. მთლად რაიონის პროკურორებად ნუ დანიშნავს მათ კბილაშვილი, მაგრამ ახალი სისხლი ხომ სჭირდება მის უწყებას და უკეთესს რას გააკეთებს პროკურატურის საკადრო გადახალისებისთვის? რა ხდება, იცით, პროკურატურაში? უამრავი უკანონო პატიმარი ითხოვს რეაბილიტაციას, მათ თავიანთი შეთითხნილი საქმეების ხელახლა გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადებები აქვთ შეტანილი და მათ ამ განცხადებებს ის პროკურორები განიხილავენ, რომლებმაც თავის დროზე ეს საქმეები შეთითხნეს, ანუ პროკურორებმა უნდა დაუმტკიცონ თავიანთ თავს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს და უდანაშაულო ადამიანები ციხეებში გაუშვეს. მითხარით ახლა, რომელი ჭკუათმყოფელი პროკურორი გააკეთებს ამას?

ვანო მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს, შალვა ჯანაშვილს, ერთერთი მსხვილი დეპარტამენტის უფროსად უპირებენ დანიშვნას. ეს ის ჯანაშვილია, 26 მაისის სისხლიანი აქცია რომ დაგეგმა და «უნაკლოდაც» შეასრულა. მარტო ეს კმარა, რომ ჯანაშვილს საერთოდ აეკრძალოს სახელმწიფო სისტემაში მუშაობა და, წესით, ეს კაცი მკაცრადაც უნდა დაისაჯოს. ამის ნაცვლად კი ირაკლი ღარიბაშვილი მას  დაწინაურებას უპირებს. ამავე უწყებაში არის ერთი პიროვნება, შაინიძე, რომელსაც, ჩემი ინფორმაციით, მრავალი უკანონობა აქვს ჩადენილი და მის დაწინაურებასაც აპირებს ღარიბაშვილი. ეს უკვე საკადრო დეფიციტი კი არა, ხალხის აბუჩად აგდებაა. ხალხმა «ქართულ ოცნებას» იმიტომ მისცა ხმა, რომ ჯანაშვილებისთანა ჩინოვნიკები დასჯილიყვნენ და არა იმიტომ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც საკვანძო პოსტები დაეკავებინათ. იმის რეალური საფრთხეც არსებობს, რომ «ნაციონალთა» ლიდერებმა, თავიანთი პოლიტიკური ბოსების დაკვეთით, როცა მათ ეს დასჭირდებათ, საბოტაჟი მოაწყონ ძალოვან უწყებებში და ეს რა შედეგსაც მოუტანს მმართველ გუნდსთავად გათვალონ. მე მაქვს ინფორმაცია და ამას ექსკლუზიურად გიმხელთვანო მერაბიშვილმა თავის ერთგულ პოლიციელებს დაუბარა, რომ რაც შეიძლება მკაცრად და უსამართლოდ მოეპყრან ხალხს, კანონის დარღვევის ზღვარზე იმუშაონ, რათა ხალხს აფიქრებინონ, «მერაბიშვილის პოლიცია» დღევანდელზე უკეთესი იყოო. ამას მერაბიშვილის ერთგული პოლიციელები განსაკუთრებული წარმატებით რაიონებში აკეთებენ და, სამწუხაროდ, სამინისტროს ხელმძღვანელები ამ ფაქტებზე არ რეაგირებენ.

გია ხუხაშვილს რაც შეეხება, ეს კაცი ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე. ამასწინათ განაცხადა, ჩემთან მოდიან ბიზნესმენები და თავიანთ გასაჭირზე მიამბობენ, თუ რა მძიმე დღეში იყვნენ «ნაციონალების» დროს, როგორ აწერდნენ მათ ფულს და მე ამ მასალებს გადავცემ პროკურატურასო.  გია ხუხაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, თანაც პოლიტიკური პროფილის არასამთავრობოსი და მას ბიზნესთან შეხება არ აქვს.  მაინტერესებს, რატომ ითავსებს ადვოკატის ფუნქციებს ხუხაშვილი, ის ბიზნესმენები, აღსარებას მას რომ აბარებენ, პროკურატურაში რატომ არ მიდიან და იქ არ უყვებიან პროკურორებს იმ უკანონობის შესახებ, რასაც წლების მანძილზე განიცდიდნენ?

_ ფაქტია, რომ ბიზნესმენთა უმრავლესობა მართლა მიდის გია ხუხაშვილთან დახმარების სათხოვნელად. ალბათ, იმიტომ, რომ მას ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის პოსტი ეჭირა

_ კი, მაგრამ დღეს მას ივანიშვილის კარზე არანაირი პოსტი არ უკავია, თუმცა ამბობენ, კვლავ  დიდი გავლენა აქვსო. მე ვიცი, რომ  ხუხაშვილი თითს არ გაატოკებს, თუ ხეირს არ მოელის. მას სურს, ბიზნესი აკონტროლოს საქართველოში, ის შავი ფული, რომელიც ადრე «ნაციონალთა» სალაროში მიდიოდა ბიზნესიდან, თავისკენ გადმოქაჩოს. ვატყობ, ჯერჯერობით წარმატებით გამოსდის ეს საქმე. ბიზნესმენები კი მასთან საკუთარი სურვილით არ მიდიან, ისინი იძულებულნი არიან, მივიდნენ ხუხაშვილთან. ხუხაშვილი იძახის, მე მინდა, ქართული ბიზნესი გავაცოცხლო, ქართულ ბიზნესს ძველი, სამარცხვინო ლაქა უნდა ჩამოვაცილოო. ვინ დანიშნა ხუხაშვილი ქართული ბიზნესის მექისედ?

ის უკვე გითხარით, ხელისუფლებაში არ დარჩა სფერო, მისი კადრები რომ არ იყვნენ გაბნეულნი. ფაქტია, ვიღაცამ მიანიჭა მას ეს ძალაუფლება და ამდენს იმიტომ ბედავს. მე მინდა ვკითხო ბიძინა ივანიშვილს _ ვისგან აქვს სანქცია ხუხაშვილს, რომ საქვეყნო საქმეებში ერევა ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი? თავად ივანიშვილს, როგორც ვიცი, ამგვარი ნებართვა არ გაუცია. ეს კაცი არის ან ცდილობს, იყოს კლასიკური ტიპის «რუხი კარდინალი» და თუ ბიძინა ივანიშვილმა დროზე არ შეაჩერა, ძალიან ბევრ უსიამოვნებას დაახვედრებს წინ.

_ «ქართული ოცნების» ერთერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება «ნაციონალურიოძრაობის» კლანური მმართველობის მოსპობა და სახელმწიფო სტრუქტურებში ადამიანების ნიჭისა და შესაძლებლობების ნიშნით დანიშვნა იყო. არადა, სხვა და სხვა დონეზე, უკვე აშკარაა ახალი, «ქართული ოცნების» კლანების ჩამოყალიბებაკოალიციის მრავალი ლიდერი საჯუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასაქმებით აქტიურადაა დაკავებული.

_  გავეცანი თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულ წერილს «კლანური ოცნება», რომელიც, წესით, საგანგაშო და გამომაფხიზლებელ ფაქტორად უნდა იქცეს  ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის. მე ჩემსას დავამატებ ამ ფაქტებს. ვადასტურებ, რომ ახალციხის გამგებლად ბესო ხითარიშვილის დანიშვნაში აქტიურად იყო ჩარეული ზვიად ძიძიგური, მან ზეწოლით აიძულა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი, საკრებულოს წევრები, «აერჩიათ» გამგებლად ხითარიშვილი. დავამატებ, რომ ამ საქმეში დავით საგანელიძის ხელიც ურევია _ ისიც ახდენდა ზეწოლას სანდროშვილზე, რათა ძიძიგურის პროტეჟე, ხითარიშვილი, გამხდარიყო გამგებელი. კანონს ის ხალხი არღვევს, რომლებიც აქეთ მოგვიწოდებენ კანონის დაცვას.

ახლა კი ბესო ხითარიშვილის მოცილება უნდათ და მის ადგილას რესპუბლიკელი თამარ გოგოლაძის დანიშვნა. ხალხს კვლავ არავინ არაფერს ეკითხება. ვინმე კახა ინდუაშვილი და ძმები მემოგნიშვილები კახეთიდან ჩავიდნენ ახალციხეში, ხალხს ეუბნებიან, რომ დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის წარმომადგენლები არიან, გოგოლაძის გამგებლად დანიშვნა მათთან შეთანხმებულია და რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. კახა ინდუაშვილი გამგებლის მოადგილეობას აპირებს.  მერე ეს გარესპუბლიკელებული «ნაციონალები» ოლეგ სანდროშვილის გადაყენებასაც აპირებენ საკრებულოს თავმჯდომარეობიდან და მთელი რაიონის  ხელში ჩაგდება უნდათ. ამას გარდა, ხალხს ემუქრებიან, ვინც ამ საქმეში წინააღმდეგობას გაგვიწევს _ აქციებს მოაწყობს ან სხვა აქტიური ფორმით გააპროტესტებს გოგოლაძის მოსვლას და სანდროშვილის წასვლას _ მათ შინაგან საქმეთა მინისტრთან, გელა ხვედელიძესთან, ექნებათ საქმეო.

_ გელა ხვედელიძე რა შუაშია ახალციხის გამგებლის დანიშვნასთან?

_ ეგ კითხვა მეც მაწუხებს… ალბათ, ხვედელიძესაც აქვს თავისი ინტერესები ახალციხეში.

უსუფაშვილსა და ხიდაშელს რაც შეეხებათ, მათი ამ საქმეში მონაწილეობა ეჭვს არ იწვევს. რესპუბლიკელებს სურთ, რაც გურჯაანში გააკეთეს, ახალციხეშიც იგივე გაიმეორონ _ ახალციხის საკრებულოს «ნაციონალი» წევრები რესპუბლიკურ  პარტიაში გააწევრიანონ.  მოკლედ, კლანური მმართველობის ნიშნები აშკარად შეინიშნება «ქართულ ოცნებაში» და ნაცნობ-მეგობრობით თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს. ამით, უპირველესად, ხალხი იზარალებს. რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც  არც «ნაციონალური მოძრაობის» წევრები არ იყვნენ და  დღეს არც «ქართული ოცნების» წევრები არიან, არც ერთ ხელისუფლებაში მფარველი და პატრონი რომ არ ჰყოლიათ? არ დადგა ამ ხალხის დასაქმების დრო?

წინასაარჩევნოდ, ყველას კარგად გვახსოვს, კოალიციის ლიდერებმა ფეხით მოიარეს ლამის მთელი საქართველო, გამორჩეულად კი მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატები აქტიურობდნენ _ წინასაარჩევნო პერიოდში ფეხი არ მოუცვლიათ იმ რაიონებიდან, რომლებშიც კენჭს იყრიდნენ. მაშინ კოალიციის წევრები ხშირ-ხშირად იმეორებდნენ, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია აუცილებელია,  ხალხის მაჯაზე უნდა ედოს ყური პოლიტიკოსს, რომ «ნაციონალურ მოძრაობას» მარტო წინასაარჩევნოდ ახსენდება რეგიონები და, ჩვენ თუ გავიმარჯვებთ, მათგან განსხვავებით, ამ ხალხის ცხოვრებით ვიცხოვრებთო. რაღაც ვერ ვხედავ «ქართული ოცნების» მაჟორიტარ დეპუტატებს რაიონებში, საიდანაც დეპუტატებად აირჩიეს. რა, ხალხთან კომუნიკაცია აღარ არის საჭირო? გაინაღდეს თავიანთი და აღარ ახსოვთ ის ხალხი, რომელმაც მათ დეპუტატობა მოუტანა? ჩემი უფროსი მეგობარია ბატონი გოგი ქავთარაძე, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა _ ის რომ დროულად ჩარეულიყო ზესტაფონელი მოვაჭრეების საქმეში და ეს საკითხი მოეგვარებინა, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ზესტაფონელები ორდღიან აქციას არ მოაწყობდნენ. საერთოდ, პრემიერ-მინისტრის საქმე არ არის რომელიმე რაიონის ბაზრის საკითხის გადაწყვეტა. კოალიციიდან ერთი სოსო ჯაჭვლიანი ვიცი, თავის გლდანელ ამომრჩეველთან რომ არის ნებისმიერი გასაჭირის დროს და მეორე _ ვიქტორ ჯაფარიძე, რომელსაც მესტიელები ძალიან ემადლიერებიან. მე იმაზე ვწუხვარ, რომ ზოგიერთი მაჟორიტარის მიერ ხალხის მოტყუებით ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი დაეცემა და ეს «ნაციონალური მოძრაობის» წისქვილზე დაასხამს წყალს, თორემ, მათ მეორედ  აირჩევენ თუ არა, ნაკლებად მაინტერესებს.

_ რამდენიმე დღის წინ, მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ვიდეომასალები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ჰომოსექსუალებს ყოფილი ხელისუფლება აშანტაჟებდა ამ კადრების გავრცელებით, მათ აგენტებად იყენებდა და ფულსაც სძალავდა. ამ კადრების გავრცელება «ნაციონალურმა მოძრაობამ» ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევად შერაცხა. როგორ ფიქრობთ, დაირღვა ვინმეს უფლებები?

_ ეს კადრები დაშიფრული იყო და ისე გავრცელდა. ამდენად, პიროვნებათა იდენტიფიცირება  შეუძლებელია. 2009 წელს, როცა ე. წ.  კარვების აქცია მიმდინარეობდა, გეხსომებათ, «ნაციონალურმა ტელეარხებმა» აჩვენეს  კადრები, როცა რამდენიმე ადამიანი კარავში ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარდა. ეს იყო  კუდისა და სოდის მიერ ფარული კამერით გადაღებული კადრები და ამ ადამიანების სახეები არ იყო დაფარული. აი, მაშინ რატომ არ აყვირდნენ «ნაციონალები»? რა, არ იყო ეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა? რატომ მაშინ არ ახმაურდნენ? ამ ადამიანებს არ ჰყავდათ ოჯახები, შვილები და მათ არანაირი სტრესი არ გადაიტანეს? იქნებ მათმა ოჯახის წევრებმა სულაც ამ კადრების გავრცელების შემდეგ გაიგეს, რომ ისინი ნარკოტიკს მოიხმარდნენ? «ნაციონალები» ჰომოსექსუალთა კადრების გავრცელებასაც პიარისთვის იყენებენ, თორემ  მათი ბედი საერთოდ არ აღელვებთ. ზოგადად კი, ჰომოსექსუალიზმზე იმას ვიტყვი, რომ, როგორც რუსეთში მოხდა, მისი პროპაგანდა და რეკლამა აქაც  უნდა აიკრძალოს. ბავშვს არ უნდა უთხრა, რომ ეს კარგია ან მავნებელი არ არის. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და ჩვენი რელიგია გმობს ჰომოსექსუალიზმს.

 ამდენად, ხალხის ინტერესების დაცვის მიზნითაა აუცილებელი ამ ღონისძიების გატარება და, რაც შეიძლება, სწრაფად.

_ წეღან  მითხარით, დასავლეთი «ნაციონალური მოძრაობის» ხელისუფლებაში დაბრუნებას შეეცდებაო. რამდენად რეალურია, რომ ისინი ამას მოახერხებენ?

_ ეს არასდროს მოხდება, თუმცა კი შეეცდებიან. ამერიკელებმა დიდი ამაგი დასდეს «ნაციონალებს» და ეცდებიან, რომ წყალში არ ჩაეყაროთ _ ან ხელისუფლებაში მათ დააბრუნებაზე იზრუნებენ, ან მათ სოლიდურ, ანგარიშგასაწევ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებაზე. თუმცა აქედან არც ერთი არ გამოვა, რადგან ხალხმა «ნაციონალებს» განაჩენი გამოუტანა _ მათ მმართველობაზე უარი თქვა და «ნაციონალთა» ლიდერების გასამართლებას ითხოვს. მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს და მას უნდა გავუმკლავდეთ.

_ მაინც როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ საფრთხეს?

_ ერთხელ, არჩევნებამდე, ბიძინა ივანიშვილს ვკითხე, _ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში როგორ აპირებთ ქართული, ამერიკული და რუსული პოლიტიკური ინტერესების ერთდროულად გატარებას-მეთქი. მე ამას შევძლებ, ამ პოლიტიკურ ინტერსებს დავაბალანსებო, _ მიპასუხა. მჯერა, რომ ბატონი ბიძინა ამას შეძლებს. აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, ამით ქვეყნის საზიანოდ მომძლავრებული ამერიკული ინტერესები დაბალანსდება. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი პრორუსულად არის  განწყობილი. ცხადია, მოსახლეობის ამ ნაწილს სოლიდური პოლიტიკური ძალა უნდა წარმოადგენდეს და მან კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს პრორუსული განწყობა მოსახლეობაში.

_ ეს ნატოს უფრო დაგვაშორებს. არადა, ბევრი ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს ერთადერთი ხსნა და საშველია.

_ ამ ნატოში კიდევ ვინ გვღებულობს, ერთი მითხარი, რა, ვაჟკაცურად? ვის ვჭირდებით იმ ნატოში, რომ ვეჩრებით? ხალხის ერთ  ნაწილს ჰგონია, რომ ნატოში არიან კეთილი ბიძიები, რომლებიც დღე და ღამე იმაზე ფიქრობენ, რა სიკეთე გაუკეთონ საქართველოს. ზოგს ლამის საქველმოქმედო ორგანიზაცია ჰგონია ნატო. ეს სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს. თუ რამე სიკეთე გაუკეთებია ჩვენთვის ნატოს, ათმაგად გადაგვიხდია. მარტო ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში ქართველი ბიჭების მონაწილეობა გავიხსენოთ _ ოცჯერ იაფი უჯდებათ ქართველი ჯარისკაცის ყოფნა ავღანეთში, ვიდრე ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცებისა.

 როცა ნატო რაიმეს გიკეთებს, შენგან ათმაგ და ოცმაგ მოგებას ელის და ნახულობს კიდეც, ეს ფაქტია. ოკუპირებული ტერიტორიებით ნატოში არავინ მიგვიღებს, ესეც უნდა გაიგოს ხალხმა, ხოლო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება, რუსეთი ნების გარეშე, შეუძლებელია. ამდენად, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ჩვენთვის გარდაუვალია. ვისაც ეს არ ესმის, მას საქართველოს ერთიანობა არ უნდა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხომ დავინახეთ, ჩვენი როგორი სტრატეგიული პარტნიორები არიან ნატო და ამერიკა! აი, მაშინ გამოჩნდა მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ვინმემ იბრძოლა ჩვენ გვერდით? ვინმემ გაატოკა  ხელი? არავის არაფერი გაუკეთებია, ამერიკამ გამოგვიგზავნა პამპერსები და წყალი და სულ ეს იყო.  რუსეთის ჯარების შეჩერება არც უცდიათ და არც სხვა დროს შეაჩერებენ, ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ ოდესმე რუსეთთან ურთიერთობა კიდევ დაგვეძაბა, ნატო და ამერიკა რუსეთთან ჩვენ გამო ურთიერთობას არ გაიფუჭებენ  და ნატოს წევრი ქვეყნის არც ერთი ჯარისკაცი თოფს არ გაისვრის ჩვენ სასარგებლოდ. აგვისტოს  ომი როცა დასრულდა, მერე მისცა ამერიკამ მილიარდები მიხეილ სააკაშვილს და ეს ფული ქვეყანას არ მოხმარებია, სააკაშვილმა და მისმა კლანმა «აითვისა» _ ამერიკა საქართველოს კი არა, სააკაშვილსა და «ნაციონალურ მოძრაობას» დაეხმარა.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

1 COMMENT

  1. როგორც,ყოველთვის შეუდარებელი ხართ ბატონო ლევან!ეს ინტერვიუ ,ასევე ზუსტი ანალიზია დღევანდელი მდგომარეობის.საზოგადოებამ უნდა ვიფიქროთ ,ბატონ ბიძინასთან ერთად როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან!რესპუბლიკელებო!ფრთხილად,წინ…ორმოა!

  2. სანამ რესპუბლიკელები და მსგავსი ურეიტინგო პარტიები არსებობენ ,საქარტველოს არაფერი ეშველება… სატირალია ნამდვილად..ალასანია? რა დამავიწყებ იმ დროს როგორ მიულოცა უგულოვას გამარჯვება,,მას მერე არ მწამს არავისი..ლაშა კარგი ადამიანი ხართ….

  3. ბატონო ლაშა მოგესალმებით, ნეტავ თქვენსავით ფიქრობდეს დღევანდელ მთავრობაში მყოფი ზოგიერთი ….. ხოლო რესპუბლიკელები საერთოდ ჩამოსაშორებელია პოლიტიკიდან…. ისინი თუ გაძლიერდნენ ნაცებზე უარეს გაუკეთებს საქართველოს ……

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here