Home რუბრიკები პოლიტიკა თბილისში ჩამოტყუებული და ამერიკაში გატაცებული ირანელი ბიზნესმენის ისტორია

თბილისში ჩამოტყუებული და ამერიკაში გატაცებული ირანელი ბიზნესმენის ისტორია

833

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ ამერიკის შეერთებული შტატები  4 ირანელის გატაცებისთვის დაადანაშაულა. იგი  გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა და ოთხივე პირის საქმის გამოძიება სთხოვაგატაცებულთაგან ერთერთი, ამირ ჰოსეინ არდებილი, დაიბადა 1974 წლის 3 ივლისს ქალაქ შირაზში. 2007 წლის 2 ოქტომბერს იგი თბილისში, სასტუმრო «მერიოტში» დააკავეს. 2008 წლის 26 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში  ექსტრადირება სპეციალური ავიარეისით გაუკეთეს. თეირანის განცხადებით, ოთხივე პიროვნება ამერიკის სპეცსამსახურის უშუალო ჩარევით გაუჩინარდა. შაჰრამ ამირის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს. ირანული მხარე ამერიკასთან ერთად პასუხისმგებლობას იმ სახელმწიფოებსაც აკისრებს, საიდანაც მათი მოქალაქეები გაიტაცეს, ან დაკავების შემდეგ ამერიკას გადასცეს. ამირ ჰოსეინ არდებილის საქართველოდან ამერიკაში ექსტრადირების თაობაზე სასამართლო პროცესი 4 თვეში დასრულდა. 2008 წლის 26 იანვარს ირანის მოქალაქე ამერიკას გადასცეს.

ამირ ჰოსეინ არდებილი თბილისში 2007 წლის 1 ოქტომბერს ჩამოფრინდა. იმავე დღეს საქართველოს პროკურატურასა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტებს შორის სამართლებრივი დახმარების შესახებ სპეციალური ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ამერიკელმა კოლეგებმა ქართველებს არდებილის დაკავება და მისი ამერიკაში ექსტრადირება მოსთხოვეს. ამირ ჰოსეინი მეორე დღეს სასტუმრო «მერიოტში» ქართველმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს.

 ამირ არდებილის შესახებ სამიოდე თვის წინ ჩემმა მეგობარმა მიამბო. მითხრა, რომ არდებილს აინტერესებდა, შემეძლო თუ არა მისთვის დახმარება გამეწია ადამიანის უფლებათა საკითხებში. მან საქართველოში დაპატიმრების შემდეგ ხუთი წელი გაატარა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ ციხეში. იგი თბილისის ერთერთ სასტუმროში აშშის სპეციალურ აგენტთან შეხვედრის შემდეგ დააპატიმრეს. აგენტს დაგეგმილი ჰქონდა დამნაშავე კრიმინალების დაკავების ოპერაცია. ეს ამბავი კარგად არის ცნობილი საერთაშორისო დონეზე და ინტერნეტითაც უამრავი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი: როგორც ჩანს, ოპერაცია ამერიკის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული, რაც მის რეალურ მოტივს ეჭვქვეშ აყენებს. სიმართლეშესაძლოა, არდებილის ვერსიასთან საკმაოდ ახლოს იყოს. ირანელი განტევების ვაცის როლში აღმოჩნდა.

ამირ ჰოსეინ არდებილი აწამეს, მას სიკვდილით ემუქრებოდნენ, თუ დანაშაულს არ აღიარებდა. აღიარება კი მას ცოტაოდენ იმედს უტოვებდა, რომ ამერიკის ფედერალური ციხიდან ცოცხალი  გააღწევდა. ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ადვოკატებთან ელექტრონული ფოსტით განხორციელებული საუბრების თანახმად, სასამართლო პროცესი, რომელიც ირანელმა საქართველოსა და ამერიკაში გაიარა, უბრალოდ, ფარსი იყო,  მთლიანად გაყალბებული და ჩატარდა ამერიკის, საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით. ადამიანი მოიტაცეს, ციხეში ჩასვეს, შეურაცხყვეს და ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად დასაჯეს, როცა მას მანამდე ფეხიც კი არ ჰქონია დადგმული ამერიკის ტერიტორიაზე.

ჯეფრი სილვერმანი,  ადგილობრივი ჟურნალისტი და «საქართველო და მსოფლიო» პირველად დაუკავშირდნენ არდებილს ენდრიუ ფეინშტეინის საშუალებით, რომელიც წარმოშობით სამხრეთ ამერიკელია და პარლამენტის აფრიკული ნაციონალური კონგრესის წევრი. იგი ამჟამად იკვლევს იარაღით ვაჭრობის საკითხებს. მან გამოსცა წიგნი და სტატიები ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულია ამ საკითხზე მისი ინტერვიუებიც.

მოკლე წინაისტორია:

ჯონ შიფმანი, რომელიც მუშაობს «ფილადელფია ინქუაიარერში», დაწვრილებით აღწერს კრიმინალების დაკავების ოპერაციას, რომლის შედეგიც იყო ამირ ჰოსეინ არდებილის დაკავება, დაპატიმრება და გასამართლება. ამერიკის მთავრობა ამტკიცებს, რომ არდებილი იყო სამხედრო შეიარაღების ნაწილების «წარმატებული» კონტრაბანდისტი და რომ იგი მუშაობდა ირანში, რათა ირანელი სამხედროებისთვის მიეწოდებინა მათთვის საჭირო ორმაგი გამოყენების საქონელი. იგი ამერიკის ემიგრაციისა და საბაჟო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააპატიმრეს, რომელშიც ამ  სამსახურის აგენტები იარაღის გადამყიდველების როლს ასრულებდნენ. მათ ჩაიტყუეს არდებილი თბილისში, შემდეგ ჩამოიყვანეს ამერიკაში, რათა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე პასპორტის კონტროლის, კონსპირაციისა და ფულის გათეთრების შესახებ თოთხმეტი პუნქტის დარღვევისთვის. არდებილს ყოველწლიურად ერთი მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების  საქონლის ირანში კონტრაბანდული გზით გადატანისთვის ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს ის ამერიკული  საქონელი იყო, რომელიც გამოიყენება თვითმფრინავებსა და რაკეტებზე შეტევისთვის, რაკეტის მართვისა და მისი ხელში ჩაგდების სისტემებისთვის.

 თავად არდებილმა ეს ფაქტები ელექტრონული ფოსტით შემდეგნაირად ახსნა: 

«2005 წლიდან ამაზე ამერიკის შვიდი სხვადასხვა საიდუმლო სააგენტო მუშაობდა. ისინი მეკონტაქტებოდნენ ელექტრონული ფოსტით  და მაგულიანებდნენ, რომ  რაიმე ბიზნესი გამეკეთებინა მათთან  ერთად; ისინი მახეს მიგებდნენ; ყველანი ერთად მუშაობდნენ, რომ ცოცხალი ირანელი  დაეჭირათ. მათთვის უმნიშვნელო იყო, ეს ირანელი ნამდვილად იარაღით მოვაჭრე იქნებოდა თუ არა; მთავარი იყო ვინმეს დაჭერა, რომ გარკვეული ბერკეტები ჰქონოდათ ირანის მთავრობასთან, რათა ბოლო მოღებოდა ირანის ატომური ენერგიის ამბიციებს ან მომხდარიყო ირანის მთავრობის დისკრედიტაცია…

 მათ მართლა ეგონათ და იმედი ჰქონდათ, რომ მე ვიღაც «დიდი ღლავი» ვიყავი. თუმცა ჩემს დაჭერამდე თბილისში ისინი მიხვდნენ, რომ ეს ასე არ იყო. მე მათ რამდენიმეჯერ ვუთხარი, რომ არ მივიღებდი მონაწილეობას არანაირ ბიზნესში, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა იარაღთან. მათ ეს ჩანაწერები  გაანადგურეს და შეინახეს მხოლოდ ის ნაწილები, სადაც მე ვპასუხობდი აგენტების შეკითხვებს აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო ომის შესახებ. მთლიანობაში, ეს საკმაოდ რთული სიტუაცია იყო ჩემთვის: ის ჟურნალისტიც კი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო სომხეთში, ჯონ შიფმანი «ფილადელფია ინქუაიარერიდან», პოლიციასთან მუშაობდა და ჩემს მოტყუებას ცდილობდა. ჩემი საქმის შესახებ მან ბევრი ტყუილი და არასწორი  ინტერპრეტაცია გამოაქვეყნა. იგი თბილისშიც კი წავიდა და სხვებთან ერთად ჩემი ყოფილი ადვოკატებისგან ინტერვიუ აიღო. მოკლედ რომ ვთქვა, მან ყველა ფაქტი არ გამოაქვეყნა. რას იზამ, იგი ხომ ამერიკელია და, ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო», – განაცხადა ამირმა.

 ამირ ჰოსეინ არდებილი გამოიყენეს, როგორც საიდუმლო ოპერაციის ნაწილი, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა, – წერს დასავლური მედია. როგორც ამირი ამბობს, «ამერიკის მთავრობამ შეიმუშავა მახეში გაბმის  სამარცხვინო სქემა; მათ უნდა მოეტაცებინათ ირანელი მოქალაქე (ვინც გინდა ყოფილიყო იგი); ის, რაც ტექნიკურად სრულიად ლეგალური ბიზნესი იყო, უნდა წარმოეჩინათ არალეგალურად და გამოეყენებინათ ამერიკის კანონები უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელიც საკუთარი სამშობლოდან შორს იმყოფებოდა».

ამის შემდეგ დოკუმენტში, რომელიც ამირმა გადაუგზავნა გაერთიანებული  ერების ორგანიზაციას, იგი წერს: «ეს ყველაფერი განახორციელეს მაღალ  დონეზე მომზადებულმა უშიშროების სამსახურის აგენტებმა». იგი ამბობს, რომ განტევების ვაცი აღმოჩნდა და რომ ოპერაცია იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რადგან მედიაში არსებობს საკმაოდ აშკარა მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ცდილობს ამერიკა, აიძულოს ირანი, შეაჩეროს ბირთვული პროგრამა. განსაკუთრებით ეს ეხება სენსაციურ სათაურებს, რომლებიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირანმა მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა დაიწყო.

ამირის დაკავება დაემთხვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისხმევას, დაეწესებინა სანქციები ირანისთვის ე. წ. შეიარაღების პროგრამის გამო. ასეთ ინიციატივებში შედიოდა ირანელი მეცნიერების მკვლელობები, რომლებიც, ძალზე სავარაუდოა, ისრაელის დაზვერვის სამსახურთან (მოსადი) ახლო თანამშრომლობით განხორციელდა.

ეს საქმე სამართალთან დაკავშირებულ ბევრ კითხვას წარმოშობს როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში. იგი წარმოადგენს იმ საშიშ პრეცედენტს, როცა საზღვრებსა და კანონებს პატივს არ სცემენ და როცა სამართლებრივი პროცესი ირღვევა ბევრ დონეზე. ამერიკელი აგენტები იყოლიებდნენ ამ ირანელ ბიზნესმენს სხვადასხვა კომერციული წინადადებებით. ეს ისეთი წინადადებები იყო, რომლებზეც დამწყები ბიზნესმენისთვის რთულია უარის თქმა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. მათი გეგმის ნაწილი იყო ირანელის ქვეყნიდან გაყვანა ბიზნესშეხვედრის საბაბით მესამე, მეგობრულ ქვეყანაში. საქართველო წარმოადგენდა იდეალურ ადგილს მათი მიზნებისთვის, რადგან  სააკაშვილის მთავრობა ბედნიერი იქნებოდა, დაეპატიმრებინა ამირი და მოეხდინა მისი ექსტრადირება. ის ფაქტი, რომ საქართველოს ამერიკასთან არ გააჩნდა ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ, მხოლოდ უმნიშვნელო ტექნიკურ დეტალს წარმოადგენდა.

როგორც ამირი აღწერს, «ამერიკელები დაჟინებით ითხოვდნენ პირისპირ შეხვედრას, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მე ნამდვილად საქმის გამკეთებელი ვიყავი და არა გადამგდები. სწორედ ასე მიაღწიეს იმას, რომ დავიწყე ინფორმაციის მოძიება მათი წინადადებების შესახებ. საინტერესოა ისიც, რომ მათ არასოდეს მოუთხოვიათ წინასწარ თანხის გადახდა და ცდილობდნენ, ძალზე ხელსაყრელი პირობები შემოეთავაზებინათ ჩემთვის». «იარაღის ვაჭრობაში ბრალდებულმა» დაასრულა იმით, რომ გაება ისეთი შეთავაზებისთვის, როგორიცაა ელექტრო ნაწილებისა და ფაზების მარეგულირებელი მოწყობილობების შესყიდვა, რისი გაკეთებაც კატალოგიდან გამოწერითაც შეეძლო.

2007 წელს დათქმული იყო შეხვედრა თბილისში. ნაციონალური უსაფრთხოების სპეციალურმა აგენტებმა ფარული კამერა დაამონტაჟეს. რვა საათის განმავლობაში ისინი ფრთხილად აბამდნენ მახეში არდებილს, განუწყვეტლივ უსვამდნენ კითხვებს, რათა ისეთი პასუხები გამოეტყუებინათ  მისგან, როგორიც სურდათ. როგორც ახლა ირკვევა, ამერიკელებმა რედაქტირება გაუკეთეს ჩანაწერებს იმგვარად, რომ ამირის პასუხები მათ მიზანს მორგებოდა.

ამჟამად, ხუთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ამირი წერს: «უნდა ვაღიარო, რომ ახალგაზრდა და ძალიან მიამიტი ბიზნესმენი ვიყავი და ვმოგზაურობდი სამოცდათხუთმეტი წლის მამასთან  ერთად. ეს იყო ბიზნესთან დაკავშირებული ჩემი პირველი და უკანასკნელი მოგზაურობა ირანის გარეთ. მათ ყველა ღონე იხმარეს, რომ წავსულიყავი თბილისში მათი საწყობის სანახავად, რომელიც, როგორც თავად ამბობდნენ, სავსე იყო ამუნიციით და სამხედრო აღჭურვილობით, რაც ჩემს ქვეყანას შეეძლო გამოეყენებინა. სპეციალური აგენტები მუდმივად იმეორებდნენ, რომ ისინი მზად იყვნენ, გადაეზიდათ ირანში ყველაფერი, რაც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა და თანაც ყოველგვარი წინასწარი გადახდის გარეშე. ისინი მეუბნებოდნენ, რომ მე თანხის გადახდა შემეძლო იარაღის გადაყიდვის შემდეგ. ახლა, როცა წარსულზე ვფიქრობ, განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ჩვენი საუბრების ჩანაწერების ყველა ის ნაწილი, რომლებშიც მე გამუდმებით ვიმეორებდირომ არ მივიღებდი მონაწილეობას იმ ბიზნესში, რომელიც ადამიანების სიკვდილის მიზეზი იქნებოდა, გაუჩინარდა

როცა ამერიკაში ვიყავი დაპატიმრებული, ბევრჯერ ვცადე იმის მტკიცებულების მოპოვება, თუ როგორ მომატყუეს. მე სისტემაში გავუჩინარდი. მათ მომცეს გამოგონილი სახელი და გვარი და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომ მიჭირს ასე, მოვიპოვო ის ჩანაწერები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც დაამტკიცებდა ჩემს უდანაშაულობას და ჩირქს მოწმენდა ჩემს სახელს. საინტერესოა, რომ ამერიკა ამტკიცებს, თითქოს სხვა სახელი და გვარი ჩემსავე დასაცავად მომცეს. სინამდვილეში ეს იმისთვის გაკეთდა,  რომ ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და მთავრობას ვერ გაეგო ჩემი ადგილსამყოფელი, როცა დახმარება ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ჩემმა ოჯახმაც კი არ იცოდა, სად ვიყავი და არც მე მქონდა კავშირი საკონსულოსთან, რადგან ჩემს ქვეყანას არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა ამერიკასთან. არავის შეეძლო ჩემი პოვნა. მუდმივი ზეწოლის ქვეშ ვიყავი, რადგან სულ მემუქრებოდნენ. მხოლოდ ერთი გზა მრჩებოდა: უნდა დავთანხმებოდი საპროცესო გარიგებაზე, თუ მინდოდა დამერეკა ჩემი ოჯახისთვის და გამეგებინებინა, რომ  ცოცხალი ვიყავი. ნაციონალური უსაფრთხოების საიდუმლო აგენტმა გამაფრთხილა, მეთქვა ჩემი ოჯახისთვის, რომ თარჯიმანი უსმენდა ჩვენს საუბარს და რომ საუბარს გაწყვეტდნენ, თუ ვიტყოდი ისეთ რამეს, რაც მათ არ მოეწონებოდათ. სხვა გზა არ მქონდა, გარდა იმისა, რომ მეღიარებინა თავი დამნაშავედ ყველა პუნქტში. ამერიკელები ისე იქცეოდნენ, თითქოს ისინი კანონზე მაღლა იდგნენ და მათ არც ქართველები ჩამორჩებოდნენ. მაწამებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, არ მაძლევდნენ  ძილის საშუალებას, მატყუებდნენ და იყენებდნენ სხვა ხერხებს, რომ ფსიქოლოგიურად გავმტყდარიყავი და მივსულიყავი გაუსაძლის მდგომარეობამდე, როცა მეტის ატანას ვეღარ შევძლებდი. მე ყველაფერს ვაღიარებდი, რომ დამეტოვებინა ამერიკა და დავბრუნებულიყავი ჩემს საყვარელ მეუღლესთან, ოჯახთან და სამშობლოში. ახლაც კი, საბოლოო გათავისუფლებიდან ოთხი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ მესიზმრება კოშმარები იმაზე, რაც საქართველოსა და ამერიკაში გამიკეთეს და რაც ირიბად ჩემს ოჯახს გაუკეთეს.

მე პაიკი ვიყავი დიდ თამაშში; ჩვენს ქვეყნებს  შორის არის აშკარა და გამოუცხადებელი ომი. არსებობს უამრავი დაგეგმილი პროვოკაცია. ჩემი ადვოკატი, ბატონი ლაიონსიც კი რეალურად არ მოქმედებდა ჩემს დასაცავად. ის იქ იმყოფებოდა, რათა დაეცვა ამერიკის შეერთებული  შტატების ინტერესები და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ გარკვეულად სამართლიანობა დაცული იყო და რომ  სასამართლო პროცესი იყო კანონიერი და სამართლიანი.

მე ვიმყოფებოდი ფილადელფიის ფედერალური დაკავების ცენტრში, რომელსაც სპეციალური საცხოვრებელი სახლი ეწოდება. საათობით მიმდინარეობდა ჩემი მხეცური, აუტანელი დაკითხვები, რომლებსაც ჩემი ადვოკატი არ ესწრებოდა, თუმცა ეს არც არაფერს შეცვლიდა. ჩემთვის სრულიად ცხადი იყო, რომ ის მათ მხარეს იყო და ისეთივე დამნაშავე იყო, როგორც ჩემი ბოროტი და ანტაგონისტურად განწყობილი გამომძიებლები. ერთადერთი არჩევანი იყო, მეღიარებინა დანაშაული ყველა პუნქტში; ისეთიც კი, რომლებზეც არანაირი სამხილი არ არსებობდა. ასეთი შეთანხმება მოხდა ჩემს ეგრეთ წოდებულ ადვოკატთან, რომელმაც, როგორც «ფილადელფია ტრიბუნმა» აღნიშნა იმ დროს, აღიარა, რომ არ იცოდა  არც ერთი მტკიციებულების შესახებ ჩემ წინააღმდეგ. «ეს ერთ-ერთი იმ საქმეთაგანია, რომელთა შესახებ სამართლის ფაკულტეტებზე არაფერს ყვებიან», _ ასეთი იყო მისი ციტატა. სასამართლოს მიერ დანიშნული ჩემი ადვოკატიც კი ის საშუალება იყო, რომელიც ამერიკის მთავრობამ ჩემ წინააღმდეგ და მახეში გასაბმელად გამოიყენა. ეს სრულიად ცხადი იყო მოსამართლისთვისაც: როცა მან მკითხა იმ პირობების შესახებ,  რომელთა ქვეშ მე ვაღიარებდი დანაშაულს, ისიც მითხრა, რომ ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, თუ ვისაუბრებდი იმ ინსტრუქტაჟის მიხედვით, რომელიც ჩემმა ადვოკატმა გამიწია.

მაგრამ მქონდა კი სხვა არჩევანი? ნებისმიერი რამ შესაძლოა შემმთხვეოდა ამერიკის შეერთებული შტატების  ციხეში. ორივე ჩემმა ადვოკატმა და გამომძიებლებმა მირჩიეს, დავთანხმებოდი იმაზე, რასაც მთავაზობდნენ და არ გამომეთქვა პროტესტი… მე ცხადად მახსოვს, როგორ ამიყვანეს თვითმფრინავში თბილისში და მესმოდა ქართველი ოფიციალური პირების საუბრები  ამერიკელ აგენტებთან და პროკურორთან, რომლებიც ჩამოვიდნენ, რომ წავეყვანე ამერიკაში და დაეგვირგვინებინათ საკუთარი გამარჯვება. როცა თვითმფრინავში ჩამსვეს, ნაციონალური უსაფრთხოების უფროსმა თქვა: «შენ ვერასოდეს დაბრუნდები სახლში. ჩვენ შეგვიძლია  დაგტოვოთ ამერიკაში და შენი მეუღლეც იქ ჩამოვიყვანოთ. სამაგიეროდ,  შენ უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდა, რადგან  არავინ იცის, სად იმყოფები და ვერავინ შეძლებს შენს პოვნას, რამე რომ შეგემთხვას».

შემდეგ იყო რვასაათიანი ფრენა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ. თვითმფრინავის დაშვებისთანავე, მე სასამართლოში წამიყვანეს. ღამის  სამი საათი იყო და მოსამართლე უკვე გველოდა. მოვისმინე პროკურორის მიერ ცხრა პუნქტით წაყენებული ბრალდება. არც კი მესმოდა, რას ნიშნავდა ეს. თარჯიმანი არ იმყოფებოდა სასამართლოში, ხოლო მე უკვე შოკის მდგომარეობაში ვიყავი, სიკვდილამდე შეშინებული. სასოწარკვეთილი ვცდილობდი, გამეგო, რა ხდებოდა ჩემ თავს. მე ვიყავი, და დღესაც ასე ვფიქრობ, პოლიტიკური პატიმარი. მე არ მქონდა უფლება, კონტაქტი დამემყარებინა გარე სამყაროსთან. გუანტანამო ბეიში გამოკეტილ ტერორისტებსაც კი მეტი უფლებები ჰქონდათ, ვიდრე მე. მათ, სულ მცირე, ადამიანებთან კონტაქტის საშუალება მაინც აქვთ. ეს იყო ამერიკული ექსპერიმენტი, ენახათ ირანისა და მსოფლიოს რეაქცია ფიზიკური პირის მიერ ჩადენილ ასეთ დანაშაულებებზე  მისი ქვეყნის წინააღმდეგ.

«ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში წარმოებული საქონლის შეძენასთან და  რომელსაც, შესაძლოა, ჰქონდეს ორმაგი, სამოქალაქო ან სამხედრო, გამოყენება, თავისთავად არ წარმოადგენს რომელიმე იმ კანონის დარღვევას, რომელთა დაცვაც მე მომეთხოვება. მე არა ვარ ამერიკის მოქალაქე. არასოდეს მქონია ბიზნესი ამერიკაში,  ფიზიკურად ან წარმომადგენლების მეშვეობით. ელექტრონულად, ინტერნეტის  საშუალებით თხოვნის გაგზავნა მწარმოებლებთან, რომლებიც თურმე ამერიკაში არიან, და მათ მიერ ჩემი კლიენტებისათვის საქონლის შეთავაზება, არ გვაყენებს მე ან ჩემს კომპანიას ამერიკაში ფიზიკურად ყოფნის აუცილებლობის წინაშე. ჩემი ქმედება, ჩემი ქვეყნის სახელით, არ განისჯება ამერიკის შეერთებული შტატების კანონებით.

ამერიკა ჯერ არ მართავს მთელ მსოფლიოს, თუმცა, როგორც ამ ქვეყნის მიერ განხორციელებული სამარცხვინო ქმედებებიდან ჩანს, მას სჯერა, რომ სწორედ ის განაგებს სამყაროს. მე მივმართავ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და საერთაშორისო სასამართლოს,  დამეხმარონ, მივიღო კომპენსაცია და მივმართო ასეთი არაჰუმანური ქმედებების განმხილველ კომისიას. ასეთი ქმედებები ხდება და თანაც ცდილობენ მათ გამართლებას ამერიკელების შეგნებაში 9/11-ის შემდგომი პერიოდიდან. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მუდმივად აყოვნებს, მიმართოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე, განსაკუთრებით _ როცა საქმე ეხება ე. წ. ტერორისტებს.

პატიმრობის პერიოდში მე არ მქონდა საშუალება, მიმემართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან ნებისმიერი სახელისუფლო შტოსთვის სამართლებრივი მხარდაჭერისთვის. როგორც მუსლიმანს, მაქვს განცდა, რომ ჩვენი თხოვნა და მიმართვა დახმარებისათვის ამაოა. მე მესმოდა ჩემი თანამემამულეების ყვირილი, რომელთა ცხოვრებაც ამერიკის სპეციალურმა აგენტებმა დაანგრიეს. მე მივმართავ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ბოლო მოუღოს პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებსაც ამერიკის შეერთებული  შტატები მუსლიმანი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს წლების განმავლობაში და, რომლებიც, როგორც მეჩვენება, არასოდეს დასრულდება.

ამერიკის სპეციალური აგენტები მეთოდურად და გათვლით მოქმედებენ ანტიტერორისტული მექანიზმების გამოყენების დროს; ისინი ხშირად უგულებელყოფენ პატიმრების უფლებებს და ბოროტად იყენებენ საიდუმლოების დაცვის შესახებ კანონებს _ საბრალდებო დოკუმენტებს საიდუმლო გრიფს ადებენ, რაც გამორიცხავს მათ გასაჯაროებას.

ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარში «იმპერატორის ახალი სამოსი» ქაოსი, უსარგებლო ომი  და სისხლისღვრა სწორედ მაშინ იწყება, როცა ბავშვი წამოიყვირებს, რომ იმპერატორი  შიშველია. მე ვისურვებდი, იმ ბავშვივით ვუთხრა გაერთიანებული  ერების ორგანიზაციას და საერთაშორისო სასამართლოს, რომ ეს ეგრეთ წოდებული სამოსი სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების გადატანა და მოვუწოდო მათ მოქმედებისკენ, რადგან ასეთი ფარული ოპერაციები, ძირითადად, მიმართულია უდანაშაულო ადამიანების და არა ნამდვილი ტერორისტების წინააღმდეგ.

მე ვითხოვ კომპენსაციას ყველა იმ ზიანის, ტკივილის, შეურაცხყოფის, დამცირებისა და შეთითხნილი ტყუილების გამო,  რაც ამერიკის ხელისუფლებამ გამოიყენა ჩემი და ჩემი  ქვეყნის წინააღმდეგ. მე მოვითხოვ, რომ  დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და გადაიხედოს ჩემი და სხვა მსგავსი საქმეები.

ჩემი გადაცემა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სამარცხვინო ფურცლად დარჩება საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიაში, რადგან იგი არღვევს საერთაშორისო  სამართლის ყველა სტანდარტს. უკანონოა, განახორციელო ადამიანის ექსტრადიცია მესამე ქვეყანაში მაშინ, როცა  არ არსებობს ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება, ან იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს უამრავი საფრთხე ემუქრება (ეს კი ასე იყო, თუ გავითვალისწინებთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის იმ  დროს არსებულ დაძაბულ არეულობას) და სადაც წამება მიღებული პრაქტიკაა.

ჩემი დაპატიმრება ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელმეორედ არჩევას პრეზიდენტის პოსტზე. ის და მისი მთავრობა ცდილობდნენ ასეთი ქმედებებით დაემსახურებინათ დასავლეთის კეთილგანწყობა იმ იმედით, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი ქვეყანა. ორივე მხარემ თავის საქმეში გამომიყენა, როგორც ჯიბეში კარგად შენახული კოზირი.

ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს მოსახლეობა საპროტესტო მიტინგებს მართავდა და ცვლილებებს ითხოვდა; ეს პროტესტები სისხლისღვრით დამთავრდა საქართველოს მოსახლეობისთვის და ისინი თბილისის ქუჩებში ცემეს. ჩვეულებრივი ქართველების უფლებებიც ისევე დაირღვა, როგორც ჩემი.

რაც ყველაზე ცუდია, იყო საიდუმლო გარიგება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ორივეს ინტერესში შედიოდა ჩემი დაკავება და ექსტრადიცია. ახლა, როცა ხელისუფლება შეიცვალა, იმედი მაქვსეს ინფორმაცია საჯარო გახდება. მე ერთი ადამიანი ვარ, რომლის გაწირვაც მოახერხეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელმა მთავრობებმა. მე გამომიყენეს, როგორც პოლიტიკური ბერკეტი და ამ საქმიდან საქართველომ მიიღო  ფული, საქონელი და პოლიტიკური დივიდენდები. ჩემი დაპატიმრებისა და გამოძიების პოლიტიკური ბუნების დამატებით მტკიცებულებად მომყავს 2010 წელს საჯაროდ გაცხადებული ამბავი, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, ბოდიში მოუხადა ირანს და თქვა, რომ ჩემი დაპატიმრება მოხდა მაშინ, როცა საქართველო იმყოფებოდა რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ანზორ მაისურაძემასევე მკაცრად გააკრიტიკა მთავრობა ჩემი  დაპატიმრების გამო: «მიუხედავად იმისა, რომ არდებილი ბრალდებული იყო ტერორიზმში, მისი ექსტრადიცია არ იყო კარგი იდეა. მისი გასამართლება უნდა მომხდარიყო საქართველოში, ქართული სასამართლოს მიერან უნდა განხორციელებულიყო მისი დეპორტაცია ირანში».

ამერიკაში კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ეს «ნაბიჯი იყო შუასაუკუნეობრივი ნიშანი იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია მოიტაცოს უცხო ქვეყნის მოქალაქე მესამე ქვეყნიდან, ჩამოიყვანოს ამერიკაში, წაიყვანოს სასამართლოში და გამოიყენოს ამერიკის კანონები ქვეყნის გარეთ. წარმოიდგინეთ, რომ «გუგლის» აღმასრულებელი დირექტორი მოგზაურობდეს ლიბანში, მოიტაცონ ირანელმა აგენტებმა და ჩააგდონ სამარტოო საკანში ირანში». კლიფ ბერნსმა, რომელიც არის ვაშინგტონში დაფუძნებული ერთ-ერთი იურიდიული ფირმის ამერიკელი ადვოკატი, აღნიშნა: «ჩვენ საკუთარ გულს უნდა ვუსმინოთ და ვიცოდეთ, რომ ყოველთვის იქნებიან ადამიანები კაპიტოლიუმის მთაზე, რომლებიც ხმლების ქნევას დაიწყებენ და დაგვაშინებენ დაპყრობით..»

«ამერიკა და ამერიკის სასამართლო კონსპირაციულად მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებთან და ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტთან იმაზე,  რომ მე არ მღირსებოდა სამართლიანი სასამართლო. ისინი მოტივირებულნი იყვნენ მხოლოდ იმ აზრით,  რომ  შეექმნათ მაგალითი და პრეცედენტი და გამოეძიებინათ ირანული წარმოშობის ადამიანის საქმე. აქ ორმაგი სტანდარტი იკვეთება. ამერიკული წყაროების მიხედვით, სახაზინო დეპარტამენტმა საშუალება მისცა ზოგიერთ კომპანიასა და ფიზიკურ პირს, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ ირანთან არალეგალურ ვაჭრობაში, თავი დაეღწინათ  სასჯელისთვის. ცხადი ხდება ისიც, თუ რატომ  არ მოჰყვა არანაირი რეაქცია ჩემს თხოვნას დახმარებაზე: ეს გამოააშკარავებდა იმ კომპანიების სახელებს და ცხადყოფდა ამერიკის სამართლებრივი სისტემის ფარისევლობას».

ჯეფრი სილვერმანი,

მაია ჩუბინიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here