მეოცე საუკუნის დასასრულს მსოფლიო საზოგადოებრიობაში განვითარებულმა ტექტონიკურმა ძვრებმა გაკვალული გზები ჩახერგა და კაცობრიობა ახალი არჩევანის წინაშე დადგა: ახლა საით? ქვეყნებმა საკუთარი ორიენტირები აირჩიეს. საქართველოს განვითარების ორბიტა დასავლეთისკენ გადაიხარა. არჩეულია თუ არა სწორი გეზი? ხომ არ მოხდება ისე, რომ, საითაც გავიქეცით, წაქცევას ვერ გადავრჩებით? ამ თემებზე საუბრობს საზოგადო მოღვაწე, სოციოლოგი და ცნობილი ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია.
_ საზოგადოება თანდათანობით რწმუნდება, რომ აშშ–ის საგარეოპოლიტიკური სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულება სუვერენული სახელმწიფოების ეტაპობრივი ნგრევაა. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ პოლიტიკის მიმართ?
_ ხაზგასმით უარყოფითი. ამ პოლიტიკას ამერიკელები გლობალიზაციით ნიღბავენ. მე, როგორც სოციოლოგს, თავის დროზე ეს საკითხები მეცნიერულად მაქვს ნაკვლევი და ნაშრომები მაქვს გამოქვეყნებული აქაც და საზღვარგარეთაც. გლობალიზაცია მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის თანმდევი პროცესი და მისი ბუნებრივი შედეგია. კომუნიკაციის საშუალებათა უკიდეგანო გაფართოებამ მსოფლიო მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების საყოველთაო ხელმისაწვდომობა გამოიწვია, რაც ხალხებს შორის ბარიერებს თანდათანობით შლის და ადამიანებს სულ უფრო ამსგავსებს ერთმანეთს, მათი რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ამერიკელებმა ამ პროცესს მოხერხებულად შეუცვალეს მიმართულება და ბუნებრივი გლობალიზაცია ხელოვნური ამერიკანიზაციით ჩაანაცვლეს. გლობალიზაცია თუ კულტურათა ევოლუციური განვითარებაა, ამერიკანიზაცია კულტურათა რევოლუციური ნგრევაა.
_ როგორ ფიქრობთ, ამ პროცესის შეჩერება შესაძლებელია?
_ როგორც ჩანს, პატარა ერები ამ პროცესს წინ ვერ აღუდგებიან. ამის დასტურია ყოფილი იუგოსლავიის მაგალითი, რომელიც ემსხვერპლა ევროპის საბოლოო ამერიკანიზაციის ბინძურ გეგმას. ამის დასტურია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ამერიკული «დემოკრატიის» ცეცხლითა და მახვილით შეტანა, რასაც შედეგად დემოკრატია ვერა, მაგრამ სისხლისა და ცრემლის მდინარეები მოჰყვა. ამერიკანიზაციას მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ, ვინაიდან იგი მთელ მსოფლიოს ემუქრება. აღუდგნენ კიდეც.
შოს-ი («შანხაისკაია ორგანიზაცია სოტრუდნიჩესტვა»), სადაც რუსეთი, ჩინეთი და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები გაერთიანდნენ, ამერიკანიზაციის საწინააღმდეგო მოვლენაა. ამერიკანიზაციის უპირველესი შემაკავებელი ფაქტორი იქნება ევრაზიული კავშირი, რომლის ჩამოყალიბების იდეა პუტინმა გაახმოვანა და რომლის კონტურები უკვე გამოიკვეთა რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის სახით. ვანს, მაგრამ გაკვრით მაინც უნდა ვახსენოთ ამერიკული იმპერიალიზმის სისტემური კრიზისის შესახებ ყველაზე მეტს თვითონ ამერიკელები ლაპარაკობენ. ყოველივე ამის ანალიზი წამყვან ფილოსოფოსებს, სოციოლოგებსა და ეკონომისტებს უბიძგებს დაასკვნან, რომ ამერიკანიზაცია, როგორც პოლიტიკური და სამხედრო ავანტიურა, ვერ განხორციელდება.
_ დღევანდელ მმართველ ძალასა და მის ოპოზიციას შორის პერსონალიებს შორის განსხვავების გარდა რამე მსოფლმხედველობრივ განსხვავებას პოულობთ?
_ ათასჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია მთლიანად უზურპირებულია ამერიკელების მიერ. 1985 წელს საბჭოთა კავშირში «პერესტროიკის» დაწყების შემდეგ აქ პოლიტიკურ პროცესებს ამერიკელები მართავენ და ყველა ის უბედურება, რომლებიც დღემდე თავს დაგვატყდა, მათ სინდისზე, უფრო სწორად, მათ უსინდისობაზეა… რაც შეეხება მმართველ ძალასა (მხოლოდ პოლიტიკოსები მყავს მხედველობაში და არავითარ შემთხვევაში _ ჩინოვნიკები) და მის ოპოზიციას, თუ ბიძინა ივანიშვილს არ ჩავთვლით, ეს ერთი გუნდია. სწორედ მათი ერთობლივი პოლიტიკური «შემოქმედების» შედეგია სამ ნაწილად დაშლილი საქართველო, რომლის გამთლიანების პერსპექტივა, სამწუხაროდ, ძალიან ბუნდოვანია.
_ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთიანობის შესახებ წინა ხელისუფლების პირობებშიც საუბრობდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაპირისპირებამ ლამის სამკვდრო–სასიცოცხლო ხასიათი მიიღო და, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც «ნაციონალური მოძრაობა» საპარლამენტო უმცირესობაში აღმოჩნდა, მტკიცება იმისა, რომ ისინი კვლავ ერთ გუნდად რჩებიან, რბილად რომ ვთქვათ, დამაჯერებლობას მოკლებული ხომ არ არის?
_ ერთად ვიმსჯელოთ. ისინი ერთმანეთს პერსონალურად ვერ იტანენ, თორემ, მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, მათ შორის უმნიშვნელო განსხვავებასაც ვერ იპოვით. დააკვირდით მათ ლექსიკას: საგარეო საკითხებში _ დასავლეთი, ამერიკა, ნატო… საშინაო საკითხებში _ დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ რა საერთო აქვთ ამ შინაარსისგან დაცლილ თუმცა გარეგნულად ლამაზ ცნებებს ქართულ რეალობასთან _ დაკარგულ ტერიტორიებთან… მიწასთან გასწორებულ ეკონომიკასთან… ლუკმა-პურის საძებნელად საზღვარგარეთ გადახვეწილ მილიონობით ჩვენს თანამემამულესთან?! 1992 წელს სამშობლოდან გაძევებულმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ რადიოსადგურ «თავისუფლებისთვის» მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა აზრი, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, მას უფრო დაუმკვიდრებს ადგილს ისტორიაში, ვიდრე დისიდენტური ან საპრეზიდენტო მოღვაწეობა: «დემოკრატია გადაიქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც იყენებენ დასავლეთის ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესის შესანიღბად. ისინი არიან კაცობრიობის მტრები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ისინი მიზნად ისახავენ სხვა ხალხების გენოციდს პლანეტის მოსახლეობის ერთი გარკვეული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდაა დაკავშირებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის. მე ზოგადად მას ევრო-ამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი».
_ ძალიან რადიკალური ხომ არ ხართ, ბატონო ვალერი?
თქვენ მიგაჩნიათ, რომ ქართველი ხალხის ერთწლიანმა ბრძოლამ და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამ ვერაფერი შეცვალა და ხელთ იგივე სიტუაცია შეგვრჩა, როგორიც გვქონდა?
_ ვთქვი და გავიმეორებ: ბიძინა ივანიშვილის ფენომენს თუ არ გავითვალისწინებთ, ზუსტად ასეა. ივანიშვილის ფენომენი ცალკე თემაა.
_ ცალკე თემა შეიძლება იყოს, გეთანხმებით, მაგრამ, როცა მისი პოზიცია ქვეყნის საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით მისი პოლიტიკური გუნდის რიტორიკის ანალოგიურია, განსხვავებაზე ლაპარაკი ჭირს.
_ მაგრამ ხომ ხედავთ, რომ ამის მიუხედავად, მის მიმართ როგორი აგრესია მოდის დასავლეთიდან?! მე ყოველთვის ღია პოლიტიკის მომხრე ვიყავი და მაღიზიანებდა თუნდაც იგივე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით რომ მეუბნებოდნენ, _ სხვას ლაპარაკობს, მაგრამ სხვა გეგმები აქვსო. დღეს ვერ გამოვრიცხავ, რომ მართლა ასე იყოს. რატომღაც წარმოუდგენლად მეჩვენება, ივანიშვილი ვერ ხვდებოდეს, რომ მას ორი არჩევანი აქვს: ან უნდა დაჰყვეს ამერიკელთა ნებას და იქცეს სააკაშვილის მსგავს მმართველად, ან გაწიროს თავი და დადგეს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
_ მაინც როგორი მოლოდინი გაქვთ _ საით გადაიხრება ივანიშვილი?
_ ივანიშვილი ძლიერი პიროვნებაა და არც პოლიტიკაში ჩანს ისე ჩაუხედავი, ზოგიერთებს რომ სურთ წარმოჩენა. დავაკვირდეთ ერთი შეხედვით ისეთ უბრალო ფაქტს, როგორიცაა რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხებში მის პირად წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნა. ეს საქმე საგარეო საქმეთა სამინისტროს კი არ დააკისრა, არამედ მისგან სრულიად დამოუკიდებელი პიროვნება მოიყვანა. ისე გააკეთა, რომ ორი საგარეო საქმეთა სამინისტრო შექმნა. ერთი _ რუსეთთან ურთიერთობისთვის, მეორე _ დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობისთვის. საკითხავია, რატომ? მარტივი ახსნა აქვს ამას. თავიდან ბოლომდე პროდასავლური ფანჯიკიძე (თავის აპარატთან ერთად) რუსეთთან ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბების საქმეში ვერ გამოადგება. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი საკუთარ გუნდთან სერიოზული მსოფლმხედველობრივი განსხვავების გამო მათ არც ენდობოდეს, მაგრამ ოსტატურად ინიღბებოდეს. თუმცა კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია და არავითარ შემთხვევაში _ მტკიცება.
_ თქვენ თქვით, რომ საქართველოში პოლიტიკა ამერიკელების მიერ არის უზურპირებული, ანუ ჩვენ არა ვართ სუვერენული სახელმწიფო. სად და როდის დავკარგეთ სუვერენიტეტი?
_ ძალიან რთული შეკითხვაა. მე ვფიქრობ, რომ სუვერენიტეტიც და სახელმწიფოებრიობაც მეთხუთმეტე საუკუნეში დავკარგეთ, როცა საქართველო სამთავროებად დაიშალა. მას შემდეგ სუვერენიტეტი ვერ აღვიდგინეთ. იყო პატარა გამონათება 1918-21 წლებში, მაგრამ ის სუვერენიტეტი ვერ შედგა. 1992 წელსაც გვქონდა ისტორიული შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საბჭოთა ნანგრევებიდან გამოსულები, ყოველგვარი ყოყმანისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩავბარდით ამერიკელებს და დღემდე ვართ დეკლარირებული დამოუკიდებლობისა და რეალური კოლონიალიზმის ვითარებაში, ჰეროიკული წარსულით და ბუნდოვანი მომავლით.
_ აშშ–ის რეალური გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე რუსეთია. უშვებთ თუ არა, რომ ეს რეალობა ჩვენი ქვეყნის შიგნითაც აისახებოდეს და არსებობდეს?
_ რა თქმა უნდა! მიუხედავად ათასგვარი პროვოკაციისა და აღვირახსნილი ანტირუსული პროპაგანდისა, ამერიკელებმა სააკაშვილის პირობებშიც კი საქართველოში რუსი ხალხისა და მისი უდიდესი კულტურის მიმართ სიძულვილი ვერ გააღვივეს. ივანიშვილის მიმართ ქართველი ხალხის მიერ არჩევნებში გამოხატული უდიდესი ნდობა იმ ფაქტორსაც ეფუძნებოდა, რომ ის რუსეთთან ურთიერთობის მომწესრიგებელ პიროვნებად მიიჩნიეს (ამას «ნაცმოძრაობის» პროპაგანდისტულმა მანქანამაც შეუწყო ხელი). ხალხს ეს იმედი რომ გაუცრუვდეს, ივანიშვილი სწრაფად დაკარგავს პოლიტიკურ რეიტინგს. ეს ის რეალობაა, რომელსაც ხმამაღლა არავინ აღიარებს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ამ რეალობის შესახებ წლების განმავლობაში თანმიმდევრულად ლაპარაკობდა, ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით, რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ვახტანგ გოგუაძე საეჭვო ვითარებაში გამოგვეცალა ხელიდან, იგორ გიორგაძეს ცილი დასწამეს და პოლიტიკურ დევნილად აქციეს, ხოლო მის თანამოაზრეებს, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს, მრავალი წლის განმავლობაში ახეხინეს ციხის კედლები. ამ ხელისუფლებასაც კი, ვეჭვობ, ეყოს ძალა და პატიოსნება, რომ იგორ გიორგაძე, რომელსაც ოფიციალურად ბრალიც კი ვერ წაუყენეს, პოლიტიკურ დევნილად აღიაროს. ასე რომ, საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების ანარეკლი საქართველოშიც გვაქვს. არც შეიძლება სხვაგვარად იყოს.
_ საერთოდ, რამდენად სამართლიანია, ან თუნდაც პრაგმატული მიზნებით რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ მსოფლიოში ერთი ჰეგემონი სახელმწიფოს არსებობა?
_ ღმერთმა დაიფაროს მსოფლიო ერთი სახელმწიფოს ჰეგემონიისგან. რამე სახის ჰეგემონია თუ უნდა არსებობდეს მსოფლიოში, ეს უნდა იყოს სოციალური სამართლიანობა, ძლიერისა და სუსტის მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპი, საყოველთაო ჰუმანიზმი, ტოლერანტობა და ასე შემდეგ, მაგრამ ვიდრე კაცობრიობა ამ სანუკვარ მდგომარეობას მიაღწევდეს, კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის. ხოლო რასაც ნიშნავს ამერიკული ჰეგემონიზმი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს უკვე იწვნია კაცობრიობამ. შეიძლება თუ არა ასე გაგრძელება, ამის შესახებ დასკვნა იმავე კაცობრიობამ უნდა გააკეთოს.
_ ამ ვითარებაში საქართველომ საით უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ არ წაბორძიკდეს და, ღმერთმა არ ქნას, არ წაიქცეს?
_ საქართველო, კარგა ხანია, რაც წაბორძიკდა და წაიქცა კიდეც. ის ახლა ფეხზე წამოსაყენებელი, მოსავლელი და გასაჯანსაღებელია. ამისათვის ერთადერთი გზა არსებობს: მტკიცე უარის თქმა ამერიკულ კოლონიალიზმზე, ნატოს წევრობის აკვიატებულ სურვილსა და მსგავს პოლიტიკურ ილუზიებზე. რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების ბაზაზე გახდება შესაძლებელი სამშობლოს ტერიტორიული გამთლიანება და რეალური სუვერენიტეტის მოპოვება. აი, სამოქმედო პროგრამაც და წმიდათაწმიდა მიზანიც, რომლის ირგვლივაც უნდა გაერთიანდეს სრულიად საქართველო. გაერთიანდება კიდეც!
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე