Home რუბრიკები პოლიტიკა არჩილ კბილაშვილი: მალე გაიგებთ დასაბუთებულ ბრალდებებს იმ თანამდებობის პირთა მიმართ, რომელთაც ყველა...

არჩილ კბილაშვილი: მალე გაიგებთ დასაბუთებულ ბრალდებებს იმ თანამდებობის პირთა მიმართ, რომელთაც ყველა კარგად ვიცნობთ

691

ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი.

_ ხალხმა არ უნდა იგრძნოს, რომ ფულზე მიდის ვაჭრობა. როდესაც ფული შემოდის სამართალში, თუნდაც ლეგალურად, იქ უკვე მართლმსაჯულებაზე ლაპარაკი აღარ შეიძლება. შარშან, 2011 წელს, 108 მილიონი ლარი იყო საპროცესო შეთანხმების გზით ამოღებული. ეს თანხა ერთი ან ათი ბიზნესმენის გადასახედიდან შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ სახელმწიფოსთვის საკამათოა, დიდი ფულია თუ არა. თუ შეადარებთ იმას, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა 300 მილიონი ლარი დაჯდა, არც ისე დიდი თანხაა… საპროცესო გარიგების მანკიერი მხარეების კულტივირების შედეგად დაირღვა მთავარი _ საზოგადოებამ დაკარგა სამართლიანობის შეგრძნება. ეს კი არც 108 მილიონი ღირს და არც ათჯერ ამაზე მეტი. მე ასეთი მაგალითი მომყავს _ დღეს რომ არჩევანი გქონდეთ ახალ «მერსედესსა» და ახალ «ფორდს» შორის, ბუნებრივია, აირჩევთ «მერსედესს». 4 წლის შემდეგ რომელი გირჩევნიათ _ 4 წლის «მერსედესი» თუ ახალი «ფორდი»? ზოგმა შეიძლება ისევ ის «მერსედესი» აირჩიოს, მაგრამ 8 წლის შემდეგ ახალ «ფორდს» აირჩევს უმეტესობა, «მერსედესს» აირჩევს 1-2%, ისიც ამ ფირმის ფანები. ესაა სწორედ ხელისუფლების ცვალებადობის პრინციპი.

_ მოდით, კონკრეტული მაგალითებით დავიწყოთ. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე უამრავი საქმის გადახედვაგადასინჯვა მიმდინარეობს. 50 ადამიანზე მეტი არის გამოშვებული დროებითი დაკავების იზოლატორებიდან. რას ენიჭება პირველ რიგში უპირატესობა და როგორ ახერხებთ ამ მოკლე დროში იმის დადგენას, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი?

_ დროებითი დაკავების იზოლატორები სამმართველოს კიბის ქვეშ, ორ სართულზე არის განთავსებული და, როცა იქ მოხვდებოდა ადამიანი, იძულებული იყო, დათმობაზე წასულიყო და ხშირად ეღიარებინა ის, რაც, არათუ მას არ ჩაუდენია, არამედ სინამდვილეში არც მომხდარა, ამიტომაც ძალიან იოლი იყო, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანისთვის ყველაფერი გეთქმევინებინა. შეიცვალა ხელისუფლება, აღარ ვახორციელებთ ზეწოლას სასამართლოზე და მივიღეთ ასეთი სურათი _ აბსოლუტურად ყველა საქმეზე სასამართლო განხილვის პროცესში, ვინც კი თავი დამანაშავედ ცნო, ასევე მოწმეები, რომელთაც წინასწარ გამოძიებაში მხარი დაუჭირეს ბრალდებას, თითქოს პირი შეკრეს, ამბობენ, რომ სინამდვილეში პირს არ ჩაუდენია დანაშაული და ადგილი ჰქონდა მათზე ზეწოლას. მოგეხსენებათ, რომ სასამართლოში მიცემული ჩვენება მეტი ძალის არის, ვიდრე მანამდე მიცემული ჩვენება. ჩავხედეთ საქმეებს და საქმეებში არაფერია, არის მხოლოდ დასკვნა მოწმეების ჩვენების საფუძველზე, შედეგად _ საქმე დანგრეულია, ანუ წინა ხელისუფლებას არ სჭირდებოდა მეტი მტკიცებულება, არც ფაქტები, მხოლოდ მოწმეთა საფუძველზე შეეძლოთ საქმის შეკერვა.

ასე რომ, ჩვენ ელემენტარულად  იძულებული ვართ, გავუშვათ ის ადამიანები, რომელთა დაკავების საფუძველიც არ არსებობს.

_ ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებზე ხშირად ამბობენ _ ამ ხალხს ისეთი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და უფლებამოსილების გადამეტების ან ფინანსური გადაცდენის მეტი ვერაფერი უპოვეთო?

_ საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულები შედარებით იოლი გამოსაჩენია და ზედაპირზე დევს. ელიტური კორუფციის გამოვლენა კი უკვე გულდასმით შესწავლას საჭიროებს, რათა ამას არ მიეცეს შემდეგ პოლიტიკური დევნის შეფასება. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ სამართლიანი მაშინაც კი, როდესაც ვიცით, რომ კონკრეტულმა მაღალჩინოსანმა თანხა არაკეთილსინდისიერად იშოვა. სანამ არ გვექნება უტყუარ მტკიცებულებათა ბაზა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ბრალდებებს არ ვარიგებთ.

_ მიუხედავად ამისა, ყოფილი ხელისუფლების ზედა ეშელონების წარმომადგენელთა მიმართ საფინანსოეკონომიკური კუთხით კონკრეტული და სერიოზული ბრალდებები ჯერ არ მოგვისმენია

_ ძალიან მალე მოისმენთ, იმიტომ, რომ ჩვენი _ პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის _ ჯგუფი ამჟამად მუშაობს და ძალიან მალე გაიგებთ დასაბუთებულ ბრალდებებს იმ თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებსაც ყველა კარგად ვიცნობთ, საქმე მათ მიერ მილიონების მითვისებას ეხება.

_ აქვე მინდა გკითხოთ: გადაიხედება თუ არა უკანონო სასამართლო განაჩენები და დადგება თუ არა არასწორი განაჩენების გამომტანთა პასუხისმგებლობის საკითხი?

_ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვაპირებთ, ავამოქმედოთ საკანონმდებლო მექნიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს უკანონო განაჩენის მსხვერპლთ, რომ მოხდეს მათი განაჩენების გადახედვა. როგორც მოცემულობა აჩვენებს, ბევრი ადამიანი უკანონოდ იხდის სასჯელს. უბრალოდ, აქამდე ვერ მოხერხდა შესაბამისი კანონის ამოქმედება ამ პირების მიმართ, მაგრამ ახლო მომავალში ყველა მათგანს მიეცემა საშუალება, რომ მათი განაჩენი გადაიხედოს და შესწავლილ იქნეს. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი მიენიჭება მათ, ვინც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფება.

_ რის მიხედვით ხდება პოლიტპატიმრების სტატუსის მინიჭება?

_ მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი კანონი და ნორმატიული აქტი არ არსებობს, არსებობს ერთი ზოგადი ხასიათის აზრი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტპატიმრობის რაობის არსს. თუკი განაჩენი გამოტანილი არ არის მტკიცებულებებზე დაყრდნობით ანდა წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, მაშინ ეს ადამიანი შეიძლება განვიხილოთ პოლიტპატიმრად. მოტივი შეიძლება იყოს ნაირგვარი _ მიუღებელია მისი  პოლიტიკური შეხედულება ანდა ქონება აქვს ამ ადამიანს წასართმევი და ა. შ. ჩვენ ასეთი შემთხვევაც გვქონდა, როდესაც ვიღაცას მისი ცოლი მოეწონა და ამის გამო ის ადამიანი მსჯავრდებული გახდა. ამ მხრივ ფანტაზიას, გაუკუღმართების თვალსაზრისით, საზღვრები მართლაც არ აქვს. შეიძლება ნამდვილი დამნაშავეც კი პოლტპატიმრად გექცეს, თუ იქ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ არის სტანდარტი დაცული.

ამის გარდა, არის შემთხვევები, როდესაც განაჩენი გამოტანილია საპროცესო შეთანხმებაზე და პარალელურად საქმეში დევს, თუ როგორ აჩუქა ამ ადამიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანა ან ქონება. რა თქმა უნდა, ეს არის უკანონობა და ყველა ასეთ შემთხვევას ვიძიებთ. ეს, ფაქტობრივად, ქრთამია და, თუ ამ პოზიციას მიადევნებთ თვალს, სარგებელი შეიძლება გაკეთებული იყოს მესამე პირის სასარგებლოდ. ეს მესამე პირი კი შეიძლება სულაც სახელმწიფო იყოს. გამოვრიცხავთ რა ასეთი ქონებრივი უფლებების მიღებას სახელმწიფოს მხრიდან, უნდა დაისაჯოს ის პირი, რომელმაც ეს გააკეთა ანდა აიძულა სხვა, რომ გააკეთებინა. თუ ნაჩუქარი ქონება დღესაც არის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში და მას სხვა მესაკუთრე არ გააჩნია, სახელმწიფო ეცდება, დაუბრუნოს ეს იმ პირს. თუ შემდეგ სახელმწიფისგან იყიდა სხვა  კეთილსინდისიერმა პირმა, მაშინ ეს ქონება იმ პირს დარჩება, მაგრამ  სახელმწიფომ უნდა კომპენსაცია გასწიოს თავდაპირველი მესაკუთრის სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში, თუ ეს წართმეული ქონება სახელმწიფოსგან ისეთ პირს აქვს შეძენილი, რომ ჩანს მისი კავშირი სახელმწიფო მოხელესთან, მაშინ მის მიერ მოხდება მესაკუთრისთვის კომპენსაციის გადახდა, ანუ მიდგომა  უნდა იყოს სამართლიანი.

მაგალითად, 2004 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ბევრ თანამდებობის პირს თუ საწარმოს ხელმძღვანელს ქონება ჩამოართვეს. იმ დროს გავრცელებული აზრით, ეს ქონება იყო შეძენილი კორუფციული გარიგებით და ჩამორთმევის მეთოდი და წესი იყო უკანონო. აქ საკითხი  ასე დგება _ რა ვქნათ, იმ ყოფილ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს დავუბრუნოთ ქონება? სამართლებრივი პასუხი ამაზე ძალიან იოლია _ უნდა დავუბრუნოთ, თუკი უკანონოდ არის წართმეული, და უნდა დაასაბუთო, თუკი უკანონოდ აქვს მოპოვებული. სამართლებრივი გზა ეს არის. ამასთან დაკავშირებით ასობით ადამიანს უკვე შემოტანილი აქვს განცხადება პროკურატურაში.

_ რამდენად გახსნილი იქნება პროკურატურა? და საერთოდ, რა კეთდება იმისთვის, რომ დაუახლოვდეს პროკურატურა სამოქალაქო საზოგადოების ინეტერესებს?

_ პროკურატურის გახსნილობა და პროკურორის დამოუკიდებლობა არის სწორედ ის ნაბიჯები, რომელიც ამ სტერეოტიპს შეცვლის. პროკურორი უნდა იყოს მეოხი, თანამდგომი, რომელიც სამართლიანობას დაამკვიდრებს და არა ძალმომრეობას. როდესაც ჩემს პროკურორად დანიშვნამდე გარედან, როგორც საზოგადოების წევრი, თვალს ვადევნებდი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებს, ვხედავდი რიტორიკას: «მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი», «ხალხის ნება», «საზოგადოების მიმართ საკუთარი თავდადების დემონსტრირება» და ა. შ. სწორედ ასეთი პათეტიკით იყო გამსჭვალული ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოსვლა, მაგრამ ისინი ისე თავისუფლად სჩადიოდნენ  შემზარავ ქმედებებს, რომ ხელიც არ უკანკალებდათ. დაგროვილი ბოროტება იყო სწორედ ჩვენი რეალობა. დღეს ვცდილობთ, რომ თითოეულ ადამიანს ვესაუბროთ. ეს არის ძალიან ძნელი, მაგრამ ეს არის ის, რაც ნდობას განაპირობებს. მოქალაქეების მიღებას ჩვენ ვახორციელებთ კვირაში ორჯერ. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ იმ კაბინეტში მოქალაქე კი არა, დეპარტამენტის თავმჯდომარეც არ ყოფილა არასოდეს შესული, მაგრამ, თუ მოქალაქემ არ იგრძნო, რომ იქ არის ხელისუფლება, იქ არის მისი პრობლემის გადაწყვეტის სათავე, არაფერი გამოვა.

 ახლა მივდივარ ერთი პატიმარის სანახავად. ასეთი რამ კი, რომ გენერალური პროკურორი ციხეში მისულიყოს პატიმრის სანახავად, ძველი ხელისუფლების პირობებში არ მომხდარა.

_ საზოგადოება თვლის, რომ დანაშაულმა იმატა ქვეყანაში. ხომ არ იქნება ეს საშიში საზოგადოებისთვის?

_ ძალიან გახშირდა «ფეიბოქსების» გატეხვის ფაქტები. ეს გარდამავალი პერიოდისთვის ახსნადია; როდესაც ერთი ხელისუფლება მიდის და მეორე მოდის, ასეთი ტიპის დანაშაულებების მატება ხდება. იყო ისეთი შემთხვევები, როცა ბიჭმა გატეხა «ფეიბოქსი» და მოიპარა 20 ლარი. არასრულწლოვანს 20 ლარისთვის ხომ არ დააპატიმრებ და ამიტომ გირაოთი იქნა გამოშვებული, მაგრამ მეორე დღეს იგივე გაიმეორა. სწორედ აქ არის საჭირო სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბება, ვინაიდან წვრილმანი ხულიგნობისა და ძარცვის ფაქტები ძალიან გაზრდილია, ამიტომაც ჩვენ იძულებულები ვართ, გავამკაცროთ პოლიტიკა. მე დავავალე ჩემს პრესსამსახურს, რომ  ძალიან აქტიურად დაიწყოს საზოგადოების ინფორმირება, რომ წვრილმანი დანაშაულების რიცხვი არის მზარდი, ამიტომაც ჩვენ ვამკაცრებთ სისხლისსამართლებრივ ბერკეტებს, მაგრამ აქაც ადეკვატურობა უნდა იქნეს დაცული.

მაგალითად, მე ძალიან უსამართლოდ მეჩვენება ფაქტი, როდესაც 29 წლის ახალგაზრდას, აფხაზეთიდან ლტოლვილს, რომლის საქმეშიც იყო «თელასის» კაბელის მოპარვის 22 შემთხვევა, რაც საბოლოო ჯამში 5 ათასი ლარის ზარალს შეადგენდა, შეკრებითობის წესით, მიუსაჯეს თითოეულ შემთხვევაზე 3 წლამდე და გამოვიდა 72 წელიწადი. მაგრამ, ვინაიდან ჩვენი კანონი 30 წელზე მეტხანს პატიმრობას არ ითვალისწინებს, მოსამართლემ მას მისცა 30 წელიწადი. ეს არის არაადექვატური და არალოგიკური. იქ შეიძლება განაჩენი ყოფილიყო 3-4 წელიწადი ზიანის ანაზღაურებით, მაგრამ პროკურატურა მას ეუბნებოდა ასეთ რაღაცას – 10 ათასი დოლარი გადაიხადე და 10 წელს მოგცემო. იმ ლტოლვილს 10 ათასი დოლარი რომ ჰქონოდა,  კაბელს არ მოიპარავდა. ჩვენ შევეცდებით, რომ სასჯელი იყოს დანაშაულის ადეკვატური. აგერ, გუშინწინ გამოვიდა ადამიანი, რომელიც უკურნებელი სენით არის დაავადებული, მაგრამ გამოსვლიდან მეორე დღეს მოასწრო ადამიანის დაჭრა და უკან შებრუნდა, რა თქმა უნდა, ასეთ რაღაცებს ვერც მომავალში გავექცევით, მაგრამ რა ვქნათ? ამის გამო სამართლიან მართლმსაჯულებაზე უარი ვთქვათ?

სამართლიანი მართლმსაჯულების გაგონებაც არ უნდოდა წინა ხელისუფლებას, ამიტომ ვაწყდებით დღეს უამრავ მანკიერებას. ერთ შემთხვევას გავიხსენებ ჩემი საადვოკატო პრაქტიკიდან: როდესაც საქართველოში ისრაელის საელჩოს ადვოკატი გახლდით და ამ ქვეყნის დიპკორპუსს იურიდიულ მომსახურებას ვუწევდი, ისრაელის ელჩმა საქართველოში უჩივლა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს. იგი თვლიდა, რომ მის მიერ გაწეული სამუშაო სრულად არ კმაყოფილდებოდა და ითხოვდა საზღაურის გაზრდას თავისი მთავრობისგან. აღნიშნული სარჩელი განიხილა ისრაელის სასამართლომ, ელჩის მოთხოვნა საფუძვლიანად და სამართლიანად სცნო და აქედან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დააკისრა ელჩისთვის ანაზღაურების გაზრდა. ახლა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ელჩს რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად, საბერძნეთში, ეჩივლა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სასამართლოში. ის კი არა, რომ ჩვენი დოპლომატი პროცესს ვერ მოიგებდა, ამ ელჩს გააქრობდნენ ელემენტარულად… სარჩელის შეტანაზე ხომ ლაპარკიც ზედმეტია _ მას, უბრალოდ, სასამართლო არ მიიღებდა წარმოებაში.

 ამის საპირისპიროდ ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მეორე მაგალითი, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოში მოიწვია ისრაელელი ბიზნესმენები, როგორც თავისი პირადი სტუმრები, და ამ მოწვევას უშუალოდ პრემიერმინისტის ხელმოწერა ჰქონდა. შემდეგ გაირკვა, რომ არანაირი მოწვევა უშუალოდ პრემიერმინისტრისგან არ გაგზავნილა და არც არაფერზე მოუწერია ხელი პრემიერს. მან საერთოდ არ იცოდა ამ მოწვევის შესახებ, უბრალოდ, იმდროინდელი პროკურატურის ოპერატიულმა სამსახურმა თავად გამოაცხო ასეთი მოწვევა, თავად დაუსვა პრემიერმინისტრის რეგალიები და შემოიტყუა ასე და ამგვარად უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში, ანუ ქვეყნის, ფაქტობრივად, ერთ-ერთი პირველი პირი იქნა გამოყენებული ამ ბინძურ  ავანტურაში. იცით, როგორც დასრულდა ეს ამბავი? ამასთან დაკავშირებით არ? პრემიერ-მინისტრს შეუტანია სასამართლოში სარჩელი და არც გაუპროტესტებია ეს ფაქტი.

_ ჯერ კიდევ არჩევნებამდე თქვენს ამ ფრაზას ბევრი მითქმამოთქმა მოჰყვა და უნდა გკითხოთ: რა კავშირშია პოლიტიკასთან სექსუალური მომწიფება?

_ ეს იყო ფიგურალური გამოთქმა. ჩვენ, მაგალითად, გვაქვს ისეთი რეალობა, როდესაც 25-26 წლის ადამიანი არის უკვე ექსმინისტრი. გვყავდა ადამიანები, რომლებიც გენპროკურორობიდან სასწავლებლად მიდიოდნენ… ეს არ არის ჯანსაღი მოვლენა, როდესაც სხვისი ბედის გადაწყვეტა მიენდობა ადამიანს, რომელსაც საკუთარი ბედიც ვერ გადაუწყვეტია, იმიტომ, რომ 25 წლის ასაკში შეიძლება იყო ექსტანმოვარჯიშე, იმიტომ, რომ ისინი 25-26 წლის ასაკში ასრულებენ თავის კარიერას, მაგრამ ამ ასაკში იყო ექსმინისტრი და, ასე ვთქვათ, ყველაფრის სპეციალისტი, ეს ხშირად აბსურდამდე მიდიოდა. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ისეთი ფაქტები, რომ პენიტენციარული სისტემა იყო იმ ადამიანების ხელში, რომელთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაფიქრებულია. გვაქვს წამების საოცარი ფაქტები, რომელთა მსგავსს ვერ წარმოვიდგენთ ყველაზე უარესის ფიქრის დროსაც კი, რომ ეს შეიძლება ვინმეს მოეფიქრებინა და რომელთა გახმაურებაც კი ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვიჭირს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს მოუმზადებელმა და მოუმწიფებელმა ადამიანებმა. და ეს დაუბრუნდა უკან საზოგადოებას ძალიან მძიმედ.

დასავლეთში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, მოსამართლე ხდება წარჩინებული ადვოკატი, რომელსაც დიდი შემოსავალი ჰქონდა და ახლა უნდა მშვიდი ცხოვრება. მოსამართლის ცხოვრება კი მშვიდია და ნაკლებ შემოსავლიანი. ამ ადამიანს კარიერა აწყობილი აქვს და მას შეუძლია სხვისი ბედი განაგოს. ჩვენ კი გვყავს 26-27 წლის მოსამართლე, რომელიც საოჯახო სამართლის საკითხებს იხილავს და ფიქრობს, როდის გათხოვდება ან დაქირავებული ბინიდან როდის გადავა საკუთარ ბინაში. 

_ ქვეყანაში, სადაც კლავენ პრემიერმინისტრს, სცემენ ჟურნალისტებსქუჩაში ხალხს ხოცავენ, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას სამართლიანობა დაუსვა პირველ ამოცანად, უკანონოდ არავინ იქნეს დასჯილი და, რასაც ვხედავთ, ჯერ არც ერთი პირი არ დაკითხულა უკანონოდ. რატომ არის შეშფოთებული ევროპა ამ სამართლიანობისთვის და ვინ ჰკითხავს სენატორებს, რას და როგორ გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება?

_ აქ არანაირი ტრაგედია არ არის და ეს ახსნადი პროცესია. თქვენ გახსოვთ, რომ ყველა სადამკვირვებლო მისია და ავტორიტეტული ორგანიზაცია აცხადებდა, რომ არჩევნებამდე ხელისუფლების რეიტინგი ძალიან მაღალი იყო, რომ მას დიდი უმრავლესობით უნდა მოეგო და ა. შ. ამასთანავე, ჩვენ ვისმენდით, რომ საქართველო არის წარმატებული ქვეყანა, აქ შენდება ახალი ცათამჯენები და ა. შ. ამ იდეას და პროპაგანდას ემსახურებოდა მთელი სახელმწიფო მანქანა და იხარჯებოდა სახელმწიფო ფული. ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ზოგიერთი გარეგნული ეფექტი რომ დაალაგო, შედეგი მართლაც არის და ამ შედეგის პროპაგანდა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ საქართველო დაენახათ, როგორც თანამედროვე სტანდარტების ნიადაგზე აღმოცენებული სახელმწიფო. თან ეს სახელმწიფო ატარებდა აშკარად ანტირუსულ პოლიტიკას. ესეც ჯდებოდა იმ დასავლურ სტანდარტებში.

მოკლედ, პროკურორს რაც არ ევალება, ეს არის პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ არა როგორც პროკურორი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. ეს ფაქტორები, ეს ფსევდორეალობა განაპირობებდა იმას, რომ საქართველო მიიჩნეოდა დემოკრატიის შუქურად, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ქართველი ხალხი და 1 ოქტომბერს ეს ნათლად გამოჩნდა. თუმცა ადამიანებს, ვინც საქართველოს გარშემო ფსევდორეალობას ქმნიდნენ, ინფორმაციული წყაროები ხელუხლებელი დარჩათ და აგრძელებენ ძველ რეჟიმში მუშაობას. ამ მუშაობის შედეგად ბევრისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, მძიმე დანაშაულში მხილებული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები «არაკორუმპირებული ქვეყნისა, რომელშიც მიდის აღმშენებლობა, სადაც სამოქალაქო რეესტრი კომპიუტერიზირებულია»…

ასე რომ, მათი დამოკიდებულება არის ახსნადი და ის, რაც ახსნადია,  ნორმალურია. საჭიროა კარგი მუშაობა და ინფორმაციის გაცვლა. მე, მაგალითად, ორჯერ შევხვდი დიპლომატიურ კორპუსს და ისინი უკვე ყველა ინფორმაციას ფლობდნენ, როდესაც მოსმენების გამო კუდის თანამშრომლები დავაკავეთ. თანაც, როდესაც შენს მეგობარზე გეუბნებიან ძვირს, შენი პირველი და ბუნებრივი რეაქცია მხარდაჭერაა, არ გინდა, დაიჯერო, რომ შენი მეგობარი დამნაშავეა.

ესაუბრა
ლილი მიროტაძე

1 COMMENT

  1. უნდა დაჩქარდეს ნაცხროვის ნარჩენების სახელისუფლებო ნებისმიერი დონეებიდან რაც შეიძლება მალე მოშორება.
    ბატონი პროკურორი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს.რახან ისინი მოშორდნენ არ ყოფილა საქართველო განწირული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here