Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ გავხადოთ სააკაშვილს ამერიკული ქურთუკი?

როგორ გავხადოთ სააკაშვილს ამერიკული ქურთუკი?

911

სირცხვილი და თავის მოჭრა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი ისევ ამერიკელი სამხედო მფრინავის ქურთუკით დარბის. ადრე მას მხოლოდ ქვეყნის შიგნით ნახევრადოფიციალურ სიტუაციებში იცვამდა, შემდეგ მასში გამოწყობილი მაღალჩინოსან ამერიკელ დიპლომატთან, ფილიპ გორდონთან, შეხვედრაზე გამოცხადდა, გასულ კვირას კი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ამავე ქურთუკით, რომელსაც უცხო სახელმწიფოს სიმბოლიკა ამშვენებს, პოლონეთში აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე მივიდა.

ჯერ კიდევ სააკაშვილი-გორდონის შეხვედრამ გამახსენა სცენა პროსპერ მერიმეს «ტამანგოდან», რომელიც წინ უძღოდა აფრიკელი ბელადის მიერ თანამემამულეების მონობაში გაყიდვას: «ტამანგო თეთრი კაპიტნის მისაღებად საგულდაგულოდ გამოწყობილიყო. ძველი ცისფერი მუნდირი ეცვა, რომელსაც კიდევ შერჩენოდა კაპრალის სირმები. თითო მხარზე ორი ოქროს სამხრე ეკიდა, ერთსა და იმავე ღილზე მიმაგრებული, ერთი წინ ებარტყუნებოდა, მეორე _ უკან, პერანგი არ ეცვა, მუნდირი კი ცოტათი მოკლე იყო მისი ტანის ადამიანისთვის, ამიტომ მუნდირის თეთრქობაშემოვლებულ კიდეებსა და გვინეურ ტილოს შარვალს შორის მოუჩანდა შავი კანის საკმაოდ ფართო ზოლი, რომელიც სარტყელს წააგავდა. წელზე ბაწრით ეკიდა კავალერისტის უზარმაზარი ხმალი, ხოლო ხელში საუკეთესო ინგლისური ორლულიანი თოფი ეჭირა. ამნაირად აღჭურვილ აფრიკელ მეომარს ეგონა, რომ მოხდენილობით სჯობნიდა ყველაზე უკეთ მოკაზმულ პარიზელ ან ლონდონელ ფრანტს. კაპიტანი ლედუ ცოტა ხანს მდუმარედ ათვალიერებდა მას, ტამანგო კი იდგა გამოჭიმული, როგორც გრენადერი აღლუმზე უცხოელი გენერლის წინაშე, და ტკბებოდა შტაბეჭდილებით, რომელსაც, მისი აზრით, ახდენდა თეთრ ადამიანზე» (პროსპერ მერიმე, «ტამანგო», თარგმანი ჭ.ხუნდაძისა).

სახელმწიფოს პირველი პირის სიარული ტანსაცმლით, რომელზეც უცხო ქვეყნის სიმბოლიკაა გამოსახული, აშკარა ნონსენსია; ამავე ტანსაცმლით მისვლა შეხვედარზე უცხოელ დიპლომატთან _ კვადრატში აყვანილი ნონსენსი, ხოლო ამ კლოუნადის გაგრძელება აუშვიუცის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე სხვა არაფერია, თუ არა მძიმე კლინიკური შემთხვევა.

ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილს პრეზიდენტად არ თვლის. ამის მიზეზი, უპირველესად, 2008 წლის არჩევნების გაყალბებაა, ამავე წლის გაქცევა (თუ გახოხვა) გორში, რომელმაც ფიგურანტს წაართვა უფლება, მთავარსარდალად იწოდებოდეს, და მრავალი სხვა ეპიზოდი, რომელმაც მის დელეგიტიმაციას ტოტალური მასშტაბი მისცა. აქედან გამომდინარე, ბევრი ქართველისთვის, პრინციპში, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას ჩაიცვამს ან გაიხდის სააკაშვილი, ის მათთვის გვერდზე გაწეული ფიგურაა, უცხო სხეული, რომელიც (განსაკუთრებით 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ) საერთოდ არ აინტერესებთ. მაგრამ, ფორმალური თვალსაზრისით, სააკაშვილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს პირველი პირია და უცხოელები თვლიან, რომ ის საქართველოს წარმოადგენს. ამიტომ, ალბათ, უნდა შემუშავდეს მექნიზმი, რომლის მეშვეობით გაკონტროლდება სააკაშვილის ჩაცმულობა და მის მიერ წარმოთქმული ტექსტების შინაარსი უცხო ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს (თუ მათი გამართვა მიზანშეწონილად ჩაითვლება).

არის ამ ბედკრულ პლანეტაზე ადგილები, სადაც მოტყუება არ შეიძლება, თითოეული ნათქვამი სიტყვა კარგად აწონილი უნდა იყოს და აუშვიცი ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ სააკაშვილმა ისევ… პირველსავე აბზაცში… (ციტატა მისი ოფიციალური საიტიდან): «ამერიკაში სწავლისას, ვაშინგტონში ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი ტომას ბურგენტალი მიყვებოდა, თუ როგორ მიიყვანეს 1939 წელს ის (9 წლის ასაკში) ამ ბანაკში და როგორ იყო იქ 1945 წლამდე».

გამოჩენილი იურისტი ტომას ბურგენტალი 1934 წლის 11 მაისს დაიბადა და, შესაბამისად, 1939-ში 9 წლის ვერანაირად ვერ იქნებოდა. პოლონეთის გერმანული ოკუპაციის დროს 1939 სექტემბრიდან 1942 აგვისტომდე ქალაქ კელცეში ცხოვრობდა (კელცეს გეტო 1941 წლის 31 მარტს დაფუძნდა). შემდეგ მისი ოჯახი ტრებლინკას ბანაკში გააგზავნეს, შემდეგ ჰენრიკოვში გაანაწილეს, ხოლო აუშვიცში ის 1944 წლის ივლისში მოხვდა. 1945 წლის იანვარში, «აუშვიცის სიკვდილის მარშის» შემდეგ, ის ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდა, საიდანაც 22 აპრილს საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა.

არის ამქვეყნად ისეთი რამ, რასაც «მასწავლებლის პატივისცემა» ჰქვია. ტომას ბურგენტალის მოკლე ბიოგრაფიის მოძებნას ინტერნეტში, რომელიც მის მემუარებს ეფუძნება, და მისი ტრაგიკული ისტორიის დეტალების დაზუსტებას ორიოდე წუთი სჭირდება, მაგრამ სააკაშვილმა ეს არ გააკეთა. მისთვის გაცილებით იოლი იყო ეთქვა: «მიყვებოდა, თუ როგორ მიიყვანეს 1939 წელს ის (9 წლის ასაკში) ამ ბანაკში და როგორ იყო იქ 1945 წლამდე». სააკაშვილის აპოლოგეტებმა (როგორც სჩვევიათ) შეიძლება თქვან: «მერე რა, უზუსტობას მაინც ვერავინ შეამჩნევდა». როგორ თუ ვერ შეამჩნევდა? 1939-ში აუშვიცის ბანაკი საერთოდ არ არსებობდა! მისი ისტორია 1940-ში დაიწყო და ეს იცის ყველამ, ვისაც ამ თემასთან თუნდაც მცირედი შეხება ჰქონია. 

შემდეგ ჯერი წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეზე მიდგა. სააკაშვილის ვერსიით, ის «1942 წლის ზაფხულში დააპატიმრეს, სექტემბერში თავი გაწირა მრავალშვილიანი ებრაული ოჯახის მამის სანაცვლოდ». არადა, გრიგოლ ფერაძე დაპატიმრეს 1942 წლის მაისში, ჯერ ვარშავის პავიაკის ციხეში მოათავსეს, ხოლო ოქტომბერში (სხვა ვერსიით ნოემბერში) აუშვიცში გადაიყვანეს. ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობის თანახმად, გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე (იმას, რომ ნაცისტებმა ფერაძე დეკემბერში მოკლეს პოლონური წყაროებიც ადასტურებენ). რა სექტემბერი? ამ დროს აუშვიცში ჯერ არ მიუყვანიათ. რატომ არ ამბობს სააკაშვილი უბრალოდ «1942-ში», ცდილობს თარიღი დააზუსტოს და შეცდომებს უშვებს? სინამდვილეში, ეს ეპიზოდი ერთგვარი სარკეა, რომელშიც კარგად ჩანს სააკაშვილის ერთი თვისება, რომელიც მთელ მის ხასიათზე დომინირებს: ის ცდილობს, წარმოჩინდეს ყოვლისმცოდნე ფრიადოსნად, მაშინ, როდესაც წიგნში არ ჩაუხედავს.

როდესაც დღეს სააკაშვილზე წერენ, «ის იყო დემოკრატი მმართველი» ან «ის იყო დიქტატორი», სწორი, შესაძლოა, არც ერთი არაა, რადგან სააკაშავილი კი არ «იყო», არამედ თამაშობდა, მნიშვნელობა არა აქვს, ვის _ პოლიტიკოსს, მმართველს, დემოკრატს, დიქტატორს, ახალ დავით აღმაშენებელს, ისტორიის მცოდნე ფრიადოსანს, მამაც მთავარსარდალს და ა. შ. როგორც კი სასტიკი რეალობა მორიგ ნიღაბს ჩამოგლეჯდა ხოლმე, ვიდრე ახალი ნიღბის მორგებას მოასწრებდა, აუდიტორია რამდენიმე წამის განმავლობაში ხედავდა მას ისეთად, როგორიც სინამდვილეში არის. მაგრამ ის, «ნამდვილი სააკაშვილი», იმდენად უსახური და არამიმზიდველი იყო, რომ მაყურებელს ერჩივნა, ისევ ნიღბით ეხილა. ამერიკელი მფრინავის ქურთუკი კი მისი ახალი სასცენო კოსტუმია, რომლმაც ხაზი უნდა გაუსვას მფლობელის პოლიტიკურ ორიენტაციას და ამავე დროს «ფსიქოლოგიური ჯავშანჟილეტის» როლი შეასრულოს _ თავის დროზე ზოგიერთი პატიმარი ციმბირის ბანაკებში ფიქრობდა, რომ მკერდის მარცხენა მხარეზე ამოსვირინგებული იოსებ სტალინის პროფილი მათ დახვრეტისგან დაიცავდა («სტალინს სროლას ვერ გაუბედავენ!» პრინციპით) და გამორიცხული არაა, რომ დღეს სააკაშვილიც, სადღაც ქვეცნობიერების სიღმეში, სრულიად არარაციონალურად ვარაუდობს, რომ ამერიკული არწივი ქურთუკზე მას ქართველი გამომძიებლებისგან დაიცავს.

აუშვიცში წარმოთქმული სიტყვიდან იმ ციტატების მოყვანას, რომლებითაც სააკაშვილი გრიგოლ ფერაძის იდეების გადმოცემას ცდილობდა, აზრი, ალბათ, არ აქვს, უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ ეს მორიგი «თავისუფალი ფრენა» იყო, რომელიც საზოგადოებას, სავარაუდოდ, დიდად არ დააინტერესებს. რაც შეეხება ფრაზას «ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ებრაელებს და ისრაელს», ალბათ, უნდა გავიხსენოთ, რომ სააკაშვილის ბიოგრაფიაში იყო ეპიზოდი, როდესაც შესაძლებლობა მიეცა არა სიტყვით, არამედ საქმით გამოეხატა პატივისცემა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მიმართ, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. 2011 წლის 2 აპრილს ტელეკომპანია «იმედის» ეთერში «მხიარულთა და საზრიანთა კლუბის» წამყვანმა გუნდებს სთხოვა «ჰიტლერის საუკეთესო ღირსება» დაესახელებინათ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა უპასუხა: «უფასო გაზი ყველა ებრაელის ოჯახში». დარბაზში ამ რეპლიკას სიცილი და აპლოდისმენტები მოჰყვა, ხოლო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, გუნდის გამოსვლას მაღალი შეფასება მისცა. სააკაშვილმა მაშინ არ მოხსნა ვარძელაშვილი ან (როგორც მინიმუმი) მკაცრად და საჯაროდ არ გააკრიტიკა, ხოლო თავად მინისტრი 13 აპრილამდე დუმილს ინარჩუნებდა და ბოდიში მხოლოდ მას შემდეგ მოიხადა, რაც არასამთავრობოები ახმაურდნენ და სკანდალი ქვეყნის ფარგლებს გასცდა. ამ უმოქმედო დუმილით, სააკაშვილმა თავისი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ საკმარისზე მკაფიოდ გამოხატა. ან რომელ ფრთხილ დამოკიდებულებაზე თანამედროვე ისრაელთან საუბრობს ადამიანი, რომლის ძალოვნებმა, პრემიერ-მინისტრ გილაურის მონაწილეობით, ბიზნესმენებს _ რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს პროვოკაცია მოუწყვეს (ამ საქმის დეტალები სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას ნაკლებად გვაძლევენ) და საპატიმროში ჩააგდეს, რათა ხელისუფლებას მათი კუთვნილი ფული არ გადაეხადა? დგას ახლა და განსაკუთრებულ სიფრთხილეზე ლაპარაკობს.

ვითარება მძიმეა და მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ანალოგი არ აქვს, თუ ეკვადორის პრეზიდენტის, აბდალა ბუკარამის, შემთხვევას არ ჩავთლით, რომელიც ბეტმენის კოსტუმით დარბოდა (საბოლოოდ, თანამდებობიდან შემდეგი ფორმულირებით გაათავისუფლეს «სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებისთვის გონებრივი შესაძლებლობების არქონა»). ქვეყნის პირველი პირი ამერიკელი მფრინავის ტანსაცმლით რომ დადის, აზრს მწყობრად ვერ აყალიბებს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ლანძღავს ყველგან, სადაც კი შეძლებს, ეს საქვეყნო სირცხვილია და ასე არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. რაც ყველაზე საინტერესოა, სააკაშვილი ასეთი ქცევით ხელს უშლის აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალურ განვითარებას, ის კარიკატურამდე დაჰყავს და მოსახლეობაში მკვეთრი ანტიამერიკული განწყობის გაღვივებას უწყობს ხელს. კიდევ კარგი, ამერიკელებმა მიკი მაუსის კოსტუმი არ აჩუქეს.

ძია სემისთვის, ალბათ, სასურველია, რომ ამერიკელი მფრინავის ქურთუკის დანახვაზე აუდიტორია მიდუეის ბრძოლის გმირებს იხსენებდეს და არა სიცილით იხოცებოდეს. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში, ალბათ, ერთობლივი ქართულ-ამერიკული სპეცოპერაციის გამართვის საკითხი უნდა დავაყენოთ, რომლის მიზანი იქნება ფიგურანტისთვის ქურთუკის ჩამორთმევა ან მისი იძულება, ის მხოლოდ არაფორმალურ გარემოში ჩაიცვას. ამ ოპერაციის მიმდინარეობა შეგვიძლია ჰოლივუდური ბლოკბასტერის სახით წარმოვიდგინოთ: დაფრინავენ ვერტმფრენები პროჟექტორებით, «სპეცები» ავლაბრის რეზიდენციის კარიბჭეს ანგრევენ (გოუ, გოუ, გოუ!), ქურთუქს ჩაბღაუჭებული სააკაშვილი დერეფანში მირბის და ყვირის «არა, ვერ დავთმობ!», ხოლო სევდიანი ხმა კადრს მიღმა უკიდეგანო სევდით წარმოთქვამს: «ო, რა არტისტი იღუპება!».

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. მეუფე აბრაამი ევროპის ყველა სამრევლო ჩამოიარა 1 ოქტომბრამდის და ამბიონიდან ქადაგებდა ნაცებზე რომ ხმა მიგვეცათ ემიგრანტებს.მაგალითად მილანში პირდაპირ არა მაგრამ მინიშნებებს არ მორიდებია.მაგალითად გერმანიაში რომელიღაც ტაძარში ახვლედიანიც ხლებია და იქ პირდაპირ მოუწოდა რომ ნაცებს ამოდგომოდა ხალხი იმიტომრომ რუსეთში გვაბრუნებდა თურმე ბიძინა.არადა ეპისკოპოსებში აბრაამზე მეტად არავინ მიყვარდა და დღეს მარტო ეპისკოპოს ვხედავ მასში და სიყვარული დავკარგე.არა ამით არაფერი დააკლდება მაგრამ არამგონია მარტო მევიყო ამ თუნდაც მცდარ აზრზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here