Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი ჩხეიძე: მზად ვარ მივცე ჩვენება

ვალერი ჩხეიძე: მზად ვარ მივცე ჩვენება

1056

გასულ შაბათ-კვირას ვერ შევხვდი _ დედის საფლავზე იყო წასული, ბაღდადის რაიონის სოფელ დიმში. დედა _ იულია რიაბკო, სამამულო ომის ვეტერანი (17 წლისა იყო, ფრონტზე რომ გაიქცა) საბრძოლო ორდენებისა და მედლების კავალერი, 2005 წელს გარდაიცვალა. შვილმა დედა ვერ დაიტირა _ საქართველოდან იყო გადახვეწილი, ხოლო საზღვრის დაცვის სტრუქტურას მიცემული ჰქონდა მითითება გამოჩენისთანავე მისი დაპატიმრების შესახებ.

_ რატომ დატოვეთ საქართველო, ბატონო ვალერი? _ ჩემი რესპონდენტია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე, რომელიც ეს-ესაა დაბრუნდა სამშობლოში

_ იძულებული ვიყავი, რადგან ძალიან ცუდ პერსპექტივას ვხედავდი. რამდენიმე ფაქტს დაგისახელებთ. ხელისუფლებაში «რეფორმატორები» ერთი თვის მოსულებიც არ იყვნენ, რომ ცნობილ ქართველ ფეხბურთელს მანქანა ჩამოართვეს, თითქოს კონტრაბანდული თუ ნაქურდალი იყო, და ეს ცხვირმოუხოცავი უგულავა, რომელიც იმ დროს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, აღმა-დაღმა დააქროლებდა, როგორც საკუთარს. ერთხელაც დაამტვრია, დალეწა.

ყველაზე მეტად აღმაშფოთა იმან, რომ როცა ამ რანგის სახელმწიფო მოღვაწე ასეთ ქმედებას ჩადის და ხელმძღვანელობა არ რეაგირებს, თვითონ კი თავხედურად იქცევა, _ ვითომც არაფერი, ეს იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ამათ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის არაფერი ეცხოთ.

ეს არ იყო გამონაკლისი ფაქტი, ამგვარი ქმედება ტენდენციად ყალიბდებოდა ფინანსურ, ეკონომიკურ, სამართლის, ცხადია, _ პოლიტიკურ სფეროებში.

ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი დააპატიმრეს სრულიად უსაფუძვლოდ, გამოძიებამ ვერაფერი უპოვა. სასამართლო სხდომის წინა დღეს გამოდის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და აცხადებს: ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურამ ვერაფრის დამტკიცება ვერ შეძლო, მაგრამ ის დამნაშავეა და ამიტომ ციხეში უნდა იჯდესო.

ვინ ხარ შენ? პრეზიდენტი თუ ფარაონ ტუტანხამონი, რომელიც კანონს თავის ნებაზე ატრიალებს?

ამ კაცის ლოგიკით, შეიძლება განვაცხადოთ, რომ, მართალია, ევროპაში მას კარგი თვალით უყურებენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ იგი დამნაშავეა და ამიტომ პირდაპირ ჩავსვათ ციხეში! სააკაშვილზე ვამბობ.

მართალი იქნება?!

ფაქტები იმდენი აგორდა, ისეთი ძალა მოიკრიბა, როგორც ზვავსაშიშმა თოვლის გუნდამ.

სააკაშვილის მოღვაწეობის პირველ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა, მოდით, ნუ დავმალავთ, ეიფორიაში იყო (2004 წლის დასაწყისია), და მის წინააღმდეგ გამოსვლის მცდელობა, არა საჯაროდ, არამედ თუნდაც ჩემი წრის ადამიანებს შორის, აღიქმებოდა როგორც რეტროგრადობა.

მაშინ ვთქვი, დაგვღუპავენ ესენი!

ამ ყველაფერს კი ჩემ წინააღმდეგ მიმართული საგაზეთო პუბლიკაციებიც დაემატა. ვიგრძენი, ასეთი შემოტევის მოსაგერიებლად ძალა არ მეყოფოდა. ვერაფერს შევძლებდი, რადგან აშკარად ჩანდა, რომ ეს წერილები დაკვეთილი იყო.

_ რას გერჩოდნენ?

_ არ ვიცი… ვიცი მხოლოდ ის, რომ ერთმა კორესპონდენტმა, რომელსაც დავუკავშირდი და ვკითხე, ეს სისულელე რამ დაგაწერინა-მეთქი, მიპასუხა: ბატონო ვალერი, გადაგეხადა 500 დოლარი და ქება-დიდებით ცაში აგიყვანდიო!

ხელი ჩავიქნიე, რადგან ამათთან ბრძოლით უკვე ძალაგამოცლილი ვიყავი და წავედი.

მანამდეც არ მქონდა ლაღი ცხოვრება: ორჯერ გამოვლილი მქონდა ავღანეთი, აფხაზეთი, ცხინვალი და ა.შ. უდიდესმა დაძაბულობამ გამომფიტა.

მივდიოდი და ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი ადრე თუ გვიან დამთავრდებოდა.

_ უკრაინაში წახვედით?

_ დიახ, ჯერ მეგობრებთან _ ყირიმში, მერე _ კიევში ჩავედი, «ნარინჯისფერი რევოლუციის» შემდეგ კი, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმეჯერ გააკეთა ისეთი ტიპის განცხადებები, რომ ჩვენ ვიცით, უკრაინაში სად იმყოფება ზოგიერთი ქართველი გენერალი, როცა საზღვარზე გააგზავნეს მოთხოვნა გამოჩენისთანავე ჩემი დაპატიმრების შესახებ, რუსეთში გადავედი, სტავროპოლში.

_ მინდა გკითხოთ, ერთ, ჩემი აზრით, გენიალურ მინიშნებაზე, როცა მიხეილ სააკაშვილს მიართვით ილუსტრირებული ალბომი სსრკ სახელმწიფო უშიშროების ჯარებში რიგითი ჯარისკაცის _ სააკაშვილის სამსახურის შესახებ.

_ ჯერ ერთი, რიგითი ჯარისკაცის კი არა, _ ეფრეიტორის, მეორე, ეს იყო ჩემი უკრაინელი კოლეგების ინიციატივა. იმათ მითხრეს, რომ სააკაშვილი მათთან მსახურობდა, ჯერ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ჩოპში _ უნგრეთის საზღვარზე, შემდეგ _ ბორისპოლის აეროპორტში, რადგან უცხო ენებს ფლობდა. მისი ყოფილი ხელმძღვანელები მიყვებოდნენ, რომ იგი დადებითად ხასიათდებოდა, არაფერი «კრამოლური» არ ჩაუდენია. იმ ალბომში იყო მისი შავ-თეთრი ფოტოსურათი, სადაც იგი წარმოდგენილია, როგორც საბრძოლო და პოლიტიკური მომზადების  ფრიადოსანი, რომელიც კიევიდან ფრანკფურტში თუ სადღაც გასაფრენ რეისს აფორმებს. რამ გააღიზიანა სააკაშვილს, გულწრფელად გეტყვით, არ მესმის.

გადაცემის წინა დღეს ეს ალბომი უშიშროების საბჭოს მაშინდელ მდივანს ვანო მერაბიშვილს ვაჩვენე. მან მითხრა, რომ შესანიშნავი რამეა და უნდა აჩუქოო.

გადავეცი. და თქვენმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმა, რომლებიც ამ ცერემონიას ესწრებოდნენ, მაშინაც მითხრეს და ახლაც გამიმეორეს, რომ როგორც კი გადაშალა ალბომი, სახე დაემანჭა და მიტკლის ფერი დაედოო. წარსულის რა წარმოდგენები გაცოცხლდა მის ავადმყოფურ გონებაში, არ ვიცი.

_ როგორ თუ რა წარმოდგენები?! იგი რიხიანად გვიმტკიცებდა, რომ იმ პერიოდში «აკრძალულ მუსიკას» უსმენდა და ლამის დისიდენტად იყო მონათლული!

_ პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად რას არ მოიგონებს ადამიანი! არავითარი დისიდენტი არ ყოფილა, საპროტესტო სიტყვა არსად დასცდენია. ველაპარაკე ადამიანებს, რომლებიც მომსწრენი იყვნენ მისი სტუდენტობის პერიოდის და ვერავინ გაიხსენა, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამო მას მიტინგის, შეკრების მსგავსი რამ მოეწყო.

ტყუილი იყო.

ისეთ ელიტურ უმაღლეს სასწავლებელში, როგორიც კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი იყო, ანტისაბჭოთა გამონათქვამებისთვის სტუდენტს დაუყოვნებლივ გარიცხავდნენ _ იქ და იმ პერიოდში ძლიერი რეპრესიული აპარატი მოქმედებდა, გამონაკლისების გარეშე.

სააკაშვილის შემთხვევაში კი სიტუაცია ხელუხლებელი დარჩა. ე.ი. არაფერი მომხდარა.

_ თავი დავანებოთ სააკაშვილს… თქვენ თქვით და ისედაც ცნობილია, რომ ავღანეთში მსახურობდით ყველაზე «ცხელ» პერიოდებში.

_ კი, 1980-1981 და 1984-1988 წლებში ვიყავი.

_ ამბობენ, რომ ერთ-ერთი მივლინების დროს იქ მუშაობდით, როგორც მუსლიმანი ღვთისმსახური.

_ (ეღიმება) ლეგენდაა. კუნდუზის პროვინციაში ვმსახურობდი ჩემი პროფესიით. ჯერ ერთი, ისლამის ჩემეული ცოდნა ამ საქმეს ვერ გასწვდებოდა. თუმცა აკადემიაში ენასაც გვასწავლიდნენ და ყურანის სურებსაც ვიზეპირებდით, მაგრამ არა იმ დონეზე, მოლობა რომ გამეწია.

_ ორი თვე _ 1987 წლის დეკემბერი და 1988 წლის იანვარი მეც იქ ვიყავი, კუნდუზში, ტელეოპერატორ ამირან მურვანიძესთან ერთად. ავღანელთა ბრგე საველე მეთაურს შევხვდით რამდენიმეჯერ, ქორწილშიც კი ერთად ვიყავით.

_ რაჰიმ ფაჰლავანი იყო იქაურობის ბატონ-პატრონი. ძლიერი პიროვნება და ვაჟკაცი მებრძოლი.

_ დავკარგე მისი გზა-კვალი.

_ მოკლეს. ყველა ჩამოსულს, ვინც ავღანელებთან ურთიერთობას მოისურვებდა, ფაჰლავანს ვახვედრებდით.

_ მე და თქვენ კი ერთმანეთს ვერ შევხვდით იქ, კუნდუზის პროვინციაში…

_ სამწუხაროდ.

_ მკვეთრი გადასვლა გამომივა, მაგრამ უნდა შეგეკითხოთ, თვალს თუ ადევნებდით ლაფანყურის ოპერაციას და როგორი იქნება თქვენი კომენტარი?

_ მართალია, იმ პერიოდში საქართველოში არ ვიმყოფებოდი, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით თვალყურს ვადევნებდი და პრაქტიკულად ვფლობდი სიტუაციას იმ მოცულობით, რის საშუალებასაც ინტერნეტი იძლეოდა. პირდაპირ გეტყვით, რომ დიდად მისახვედრი არაფერი იყო, რადგან ხელისგულზე დადებულივით ჩანდა, რომ ლაფანყურის ოპერაცია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მორიგი ბლეფი იყო.

რაღაც ვერ გათვალეს, ან მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც სურდათ, ან რაღაც ძალებმა ხელი შეუშალა. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ გარეგნული ფონით თუ ვიმსჯელებთ, ეს წმინდა წყლის პროვოკაცია იყო. გებელსის პროპაგანდის ავანტიურას ჰგავდა.

_ ერთი ვერსია ასეთი იყო: ჩვენი მხარე ჩეჩნების რაზმს რუსეთის საზღვრის გადასაკვეთად ამზადებდა, რასაც მორიგი პროვოკაცია უნდა გამოეწვია _ ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული დაპირისპირების სახით.

_ სავსებით დასაშვებია, რადგან მათი აზროვნების ხასიათიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებაში მათი ყოფნის ათი წლით დასტურდება… უკაცრავად, ათი წლისგან ღმერთმა დაგვიფაროს! რვა წლის პრაქტიკით დასტურდება, რომ მათი მოქმედების მიზანი ან იაფფასიანი პიარია, ან პროვოკაცია, ან თავიანთი მორიგი ჩავარდნის გადაფარვის მცდელობა.

გამორიცხული არ არის, რომ ამ ოპერაციის მიზანი ჩეჩნების რაზმის მიერ რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადალახვის მცდელობა იყო, რასაც რუსი მესაზღვრეების მხრიდან შესაბამისი დახვედრა მოჰყვებოდა _ შეიარაღებული დაპირისპირება, და სააკაშვილის პროპაგანდა ისევ ოკუპაციაზე აყვირდებოდა, ისევ თავდასხმაზე და ომზე და არავის ეხსომებოდა პარლამენტის არჩევნები, რაც ხელს მისცემდა გაყალბებაში დახელოვნებულ «ნაცებს», კიდევ ერთხელ მოეტყუებინათ ქართველი ხალხი და მსოფლიო საზოგადოება, კიდევ ერთხელ თავზე დასხდომოდნენ ქვეყანას. ან _ გამოეცხადებინათ საგანგებო ვითარება, არ ჩაეტარებინათ არჩევნები და გაეგრძელებინათ თავიანთი ბატონობის ხანა.

შეიძლება სხვა ვარიანტიც ყოფილიყო, რომელზეც სიტყვას არ გავავრცელებ… დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს იყო კლასიკური ტიპის პროვოკაცია.

საქართველოში ტრაგიკულ პროვოკაციებს აწყობდნენ ადამიანები არსაიდან, მათ ზურგს უკან სიცარიელეა, არაფერი არა აქვთ გაკეთებული. ასეთი უვიცები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, დაიწყეს სახელმწიფოს მართვის იმიტირება, როცა აბსოლუტურად წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული.

ხომ ამბობენ, რომ მერაბიშვილი ერთ-ერთი ძლიერი მენეჯერი იყო?

_ როცა ფული იმდენი გაქვს, რომ, რასაც მოითხოვ, გექნება, როცა კანონი არ გზღუდავს და რასაც გინდა, იმას გააკეთებ, იქნები სანიმუშო მენეჯერი.

_ მათ შექმნეს თავიანთი სპეცსამსახური. სპეცსამსახურმა სახელმწიფო დავალება უნდა შეასრულოს, უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანების შესრულება.

ამათ კი სპეცსამსახური სადამსჯელო ორგანოდ აქციეს, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ მუშაობდა.

ეს რანაირი სახელმწიფო უშიშროებაა?!

ეს იყო კერძო კანტორა, რომელიც ამათ სპეცსამსახურად მონათლეს და ფაქტობრივად თავიანთი ბანდიტური ქმედების დასაფარა

1 COMMENT

  1. ბატონო ვალერი, ნუთუ მართლა არ გახსოვთ როგორ ხუჭავდით თქვენ დიხ თქვენ როცა აბაშიძე "ტრაილერებით" ატარებდა ტვირთებს და მისი შვილის მერობის პერიოდში ზოგ კაბინტში გეროინს იკეთებდნენ, ზოგში ყაყაჩოს ხარშავდნენ და ზოგში მარეხუანას ეწეოდნენ, შემდეგ გამშვებ პუნქტებზე მომუშავე ახალგაზრდებს ფული ყოველი თვის ბოლოს უნდა მოგვეტანა თუ არა და პაკაა სამსახური, 440 გრამიანი ყელ საბამი ბათუმის ტამოჯნიკებმა რომ გაჩუქეთ ხომ გაგიყიდიათ, ნუ არა თქვენ ის ვალერი ჩხეიძე არ ბრაზანდებით თქვენ ხომ ეხლა დაიბადეთ. თქვენი დავალებით ბეჭდებს ვარტყამდით და ჩვენ დაგვიჭირეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here