Home რუბრიკები საზოგადოება მოსახლეობის უმრავლესობამ სწორედ სამართლიანობის აღდგენისთვის დაუჭირა მხარი «ქართულ ოცნებას»

მოსახლეობის უმრავლესობამ სწორედ სამართლიანობის აღდგენისთვის დაუჭირა მხარი «ქართულ ოცნებას»

612

თანდათან ვრწმუნდებით, რომ «ნაციონალთა» პოლიტიკურმა გუნდმა და ხელისუფლების ელიტამ აურაცხელი მძიმე დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ხალხის მიმართ. გიორგობის დღესასწაულის მოლოცვისას სააკაშვილს ეყო თავხედობა, შიშნარევი რიხითა და პიარის პათოსით განეცხადებინა, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად იყო, არც ერთი სიტყვა არ დასცდენია იმაზე, რომ  გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა, შეცდომები კი არა, სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულები.

ამგვარი ალოგიკურობა მისგან ადრე მოსათმენი იყო, მაგრამ კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს. და აჰა, გატყდა კიდეც. აბა, რა ეგონა, აღვირახსნილობა, განუკითხაობა და თვალში ნაცრის შეყრა შერჩებოდა სააკაშვილს და მის დასაყრდენ «ხროვას», რომელთა რიტორიკა ახლა აშკარად მიუღებელია? არც ის ლოგიკაა მისაღები, რომ დამნაშავეები ძველმა ხელისუფლებამ დაიჭირა და ახალი უშვებს; არც ის, რომ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორება და ასე შემდეგ…

ნებისმიერი ქმედება მაშინაა სამართლიანი, როცა ის კანონიერების ჩარჩოებშია და იურიდიულად დამტკიცებულია. ამ მხრივ ახალ ხელისუფლებას ჯერჯერობით არაფერი ეშლება. ნებისმიერი გამოვლენილი დანაშაულის გასაჯაროება ხდება. მოსახლეობა ამას გაგებით ეკიდება.

ევროპელი პარტნიორები და ამერიკელები რომ არ დავაფრთხოთ და  საერთაშორისო წუხილის ატმოსფერო არ შეიქმნას საქართველოს ირგვლივ, ამიტომ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას რომ შეეშვას, დიდი შეცდომა იქნება, რადგან ნებისმიერ დიდ ქვეყანას საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავს და ადვილად შეუძლია დაადგინოს, რა  და როგორ ხდება.     

იქნებ საზოგადოების აზრს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან დანაშაულზე საბოლოო ვერდიქტი სასამართლოს გამოაქვს? მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ სწორედ სამართლიანობის აღდგენისთვის დაუჭირა მხარი «ქართულ ოცნებას».

დიდი დროა საჭირო იმისათვის, რომ დაგვავიწყდეს, თუ  რა აზარტით მიჰქონდათ იერიში მოსახლეობის ყველა ფენაზე «ნაციონალური მოძრაობის» მაღალჩინოსნებს. ჯუნგლების მეთოდებით, ავაზას ჟინით როგორ არბევდნენ, როგორ კლავდნენ, აშანტაჟებდნენ. ახლა უკვე ცხადია, ვინ მონაწილეობდა ჟვანიას,   გურამ შარაძის, რობაქიძის, თეთრაძის და უამრავი ახალგაზრდის დახოცვაში… ღმერთო! ზოგჯერ მინდა მთელი ხმით ვიღრიალო: «სატანებო! ფაშისტებო!»

მრავალწლიანი უკანონობისა და საზოგადოების «დაჩაქუჩების» შემდეგ გაჩნდა სამართლიანი პროტესტის სურვილი. ამის შემდეგ «ნაცებს» ყოფნით თავხედობა, თქვან: არიქა, ჩვენ მიმართ პარტიულ დევნასა და შერჩევით სამართალს ახორციელებენო. ბაჩო ახალაიას დაბრუნება ლამის გმირობად მონათლეს, თუმცა ახალაიას ქმედება გარეგნულად რაღაცით სჯობს  შაშკინის, ადეიშვილისა და მათ ძმათა კუდამოძუებულ გაქცევას და სოროში თაგვივით შეძრომას. აშკარაა, რომ ახალაიამ მოპარული ფულები გადაინახა, მაგრამ რატომ დაბრუნდა?.. იმიტომ, რომ ჩეჩენთა შურისძიების შეეშინდა და ციხეში ბურთივით შევარდა. 

ადრე «ნაცების» დანაშაულებრივ და აღვირახსნილ ქმედებებს რაიონებსა და რეგიონებში არ იცნობდნენ (ადგილობრივი ხელისუფალნი ახერხებდნენ მათ გაბრიყვებას), ამიტომ ბოლო დრომდე «ნაცებს» იქ ჰქონდათ  დასაყრდენი. ახლა, როცა ფარდა აეხადა ჯალათთა სისხლიან ქმედებებს, მოსახლეობა  სამართლიანად კითხულობს: რისთვის იყო საჭირო ამდენი სისხლი?.. უფროსი, გამოცდილი თაობის «ჩარეცხილებად» და «ჯოჯოებად» გამოცხადება, მეცნიერებისა და განათლების სისტემის დანგრევა, სტალინის ძეგლის მოხსნა და ჩერქეზთა მემორიალის დადგმა, ციხეების გადავსება და ქვეყნის გაუმაძღრობამდე ყვლეფა, მოსახლეობის «ნაცებად» და მოწინააღმდეგეებად დაყოფა და ასე შემდეგ…

ხალხნო, ჯერ ჩვენ მეხუთედიც არ ვიცით, რასაც სჩადიოდნენ ეს ვიგინდარები!

ახალი ხელისუფლება ცდილობს, საპატიმროები განტვირთოს; დაჭერებითა და საკნების გადავსებით კი არ გვეჭიროს მსოფლიოში პირველი ადგილი, არამედ სხვა რამით ვიყოთ მოწინავენი. ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრაში გაჟღერდა სავსებით მართებული აზრი, რომ საპატიმროებიდან  მასობრივად განთავისუფლების შემდეგ ქვეყანაში ერთგვარად გართულდება კრიმინოგენური მდგომარეობა. ეს გარდაუვალი პროცესია, მაგრამ არ არის პანიკის საფუძველი, რადგან მას, ვინც ვერ შეიფერებს ხელისუფლების კეთილ ნებას, უკანვე შეაბრუნებენ.

ეს გადარეულები «ხუფის» ქვეშ იმიტომ ამყოფებდნენ მოსახლეობას და დაუფარავად აცხადებდნენ, რომ სურდათ ქვეყნის სინგაპურიზაცია, თუმცა სინგაპურისგან რადიკალურად განსხვავდება საქართველოს მდგომარეობა. მათ არ უდგათ ყველაზე აქტუალური, ქვეყნის ტერიტორიული გაერთიანების პრობლემა.

საქართველო ვერც ევროპულ მოდელს მოირგებს სრულად, რადგან ევროპა გლობალიზაციისკენ მიილტვის, ერების უნიფიცირების პროცესისკენ, რომელიც თავისი არსით ტრადიციული ერების გაქრობისკენაა მიმართული. ქართველი ადამიანი, რომლის არსში მყარადაა გამჯდარი ეროვნული ფენომენი და მისადმი თაყვანისცემა, ეროვნული ღირებულებებისადმი მოწიწება, ძნელია დაარწმუნო ამერიკელთა და ევროპელთა გლობალიზაციის არსში და გარდაქმნა ხელაღებით (ივანიშვილი  ევროპაში ვიზიტის დროს მშობლიურ ენაზე საუბრობდა, თუმცა მშვენივრად იცის რამდენიმე უცხო ენა). ეს ნიშანდობლივია.

ყოფილ ხელისუფლებაში აშკარად იგრძნობოდა წმინდა ეროვნულ ფასეულობათა შელახვის, თავისუფლებისა და დემოკრატიის უგულებელყოფა და ზნეობის ქაოსამდე დაყვანა. ფასადური რეფორმებით აბრიყვებდნენ ევროპელებსა და, ამერიკელებს, თუმცა ცხადია იმათ არც ანაღვლებთ, რა დღეში იყო ქართველი მოსახლეობა. მათ საკუთარი ამბიციები აქვთ და ექნებათ.

ქვეყნის მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის პროცესი ხორციელდებოდა ზემოდან, ისე, რომ მმართველ ელიტას ბოლომდე გააზრებული არ ჰქონდა, რას აშენებდა. იყო მცდელობა რაღაც გაუგებარის, რაღაც სინთეზურის შექმნის, რასაც მოარგო ხელისუფლებამ საკუთარი ბნელი იდეოლოგია. ამიტომ ჰყავდათ მოწინააღმდეგე და ამიტომ ყოფილი ხელისუფლება იძულებული იყო, გაეტარებინა მკაცრი ავტორიტარული მეთოდები, ემოქმედა ძალისმიერი მეთოდებით. აუცილებელი შეიქნა «სამხედრო ფარისა» და პოლიციური რეჟიმის დამყარება. ყოველგვარ განსხვავებულ გამოვლინებაზე მუშტით რეაგირებდნენ, სკოლებშიც კი შეიყვანეს ჯაშუშები. ხელაღებით, წინასწარი განზრახვით გაწირეს განსხვავებული აზრის ადამიანები, ჰყავდათ ურიცხვი პატიმარი. სწორედ ამიტომ ვერ ახერხებდა თავისუფალი აზრის გამოვლენას მოსახლეობა, ახლა ასე მაშტაბურად რომ გამოხატავს პროტესტს საკუთარი უფლებებისთვის.

საზოგადოების ტრანსფორმაცია და მოდერნიზაცია მრავალწლიანი პროცესია, საჭიროა თაობათა ცვლა _ ძველი უნდა მოკვდეს, გადაშენდეს; ახალი კი ისე უნდა აღიზარდოს, ძველი სრულად დაივიწყოს, მისი გონებიდან ამოიშალოს წარსული (აღმაშენებლის ძეგლსაც კი ადგილი შეუცვალეს).

რადგან წლებია საჭირო მოდერნიზაციისთვის, «ნაციონალებმა» კონსტიტუციაში  ცვლილება შეიტანეს _ გააძლიერეს პრემიერ-მინისტრის უფლებები და შეკვეცეს პრეზიდენტის გავლენის სფერო, რადგან სააკაშვილი გეგმავდა პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას. პრემიერ-მინისტრს ხომ  პარლამენტი ირჩევს და ასე გაინაღდებდა მრავალწლიან ძალაუფლებას.

აი «ნაცების» ფარული მიზანი, რომელიც ბრძენმა მოსახლეობამ ადვილად ამოიცნო და ყოფილ ავანტურისტებს, რომ ეგონათ ფონს გავიდოდნენ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

ახლა  მთავარია, კანონ-სამართალი აღდგეს, ქართველმა კაცმა იგრძნოს შვება, არ შეილახოს ეროვნული ღირებულებები.

«ნაციონალების»  სიძულვილის ამ ფონზე, როცა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოსახლეობამ ტერორისა და ძალადობისგან გარკვეული შვება იგრძნო, «ნაცების» იმედი, რომ ისინი მალე აიღებენ რევანშს და დაასამარებენ ხალხის ნებით არჩეულ ახალ ხელისუფლებას, საჰაერო ბუშტს ჰგავს. მათი ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება სასტიკად  იქნება დაგმობილი.

ბორის დავითაია,

აკ. წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი,

მეცნიერებათა აკადემია «აიას» ნამდვილი წევრი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here