Home რუბრიკები პოლიტიკა ჯეფრი სილვერმანი: მე მომაწოდეს სამი პროფესიონალი მკვლელის სახელი, რომლებიც, შესაძლოა, რეალურად...

ჯეფრი სილვერმანი: მე მომაწოდეს სამი პროფესიონალი მკვლელის სახელი, რომლებიც, შესაძლოა, რეალურად მონაწილეობდნენ ჟვანიას მკვლელობაში

886

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მრავალმხრივ ვითარდება. იმის გასარკვევად, თუ რატომ ხედავენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ბოლოდროინდელ დაკავებებში პოლიტიკურ კვალს და რა ფაქტები არსებობს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას, საქმეში, «საქართველო და მსოფლიოს» ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი ესაუბრა.

_ რას ფიქრობთ, რატომ საუბრობენ ბატონები ფილიპ გორდონი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან, და რასმუსენი პოლიტიკური დევნის შესახებ მაშინ, როცა დაკავებულნი არიან ბაჩო ახალაია და სხვები? დემოკრატია ნიშნავს ერის ნების აღსრულებას. საქართველოში ყველას სურდა ახალაიას დაკავება და მისი და მისი მეგობრების ლინჩის წესით გასამართლებაც კი. მაშ, რატომ საუბრობს ვაშინგტონი ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეზე? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ხალხმა რაღაც ისეთი იცის, რისიც ვაშინგტონს და პირადად რასმუსენს ეშინია?

_ ფილიპ გორდონი ფართოდ გახელილი თვალებით ჩამოვიდა აქ. მან ყველაფერი კარგად იცოდა. მას სათანადო ინსტრუქტაჟს ჩაუტარებდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რომელიც, როგორც ვნახეთ, თითქმის ყოველდღე ივანიშვილს სტუმრობდა, და მისთვის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო ეს დაპატიმრებები. ჩემი აზრით, ამერიკელების გზავნილი სრულიად ცხადია: «ეს ჭუჭყიანი საქმეა, მაგრამ ის გასაკეთებელია _ დარწმუნდი, რომ ამას სათანადოდ გააკეთებ და შეეცადე, რომ გარეგნულად ყველაფერი კარგად გამოიყურებოდეს».

რაც შეეხება სხვებს, ხოსე ბაროზო ხომ კაცი არ არის! ის ნებისმიერ მხარეს გვერდზე დაუდგება, თვით ეშმაკს შეეკვრება, თუ ეს მისი სულელური და თვითკმაყოფილი ღიმილის გარკვეული ხნით გახანგრძლივებაში დაეხმარება; ასევე არიან მისი მეგობრებიც ევროპის სახალხო პარტიიდან, რომლებიც მას მუდამ ხმას აძლევენ, მაგალითად, უილფრიდ მარტინესი. არ დაგვავიწყდეს, რომ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» თავად არის კავშირში ევროპის სახალხო პარტიასთან ისევე, როგორც ჯონ მაკკეინია ასოცირებული საერთაშორისო რესპუბლიკურ პარტიასთან.

გულახდილად რომ გითხრათ, მე მაინც მგონია, რომ ბატონი რასმუსენი სააკაშვილმა შეიყვანა შეცდომაში. ნატოს გენერალური მდივანი, ზოგადად, რაც ბუნებრივია, არ არის გათვითცნობიერებული საქართველოში მიმდინარე რეალური პროცესებში. სავარაუდოდ, ჯეიმს აპატურაის, გენერალური მდივნის თანაშემწეს პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, შეეძლო დახმარებოდა, უკეთ მომზადებულიყო. ასე რომ, ჩემი აზრით, კითხვები თავად ნატოს შიგნით უნდა დაისვას, რადგან აშკარად შესამჩნევი იყო რასმუსენის ტონის ცვლილება ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

დარწმუნებული ვარ, ამერიკელებმა იციან, რომ დიდი თევზები ჯერ კიდევ ცურავენ და იმპიჩმენტის პროცესიც კარგად ახსნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციამ  ცოტა ხნის  წინ (ალბათ, ვიღაცამ სთხოვა მათ ამის გაკეთება?). თუმცა, ალბათ, მოგვიწევს დაცდა მანამ, სანამ დავინახავთ რაიმე ნაბიჯებს სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ. სააკაშვილი და მერაბიშვილი იქნებიან ის ორადორი ადამიანი, რომლებსაც არ დააკავებენ, მაგრამ რომლებიც საფრთხის წინაშე იქნებიან. ასეთივე დარწმუნებით ვერ ვიტყვი იმავეს უგულავას შესახებ _ მე ვფიქრობ, მისმა უსუსურმა პოზამ, როცა იგი შეეცადა, დაუპატიჟებლად შესულიყო მთავრობის სხდომაზე, შესაძლოა, დარტყმის ქვეშ დააყენა იგი და მისი დღეებიც, შესაძლოა, დათვლილია!

ნაკლები ეჭვია იმასთან  დაკავშირებით, რომ ყველა ერთ სიაშია _ ძალაუფლების მქონე ადამიანები, რომლებსაც ეგონათ, რომ ხელშეუხებლები არიან. ისინი მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობენ ასეთი ტონით, რომ კვლავ მოახერხეს გარკვეულ დონეზე არჩევნების გაყალბება _ ისინი არავის მოსწონს (მხოლოდ თავად მოსწონთ საკუთარი თავი) და, რაც უფრო მეტად მოახერხებენ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ზომიერი წევრები,  რომ გაემიჯნონ ამ პარტიას, შეუერთდნენ უკვე გამოყოფილ, დამოუკიდებელ ჯგუფს და იფიქრონ საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე, მით უკეთესი იქნება მათთვის.

რასაც ჩვენ ამჟამად ვუყურებთ, არის იმ რეჟიმის რღვევა, რომელიც ადამიანებს სახლში კეტავდა და რყვნიდა დაშინებით, შიშით, წამებით, სექსუალური ძალადობითქონების მიტაცებით, პოლიტიკური დევნით, კორუფციით, მედიის კონტროლით  და რა ვიცი კიდევ რითისინი ამას აკეთებდნენ.

სასაცილოა მათი მხრიდან წუწუნი იმის თაობაზე, რომ იჭერენ. ისინი ისე იქცევიან, როგორც მტირალა ბავშვების ჯგუფი. ჩვენ ასეთი გამოთქმა გვაქვს ამერიკაში: «თუ არ შეგიძლია აიტანო ციხეში ყოფნა, ნუ ჩაიდენ დანაშაულს».

როგორც ვხედავ,  დათა ახალაიას გასამართლება დაუსწრებლად მოხდება. არსებობს ციხეებში საოჯახო ოთახები? ლუქსიც კი გახდება საჭირო, თუ როლანდთან დაკავშირებითაც გამოჩნდება რამე, ის ხომ კლანის ნათლიაა.

პროკურორები ვიცე-მერის დაკითხვას აწარმოებენ.

სატელევიზიო გამოსვლაში უგულავამ,  რომელიც იტალიას სტუმრობდა, დაგმო ეს ფაქტი და მისი  მოადგილის დაკავებას «პოლიტიკური დევნა» უწოდა.

უგულავამ, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ვერბალური დაპირისპირება ჰქონდა ივანიშვილთან მთავრობის სხდომის დროს, თქვა, რომ ახალი ხელისუფლება «დიქტატურისკენ» მიდის (ჩვეულებრივი ადამიანი ქუჩაში, რომელსაც არაფრის ეშინია, ხედავს, რომ რეალურად ჩვენ «დიქტატურას» ვშორდებით, თუმცა არა უშავს, ილაპარაკოს).

«ჩვენ შევდივართ ცხარე დაპირისპირების ფაზაში. ამ ადამიანმა, ვგულისხმობ პრემიერმინისტრს, გადაწყვიტა იერიში მიიტანოს იმ ინსტიტუტებზე, რომლებსაც ვერ აკონტროლებს, _ აღნიშნა უგულავამ. _ საქართველოში ან დემოკრატია იქნება, ან ჩვენ მივიღებთ შურისძიებას შეპირებული კეთილდღეობის ნაცვლად. მე მინდა გავაფრთხილო იგირომ მისი კონფრონტაცია დააზარალებს ჩვენს ქვეყანას» (რომ აღარაფერი ვთქვათ  სააკაშვილის მოღალატური ქმედებების შესახებ, როცა მან შეცდომაში შეიყვანა ნატოს გენერალური მდივანი და დააზარალა საქართველოს რეპუტაცია საზღვარგარეთ).

«ჩვენ უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და გადავჭრათ პრობლემები, როგორც ამას აკეთებენ ცივილურ ქვეყნებში, მაგრამ, თუ ხელისფლება გადაწყვეტს, რომ დაადგეს პოლიტიკური შანტაჟისა და შურისძიების გზას, ეს მას ბუმერანგივით მოუტრიალდება და თავად დაარტყამს; ეს კარგად უნდა იყოს გააზრებული ყველას მიერ, ვინც ახლა ამ ბინძურ რევანშისტულ საქმიანობაშია ჩართული», _ აღნიშნა რევანშისტული პარტიის სპიკერმა.

ფილიპ გორდონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ახლახან ჩამოვიდა თბილისში. საბედნიეროდ, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» ვერ მოახერხებს, მივიდეს მასთან პირველი ამ შემთხვევაში, თორემ ჩვენ კვლავ გავიგებდით «წუხილით სავსე» გამოთქმას «პოლიტიკური დევნის» შესახებ, რომელიც ანდრეს ფოგ რასმუსენმა გააჟღერა რამდენიმე დღის წინ.

ასევე საბედნიეროდ, მას ექნება, როგორც პირველწყარო, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასება და მოსაზრება, რაც ბატონ გორდონს დაეხმარება, მოემზადოს ლომის ბუნაგისთვის, რადგან სწორედ ასეთია ქართულ პოლიტიკაში დღეს არსებული სიტუაცია.  ვფიქრობ, რომ მიუხედავად აკანკალებულტუჩიანი «ნაციონალურ მოძრაობის» წარმომადგენლის იმედებისა და მათი გზააბნეული მხარდამჭერებისა, ბატონი გორდონი ბოლოს დიპლომატურად იტყვის   _ «გააგრძელეთ».

ყოველთვის რთულია ქვეყნის გაწმენდა წინა ხელისუფლების თავაშვებულობის შემდეგ. სხვათა შორის, ისინი ყოველთვის მტკიცედ აპროტესტებენ ამას, რათა არ დაკარგონ თავშესაფარი. ჩვენ ეს, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ და ვიაროთ წინ.

_ რას ფიქრობთ ბატონი  მერაბიშვილის ყალბი პასპორტის შესახებ?

_ აქ მთავარი მისი  მოტივაციაა: საეჭვოა, რომ მას მეორე და თანაც ქართული პასპორტი სჭირდებოდა. მე სრულად დარწმუნებული ვარ, რომ მას აქვს ერთი ან ორი საზღვარგარეთის პასპორტი იმ შემთხვევისთვის, თუ გაქცევა მოუწევს. მას ყოველთვის შეუძლია გაიქცეს რუსეთში, თან პასპორტის გარეშეც. როგორც ჩანს, ეს ინციდენტი გათვლილი იყო იმაზე, რომ საზოგადოების ყურადღება გადაეტანათ უფრო სერიოზული ამბებიდან, როგორიცაა მიმდინარე გამოძიებები და გამოუძიებელი მკვლელობები.

_ თქვენ როგორ გაიგეთ ბატონი ჟვანიას სიკვდილის შესახებ?

_ იმ დროს მე საქართველოში ვცხოვრობდი და, როგორც ყველა, მეც შოკში ვიყავი. მალე ნათელი გახდა, რომ ყველა ცდილობდა მიეჩქმალა ეს ფაქტი, გაენადგურებინათ მტკიცებულებები – ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე კეთდებოდა. სხვა ქვეყნებშიც შეიძლება უამრავი მაგალითი მოიძებნოს, როცა პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად გარდაიცვლება ხოლმე. ასეთი სიკვდილი, როგორც წესი, ძნელად თუ ჩაითვლება უბედურ შემთხვევად, თუმცა, ზურაბ ჟვანიას შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ბევრად მეტი რამ არსებობს, ვიდრე ოფიციალური დოკუმენტაცია ადასტურებს ან ოდესმე დაადასტურებს! მე მომაწოდეს სამი სახელი, პროფესიონალი მკვლელების სახელები, რომლებიც, შესაძლოა, რეალურად მონაწილეობდნენ ჟვანიას მკვლელობაში. მე ეს სახელები გადავეცი როგორც ამერიკის საელჩოს საქართველოში, ისე ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრს თბილისში. ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა,  რომ გამოიძიონ ეს საქმე ბოლომდე.

_ როდის დაიწყეთ ამ საქმის ძიება და რატომ?

_ როგორც ჟურნალისტს, გინდა, ყოველთვის იცოდე მეტი და, შესაბამისად, სულ თვალს ვადევნებდი ახალ ამბებს. 2003 წლიდან შევისწავლე მისი კავშირები აჭარის მოვლენებთან დაკავშირებით. ეს კრიზისის საერთაშორისო ჯგუფისთვის გავაკეთე და მისი სახელი ხშირად ამოტივტივდებოდა ხოლმე. სწორედ ამიტომ არ გამიკვირდა, როცა მისი გაზით მოწამვლის თუ მკვლელობის შესახებ გავიგე. იმ დროს მე საიდუმლოდ ვმუშაობდი დემიან ჰელისთვის, რომელიც ბრიუსელში არსებული კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის პროექტის დირექტორი გახლდათ და ვცდილობდი, გამერკვია, რა მოხდებოდა ამის შემდეგ აჭარაში. სწორედ ამ მუშაობისა და წლების განმავლობაში მოწოდებული კითხვების შედეგად მე მივხვდი, თუ რატომ წარმოადგენდა ჟვანია პრობლემას ზოგიერთი კონკრეტული ინტერესებისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით.

_ რას ფიქრობთ, რატომ იყო ჟვანია ასე საშიში ვიღაცისთვის, ვინც მოკლა იგი (შეუკვეთა მკვლელობა)?

_ ჟვანია ყველაზე საშიში იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს გეგმებისთვის საქართველოსთან დაკავშირებით. ჟვანია არ იყო ადამიანი, რომელიც ყველას მოსწონდა. ერთერთმა კოლეგამ ერთხელ მომწერა: «ის იყო კარიერული პოლიტიკოსის კლასიკური მაგალითი. იგი მძიმედ ატარებდა იმ  ტვირთს, რაც ამ პროფესიისთვის იყო დამახასიათებელი. მოკლედ, როგორც პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, მაგარი გაიძვერა ვინმე იყო. თუ მას მართლაც ჰქონდა ერთი რამ კარგი, ეს იყო მისი რწმენა სტაბილურობასა და სახელმწიფოებრიობაში. ირონიულია, მაგრამ ბევრი საქართველოში, მათ შორის მეც, ვფიქრობთ, რომ, რამაც იგი მოკლა, იყო მისი პოზიცია _ სტაბილურობის შენარჩუნება ყველაფრის ფასად». მას შეეძლო საქართველოს გაერთიანება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და საქართველოს ნორმალურ ქვეყნად გარდაქმნა.

თუმცა მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ მან შექმნა «მთავრობა მთავრობაში» და 2003 წლის «ვარდების რევოლუციის» შემდეგ მისი ერთგული ადამიანები დაინიშნენ ყველა მნიშვნელოვან ორგანიზაციაში. რადგან მან ბევრად მეტი იცოდა, ვიდრე უმაღლესმა ხელმძღვანელობამ და, შესაბამისად, შეეძლო შეეჩერებინა და თავიდან აეცილა გარკვეული სცენარების გათამაშება, იგი გახდა «ახალი დიდი თამაშის» დიდი საფრთხე. არ დაგვავიწყდეს, ჟვანია რომ დარჩენილიყო მაღალ თანამდებობაზე, არასოდეს იქნებოდა ომი სამხრეთ ოსეთში; საქართველო არასოდეს იქნებოდა გამოყენებული, როგორც იარაღისა და ნარკოტიკების სატრანზიტო გზა,  რათა ხელი შეეწყო ამერიკის მიერ აფრიკასა და სხვაგან  წარმოებული ომებისთვის. ის ბევრად უფრო ჭკვიანი იყო და სწორედ ამიტომაა მკვდარი; იგი ძალიან ჭკვიანი და ცბიერი იყო იმისთვის, რომ ვინმეს გაესულელებინა. ბევრს საქართველოში არ მოსწონდა მისი პოზიცია, ეწარმოებინათ მოლაპარაკებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. მას შეეძლო ესაუბრა ასლან აბაშიძესთან _ აჭარის ყოფილ ლიდერთან. იგი მხარს უჭერდა 2004 წელს სამხრეთ ოსეთიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანას.

_ რატომ აჩუმათებს გამოძიების ფედერალური ბიურო ამ საქმეს?

_ იგი პირდაპირ არის ჩარეული და, თუ სიმართლე გაირკვევა, ეს იქნება საგარეო პოლიტიკის უდიდესი მარცხი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ჯორჯ ბუშის პოლიტიკისთვის. გამოძიების ფედერალური ბიურო დაეხმარა ქართულ მხარეს, მოეფიქრებინათ სარწმუნო ამბავი ჟვანიას გაზით მოწამლვის შესახებ და ის, ასევე, ჩართული იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მედიაში. არ დაივიწყოთ, რომ ზვიადი საქართველოსთვის იღვწოდა და უნდოდა  საკუთარი საგარეო პოლიტიკის გატარება. ის არ მოუხრიდა ქედს არავის.

როგორც ჩემი წყაროები მეუბნებიან, გამოძიების ფედერალური სამსახური ჩართული იყო ამ საქმის დაფარვაში, კერძოდ, ბრაიან პარმენი. მე ზოგ მათგანსაც ვესაუბრე, ვინც რომანტიულ ურთიერთობაში იყო გამოძიების ფედერალური სამსახურის ამ აგენტთან. მათი ინფორმაცია ადასტურებს იმას, რაც მე ვიცოდი. მე ბარში ჩხუბიც კი მომივიდა ამ აგენტის მცველთან იმასთან დაკავშირებით, რაც მე აგენტისა და მისი ამ საქმის დაფარვის შესახებ ვიცოდი. ეს სხვა საქმეა, მაგრამ მათ იციან, რომ მე ვიცი, რაც მოხდა. ასეა თუ ისე, მასაც და ბრაინ პარმენსაც ამ ამბიდან ცოტა ხანში საქართველოს დატოვება მოუწიათ.

2004 წლის ზაფხულის ერთ საღამოს საბურთალოზე ერთ-ერთ კაფე-ბარში მეგობრებთან ერთად ვიყავი, როდესაც გავიცანი «ეფბიაის» აგენტი ბრაინ პარმენი, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში მოღვაწეობდა. 

მეგობრები მოსკოვიდან  სტუმრად იყვნენ ჩამოსულები და სურდათ რაიმე განსხვავებულ ადგილას წასვლა, ამიტომაც წავედით სტრიპტიზბარ «ავტოგრაფში», სადაც ბრაინს შევხვდით. ის ბართან მარტო იდგა და ჩვენს მეგობარ ბიჭებთან გასაუბრების შემდეგ ლუდზე დაგვპატიჟა, რის შემდეგაც ჩვენ გავიცანით ერთმანეთი და, ვინაიდან ჩემმა მეგობრებმა კარგად არ იცოდნენ ინგლისური, მე მათ ვუთარგმნიდი მის საუბარს.

შემდეგ მან მოგვცა თავისი მობილურის ნომერი, რამდენიმე დღის შემდეგ  კი დავუკავშირდით და შევხვდით.

გარკვეული ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბრები და რამდენიმე შეხვედრა. ამ ურთიერთობას არ ჰქონდა რაიმე სერიოზული ელფერი, რადგან ჩვენ გვეგონა, რომ ის გვატყუებდა ან გვაშაყირებდა  და არ იყო «ეფბიაის» აგენტი. ხუმრობით ბეჯის ჩვენებასაც ვთხოვდით ხოლმე და ვუტრირებდით ფრაზებს ამერიკული ფილმებიდან: გამარჯობათ, მე «ეფბიაის» აგენტი ვარ, თქვენ დაკავებული ხართ და სხვ.

 თუმცა, როდესაც ჟვანია გარდაიცვალა, მე ვნახე, როგორ აძლევდა იგი კომენტარს ქართულ ტელევიზიებში, როგორც საქართველოში მოღვაწე «ეფბიაის» აგენტი, და განმარტავდა, რომ გაზით მოწამვლის შემთხვევები ხშირია ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკაა.

მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა მეგობარმა ვნახეთ და მოვისმინეთ მისი კომენტარი,  ჩვენ მას დავუკავშირდით და ამის შემდეგ ერთხელ შეგვხვდა. შეხვედრის დროს მე მას ვუთხარი, რომ ჟვანიას გარდაცვალების დეტალები ძალიან ბუნდოვანი, საეჭვო იყო და რომ ამ ფაქტის ირგვლივ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები რჩებოდა. დეტალურად არ მახსოვს ის არგუმენტები, რომლებიც მასთან მომყავდა, რაზეც მან მიპასუხა, რომ მე საკმაოდ ახალგაზრდა და ბავშვიც კი ვიყავი და რომ ასეთ რაღაცებს ვერ მივხვდებოდი…, და მისი არგუმენტიც და პასუხიც თითქმის იგივე იყო, რაც სატელევიზიო კომენტარში. თუმცა მას შემდეგ, რაც მე მას პირდაპირ მივახალე ის, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა იმ პერიოდში და იმ ეჭვებზეც ვესაუბრე, რაც არსებობდა, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, და გადავწყვიტე, ბოლოს მისთვის საამებელი სიტყვები მეთქვა და ასეთი რამ ვუთხარი, რომ მისი კომენტარი უფრო დამაჯერებელი იყო, ვიდრე იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის _ ვანო მერაბიშვილის, რაც მას ძალიან ესიამოვნა. გარკვეული ხანი ჩვენ გვქონდა კონტაქტი,  თუმცა მოგვიანებით, როცა მან გაიგო,  რომ  მე ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, ის აღარ შემხმიანებია.  

ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა: როგორ დააფინანსა და დადგა ამერიკის მთავრობამ გაზის გამათბობლის, «კარმას», სცენა და გაწვრთნა ე.წ. ახალგაზრდა ადამიანები. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს გავლით ბინძურ ომს აწარმოებდა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში _ პანკისის ხეობა წარმოადგენდა ბანაკს მათთვის, ვინც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ამერიკის მთავრობა აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაშიც საფინანსო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართულნი. პრაქტიკული ადამიანის, პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებაში ყოფნა საფრთხეს უქმნიდა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე სააკაშვილს (მის თანამეინახეებს). ამასთანავე, ჟვანიას ჰქონდა პოტენციალი, რომ გაეხსნა საქმე და ფარდა აეხადა ყველაფრისთვის _ იარაღისა და ნარკოტიკებისთვის; იმისათვის, თუ როგორ გაიჭრა გზა ავღანეთიდან საქართველოს გავლით; ბიოიარაღის პროგრამებისთვის საქართველოში, კერძოდ, აჭარასა და თბილისში. ჟვანია არასოდეს მოითმენდა და აიტანდა ამას _ არა იმიტომ, რომ ეს მორალურად არასწორია, არამედ იმიტომ, რომ ეს არ იყო კარგი საქართველოსთვის. იგი არავის მისცემდა საქართველოს გამოყენების უფლებას.

_ როგორ გაიგეთ იმ ადამიანების შესახებ, ვინც დაეთანხმა ჟვანიას მკვლელობას და რა იცით მათზე?

_ ისინი პირდაპირ კავშირში არიან ვანო მერაბიშვილთან. ჩემი რჩევაა, ჰკითხოთ ამერიკის საელჩოს, რატომ არ მიაწოდეს ის სახელები ქართველ გამომძიებლებს. ჩემთვის გასაგებია, რატომ არ გააკეთა ეს ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრმა – ისინი შეშინებულნი იყვნენ. მე თავად ვუთხარი, არ გაეკეთებინათ მანამ, სანამ სამშვიდობოზე არ ვიქნებოდი და თავი შეეკავებინათ, თუ რამე დამემართებოდა.

_ უამრავი ხალხია, რომლებიც ამბობენ, რომ არსებობს ჟვანიას მკვლელობის ვიდეოჩანაწერი. თქვენ ფიქრობთ, რომ მართლა არსებობს ეს ჩანაწერი? და, თუ არსებობს, – რატომ?

_ მე მაქვს ჩემი ეჭვები და, თუ ასეთი ჩანაწერი მართლაც არსებობს, მას მალე იპოვიან და გაანადგურებენ ან ისე შეაშინებენ მათ, ვისაც ეს აქვს, რომ გამჟღავნების სურვილი დაეკარგებათ. ვეჭვობ, რომ ასეთი ჩანაწერი არსებობდეს. ასე რომ ყოფილიყო, უკვე გაჟონავდა. ხელისუფლების უმაღლესი პირები გაიქცეოდნენ ან გამოქვებულებში დაიმალებოდნენ.

_ თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ივანიშვილის მთავრობამ იმისათვის, რომ ეს საქმე გაიხსნას?

_ უნდა დაიწყონ ამაზე საუბარი და განაახლონ გამოძიება. მედიაგარემო უკვე გაუმჯობესდა და ეს იქიდანაც ჩანს, რომ ეს სტატია იბეჭდება. არჩევნებამდე ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომც დაბეჭდილიყო, არაფერი მოჰყვებოდა. მთავრობამ უკვე გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი  და სწორი ნაბიჯი ბაჩო ახალაიასა და ზოგიერთის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. რაც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, მით უფრო გაძლიერდება მოქმედება და, შესაძლოა, გაიხსნას რამდენიმე დანაშაული, არა მხოლოდ ჟვანიას საქმე. თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რადგან საქართველომ უნდა დააბალანსოს მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და მათი პოვნის საჭიროება და აუცილებლობა, ვინც ჟვანიას სიკვდილზე არის პასუხისმგებელი. საქართველოს ხელისუფლებამ და გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტმა, ბრაიანმა, უკვე უწოდეს ჟვანიას სიკვდილს უბედური შემთხვევა. ამ უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა ჟვანიას ახალგაზრდა «მეგობარი» _ საღამოს მასპინძელი. სიკვდილის მიზეზი «გაუმართავი ირანული გაზის გამათბობლიდან გაზის გაჟონვა იყო». პირველი, რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ ახალმა ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს ირანს და მისცეს ასეთი ფორმულირება: «ცუდად დამონტაჟებული ირანული გამათბობელი» ან «ირანული გამათბობელი,  რომლის დროსაც არ იქნა დაცული უსაფრთხოების წესები».

საინტერესოა, რომ ყოველთვის, როცა ქართველი მაღალჩინოსნები საუბრობდნენ, ისინი აუცილებლად ახსენებდნენ ფაქტს, რომ გამათბობელი იყო ირანული. მაშინაც კი ისე ჩანდა, რომ ისინი ჯორჯ ბუშის ინტერესებს ემსახურებოდნენ და «შემთხვევას არ უშვებდნენ ხელიდან, რომ ირანი ცუდი რაკურსით ეჩვენებინათ». ახალმა ხელისუფლებამ, ასევე, უნდა გაარკვიოს ჯორჯ ბუშთან დაკავშირებული მკვლელობის მცდელობა, რადგან ესეც გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ აგენტს უკავშირდება, რომელიც ზურაბ ჟვანიას საქმის მიჩქმალვაში იყო ჩართული.

ისინი, ყველანი ცდილობდნენ ეთამაშათ ძველი ქართული თამაში _ «იპოვე მთავარი დამნაშავე», რაშიც განსაკუთრებით ძლიერი იყო იოსებ სტალინი. იცოდნენ რა ქართველების მენტალიტეტი, მიზანი იყო ის, რომ მთელ მოსახლეობას სიძულვილით ეყვირა «რუსეთი» და «ირანი» და მათ წინააღმდეგ განწყობილიყვნენ… როცა გაიგებდნენ პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი სიკვდილის შესახებ, ისინი ეროვნულ ცნობიერებაში ამოატივტივებდნენ სხვა ცუდი ბიჭის კონცეპციას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა კოლექტიურ უარყოფით განწყობას. ნაცვლად ამისა კი, ასე უნდა მოხდეს: «მოიცადეთ, რა ხდება და ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი პრემიერ-მინისტრის სიკვდილში?»

ესაუბრა

მაია ჩუბინიშვილი

 

1 COMMENT

  1. გაიხარე გმერტმა დაგლოტსოს სჰენნაირი მეგობრები უმრავლოს გმერტმა საქარტველოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here