Home რუბრიკები პოლიტიკა ვანოს იდენტიფიკაცია, ანუ ვისი პასპორტი ვის ჯიბეშია?

ვანოს იდენტიფიკაცია, ანუ ვისი პასპორტი ვის ჯიბეშია?

619

სად მთავრდება ლევან მაისურაძე და იწყება ვანო მერაბიშვილი? რომელია ჰენრი ჯეკილი და რომელი ედვარდ ჰაიდი? ვის ან რისთვის დასჭირდა მთელი ეს «ბორნის იდენტიფიკაცია» აეროპორტში და შემდგომ შსს-ში?

«2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა, კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში, პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით», _ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადების საფუძველზე აღმოცენდა მომხდარის რამდენიმე ათეული ვერსია, რომელთა დაყვანა სამ ძირითად სიუჟეტამდე შეიძლება:

1) ეს იყო ახალი ხელისუფლების პროვოკაცია, რომელიც მიზნად მერაბიშვილის დაპატიმრებას და(ან) მისი იმიჯის შელახვას ისახავდა;

2) ეს იყო «ნაციონალური მოძრაობის» პროვოკაცია, რომლის მიზანი ბოლოდროინდელი დაპატიმრებების აბსურდულად და პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოჩენა იყო და, ამასთანავე, ყურადღების გადატანას იმ შეუდარებლად მძიმე, ჯერაც გამოუძიებელი ეპიზოდებიდან, რომლებშიც მერაბიშვილის გვარი ფიგურირებს;

3) მერაბიშვილი მაისურაძის საბუთებით ქვეყნიდან გასვლას და უცხოეთში ცხოვრებას (ან საიდუმლო შეხვედრების გამართვას) აპირებდა, ხოლო მანიპულაცია აეროპორტში მას კვალის დაფარვისთვის დასჭირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ ვერსიას, რომელიც ჩამოთვლილ იდეებს ავითარებდა, დამაჯერებლობა და შინაგანი ლოგიკა აკლდა და ეს, მათ შორის, განპირობებული იყო იმით, რომ საზოგადოებას და მედიას არ ჰქონდა საკმარისი მოცულობის ინფორმაცია იმისთვის, რომ აეროპორტში განვითარებული მოვლენების სრულყოფილი რეკონსტრუქცია მოეხდინა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტებთან დაკავშირებით სრული ბუნდოვანება სუფევდა, მომხდარს უდავოდ საინტერესო სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. მერაბიშვილის იმიჯის გაორებამ, რომელიც აუდიტორიის აღქმაში წლების წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში სულ უფრო აშკარა ხდებოდა, თავის ლოგიკურ ფინალს მიაღწია და საბოლოდ «საპასპორტო გაორებაში» გამოიხატა.

XIX საუკუნიდან ლიტერატურაში მეტად პოპულარული გახდა «დოპელგანგერის» (გერმ. «ორეული») თემა. ასე უწოდებდნენ ორეულს, რომელიც განასახიერებდა იმ ინსტინქტებს და სურვილებს, რომლებიც ადამიანმა სადღაც ქვეცნობიერების სიღრმეში მიჩქმალა, ვინაიდან ისინი მის ზნეობრივ ღირებულებებსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდნენ. იმას, თუ როგორ იმორჩილებს თანდათან მთავარ გმირს დოპელგანგერი, უამრავი ნაწარმოები მიეძღვნა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი, ალბათ, რობერტ ლუის სტივენსონის «დოქტორ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორიაა».

30 ნოემბრის შემდეგ ვანო მერაბიშვილის თანამოაზრეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, თქვან, რომ (მათთვის) სანიმუშო რეფორმებს პოლიციაში კეთილი ვანო ატარებდა, ხოლო რეპრესიებს _ ბოროტი ლევანი.

მეტიც, მათ შეუძლიათ იმსჯელონ იმაზე, რომ ვანო

 თავდაუზოგავად იღწვოდა «ნაცმოძრაობის» მარადიული დიდებისთვის, ხოლო საეჭვო თამაში არჩევნების წინ, რომელმაც ნაწილობრივ მაინც იმსხვერპლა ხსენებული დიდება, განსაკუთრებით მარადიულობის ასპექტში, ინფერნალურმა ლევანმა წამოიწყო. ძნელი სათქმელია, გამოიყენებენ თუ არა ისინი ამ შესაძლებლობას, თუმცა ის, რომ ვანო მერაბიშვილის დოპელგანგერს მიეცა კონკრეტული გვარი, სახელი და, რაოდენ გასაკვირი უნდა იყოს, პასპორტი, უდავოდ პროგრესულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს. ვინ იცის, იქნებ ხსენებულ დოპელგანგერს აქვს არა მხოლოდ პასპორტი, არამედ ანგარიშიც შვეიცარიულ (ან, ავიარეისის მიმართულებით თუ ვიმსჯელებთ, სომხურ?!) ბანკში? გაცილებით რომანტიული კი იქნებოდა მერაბიშვილის ორეულს, სიტყვაზე, «ვოლდემარ ჟოზეფ ბონიფას დე ლა ვეგა» რქმეოდა, თუმცა დასაწყისისთვის პროზაულ «ლევან მაისურაძესაც» არა უშავს. 9 წლის განმავლობაში ქართული და უცხოური მედია თავს აკლავდა ერთი შეხედვით მარტივ კითხვას: «ხუ იზ მისტერ მერაბიშვილი?» და ეს, უპირველესად, განაპირობებული იყო იმით, რომ მისი რეფორმების ფასადური ბრწყინვალება ტრაგიკულ, გადალახავ წინააღმდეგობაში შედიოდა იმ საშინელებასთან, რომელსაც მისი ხელქვეითები სჩადიოდნენ. მას შემდეგ, რაც ამა წლის 30 ივნისს მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, ხოლო საპარლამენტო არჩევნების კვალობაზე _ «ნაციონალური მოძრაობის» გენმდივნად, ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ბევრი ადამიანი ინტერესდება იმით, თუ რამდენად დიდია მისი გავლენა, რა როლი მიუძღვის «ნაცმოძრაობის» საარჩევნო მარცხში და რა სამომავლო გეგმები აქვს.

მერაბიშვილთან დაკავშირებით მოხდა ის, რაც პოლიტიკისა და მედიის ისტორიაში არაერთგზის მომხდარა: სხვადასხვა კომენტატორი, ცდილობდნენ რა გაეფერადებინათ მერაბიშვილის ფიგურასთან დაკავშირებული «თეთრი ლაქები», მას ლამის ზებუნებრივ თვისებებს და დემონურ გამჭრიახობას მიაწერდნენ. თითქმის არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ იმ სიცარიელის უკან, რომლის ამოვსებას ასეთი გაფაციცებით ცდილობდნენ, დგას მხოლოდ სიცარიელე, რომელსაც მხარს მარტოობა უმშვენებს.

 აზარტში შესულები ისინი წარმოაჩენდნენ მერაბიშვილს ფუშედ და ტალეირანად ერთ ფლაკონში და არ ფიქრობდნენ (განსაკუთრებით ბოლოს) იმაზე, რომ მათ წინაშეა, უბრალოდ, ვანო სოფელ უდედან, საკმარისად გონიერი და მოხერხებული, მაგრამ არა გენიალური და ყოვლისშემძლე, რომელიც, დიდი პოლიტიკის ნაცვლად, როგორც ჩანს, დიდ შარში გაეხვა. მერაბიშვილს მიაწერდნენ ისეთ თვისებებს და უნარ-ჩვევებს, რომლებთანაც საერთო არაფერი ჰქონდა, და ისეთ გეგმებს, რომელთა რეალიზებაც იულიუს კეისარი თუ მოახერხებდა, თანაც იმ შემთხვევაში, თუ ნაპოლეონი დაეხმარებოდა. ასე იქმნებოდა მითი.

როდესაც დღეს ეკრანებზე ვანო მერაბიშვილს ვხედავთ (1 დეკემბრის «წინასადაკითხვო» კადრები იქნება თუ სხვა) ურიგო არ იქნება დაფიქრება იმაზე, ვინ დგას ჩვენ წინაშე: გენიალური პოლიტიკოსი შეუზღუდავი ამბიციით თუ უბრალოდ გადაღლილი, ნერვებდაწყვეტილი ადამიანი, რომელსაც ერთი სული აქვს, განზე გადგეს და დაისვენოს იმისგან, რაც ბოლო ათწლეულში თავს გადახდა. თუ ჩვენ შევეცდებით, დავინახოთ არა მითი, არამედ პიროვნება, ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ არავერბალურ რეაქციებს, სახის გამომეტყველებას და ა.შ., დავფიქრდეთ მის სავარაუდო მოტივებზე, ყოველივე ამან შეიძლება მეტად პროზაულ და ამავე დროს პარადოქსულ დასკვნებამდე მიგვიყვანოს. არ არსებობს არანაირი ლევანი და ვოლდემარი, ფუშე და ტალეირანი, არის მხოლოდ ვანო მერაბიშვილი და სიცარიელის ათი წელიწადი, რომელსაც მარტოობის ასი წელიწადისგან ფრიად მოკრძალებული მასშტაბი განასხვავებს.

დღეს, ისევე, როგორც არჩევნებამდე, კვაზირელიგიურ ექსტაზში შესული ზოგიერთი «ნაციონალი» მერაბიშვილისგან (უცნაურია, მაგრამ, უპირველესად, მისგან და არა სააკაშვილისგან) სასწაულის მოხდენას ელოდება, თუმცა მაქსიმუმი, რასაც მერაბიშვილი შექმნილ სიტუაციაში მოახერხებს, სავარაუდოდ, «ნაციონალური მოძრაობის» ლოგიკურ ფინალამდე მიყვანა იქნება, დაახლოებით ისე, როგორც ეს 9 წლის წინ «მოქალაქეთა კავშირთან» მიმართებაში ავთანდილ ჯორბენაძემ გააკეთა. ამქვეყნად, ალბათ, არაფერია უფრო მწარე ვიდრე არშემდგარი სასწაულის შეგრძნება, თუმცა «ნაციონალებს», როგორც ჩანს, მისი დაგემოვნებაც მოუწევთ; იმედია, ეს გარკვეულ თერაპიულ ეფექტს გამოიღებს.

ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანი თანახმაა, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი თანამდებობა დაიკავოს, თუნდაც საქმის არაფერი გაეგებოდეს ან მისი დანიშვნა რეჟიმის გარდაუვალ კრახამდე რამდენიმე კვირით მოხდეს, ზოგს შეიძლება გაუჭირდეს იმის დაშვება, რომ ვანო მერაბიშვილს არ სურს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში «ნაცმოძრაობის» კანდიდატი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა თანაპარტიელებთან შედარებით მაღალი რეიტინგი აქვს და არაფორმალურ შიდაპარტიულ «პრაიმერში» (ამ სიტყვის გამოყენება, «ნაციონალების» შიდა სამზარეულოსთან მიმართებაში, ალბათ, ერთობ უადგილოა) წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი შანსი აქვს. მაგრამ ვერსიას იმის თაობაზე, რომ მას, უბრალოდ, თამაშიდან გასვლა სურს, თანაც ისე, რომ მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგეს, არსებობის უფლება, ალბათ, აქვს.

ამონარიდი მერაბიშვილის 1 დეკემბრის ჩვენებიდან: «2012 წლის 30 ნოემბერს ე.წ. ვიპდარბაზში დელეგაციის დამხმარე პირს გადავეცი ჩემი ეროვნული პასპორტი, რომელსაც უნდა მიეტანა იგი მესაზღვრე კონტროლიორამდე, მის ბიომეტრიულ გვერდზე დატანილი იყო ჩემი სურათი, ჩემი სახელი და გვარი  _ ივანე მერაბიშვილი, დაბადებული 15.04.1968 წელს და შესაბამისი პირადი ნომერი, რომელიც არ მახსოვს. დასმულ შეკითხვაზე დამხმარე პირმა გადმომცა თუ არა ჩემ მიერ მიწოდებული ეროვნული პასპორტი და მითხრა თუ არა რაიმე, გიპასუხებთ: მე რამდენადაც მახსოვს, დამხმარე პირს ჩემი ეროვნული პასპორტი წარვუდგინე, გადავეცი ერთხელ და მას ჩემთვის არაფერი  უთქვამს პასპორტთან დაკავშირებით და არც რაიმე ინციდენტი შემინიშნავს და ასევე გაფრენის შემდეგ, როდესაც დავბრუნდი საქართველოში, არც შემდეგ მქონია რაიმე შეხება. მე ლევან მაისურაძეს, დაბადებულს 12.02.1970 წელს, არ ვიცნობ, არც მისი რაიმე სახის დოკუმენტი მინახავს და არც მქონია». «ყოფილი ხერხემლის» (ყველა ძველი თანამდებობის ჩამოთვლა ბევრ ადგილს დაიკავებდა) ეს ჩვენება აშკარა და გადაულახავ წინააღმდეგობაში შედის იმ ჩვენებასთან, რომელიც გამოძიებას მესაზღვრე კონტროლიორმა ვაჟა ღოღაძემ, სააკაშვილის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსმა ზურაბ დარჩიაშვილმა და ამავე სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი გიორგაძემ მისცეს. სამივე ადასტურებს, რომ შეიქმნა პრობლემა პასპორტთან ლევან მაისურაძის სახელზე, რის შემდეგაც მოხდა მისი შეცვლა მერაბიშვილის პასპორტით, თანაც ღოღაძისა და დარჩიაშვილის ჩვენების მიხედვით, მერაბიშვილს პრობლემის შესახებ ეცნობა და მეორე პასპორტის წარდგენა მისი მონაწილეობით მოხდა. ღოღაძე: «მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილთან ერთად დახედა პასპორტს, ხმამაღლა თქვა, _ რა პრობლემა არისო, ეს პასპორტი არ გავატაროთო, იმ პასპორტს ცოტახანში მოიტანენო». დარჩიაშვილი: «მერაბიშვილმა განმარტა, რომ ეს პასპორტი ნამდვილად სხვა პასპორტი იყო და მითხრა, რომ ცოტა ხანში მოიტანდნენ მის პასპორტს».

ისმის სავსებით ლეგიტიმური კითხვა: რატომ იქცევა შსს ყოფილი ხელმძღვანელი სიტუაციაში, რომელშიც ნებისმიერი კურსანტი ყველა შესაძლო საფრთხეს ორიოდე წუთში დაინახავდა, ისე, თითქოს სურს, რომ ის ყალბი საბუთების გამოყენებისთვის გაასამართლონ და გამოძიებას ისეთ ჩვენებას აძლევს, რომელიც, დიდი ალბათობით, სწორედ ამ შედეგს მოუტანს? რა დგას ამის უკან: «ყოვლისშემძლე» ვანოს მრავალსვლიანი ჩანაფიქრი თუ ჩვეულებრივი ადამიანის მცდარი გათვლა, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, შიშმა და ნერვიულობამ გამოიწვია? იქნებ მერაბიშვილის შესაძლებლობების მაქსიმუმი ორსვლიანი, იოლად გასაშიფრი შაბლონური კომბინაციებია?

მთავარია, ყოველივე ამის გადამკიდე, მერაბიშვილს რეალური გაორება არ დაეწყოს და «ნაციონალური მოძრაობის» ოფისიდან ლევან მაისურაძის ან, სულაც, ალექსანდრე მაკედონელის სახელით განცხადებების გაკეთება არ დაიწყოს, რადგან, «როგორც მერაბიშვილს», ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი, როგორც მედიისთვის, ისე გამოძიებისთვის.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here