Home რუბრიკები საზოგადოება «ნაციონალურ ჭირს» დეზინფექცია უნდა ჩავუტაროთ

«ნაციონალურ ჭირს» დეზინფექცია უნდა ჩავუტაროთ

652

ბოროტებამ მძლავრი დარტყმა მიიღო, მაგრამ წელმოწყვეტილი მაინც ცდილობს შხამის ბოლომდე დანთხევას. უკიდურესად შემნდობი ქართველი ერის მოთმინების ჭურჭელი ძირგავარდნილი არ გამოდგა და «ნაციონალთა» ძალადობის, სიცრუის, სიბრიყვის, მუხთლობის, სიხარბისა და განუკითხაობის პარპაში სერიოზულად დაზანყდა.

ხელისუფლებაში ფსევდორევოლუციის გზით გამძვრალი სააკაშვილის სახით ხალხს ეგონა, რომ ეროვნული გმირობის კანდიდატი მოევლინა შევარდნაძისგან მრავლადნაკორტნ ქვეყანას. არადა, მისგანვე აღზევებული მისი განქიქებით იხვეჭდა სიმპათიებს, რამეთუ უკიდურესად გამწარებულ ხალხს სჯეროდა, რომ ჩადენილი ბოროტებისთვის პასუხს აგებინებდნენ.

განგებამ სააკაშვილს შანსი მისცა, მოხვედრილიყო ერისთვის თავდადებულ მამულიშვილთა შორის, თაობებს კიდევ მისით ეამაყათ. ამას კი მსხვერპლის გაღება, ამქვეყნიურ განცხრომაზე უარის თქმა და საჭიროების შემთხვევაში თავგანწირვა სჭირდებოდა. მოხდა საშინელება: ხალხს ეროვნული გმირის გამოჩენის იმედი რომ ჰქონდა, ეროვნული ჭირი გამოდგა და ისეთი საშინელი მუხთლობის ქარბორბალა დაატრიალა, რომ მისგანვე ჩასათბურებული შევარდნაძის ავკაცობაც გაახუნა.

მთელი საქართველო ელოდებოდა შევარდნაძის ხალხის სამსჯავროს წინაშე გაშიშვლებას, რათა ეხილა მის ნიღაბს იქით ჩამალული სატანის რქებიანი თავი. ამათ კი შექმნეს პრეცედენტი, რომ მოღალატე მაღალჩინოსანმა პასუხი არ უნდა აგოს და მიქელ-გაბრიელის ბილიკზე შემდგარმა სიცრუით შენელებული ინტერვიუებით კვლავ უნდა წამლოს მისგანვე მოოხრებული ქვეყანა.

მაინც რა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ბებერი და ახალგაზრდა სიცრუის ნოტზე აწყობილი მუთხლობის ნაშიერნი:

შევარდნაძემ ხომ მოიწვია სოხუმში ქართველი მოსახლეობა და შემდეგ მტერს საჯიჯგნად შეატოვა, თვითონ კი თავქუდმოგლეჯით გამომფრთხალმა თბილისქალაქობა იზეიმა. მერე რა, ვანდალების მიერ აოხრებულმა და გაუპატიურებულმა რომაელებმაც ხომ ითხოვეს თავიანთი ღმერთისთვის მიძღვნილი ზეიმის მოწყობა.

მიშამაც დაიწყო ომი ცხინვალში. მერე შეშინებულმა მოკურცხლა. ქვეყანას ტერიტორიები ქართული სოფლებით დაუკარგა და შევარდნაძის ლტოლვილებს თავისიც მიუმატა. რა დაინახა, საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ზეიმი მოაწყო. ომი რუსეთმა დაიწყო და მე გავიმარჯვეო, ქვეყანა შეყარა. სამშობლოს მოღალატედ ცხადდებოდა ყველა, ვინც ომის დაწყებაზე სიმართლეს იტყოდა.

ბოლო დროს კი ისეთი სიცრუის მთქნარება შეეყარა, რომ ნაოცნებარი და სიზმარში ნანახი თავისი მომაბეზრებელი სატელევიზიო ტაკიმასხრობისას სინამდვილედ აუწყა მთელ საქართველოს: ღრუბელ-ღრუბელ როგორ გაეპარა რუსულ ავიაციას, ჩაფრინდა ფოთში და შეკრებილ ხალხს გმირული ოპტიმიზმით გაჯერებული სიტყვები აწვიმა. რუსებმა ეს რომ გაიგეს, ტანკებითა და ჯავშნოსანი მანქანებით გამოსწიეს მის შესაპყრობად, მაგრამ ფოთის პოლიციელები გადაეღობნენ. რუსები ეხვეწებოდნენ, გაგვატარეთ, ჩვენ მარტო სააკაშვილის დაჭერა გვინდაო. მათ კი არ გაუშვეს, ერის იმედს და სიამაყეს ვერ გაგატანთო. საცოდავი რუსები თურმე ასე კუდამოძუებულები გააბრუნეს უკან.

შევარდნაძემაც კარგად იცის ნაცრის ქექვით მიღებული განცხრომის გემო. მანაც ისე შეაშინა რუსები, რომ «ნაცარქექიას» დევი მასთან მოგონილია. ყოველკვირეულ საგაზეთო ინტერვიუში ამაყად გვამცნო: რუსების ბატალიონი კოდორის ხეობაში რომ შევიდა, მაშინვე იქ გამოცხადდა და მეთაური თავისთან მოიხმო. უთხრა, აბა თუ დათვლი ამ ხეობაში რამდენი ხე დგასო. ამას რა დათვლისო, მიიღო პასუხი. ჰოდა, ყველა ხის ძირში თითო სნაიპერი მიყენიაო. ისე შეაშინა, როგორც ნაცარქექიამ დევი, ოღონდ სადგისი არ უხმარია. ამგვარად დამფრთხალმა რუსებმა მეორე დღესვე თურმე დატოვეს კოდორის ხეობა. შემდგომში, ალბათ, ზღაპრების წიგნი დაკარგა, თორემ სოხუმს არ დათმობდა. მოწინააღმდეგეს პანტის ზარბაზნით შეაშინებდა და ისინიც გაფრთხებოდნენ. რას ვიზამთ, შევარდნაძე სიცრუის კვამლით ცდილობს დაფაროს მისგანვე ქართველი ერის სხეულზე მიყენებული დღემდე შეუხორცებელი ჭრილობები.

 ნემეზიდა კი ფხიზლად არის და დროს უცდის, რამეთუ იცის, რომ არიან მკვდრები, რომლებიც უნდა გასამართლდნენ.

მოუსავლეთის გზაზე შემდგარ, ფრთამოტეხილ და გაპუტულ «ნაციონალთა» ფაფხურიც ჯერ კიდევ გრძელდება. ამ ფონზე დამცინავ ღიმილს ჩეკავს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის _ ბაქრაძის ესოდენი ბალანაშლილობა: ოპოზიციაში გადავდივარ და «ქართულ ოცნებას» დაწვრილებით შევუმოწმებ შეპირებულის შესრულებასო. მეორე კაცი იყო იმ ხელისუფლებაში და მეურმის მამალივით ყიოდა მხოლოდ. რატომ ერთხელ არ იკითხა, ასე ხვავრიელად სად იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი; რატომ ნიავდებოდა უცხოელებზე ქართველთა მიწა-წყალი; რატომ ატერორებდა ხალხს გამჭვირვალე შენობებში შებუდებული გაუმჭვირვალე პოლიცია; მგლებივით რატომ ჯიჯგნიდნენ უდანაშაულო პატიმრებს; რატომ ერთხელ მაინც არ უთხრა სააკაშვილს, ასე აღმა-დაღმა რომ დაარბენინებ ხალხს შენი ყოველდღიური, ფუქსავატი და თავქარიანი პიარყბედობის მოსასმენად, მაგით მხოლოდ სინანულს, დაცინვას და ხალხის უნდობლობას იხვეჭო; რა საჭირო იყო ქუთაისში ესოდენ ცოდვით გაპოხილი პარლამენტის მშენებლობაზე უზარმაზარი თანხის განიავება და ასე სასწრაფოდ თბილისში პარლამენტის აოხრება?!

რა მოთვლის იმ უამრავ ღალატთან წილნაყარ ცოდვებს, რაც მათ ჩაიდინეს ქვეყნის და ერის მიმართ. მომართული მარიონეტივით ერთსა და იმავე პრიორიტეტებზე ლაყბობის ტყვეს ახლა გაახსენდა, რომ შემოწმებაც შეიძლება და პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა, რის შედეგად მათი პრეზიდენტი ექვსი თვის შემდეგ ახალ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს; სამოქალაქო დაპირისპირებითაც იმუქრება. როგორ შეგვაშინა!

ამ საპარლამენტო არჩევნებზე ძალადობით, გაყალბებითა და უამრავი მაქინაციებით შემორჩნენ პარლამენტს, როცა ადამიანთა გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ შოკში იყო, «ნაციონალი» ასპიტი ძალაუფლებას შეინარჩუნებს და არ დაგვგესლოსო. ახლა, როცა ხალხი მთლიანად გამოფხიზლდა და თავისი ძალა ირწმუნა, როცა წელმოწყვეტილ ასპიტს საკუთარი გესლიანი თავი აქვს გასრესისგან გადასარჩენი, პარლამენტში უმცირესობის ტრიბუნიდან ლაყუჩებს ბერავენ ზოგიერთი თევზივით, გვიფრთხილდით, ძალიან დიდები ვართო.

 არადა, სულ მალე ისე დაიჩუტებიან, რომ ხსოვნას სირცხვილად და სინანულად შემორჩენილთაგან სველი ადგილიც აღარ დარჩება. ამ ცოდვის ბარტყებს რომელი არჩევნების იმედი აქვთ, როცა საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი შერცხვებათ მათთვის ხმის მიცემა. როგორც ფაშისტები სვასტიკიანი დროშებით, ესენიც თავიანთი ხუთჯვრიანი დროშებით გადაბარგდებიან მოუსავლეთში. დაავიწყდათ, რომ სოფელი წარმავალია და მოძალადეთა პარპაში უსასრულოდ არასდროს გაგრძელებულა. საკუთარი ხალხის ძარცვის ფასად, აღვირახსნილი განცხრომა კრიმინალურ ბანდად გარდასახულთ მათგანვე ნათესი შხამიანი მცენარის ნაყოფის ბალღამის ხვრეპის ჟამად გადაექცათ.

არადა, გამაოგნებელია, ამდენი «ნაციონალიდან» ერთი არ გამოდგა ისეთი, საღად რომ ეაზროვნა და მიშასთვის ეთქვა, სახალხო შენობებს ასე ერთ ლარად რომ ჩუქნი, ვისზეც მოგეხასიათება და, თუ რაიმე გეწყინა, უკანვე ართმევ, შენი ბებია-ბაბუის ხომ არ გგონია?! ან პრეზიდენტობა ხალხის სამსახურში ყოფნაა და არა სახალხო ქონების მითვისება-განიავებით გაზულუქებაო. ის კი სისულელის ბოდვით თავბრუდახვეული ტაშის დაქუხების და «მიშა მაგარიას» ღრიალს მოითხოვდა, ურჩებისთვის გლდანის ციხეში ცოცხზე გასმა გარანტირებული იყო. ახლა კი ნაცისტებს ჩადენილი ცოდვების ამონთხევა მოუწევთ. 26 მაისს რაც ამათ ღვარძლითა და საკუთარი ხალხის სიძულვილით იკადრეს, ანალოგს ვერ მოუძებნი. ჩადენილი, დღემდე უცნობი სისაძაგლეები მათ წარმავალ არსებობას ბინძურ ლაქად შემორჩება.

ახლა ქუთაისის, საქართველოს დაქუცმაცების მათი აუხდენელი ოცნების პარლამენტიდან აჭყვლიპინდნენ, უმრავლესობა ჩვენი დეპუტატების გადაბირებას ცდილობს შანტაჟისა და დაშინების გზითო. ვინც უდანაშაულო «ნაციონალთა» დეპუტატებიდან კიდევ არსებობს, იმას გადაბირება რად უნდა, განა ნამუსი ამ დამნაშავე ცოდვისშვილთა შორის გააჩერებს?! სხვა დანარჩენების გადმობირება ვის რაში სჭირდება, როცა ათასგვარი მუხთლობით ისე არიან დაბინძურებულნი, რომ, ვირის აბანოს გარდა, სხვაგან არ მიიღებენ. ან რომელ გადაბირებაზეა ლაპარაკი, როცა ხალხი ამ ნაცისტთა არსებობას საქართველოში აკრძალვით ემუქრება?!

კაცობრიობის საშინელი უბედურება _ ფაშიზმი ადამიანში ადამიანობას რომ სპობდა და მხეცს ანებივრებდა, მსოფლიოს ფაშისტურ ჯოჯოხეთად გადაქცევისთვის რომ ურქენდა, ქართველმა სტალინმა მოამტვრია რქები კისრიანად; ათასობით პლაკატში ხალხს ამ საშინელი ურჩხულის წინააღმდეგ საბრძოლველად რომ აღაგზნებდა, უპირველესი და უბადლო ქართველი თოიძის პლაკატი იყო «დედა _ სამშობლო გეძახის»; ქართველმა მეომარმა _ ქანთარიამ ფაშისტური რაიხსტაგის თავზე ააფრიალა გამარჯვების დროშა. კაცობრიობა არასდროს დაივიწყებს ფაშისტური ჭირის საშინელებას, პატივით, სიყვარულით და თაყვანისცემით მოსავს ბრძოლაში დაღუპულთა ნათელ ხსოვნას. პატარა ქართველმა ერმა 300 ათასი ღირსეული მამულიშვილის სიცოცხლე გაიღო ფაშიზმის წინააღმდეგ საკაცობრიო ბრძოლაში. მსოფლიოს ძალიან ბევრი გამოჩენილი მხედართმთავარი, პოლიტიკოსი და მოაზროვნე ახსოვს, მაგრამ ისეთი გენიალური და ბუმბერაზი, როგორიც იყო სტალინი, დღემდე არ გამოჩენილა. ეს გენია პატარა ქართველმა ერმა მისცა მსოფლიოს, რომლითაც დიდი და მძლავრი ერი უსაზღვროდ იამაყებდა. ამ «ნაციონალ» პარაზიტებს კი ეყოთ თავიანთი მყრალი არსებობის სიბინძურე, რომ მისი ძეგლი თვით გორში მოესპოთ. სამამულო ომში დაღუპულთა უწმინდესი ობელისკი აეფეთქებინათ, ქალისა და ბავშვის სისხლიც დაეღვარათ და ამ ცოდვიან ადგილზე საქართველოს დაქცევისა და დაშლის სიმბოლოდ პარლამენტის შენობა შეეთითხნათ.

როგორ შეიძლება ადამიანი უწოდო ფაშისტური ლაყე კვერცხებიდან გამოჩეკილ პარაზიტებს, რომლებმაც ქართველი ერის სიამაყეს, მსოფლიოში განუმეორებელი გენიოსის _ სტალინის ძეგლი დაანგრიეს და ჰოლივუდის ტაკიმასხარა რეიგანი რიყეზე წამოასკუპეს.

აღარ დასცალდათ, თორემ ჰიტლერის მიერ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად დანიშნული არნო შიკედანცის ძეგლს დაგვიდგამდნენ, რომელმაც ომის დამთავრებისთანავე თავი მოიკლა და წამებულ გმირად შემოგვაჩეჩებდნენ.

დაუსჯელობის გრძნობის ტყვეობაში გათავხედებულნი ქართველი ერის დაკნინება, დაბეჩავება, გადაგვარებას შეეცადნენ და თავიანთი მუხთლობის კვალი საქართველოს ყველა რეგიონს დაატყვეს.

მათი პრეზიდენტი ხშირად იწონებდა თავს სიღნაღით, რომლის შესასვლელთან მაღალ გორაზე მდგარი ქიზიყელთა სიამაყე _ ბრწყინვალე ძეგლი ამირანისა დაანგრიეს; იქვე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის კეთილმოწყობილი შენობა ვიღაცას მიაყიდეს; იქვე ახლოს, ნაძვებით გარშემორტყმული საავადმყოფოს იმხელა შენობა დაანგრიეს, რომ მიშას პიარფაფხურის პროდუქტი ყველა საავადმყოფო ჩაეტეოდა და მისთვისაც დარჩებოდა ადგილი ყვარყვარეს ზღაპრების მოსაყოლად. რაიონული ბიბლიოთეკის ადგილზე რესტორნის მსგავსი რაღაც გამართეს, ტომარაში ჩაყრილი უზარმაზარი უნიკალური წიგნების ფონდი კი სარდაფს შეატოვეს; ნაცისტური ვნებებით დაეტაკნენ სამამულო ომში დაღუპულთა უნიკალურ, უწმინდეს ობელისკს, დაანგრიეს და ამ ბოროტებით ნასიამოვნებთ სულაც არ უფიქრიათ ხალხის რისხვის ამოფრქვევაზე, რომელიც სწორედ მაშინ დაატყდათ თავს, როცა გაღმა გადამხტართ ეგონათ, მხოლოდ ჰოპლას დაძახებაღა აკლდათ. თუმცა რა გასაკვირია იმათგან, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქალაქის ცენტრიდან რომ გაასახლეს და მის ადგილზე ველოსიპედის ძეგლით დაიკმაყოფილეს დიდებისკენ დაუოკებელი ლტოლვა, რომლის ფინიში მათ მიერვე გაჭყლეტილი ბოთლებისა და შლოპანცების ძეგლებით დამშვენებულ სანაგვეზეა.

ნაციონალების მიერ ქვეყნის აღორძინების გზაზე დაყენების მცდელობის ხელისშეშლა აშკარაა. ჯერ კიდევ საკმარის ბერკეტებს ფლობენ სასიკეთო ღონისძიებათა დასამუნჯებლად. არც რევანშისტული ბოდვით წარსული  განცხრომის ნებივრობის აღდგენის მუქარა არ აკლიათ. მათი ბუმბულშეფერთხილი პრეზიდენტი სასწრაფოდ ნიშნავს «ნაციონალთა» ბოღმით გატენილ რწმუნებულებს სასიკეთოდ აბრუნებულ ცხოვრების მექანიზმის თვლებში ჯოხად გასაყრელად.

ჯერ კიდევ მათ ხელშია ქვეყნის მართვის ბევრი სადავე. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის ნაქები მინისტრები ისე დაუკითხავად გაუფრთხნენ თავიანთ თანამდებობებს, როგორც სხვის ბოსტანში გადაპარული კიტრის ქურდი მოულოდნელად გამოჩენილ პატრონს. მათი მფარველი, ბუტაფორიად ქცეული პრეზიდენტი ამის გამო უხერხულობასაც კი არ გრძნობს და მანამდე ებღაუჭება თავის სავარძელს, სანამ ძალით არ ააგლეჯენ და უამრავი დანაშაულით შემკობილს გლდანის საკანში არ გადაუცვლიან პრეზიდენტის ძვირადნაშენ რეზიდენციას. არადა, რაც მასზე ბრალდებები ვრცელდება ტელევიზიითა და გაზეთებით, თავმოყვარე კაცი გადადგებოდა და უდანაშაულობას თუ ვერ დაამტკიცებდა, სირცხვილის ლუკმადქცეული ბერად მაინც შედგებოდა და ლოცვით ეცდებოდა ჩადენილი ცოდვების შემსუბუქებას. ეს კიდევ რევანშზე ფიქრობს და არ ისურვოს, რომ «ნაციონალთა» მიერ მოწყობილ საბოტაჟებში მისი კუდის კვალი აირეკლოს. მაშინ პრეზიდენტის არჩევნებამდე კი არა, შეიძლება აღშფოთებულმა ხალხმა «ქართული ოცნების» მოწოდებას კანონის დაცვის შესახებ ყური აღარ ათხოვოს და მუსოლინის დამსახურების მეთოდით გაუსწორდნენ.

«ნაციონალთა» მიერ უკიდურესად ნაძარცვმა, შეურაცხყოფილმა და აბუჩად აგდებულმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს გამოუცხადა ნდობა, აქედან გამომდინარე, «ქართული ოცნების» წევრ ყველა პარტიასა და ცალკეულ ადამიანებს. ახლა მათი უპირველესი მოვალეობა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის თავდადებული მოღვაწეობაა. ეს ავანსია ბიძინა ივანიშვილის ერთგულების რწმენით ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ნურავინ ეცდება პირადი ეგოისტური ვნებების კარნახით უკუღმართ ბილიკზე შედგომას, თორემ ნდობის დაკარგვა იოლია და აღდგენა თითქმის შეუძლებელი. ხალხს სწამს ბიძინა ივანიშვილის, რამეთუ მან ქვეყნის სასიკეთოდ ერთხელ უკვე გადადო თავი, როცა «ნაციონალ» ურჩხულს დაუპირისპირდა. ახლა კი საჭიროა ამ საშინელების საბოლოოდ ამოძირკვა და მუხთლობით დასვრილთა სანაგვეზე ღრმად დაფლობა.

ჯერ კი ხალხი მოუთმენლად ელის ქვეყნისა და ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებას და დამნაშავეთა დამსახურებისამებრ დასჯას, რათა ხელისუფლებაში წამოსკუპებულ ყველა უძღებ მედროვეს ახსოვდეს, რომ ქვეყნის უბედურების ხარჯზე მოპოვებულ ცხოველურ განცხრომას ბოლოს ბალღამის ხვრეპის მწარე სინანული ახლავს.

ამ ნაცისტთა გამოსაჩეკი ამინდი შევარდნაძემ შექმნა, რომელიც ქართველთა კეთილდღეობის ანკარა წყაროს ათწლეულების განმავლობაში სათავიდან წამლავს ღალატით, სიცრუით, ეგოიზმითა და ყოველგვარი ვერაგობის შხამით.

ერისმოძულეთა დაუნდობლობით ფატრეს საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ქართული კულტურის, მეცნიერების, განათლების, ლიტერატურის, ზნეობის და მორალის, სახალხო მეურნეობის მსოფლიოში აღიარებული მიღწევები და სიწმინდეები. საჯარო სკოლებში სწავლება გონებაშეზღუდული ბავშვების დონეზე დაიყვანეს და ამას წარმატებული რეფორმა უწოდეს. ძირფესვიანად ამოაგდეს მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული მეცნიერება და ახლა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები პაპუასების დონეზე გველაპარაკებიან.

ნატოელი ევროპელები კი გონებაშეზღუდულ, თეთრკანიან ზანგებად გვთვლიან, ისინი, ვინც დამწერლობა ლათინებიდან რომ გადაიღეს და არ იციან, ამ უძველესი ერის დამწერლობა, კულტურა და საერთოდ არსებობა კაცობრიბის ხსოვნის მიღმა რომ იწყება.

ნურც იმას დაივიწყებენ, რომ საქართველო მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული რესპუბლიკა იყო მძლავრი მეცნიერებით, განათლებით, კულტურითა და ეროვნული სიამაყით. დღეს კი დარბეულ-დაჩაჩანაკებულს საუკეთესო ახალგაზრდების ავღანეთში დაღვრილი სისხლის ფასად ნატოში შესვლა ენატრება, სადაც საქართველოს საბოლოო დაქუცმაცების დაკონსერვება იცდის.

რომელ სამხედრო ბლოკს მოუტანია კაცობრიობისთვის სიკეთე, სიმშვიდე და უშფოთველობა?! ვარშავის პაქტი დაიშალა, რაღა უნდათ, როცა მოწინააღმდეგე აღარავინაა. სკოლების დაბომბვით იუგოსლავიის  მიწასთან გასწორებას, ერაყში დაუსრულებელ სისხლის ღვრას, ბოლოს კი ავღანეთში ტერორისტებთან ბრძოლის მიზეზით შეჭრის შემდეგ იქიდან გამოსაქცევად მზადებას ნატო რად უნდა, როცა აგერ არის გაძვალტყავებული საქართველო, მისი მუხთალი ხელისუფლების მიერ საზარბაზნე ხორცად გარეკილი ერის საუკეთესო ახალგაზრდები და იქიდან ხეიბრად დაბრუნებულებზე უზრუნველობა?! ეტყობა, თვითონ რასმუსენსაც უკვირს, ეს საცოდავები ასე თავაწყვეტით რომ იწევენ ნატოში, საამისო რა შეგვატყვესო?!

საბჭოთა კავშირი დაიშალა. რუსეთს კი ვერაფერი დაშლის. ნატო კი არა, რომის წმინდა იმპერიის იმპერატორმა ფრიდრიხ პირველმა ბარბაროსამ, კარლოს მეთორმეტემ, ფრიდრიხ მეორემ, ნაპოლეონმა, ჰიტლერმა, მთელი ევროპის რესურსებით გაბერილებმა, როგორც კი ძალა იგრძნეს, რუსეთს დაეტაკნენ დასაჩუტად და სასაცილოდ გადასაქცევად. დაანებეთ, შვილოსა, რუსეთს თავი, როგორც კატა ლეოპოლდს!

ერთმორწმუნე რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობას კი მუხთლობის შხამი ვერ გაახუნებს. ურთიერთნდობის და პატივისცემის ძალით ჩვენ სამშობლოს კვლავ ვიხილავთ ერთიანს, გამძლავრებულს და აყვავებულს.

გივი სომხიშვილი,

დავით აღმაშენებლის სახელობის

პრემიის ლაურეატი, მწერალი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here