Home რუბრიკები საზოგადოება სად ერეკლე და სად კახა ბენდუქიძე! მთლად გარეკეთ, «ბატონებო»?

სად ერეკლე და სად კახა ბენდუქიძე! მთლად გარეკეთ, «ბატონებო»?

764

მეოცე საუკუნის დასაწყისში მეცნიერებმა გლობალური დათბობის საფრთხე იწინასწარმეტყველეს. სამწუხაროდ, კაცობრიობამ მხოლოდ მაშინ «დაინახა» ეს პრობლემა, როდესაც საფრთხე რეალური გახდა და ეკოლოგიური სისტემების დაშლის პროცესი უკვე დაწყებული იყო.

ეკოსისტემების შეცვლა, რომელიც აუცილებლად მოჰყვება გლობალურ დათბობას, იმითაა სახიფათო, რომ ცვლის იმ გარე სამყაროს, რომელსაც შეგუებულები ვართ. შესაბამისად, შეიცვლება ჩვენი ცხოვრების წესი, შემცირდება საკვები პროდუქტების ის არეალი, რომელსაც დღეს ვიყენებთ, და საერთოდ შეიცვლება ის ფლორა და ფაუნა, რომელსაც «ვიცნობთ».

ეკოსისტემების შეცვლა ხანგრძლივი პროცესია. საზოგადოებას ჰყავს მოაზროვნე ადამიანები, რომელთა პროფესიაც ფიქრი და განსჯაა. სწორედ მათი საფიქრალია, მწვავე ბუნებრივ პროცესებთან გამკლავება და ისინი ამას ახერხებენ კიდეც. ასეთი ადამიანები საქართველოშიც იყვნენ და მათ მეცნიერები ერქვათ!!!

მაინც რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა, როგორ უნდა შეებრძოლონ გარდაუვალ სტიქიურ მოვლენებს? პასუხი ერთია: ცოდნით და გონიერებით. ადამიანი კარგად უნდა იცნობდეს იმ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობს, აკვირდებოდეს და სწავლობდეს მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას, ცოცხალ ორგანიზმებსმხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს თავის გადარჩენას და ახალ სიტუაციაში დამკვიდრებას.

ეკოსისტემების შეცვლის პროცესის პარალელურად, მცენარეც იწყებს ახალ გარემოსთან შეგუების პროცესს, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება მასში არსებული ენერგიის ახალი სტრუქტურის შექმნა, რაც ადამიანების დახმარების გარეშე მცენარეს გაუჭირდება. მაგრამ, თუ ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ისინი სხვა ცოცხალ არსებებს ვერ დაეხმარებიან და ამით საკუთარ არსებობასაც საფრთხეში აგდებენ. დახმარება კი მხოლოდ იმათ შეუძლიათ, რომლებმაც იციან «საქმე», ასეთები კი მეცნიერები არიან.

მსოფლიოში ბევრი ბუნებრივ-კლიმატური ზონაა, რაც მრავალფეროვან ეკოსისტემებსაც გულისხმობს, ამიტომ კლიმატის დათბობა, რომელმაც უკვე სერიოზულად შეაშფოთა მსოფლიო, დედამიწის გეოგრაფიულ სარტყლებში არათანაბრად აისახება. იმ რეგიონებში, სადაც დედამიწა უფრო მეტ სხივურ ენერგიას იღებს, დათბობა უფრო ინტენსიური და მწვავე იქნება, ვიდრე იქ, სადაც მზის ენერგიის მიღების ინტენსივობა დაბალია და ა. შ.

ამიტომ, ყველასთვის გამოსადეგი, ერთიანი მეთოდიკის ჩამოყალიბება შეუძლებელია. ყველა ქვეყანამ (ან ქვეყნების ჯგუფებმა) თავის პრობლემებს თვითონვე უნდა მიხედოს. არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენი პრობლემები, ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ. ვართ კი ამისთვის მზად?..

«საქართველო და მსოფლიოში» ვწერდი, თუ როგორ ბარბაროსულად გაანადგურეს სააკაშვილმა და მისმა გაუნათლებელმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ლომაიამ ქართული აზროვნება და მისი კერები. სწორედ ამის შედეგია ის, რომ მთლიანად გაქრა ერთ დროს საქვეყნოდ აღიარებული ქართული აგრობიოლოგიური მეცნიერება.

მაშ, ვინ უნდა აღუდგეს წინ მოსალოდნელ საფრთხეს? ვინ შექმნის  მარცვრეულისა და მრავალწლიანი ნარგავების ახალ მდგრად ჯიშებს? ვინ იმუშავებს შინაური ცხოველების ახალი სახეობების გამოყვანაზე?.. ეს კითხვები უკვე არის და მომავალში მოთხოვნებად იქცევა

_ ბენდუქიძე, ბენდუქიძე… _ ისმის სადღაც შორიდან.

_ კი, მაგრამ, რა შუაშია მძიმეწონიანი ბენდუქიძე? _ იკითხავს მავანი.

ეჰ, ბატონებო, შუაში კი არა, თავშია წამოსკუპებული, მაგრამ, სანამ მასზე უფრო დაწვრილებით მოგახსენებდეთ, მინდა პატარა ექსკურსი შემოგთავაზოთ.

ადამიანების გამოკვებისთვის აუცილებელ პროდუქტს გვაძლევს ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, აგრეთვე, მეცხოველეობა.

საქართველოში არსებობდა ერთწლიანი კულტურების კვლევის ულტრათანამედროვე ცენტრი _ მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც მთელ საქართველოში საცდელი სადგურებისა და მეურნეობების ფართო ქსელი ჰქონდა. აქ გამოჰყავდათ ერთწლიანი კულტურების ახალი, უხვმოსავლიანი და დაავადებაგამძლე ჯიშები. ინსტიტუტში არსებობდა, ერთწლიანი კულტურების გენეტიკური ბანკი, რომლის სპეციალურ საცავებში ინახებოდა ქართული აბორიგენული და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი, ქართველი სელექციონერების მიერ გაუმჯობესებული ჯიშები. თითოეულ მათგანს თან ახლდა წარმომავლობის ისტორია, გენეტიკური დახასიათება და ყველა ის მონაცემი, რაც აუცილებელია მომავალი კვლევისთვის.

მრავალწლიან ნარგავებში კვლევებს ახორციელებდა მევენახეობამებაღეობისა და ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მსოფლიო რეიტინგის მქონე კვლევითი ინსტიტუტები. ორივეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც  ჰქონდა კვლევებისთვის საჭირო ფილიალები და ნარგაობათა უნიკალური კოლექციები.

მეცხოველეობის პრობლემებს ემსახურებოდა საქართველოს ზოოვეტერინარული სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი თავისი ფილიალების ფართო ქსელით.

დასახელებულ ძირითად მიმართულებებს ემსახურება, აგრეთვე: აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის, მცენარეთა დაცვის, რადიოლოგიის, მექანიზაციის, სამთო მიწათმოქმედების, მეაბრეშუმეობის, მეფუტკრეობის, კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემის სხვა სამეცნიერო ცენტრები და დაწესებულებები.

საქართველოში სოფლის მეურნეობისთვის მაღალკვალიფიციური საწარმოო და სამეცნიერო კადრების მომზადებას ემსახურებოდა აგრარული, უკვე დასახელებული, ზოოვეტერინარული და სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტები, რომელთა კათედრებზე, აგრეთვე, მიმდინარეობდა სერიოზული კვლევითი სამუშაოები.

მე მხოლოდ იმ კვლევითი დაწესებულებების ნაწილი დავასახელე, რომელთა სამეცნიერო პროდუქციასაც კარგად ვიცნობ, თუნდაც იმიტომ, რომ იმ აკადემიის პრეზიდენტი ვიყავი, რომელიც მათ საქმიანობას უწევდა კოორდინაციას. ცხადია, ისიც ვიცი, რომ საქართველოში, ფუნდამენტური კვლევების მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრებიც არსებობდა, რომლებსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აერთიანებდა. იქ არსებულ პრობლემებზე თქვენს გაზეთში ნაწილობრივ ბატონმა ფრიდონ თოდუამაც ისაუბრა, ალბათ, კიდევ გამოჩნდება სხვა პუბლიკაციებიც…

ლეგიტიმურია კითხვა: სად გაქრა ქართული მეცნიერება, რომელიც მოახლოებულ საფრთხეებთან დაკავშირებით ჰაერივით გვჭირდება?

 ვინ შეეჭიდება იმ გამოწვევებს, რომელთაც ბუნება გვიმზადებს? სად არიან ის ერთუჯრედიანი არსებები, რომლებმაც პირისაგან მიწისა აღგავეს ქართული მეცნიერება? ვინ თქვა პირველად: საქართველოს მეცნიერება და განათლება არ სჭირდებაო?

სამწუხარო ისაა, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინც «დაასამარა» ქართული მეცნიერება და განათლება, ვინც მოშალა ის ბუდე, რომელშიც ქართული მეცნიერების კორიფეები დაფრთიანდნენ, კიდევ ბევრი რამ ვიცით!.. მაგრამ რა?!

სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღეებიდანვე მინისტრად ბენდუქიძე მოიყვანა და ფულის «შოვნა» დაავალა. მანაც მიიხედ-მოიხედა და უეკონომიკო ქვეყნის ბიუჯეტის «შევსება» იმ ქონების გასხვისებით დაიწყო, რომელიც წინა თაობების ოფლით იყო შექმნილი _ ზოგი გაყიდა, ზოგი ნისიად გასცა, ზოგიც გააჩუქა… როდესაც მიხვდა, რომ ქვეყანაში გასაყიდი აღარაფერი დარჩა, მინისტრობა მიატოვა და თავის თავს იმით «უშველა», რომ აგრარულ განათლებასა და მეცნიერებას დაეპატრონა, რამდენიმემილიონიანი ქონება ისე მიითვისა, რომ არავინ იცის, ვისგან იყიდა, რამდენად და სად წავიდა ეს ფული. კითხვები იმდენია, რომ კვალიფიციური ფინანსისტიც კი ვერ გაერკვევა. მხცოვანმა და «ძალიან ბევრი ხარისხებისა და ტიტულების» მქონე, ჩარეცხილმა მეცნიერებმა კი მხოლოდ ის ვიცით, რომ მოხდა მსოფლიო დონის თაღლითობა, ხალხს კი დასცინოდნენ: «ყველაფერი თქვენი კეთილდღეობისთვის კეთდება»… მართლა დონ-კიხოტები ხომ არა ვართ ქართველები, რომ ყველაფერი დავიჯეროთ?

ორიოდე დღის წინ მომაწოდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის #136 დადგენილება, რომელსაც ხელს ნიკოლოზ გილაური აწერს (შეგახსენებთ, რომ იყო ასეთი პრემიერ-მინისტრი). დადგენილება, რომელიც  «სეროჟას სიზმარს» გავს, ბუნდოვანია თავიდან ბოლომდე, არ ჩანს, ვის რა ვალდებულებები ეკისრება, არაა მითითებული განკარგულების საფუძველი და ა.შ. ბუნდოვნობა და გაურკვევლობა ხომ სააკაშვილის მთავრობის მუშაობის სტილი იყო!..

«საქართველო და მსოფლიოდან» მინდა მივმართო განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს, რომლის დანიშვნასაც ქართული სამეცნიერო საზოგადოება იმედით შეხვდა: გთხოვთ, სრულად გამოაქვეყნოთ ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე ბენდუქიძემ დაისაკუთრა აგრარული მეცნიერებისა და განათლების კუთვნილი ქონება (აგრარული უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტების შენობები, მიწის ნაკვეთები, კაბინეტ-ლაბორატორიები და ა.შ.).

ქვეყნის მოსახლეობამ და, პირველ რიგში, «ჩარეცხილმა» მეცნიერებმა უნდა ვიცოდეთ, ვინ მისცა ბენდუქიძეს იმისი უფლება, რომ განესაზღვრა ქართული აგრობიოლოგიური განათლებისა და მეცნიერების ბედი, ვინ გახადა იგი მონოპოლისტი და, რაც მთავარია, როგორ შეიძლება ქონება დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს?

რამდენიმე დღის წინათ აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა ახალი სამეცნიერო ცენტრის _ «კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის» პრეზენტაცია, რომელიც, როგორც ითქვა, მუშაობს თვალისა და ტვინის პრობლემებზე!!! ერიჰა… ამაზეა ნათქვამი, სად ერეკლე და სად კახა ბენდუქიძე! მთლად გარეკეთ, «ბატონებო»? აგრარული მეცნიერება დაასამარეთ და მის ნანგრევებზე მედიცინას აშენებთ? ასეთმა «ჭკვიანებმა» თავი ერთად როგორ მოიყარეთ? თქვენ შეაჩერებთ კარს მომდგარ საფრთხეებს? ვაი, სირცხვილო! პეტრე მელიქიშვილის, მიხეილ საბაშვილის, ტარასი კვარაცხელიას, იოსებ დიდებულიძისა და სხვა დიდი მამულიშვილების ნაღვაწი და ნალოლიავები ქართული აგრობიოლოგიური მეცნიერება ვის ხელში ჩავარდა?!

და მაინც! შეიძლება თუ არა ქართული აგრარული მეცნიერების გადარჩენა?.. რამდენიმე დღის წინ, ხანგრძლივი საუბარი მქონდა სოფლის მეურნეობის მინისტრ ბატონ დავით კირვალიძესთან. მან შესანიშნავად იცის, რომ უკიდურესად გაპარტახებული სოფლის მეურნეობის აღორძინება მეცნიერული უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია; გვქონდა საუბარი მეცნიერებისა და აგრარული განათლების რეანიმაციაზეც. დამაიმედა იმან, რომ იგი მეცნიერთა ოჯახში გაზრდილი კაცია და თვითონაც ცნობილი მეცნიერია.

აგრარიკოსებიც იმედით შევყურებთ ბატონ ბიძინას, რომელმაც, არნახული ძალისხმევისა და მოთმინების შედეგად, ჩვენი ქვეყანა იმ ჭაობიდან ამოიყვანა, რომელშიც ბოლომდე ვიყავით ჩაფლული და საშველად გაწვდილი ხელებიღა გვიჩანდა.

 იმედია, საკადრისი პასუხი გაეცემა ყველა იმ გარეწარს, ვინც დღესაც კოლექტიურად ცდილობს ისტორიის სანაგვეზე მოსროლილი ხელისუფლების რეანიმაციას.

ნაპოლეონ ქარქაშაძე

პატარა მინაწერი: ბატონო ბიძინა, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი მმართველობის დროს გამოსცა განკარგულება, იმ რექტორების მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ, რომლებსაც ამ თანამდებობაზე მუშაობის 10 წლის სტაჟი ჰქონდა. სააკაშვილმა კი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ისეთი გაშმაგებით გააუქმა აღნიშნული განკარგულება, რომ თითქოს ჩვენ უცხო ქვეყნიდან საქართველოს დასანგრევად შემოსული მტრები ვიყავით. იმდროინდელი რექტორები დღეს საკმაოდ ხანდაზმულები ვართ, ამიტომ ჩვენთვის მატერიალურზე უფრო ღირებული ღირსების აღდგენაა, რომელიც ასე უხეშად შეგვილახა სააკაშვილმა. იქნებ აღადგინოთ გაუქმებული განკარგულება და ტვირთნატარებ რექტორებს «ჩარეცხილების» იარლიყი მოგვაცილოთ!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here