Home რუბრიკები პოლიტიკა თეა თუთბერიძე: შემიძლია თავი დავდო, რომ პატიმრების ცემა და წამება არ ხდებოდა

თეა თუთბერიძე: შემიძლია თავი დავდო, რომ პატიმრების ცემა და წამება არ ხდებოდა

1199

«როდესაც ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს ვუსმენდი, ნამდვილად შემრცხვა და მივხვდი, რომ ისეთი მართლმსაჯულების ხელში, როგორიც ზურაბ ადეიშვილმა შექმნა იუსტიციის სამინისტროსა თუ პროკურატურაში, კიდევ დიდხანს გაუძლია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. მე მივხვდი, რამ გამოიწვია ხალხის უზარმაზარი უკმაყოფილება და რა უსამართლობაზე საუბრობდა ქართველი ხალხი», _ ამბობს თეა თუთბერიძე «საქართველო და მსოფლიოსთან» ინტერვიუში, თუმცა ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას უდანაშაულობაში კვლავ მტკიცედაა დარწმუნებული და აცხადებს, რომ ყველა მოწმის ჩვენება მხოლოდ ზეწოლის შედეგია. «საქართველო და მსოფლიოს» თეა თუთბერიძე ესაუბრება.

_ ერთადერთი ხართ, ვინც ბაჩო ახალაიას ასე აქტიურად უჭერს მხარს მისი დაპატიმრების შემდეგ. რას იტყვით იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მის წინააღმდეგ არსებობს საქმეში და, როგორც მთავარი პროკურორი აცხადებს, უახლოეს დღეებში ახალი მოწმეები გამოჩნდებიან?

_ პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებს. ახლახან მე წარვუდგინე ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მანუჩარ დარასელიას, ვიდეომიმართვა. ის აცხადებს, რომ, ყალბი ჩვენების მიღების მიზნით, მასზე განხორციელდა ზეწოლა პროკურორ ხარებავას, გამომძიებლისა და პოლიციელების მიერ და ჩვენებაზე მას ხელი მოაწერინეს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მოწმის ჩვენებას ემყარება ბრალდების ვარაუდი, თითქოს ბაჩო ახალაიამ ზვიად აბესაძეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადა გადაიქცა ერთ დიდ საგამოძიებო ოთახად, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს ჯარისკაცების დაკითხვები და სადაც მათ ჩვენების მიცემას აიძულებენ. ჯარისკაცები მიჰყავთ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში _ «სამართალი და თავისუფლება», სადაც მათზე ხორციელდება ზეწოლა.

  _ აცხადებთ, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ყველა მოწმე მხოლოდ ზეწოლის შედეგად აძლევს ჩვენებას. რის საფუძველზე ამბობთ ამ ყველაფერს, რატომ უნდა დაგიჯეროთ საზოგადოებამ?

_ ნუ დამიჯერებთ, მაგრამ სასამართლო პროცესზე ცხადი იყო, რაც ხდებოდა, ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, გარდა მოწმეების ე.წ. ჩვენებებისა. ამ ადამიანებს რომ ჰქონოდათ რაიმე ინფორმაცია ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, 6 ნოემბრამდე ჩუმად არ იქნებოდნენ. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს მოქმედება, რაც ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა.

_ რას ცვლის თარიღი? წინა ხელისუფლების დროს ხომ, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ვინმეს ჩვენება მიეცა?

_ ეს ბევრ რამეს ცვლის. წინა ხელისუფლების დროს გამოძიების იმედი რომ არ ჰქონდათ, გასაგებია, მაგრამ ეს ხელისუფლება მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას კვებავდა ინფორმაციით, რომ ბაჩო ახალაია მკვლელი, სადისტი და ჯალათია და ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ საკმაო პერიოდი გავიდა.

_ 6 ნოემბერს სულ რაღაც ერთი თვე იყო გასული…

_ ერთი თვე არაა მცირე დრო. გამოძიება დაწყებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაიამ 5 ნოემბერს გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. ხელისუფლება დაიბნა, რადგან დაინახა, რომ ბაჩო დაიწყებდა ლაპარაკს ჟურნალისტებთან და ყველა იმ კითხვაზე გასცემდა პასუხს, რომლებიც საზოგადოებაში არსებობდა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას შეეშინდა, რომ დაინგრეოდა მის მიერ შექმნილი მითი, რომ ბაჩო ახალაია ჯალათი და სადისტია.

_ როგორც ვიცი, კიდევ აპირებთ აქციების გამართვას ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ მაიაკოვსკის ძეგლთან გამართულ აქციაზე მხოლოდ ერთი ქალბატონი მივიდა, ხოლო საქალაქო სასამართლოსთან ოციოდე კაცი შეიკრიბა. რა შედეგს ელოდებით მაშინ, როცა ხალხის მხარდაჭერა არ გაქვთ?

_ ის ფაქტი, რომ სასამართლოს გარეთ რამდენიმე ადამიანმა დავიჭირეთ პლაკატები, არ ნიშნავს, რომ იმდენივე ვიყავით სასამართლოზე. ძალიან სასაცილოა, თუ ასე გაშუქდა ეს ყველაფერი. სასამართლო პროცესზე დასასწრებად უამრავი ადამიანი მოვიდა.

_ თქვენ ბაჩო ახალაიას დაპატიმრება ეროვნული ინტერესების შეურაცხყოფად შეაფასეთ, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლებამ წააგო არჩევნები და წააგო მისი შეცდომების გამო. ვინ უნდა აგოს პასუხი ამ შეცდომებზე? ყოფილი ხელისუფლების ნებისმიერი წევრის დაჭერას ამიერიდან ეროვნული ინტერესების შეურაცხყოფად და პოლიტიკურ დევნად შეაფასებთ?

_ არა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ თურმე ბაჩო ახალაიას დაუქცევია ქვეყანა და მასზე დიდი დამნაშავე ქვეყანაში არ ყოფილა. არადა, მან ხელისუფლებაში ყველაზე დიდი საქმე გააკეთა, კრიმინალური ავტორიტეტები დაამარცხა, რომლებიც, ფაქტობრივად, მართავდნენ ციხეს. ქვეყანაში შემცირდა დანაშაული. ახალაიას წინააღმდეგ გამოსვლები და შავი პიარი კი სწორედ კრიმინალური ავტორიტეტების ახლობლებმა დაიწყეს და, სამწუხაროდ, კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელმა ე. წ. ადამიანის უფლებების დამცველებმა და პოლიტიკოსებმაც აუბეს მათ მხარი, მაგრამ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ იმ ფორმით, როგორიც ჩვენ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ვნახეთ, შეიძლება ებრძოლო ქვეყანაში ქურდულ სამყაროს, მას ამ უკანასკნელზე წარმოდგენაც არ ჰქონია.

_ ეჭვი შეიტანეთ ციხის კადრების ნამდვილობაში, ანუ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დადგმულია და ციხეებში პატიმრების წამება და გაუპატიურება სინამდვილეში არ ხდებოდა?

_ მინდა გითხრათ, რომ ცოცხით გაუპატიურების კადრი დადგმულია. თავადაც თქვა ლადო ბედუკაძემ, რომ ეს იყო პატიმრის დაცინვა და არა გაუპატიურება, მაგრამ, თუ ეს კადრი დადგმულია, რატომ უნდა ვიყო დანარჩენი ორი ვიდეოს ნამდვილობაში დარწმუნებული, რომლებშიც ვხედავთ, როგორ სცემენ პატიმარს და დუბინკით აუპატიურებენ? რაც შეეხება ჩანაწერს, რომელშიც შორიდან ჩანს კარანტინის დაშლის კადრები, სამწუხაროდ, ეს გვიჩვენებს, რომ ციხეებში ადგილი ჰქონდა ადამიანების ამ ფორმით ცემას. თუმცა ასევე შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო და შეგიძლიათ ბევრ უფლებადამცველს ჰკითხოთ, 2005-2009 წლებში ასეთი რამ არ ხდებოდა.

_ ზუსტად უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ხდებოდა მსგავსი ფაქტები.

_ როდესაც დაიწყო კრიმინალთან ბრძოლა, დასაწყისში, შესაძლოა, იყო ძალის გამოყენების შემთხვევები, თავს ვერ დავდებ, რომ ყველა შემთხვევაში ეს ძალა ყოველთვის ადეკვატური იყო, მაგრამ ისეთი ცემა, როგორიც ვნახეთ ამ ვიდეოკადრებში, არ ხდებოდა.

_ საუბარი მხოლოდ პატიმრების ცემაზე არ არის. რა ვუყოთ პეტრე ოვანოვის წერილს, რომელიც მან ციხიდან გამოაგზავნა, რომელშიც შველას ითხოვდა და აცხადებდა, რომ «დუბინკით» გააუპატიურეს? რა ვუყოთ კახა თედლიაშვილის წერილს, რომელიც ციხიდან იწერებოდა, რომ აწამებდნენ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ის ერთ კვირაში მართლაც გარდაიცვალა? წამებაზე საუბრობდა ლიკა ნატრიაშვილიც, რომელიც ასევე ციხეში გარდაიცვალა. უამრავი ასეთი ფაქტი შეიძლება ჩამოვთვალოთ. რას იტყვით ამ ადამიანებზე, ყველა ტყუოდა? ვიდეოკადრების გავრცელებამდეც ხომ არსებობდა ინფორმაცია, ბოლობოლო არსებობდა სახალხო დამცველის დასკვნა, რომელსაც არავინ აქცევდა ყურადღებას?

_ 2008 წლის შემდეგ რა ხდებოდა, ამაზე თავს არ დავდებ, რადგან ციხეებში შესვლის უფლება აღარ მქონდა, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პატიმრის ნაამბობი არ შეიძლება აპრიორი ირწმუნო, როგორც სიმართლე. სამწუხაროდ, სახალხო დამცველს არ აქვს გამოძიების წარმოების უფლება და ისიც მხოლოდ პატიმრების ნაამბობს ეყრდნობა.

_ აქტიურად იცავთ ბაჩო ახალიას, მართავთ აქციებს, პრესკონფერენციებს, რატომ არ აპროტესტებდა ასე აქტიურად აქამდე უფლებადამცველი თეა თუთბერიძე სხვა პატიმრების მდგომარეობას?

_ უფლებადამცველობა არ ნიშნავს ბრმად ვიღაცების მხარდაჭერას, ხოლო ბაჩო ახალაია რაში შეიძლება იყოს ან არ იყოს დამნაშავე, ვიცი, რადგან მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რა გაუკეთებია, ხოლო პატიმრები რასაც ყვებოდნენ, ვერ ვირწმუნებდი. რატომღაც ჩემი ასეთი დამოკიდებულება აღიქმებოდა, თითქოს მე არ ვიცავდი ადამიანის უფლებებს. თუ ადამიანის უფლებების დაცვა იმას ნიშნავს, რომ, რასაც პატიმარი გეუბნება ან ციხიდან გწერს, გამოხვიდე და ამტკიცო, რომ ეს ასეა, ბოდიში, მაგრამ მე ამ კატეგორიის ადამიანებს არ მივეკუთვნები.

_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ არ აწამებდნენ პატიმრებს და ციხის წამების ვიდეოკადრებიც ყალბია?

_ მე ვამბობ, რომ შემიძლია თავი დავდო, პატიმრების ცემა და წამება არ ხდებოდა, როდესაც ბაჩო ახალაია იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. მას ციხეების მართვისთვის კი არა, არაფრისთვის არ ეცალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, სულ ოთხჯერ ვნახე  ბოლო პერიოდში. ბაჩოს შემდეგ ვინც დარჩა სასჯელაღსრულების სამინისტროში სამუშაოდ, ვმეგობრობდი მათთან და მეუბნებოდნენ, რომ რაღაცები არ იყო ისე, როგორც საჭიროა და მათი ინფორმაციით, ვიღაცების მიმართ ხდებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მათი მხრიდან ამაზე საუბარს ისე აღვიქვამდი, რომ, უბრალოდ, არ მოსწონდათ ახალი ხელმძღვანელი.

_ და მაინც, როგორც მთავარი პროკურორი აცხადებს, თუ უახლოეს დღეებში ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებები აღმოჩნდება?

_ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ თუ აღმოჩნდება უტყუარი მტკიცებულებები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მზად ვარ, ბაჩო ახალაიასთან ერთად, მეც ვაგო პასუხი. ამ მოწმეების ჩვენებები არაფერს ნიშნავს. პროკურატურას მოუწევს უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა. თუ მათი საქმეები მხოლოდ ვიღაცების მონაყოლზე იქნება აგებული, ასე მეც შემიძლია მოწმედ გამოვიდე ალასანიასა და წულუკიანის წინააღმდეგ.

_ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვთ, მაგრამ მას თქვენზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს

_ ჩემზე ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს, რადგან «ქართულმა იცნებამ» გაიმარჯვა არჩევნებში. სასურველია, თეა წულუკიანმა ბევრი ისაუბროს, რადგან ბევრ შეცდომას უშვებს. დღეს, როცა ძიება მიმდინარეობს, გამოდის იუსტიციის მინისტრი და ბაჩო ახალაიას დამნაშავედ აცხადებს. ეს არის მისი, როგორც მინისტრის, მხრიდან ზეწოლა გამოძიებასა და სასამართლოზე, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდება პროკურატურის გავლენისგან.

_ ანუ ადასტურებთ, წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის გავლენას სასამართლოზე?

_ ეს ჩანდა, სამწუხაროდ, იმ საქმეებზე, რომლებითაც დაინტერესებული იყო ხელისუფლება, მაგრამ წინსვლა სასამართლოს კუთხით იგრძნობოდა ჩვეულებრივ საქმეებზე, სადაც არ იყო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინტერესი იქ აბსოლუტურად მიუკერძოებელი და სწორი გადაწყვეტილებები გამოჰქონდა სასამართლოს.

_ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქალაქო სასამართლოსთან ბაჩო ახალაის დასაცავად მისულმა განაცხადეთ: «მრცხვენია, რომ იმ ხელისუფლების წევრი ვიყავი, რომელმაც ასეთი მართლმსაჯულება შექმნაო»…

_ როდესაც ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს ვუსმენდი, ნამდვილად შემრცხვა და მივხვდი, რომ ისეთი მართლმსაჯულების ხელში, როგორიც ზურაბ ადეიშვილმა შექმნა იუსტიციის სამინისტროსა თუ პროკურატურაში, კიდევ დიდხანს გაუძლია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. მე მივხვდი, რამ გამოიწვია ხალხის უზარმაზარი უკმაყოფილება და რა უსამართლობაზე საუბრობდა ქართველი ხალხი.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ნორმალური ადამიანისთვის ძალიან ძნელია ამ ქალბატონის მოსმენაც და გაგებაც, იწვევს აბსოლუტურ ანტირეაქციას, ვფიქრობ იგივე ახალაიასთვის სჯობს თუ თუთბერიძე გაჩუმდება!!!!

  2. ვის რათ უნდა შენი უტვინო თავი, ყველაფერი თვითონაც კარგად ვნახეთ და კარგადაც ვიცით.

  3. თუთბერიძე, სანამ ბოლომდე გამოსლევდები, კედელს თავი შემოსცხე და, თუ არ გიშველა, ზნაჩიტ, უკვე გვიანია…
    ბიჯოოო, რა დებილია ეს შობელძაღლი, ეს რა არსება შობა დედამისმა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here