Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ანქვაბი: თუ ქართული ოცნებაა, აფხაზეთი საკუთარ კალაპოტში დააბრუნონ, მაშინ ეს ოცნება...

ალექსანდრე ანქვაბი: თუ ქართული ოცნებაა, აფხაზეთი საკუთარ კალაპოტში დააბრუნონ, მაშინ ეს ოცნება ილუზორულია

778

აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა 10 ოქტომბერს ვრცელი პრესკონფერენცია გამართა, რომელიც გაზეთმა «ეხო აბხაზიი» გააშუქა. პირველივე კითხვა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეეხო.

ვიტალი შარია, გაზეთი «ეხო აბხაზიი»:

_ ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩ, თქვენ მოკლედ უკვე გამოეხმაურეთ საქართველოში ახალი მთავრობის მოსვლას და მისი წარმომადგენლების პირველ განცხადებებს. უფრო ვრცლად ხომ არ ჩამოაყალიბებთ საკუთარ პოზიციას ამ ქვეყანაში მიმდინარე უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით?

ალექსანდრე ანქვაბი:

_ რა უნდა განვავრცო? მე წავიკითხე მომავალი მინისტრების ზოგიერთი კომენტარი. არაფერი შეცვლილა: იგივენი და იგივე. ვერ ვხედავ განსხვავებას 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში შემოჭრილ აგრესორებსა და იმათ შორის, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა მდგომარეობაში ცდილობდნენ ამის კომენტირებას. ვინც არ უნდა იყვნენ ისინი – პოლიტოლოგები, საზოგადო მოღვაწენი თუ სახელმწიფო მოხელეები. თუ ქართული ოცნებაა, აფხაზეთი საკუთარ კალაპოტში დააბრუნონ, მაშინ ეს ოცნება ილუზორულია. თუ ქართული ოცნებაა თანასწორუფლებიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება, მაშინ ეს კარგი ქართული ოცნებაა. სხვა კომენტარი არ მაქვს. ჯერ არავის დაურეკავს, არაფერი მოუწერიათ.

აი, რა წავიკითხე დღეს… პაატა ზაქარეიშვილის ინტერვიუ მომიტანეს. ერთგვარი გუშინდელი მტრედია, ახლა – სახელმწიფო მოხელე პერსპექტივაში. ამბობს, რომ მზად არიან ყველაფერზე სამსჯელოდ, მაგრამ არავითარი დამოუკიდებლობა ოსებსა და აფხაზებს არ ექნებათ. დიდი მადლობა, მაგრამ ჩვენ თვითონ ავაწყობთ ჩვენს ცხოვრებას, თავად განვსაზღვრავთ საკუთარ შემდგომ ბედს. უკვე განვსაზღვრეთ კიდეც და ასეთი მრჩეველები, კომენტატორები არ გვჭირდება, რომლებსაც მათ მიმართ აფხაზეთში კეთილგანწყობის იმედი აქვთ. იგი წერს, რომ ბევრი მეგობარი ჰყავთ აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებაში, არასამთავრობოებში. მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ ყველას თავისი გზა აქვს. ამას ვერ ითვალისწინებს ბატონი ზაქარეიშვილი.

სვეტლანა კორსაია, ტელეარხი «აბაზატვ»:

_ რა საფრთხეებს შეიცავს ჩვენთვის საქართველოს ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლა?

ალექსანდრე ანქვაბი:

_ საფრთხეები ყოველთვის გვაქვს _ ივანიშვილი მოვა ხელისუფლებაში თუ ვინმე სხვა. მათ თავისი ჰქონდეთ, ჩვენ კი _ ჩვენი. თუ ივანიშვილი მდიდარი კაცია, თავისი კაპიტალი საკუთარ ხალხს დაახარჯოს. ის, რაც ჩვენი მისამართით თქვა, იმას ნიშნავს, რომ ოსები და აფხაზები მისი ხალხია. თავის აზრზე დარჩეს. ჩვენ საკუთარ სამშობლოში ვცხოვრობთ და არსად წასვლას არ ვაპირებთ, სახელმწიფო საზღვარი გვაქვს, რომელსაც დავიცავთ. თუ კარგი მეზობელივით მოიქცევიან, ჩვენც მზად ვართ… თუ ჩვენთან სხვაგვარად მოქცევას გადაწყვეტენ, არაფერი გამოუვათ. ლავროვმა ამას წინათ თქვა: რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გაწვეული არ იქნება.

ანჟელა კუჩუბერია, «აფსნიპრესი»:

ჩვენმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა შეიცვალოს. თუ ფორმატი არ შეიცვლება, მიზანშეწონილად მიგაჩნიათ დისკუსიების უწინდელი ფორმატით გაგრძელება?

ალექსანდრე ანქვაბი:

– მე არაერთხელ გამოვთქვი აზრი ჟენევის დისკუსიებზე, თუმცა არსი ერთია: ეს არის მოედანი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მსოფლიომდე მიგვაქვს ჩვენი აზრი. დამახინჯებული ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ ყველგანაა. მსოფლიოში ბევრგან ჩვენზე არაფერი იციან, მათ შორის ევროპაშიც. ეს ჩვენი ბრალიცაა და იმათიც, ვისაც ჩვენს შესახებ არაფრის ცოდნა არ უნდათ. თუ ყველა შეხვედრაზე ცხვირში ერთსა და იმავეს გვჩრიან, რა აზრი აქვს ასეთ მსჯელობას? ეს უაზრო შრომაა. აფხაზური მხარის სარგებელი მხოლოდ ჩვენი დიპლომატების, მომლაპარაკებლების ტრენინგშია. აფხაზეთისთვის ამწამიერი უშუალო სარგებელი შეიძლება არც იყოს. ამიტომაც ვფიქრობთ, უფრო ხისტი გავხადოთ ჩვენი პოზიცია. და ამას გავაკეთებთ.

ეს არაერთხელ მითქვამს დასავლელი დიპლომატებისთვის ჩემს კაბინეტში, მათ შორის ასეთი სიტყვებიც: რა აზრი აქვს ჩვენს შეხვედრებს, წყალი ვნაყოთ? მოდით, ერთმანეთს დროს ნუ დავაკარგვინებთ. ჩამოდით ჩვენთან, როგორც კერძო პირები, მიგიღებთ, გიმასპინძლებთ, ექსკურსიებზე გატარებთ. მოლაპარაკებები კი ხშირად უაზრო სახეს ატარებს. ასევე კრიტიკულად ვარ განწყობილი აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობის მიმართ. მათაც შევთავაზებთ სამუშაო ფორმატის შეცვლას და გალის რაიონისკენ გადანაცვლებას. არც ისე კორექტულია ჩვენს განათლებაში, კულტურულ დაწესებულებებში, თითქოსდა სკოლების რეანიმაციაში ჩარევა. ამ ყველაფერს მოჩვენებითი სახე აქვს. დიდ პატივს ვცემ ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესრულებულ კონკრეტულ სამუშაოს, მაგრამ ძირითადში ამ მუშაობას აფხაზეთისთვის არავითარი სიკეთე არ მოაქვს.

როგორც მომახსენეს, საერთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობის საერთო ფინანსური კალათა 15 მილიონ დოლარს შეადგენს. ალბათ, ნახევარი საკუთარი თავის შენახვაზე ეხარჯებათ. რაზე ვლაპარაკობთ? მათ მიერ ჩატარებული ყველა რემონტი უვარგისია. მხოლოდ ქალაქ ტყვარჩელში მათი თანხებით გარემონტებული 18 მრავალსართულიანი სახლის სახურავები თავიდან არის გასაკეთებელი. იგივეა სოხუმშიც და ყველგან. ანგარიშებში კი უწერიათ, რომ ესა და ეს გააკეთეს. როგორც იტყვიან, განშორების დროა და ჩვენ აქეთ მივდივართ. თუ ვინმე ერთობლივი მუშაობის სერიოზულ პირობებს შემოგვთავაზებს, ამ ურთიერთობებს განვაგრძობთ, მაგრამ სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში «ქვეყნების კუთხეთა» შექმნას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს აფხაზური, რუსული კუთხეები, ჩვენი ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი კუთხეები. ჟენევის პროცესს მივუბრუნდები… დარწმუნებული ვარ, საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლით ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს ხელმძღვანელობის პოზიციის არსი არ შეიცვლება, თუმცა ჟენევა ლამაზი ქალაქია, იქ ბევრის ნახვა შეიძლება.

მანანა გურგულია, «აფსნიპრესი»:

ჩემი კითხვაც ქართულაფხაზურ ურთიერთობას ეხება, რადგან მათ შესახებ ახლა ბევრს კამათობენ. თუ ქართულ პრესას გადავავლებთ თვალს, იმ აზრსაც მოვისმენთ, რომ საქართველოს მხოლოდ რუსეთთან კი არ აქვს კონფლიქტი, არამედ ისინი აღიარებენ, რომ არსებობს ქართულაფხაზური და ქართულოსური კონფლიქტიც. თუმცა ისინი მოლაპარაკებებში რუსეთის შუამავლის სახით მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან და პირდაპირი მოლაპარაკების მომხრენი არიან. რას იტყოდით ამის შესახებ და როგორ ხედავთ რუსეთის როლს მოლაპარაკებებში?

ალექსანდრე ანქვაბი:

_ არც ერთი მოლაპარაკება დღემდე არ გამართულა შუამავლების, მათ შორის, რუსეთის მონაწილეობის გარეშე. რა უნდა დღეს ქართულ მხარეს, არ ვიცი. ჩამოყალიბდება მთავრობა და მოვისმენთ, რას იტყვიან. ჩვენს მდგომარეობაში საკვანძო საკითხი სამშვიდობო ხელშეკრულებაა. სხვა ყველაფერზე არაერთხელ გვიმსჯელია სხვადასხვა მოედანზე _ გალის რაიონით დაწყებული, ჟენევით დასრულებული. არავითარი შედეგი არ არის. საკვანძო საკითხზე მსჯელობისთვის კი მზად ვართ, მაგრამ ქართულ მხარესთან იმაზე კამათს, ეს კონფლიქტი იყო თუ არა, ლტოლვილებზე და სხვა საკითხებზე ლაპარაკს არ ვაპირებთ. მთავარი საკითხის გადაწყვეტის დრო დადგა, თუ ქართული მხარე ამისთვის მზად არის, თუ არადა, ქარავანი მიდის.

ამავე დროს რეინტეგრაციის ახალი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ «კომერსანტთან» ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მზადაა, აღადგინოს სარკინიგზო-საავტომობილო მიმოსვლა რუსეთთან აფხაზეთის გავლით. პირველ ეტაპზე ეს იქნება სატვირთო, შემდეგ კი  სამგზავრო სახით. «ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკითხის პოლიტიკურად მოტივირება და პრობლემა ეკონომიკურ ასპექტში განვიხილოთ», _ აცხადებს ზაქარეიშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსეთთან და აფხაზეთთან ჯერ ეს საკითხი არ განუხილავთ. პაატა ზაქარეიშვილმა იქვე აღნიშნა, რომ სარკინიგზო საკითხი დევნილების დაბრუნების თემასთან მიბმული არ უნდა იყოს. «სარკინიგზო ხაზის აღდგენა ხელს შეუწყობს დევნილების დაბრუნებას და პრობლემების მოგვარებას», _ აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

«სარკინიგზო ხაზი მაინც მუშაობს: შემადგენლობა მაინც მოძრაობს რუსეთის, მაგრამ არა საქართველოს მიმართულებით, რადგან ძველმა ხელისუფლებამ ასე გადაწყვიტა. არ შეიძლება იმის დაშვება, რომ აფხაზეთი ეკონომიურად მხოლოდ რუსეთთან იყოს მიბმული, თუ ჩვენ რკინიგზას ჩვენს მხარესაც გავხსნით, აფხაზეთს ალტერნატივა გაუჩნდება», _ აღნიშნავს მინისტრი. პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ, თუ საქართველო ჩაერთვება ეკონომიკურ პროექტებში, მაშინ ეს აფხაზეთთან კონფლიქტის სწრაფ დარეგულირებას შეუწყობს ხელს.

2012 წლის ზაფხულში ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებდა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, პირველ რიგში, რუსეთსა და სომხეთს სჭირდება და არა საქართველოს. იგი საგანგებოდ მიუთითებდა, რომ ამ გზით რუსეთი აფხაზეთისა და საქართველოს ტრანზიტით საკუთარ სამხედრო ბაზას მოამარაგებდა გიუმრიში. რკინიგზის სტატუსიც გაუგებარი იყო, რადგან, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, აფხაზეთი «ოკუპირებულ ტერიტორიად» მიიჩნევა.

ზაქარეიშვილის მოსაზრებაზე აფხაზური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა აზრი მკვეთრად განსხვავებულია, არადა, მას სწორედ მათი მხარდაჭერის იმედი აქვს.

აფხაზი პოლიტოლოგი ლიანა კვარჩელია, გაზეთი «ეხო აბხაზიი»:

_ არა მგონია, ახალ ქართულ მმართველ გუნდს არ ესმოდეს, რომ აფხაზებისთვის საკუთარ სახელმწიფოს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და რომ კონფლიქტმა და განსაკუთრებით 1992-1993 წლების ომმა, საბოლოოდ მოხსნა დღის წესრიგიდან საქართველოსთან ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების საკითხი. ასე რომ, თუ ახალი ქართული პოლიტიკა მაინცდამაინც არ არის გათვლილი იმაზე, რომ აფხაზეთის «დაბრუნებაში» დაეხმარება, ის, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნით მაინც ააცილებს ხელმძღვანელობას, გადაწყვიტოს ქართული საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხი აფხაზეთის «სტატუსის» შესახებ. აღნიშნულ საკითხს «ავადმყოფურ» მდგომარეობაში შეინარჩუნებენ წაგებული «ნაციონალებიც». მთლიანობაში კი საქართველოს ამის გარეშეც ბევრი საქმე აქვს. გამოკითხვები აჩვენებენ, რომ რიგითი მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულ პრობლემებს წარმოადგენს დასაქმება და არა «გამოყოფილი ტერიტორიები».

ახრა სმირი, აფხაზი ჟურნალისტი:

_ პაატა არ ჰგავს თვითმკვლელს. პაატა არ დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჯარო პირიდან ის ოფიციალურ პირად გადაიქცა. მოკლედ რომ ვთქვათ, ვიდრე საქართველოში შეუძლებელია აშკარა საკითხების გახმოვანება, არაფერს კარგს არ უნდა ველოდოთ ამ ქვეყნისგან. საქართველო კავკასიის ავადმყოფი ადამიანია, მაგრამ მე მჯერა, რომ ავადმყოფობა დამარცხდება. ეს ჯერ იქნება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, შემდეგ დაიწყება ყველა მოვლენისთვის თავისი სახელის დარქმევის პროცესი, შემდეგ პასუხისმგებლობის გაზიარება და შემდეგ კი ფინიში. მაგრამ ის არ იქნება ისეთი, როგორსაც ახმოვანებს პაატა. ფინიში უნდა იქნეს ნამდვილი, რომელიც ხელსაყრელია ყველასთვის. ყველას კი ერთი რამ აძლევს ხელს _ დასვას წერტილი და დაიწყოს ყველამ თავისი ცხოვრებით ცხოვრება. ამ კონტექსტში ჩემი პროგნოზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ჩვენ მაინც გვაღიარებს და ეს მოხდება არაუმეტეს ათი წლის განმავლობაში.

თუმცა ყველაზე ნიშანდობლივი აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სტანისლავ ლაკობას, განცხადებაა. 19 ოქტომბერს აფხაზური ტელევიზიის თოქ-შოუში მან განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან იგი მნიშვნელოვან დივიდენდებს ელოდება: «ზოგიერთი ცნობილი სახე «ქართული ოცნებიდან» ადრე არ გამორიცხავდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას». ამასთან, ლაკობამ აღნიშნა, რომ თბილისიდან რაიმე ხეირის მოლოდინი ზედმეტია, «ვიდრე იქ დღემდე ხელკეტით სააკაშვილი დგას».

«ზოგიერთი ცნობილი სახე», რომლებიც არ გამორიცხავდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, სწორედ ზაქარეიშვილის თანაპარტიელი რესპუბლიკელები არიან. ახლა, როცა ისინი ოპოზიციიდან უმრავლესობაში აღმოჩნდნენ, შესაძლოა, საკუთარი ადრინდელი გამონათქვამების მძევლებად იქცნენ. ასეა თუ ისე, აფხაზური მხარე, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, არანაირ მზადყოფნას არ გამოთქვამს, მიიღოს შეთავაზება და, აღიარების გარდა, რომელიმე საკითხზე დაიწყოს მოლაპარაკება.

მოამზადა

ლილი მიროტაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here