Home რუბრიკები საზოგადოება დავით იაკობიძე: ვინმეს გაფუჭება თუ სურდათ, ბიუჯეტის ფულს აძლევდნენ

დავით იაკობიძე: ვინმეს გაფუჭება თუ სურდათ, ბიუჯეტის ფულს აძლევდნენ

944

«მიდიოდა რა ჩვენგან ამხანაგი ლენინი, გვიანდერძა»… და ასე შემდეგ. სტალინის სიტყვებია, რომლებიც მან ლენინის ცხედართან წარმოთქვა და ამ რეფრენის თანხლებით ჩამოაყალიბა პროლეტარიატის დიქტატურის იდეოლოგიური საფუძვლები და ამოცანები. მიდიოდა რა ჩვენგან ვანო მერაბიშვილი, გვიანდერძაორი მილიარდი ლარი, რომელიც თურმე ქვეყნის ბიუჯეტში დევს საქართველოს საკეთილდღეოდ. არსენა ოძელაშვილმაც დაიბარა, მდიდრებისთვის წართმეული «ჩემი შვიდასი თუმანი კასპში, ერთ დიდ კლდეში დევსა, ღარიბსა, არასმქონესა, მიეცეს და მოხმარდესა». მაგრამ ისე ჩანს, რომ, როგორც არსენას დატოვებული შვიდასი თუმანი ვერავინ აღმოაჩინა, ისე მერაბიშვილის ორი მილიარდი ლარიც ბლეფია.

_ ასეა, ბატონო დავით? _ ვეკითხები საქართველოს ყოფილ ფინანსთა მინისტრს, ცნობილ ეკონომისტს, პროფესორ დავით იაკობიძეს, _ რა ფული დევს ხაზინაში?

_ სხვადასხვა ციფრს ასახელებენ: ხადურმა, ფინანსთა ახალმა მინისტრმა,  თქვა, ორასი მილიონი ლარიაო; მერაბიშვილმა _ 800 ათასი ლარი დევსო ხაზინაში, დანარჩენი სხვადასხვა ანგარიშზეა აკუმულირებული, რაც ჯამში ორ მილიარდს აღწევს და მისი მობილიზაცია ხაზინას ყოველთვის შეუძლიაო.

მერაბიშვილისთვის და იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც «ნაციონალების» მთავრობა განახორციელებდა, ფულის ასეთი მობილიზაცია ჩვეულებრივი ამბავი იყო.

_ განგვიმარტეთ, გეთაყვა.

_ გეტყვით. ბიუჯეტიდან შემოვიდა ხაზინაში ფული, გადაურიცხეს სხვადასხვა მხარჯველს, უნივერსიტეტს, სამინისტროებს და ა. შ., ანუ ვისაც ეკუთვნოდა და ვისზეც იყო გაწერილი, და იმათ ანგარიშებზე ჯერჯერობით დაუხარჯავი დევს, _ ან ხელფასების გაცემის დრო არ დამდგარა, ან შეძენებზე მოლაპარაკება არ დამთავრებულა, ან ათასი სხვა მიზეზისა გამო. მაგრამ ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება, რადგან საბიუჯეტო პრაქტიკაში საერთოდ მიუღებელია.

ყოფილი მთავრობისთვის ასეთი ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებები ჩვეულებრივი ამბავი იყო _ დაიბრუნებდნენ ფულს, როცა გაუხარდებოდათ. უფრო მეტიც, ამათ რაიმეს შეძენის ისეთი გართულებული მექანიზმი ჰქონდათ აწყობილი, რომ მხარჯველ სუბიექტებს ფულის მიღება არც სურდათ.

_ ფულს აძლევდნენ და არ სურდათ?

_ ისეთ დღეში აგდებდნენ, რომ არ სურდათ. იმ ფულს კომისია კომისიაზე მოჰყვებოდა, შემდეგ _ შემოწმების კონტროლი, ფოტოსურათები უნდა გადაეღოთ ყველაფრისთვის, რასაც შეიძენდნენ, რა და სად იდგა და იდო; დაბოლოს, იპოვიდნენ რაღაც დარღვევას და დაიწყებოდა დაჭერები და მთელი ამბავი. პირდაპირ გეტყვით: როცა კაცის მოშორება უნდოდათ, ბიუჯეტის ფულს აძლევდნენ.

_ ხაფანგი იყო?

_ დიდ ხაფანგში კაცის შეგდების სატყუარა იყო.

რანაირად უნდა გამოიწვიოს ხადურმა შსს-ს ანგარიშზე დარიცხული სახსრები?! ვერც გააკეთებს, რადგან მივა ფინანსთა სამინისტროში ღარიბაშვილი და მოითხოვს კუთვნილ ფულს. აბა, უსახსროდ როგორ შეძლებს მუშაობას? ეტყვის ხადური, აღარ გაქვსო?! რანაირად?! რომელი კანონით?!

მერაბიშვილისთვის ეს პრობლემა არ არსებობდა, დაურეკავდა ადეიშვილს და _ რაზეა ლაპარაკიო! _ ძმურად ამოიწურებოდა საკითხი.

_ აი, ამ ფონზე რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ «ახალი ოპოზიციის» «გმირული» შეკითხვები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს დაუსვეს _ კონკრეტულად როდის შეასრულებთ დანაპირებს, რა სახსრებით და როგორო? ჩვენ სავსე ბიუჯეტი და აშენებული ქვეყანა დაგიტოვეთო.

_ მიფიქრია ამ საკითხზე და გეტყვით: როცა ახალი ძალა მოდის ხელისუფლებაში, იმავე წუთს იწყება პროცესების მარგინალიზაცია: სუსტი ოპოზიცია იწყებს სუსტი შეკითხვების დასმას.

აბა, როგორ შეიძლებოდა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ბაქრაძეს, რომელსაც შეკითხვა არ გასჩენია ვერონიკა ქობალიას კანდიდატურის მიმართ, როცა საქართველოს ეკონომიკის მინისტრად ინიშნებოდა ხაბაზი, რომელსაც ქართული პურის ცხობის საკმარისი გამოცდილებაც არ გააჩნდა და რომლის ეკონომიკური ხედვის არეალი ერთი თონის კედლებს არ გასცდენია, კრიტიკული პათოსით აღვსებულიყო კახი კალაძის მიმართ, რომელიც ენერგეტიკის მინისტრად წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა?! შრომისმოყვარე, ნიჭიერი, წინასაარჩევნო ცეცხლში გამოწრთობილი, დიდი ფულის პატრონი ადამიანის კანდიდატურა, რომელიც მსოფლიოში იყო ცნობილი და კარგ ბიზნესმენადაც ჩამოყალიბდა, ოპოზიციის დაეჭვების საბაბი გახდა: შეძლებს კი მინისტრობას?

_ თვითონ ხომ მინისტრებად, თავმჯდომარეებად და პოლიტიკოსებად დაიბადნენ

_  მაშინ რატომ არ დაებადა დეპუტატ ბაქრაძეს არავითარი შეკითხვა, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრად ამტკიცებდნენ კაცს, რომელსაც პირუტყვი დედალ და მამალ ძროხებად ჰყავდა რანგირებული?

_ «ეს, ჩემო ლაბავ, ნუ შეგშურდება»…

_ აი, ამიტომაა პოლიტიკა ბინძური საქმე.

_ ასეთი პოლიტიკის თავიდან აცილების რა გზა გესახებათ?

_ გადარჩენის გზა, ჩემი აზრით, არის ის, რომ მასმედია მართლა უნდა გახდეს მეოთხე ხელისუფლება. ოღონდ არა იმ დონის, როგორიც «მაესტროს» პროგრამა «პრეს-პრესში» ვნახე და მოვისმინე, როცა საქართველოში ერთმა, ყველაზე უსინდისო კაცმა, ბენდუქიძემ, იქით დაპრესა ამ შეხვედრისთვის მოუმზადებელი ჟურნალისტები.

ახალი მთავრობა, რომელიც ჩვენად მიგვაჩნია, ჩვენ უნდა ვაკრიტიკოთ სერიოზული პოზიციებიდან, დასაბუთებული შეხედულებების ბაზაზე. ამ კრიტიკაზე იგი იძულებული იქნება, საქმით გვიპასუხოს, შეცდომების გამოსწორებაზე იზრუნოს და მაშინ დრო აღარ დარჩება ჭუჭყიან პოლიტიკაში ჩასაბმელად.

_ ეს, რაც მეოთხე ხელისუფლებას შეეხება, გასაგებია. მე, ბატონო დავით, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გეკითხებით, მთავრობაზე.

_ ამ შემთხვევაში მარტო ეკონომიკაზე კი არ გვექნება ლაპარაკი, არამედ მთლიანად სოციალური პროცესების ტრანსფორმაციაზე. მთავრობაში უკვე მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ერკვევიან ეკონომიკური განვითარების პროცესებში და იციან, როგორ წარმართონ ისინი.

_ მაშასადამე, ყელში წვდომა ზუსტი ვადების, კონკრეტიკის მოთხოვნით ნაადრევია?

_ არაკორექტულია. ჯერ მიმიშვი მარტენის ღუმელთან და შემდეგ გეტყვი, როდის გამოდნება ფოლადი: როცა მეცოდინება, რა ხარჯები უნდა შევაკავოთ «აჟურული ხიდების» და მისი მსგავსი «ბეზდელუშკების» ასაშენებლად…

_ «ლაზიკების»…

_ «ლაზიკების», თბილისის «რიყეზე» წაქცეული გიგანტური კასრების, შადრევნების ასაშენებლად გამოყოფილი სახსრები…

_ და კიდევ _ ახალციხეში რაბათის ციხის აღდგენის შემდეგ, «მეც მინდა გორში ციხე», _ სააკაშვილმა მერაბიშვილს რომ მიმართა და მეორე დღესვე რომ შეუდგნენ გორისციხის სარესტავრაციო სამუშაოებს

_ ამ ხარჯებში რომ გავერკვევით, შემდეგ გაჩნდება ალტერნატივა, პენსია გაზარდონ, კულტურასა და მეცნიერებას გამოუყონ მეტი დაფინანსება, ჯანდაცვისკენ მიმართონ ხარჯები, თუ სხვა დარგებს მიაშველონ.

ე. ი. უწინარეს ყოვლისა, ამ ახალი ხარჯების საფუძვლიანი ანალიზი უნდა გაკეთდეს, რასაც დრო სჭირდება.

_ დენის ტარიფის შემცირებას წინ რაღა უდგას?

_ ისევ და ისევ _ დრო! დასაბუთება, განხილვა, დამტკიცება. ამას 3-4 თვე მაინც უნდა, თორემ დენის ტარიფზე უფრო სამარცხვინო სხვა არაფერი გვჭირს! ყველაფერს თავი რომ დაანებო, ერთი კილოვატსაათის ღირებულება 13 თეთრი და 34 მეასედი გვიწერია, სამარცხვინო ციფრია! ამაზე რამდენიმეჯერ განვაცხადე ჩემს ინტერვიუებში. აიღეს და ქვითარზე წაშალეს მეასედები. წარმოსახვითი ციფრებით აზროვნებენ!

_ .. დანაპირების შესრულება ახალ მთავრობას ჯერჯერობით არ შეუძლია?

_ არ შეუძლია ერთი დარტყმით, ამისთვის აუცილებელია მოსამზადებელი პერიოდი.

საინტერესოა კიდევ ასეთი რამ:

2012 წლის ბიუჯეტში 104 მილიონი ლარი ციხეების შესანახად იყო გამოყოფილი, 20 მილიონი _ უმაღლესი სკოლისათვის, ხუთჯერ ნაკლები.

ეს ინერციაც დასაძლევია, რადგან მსოფლიოს ქვეყნებიდან ჩვენ გარდა მეორეს ვერ იპოვით, რომელსაც სასჯელაღსრულება სახელმწიფო პოლიტიკად აქვს გადაქცეული, მაგრამ  ასე სურდა სააკაშვილს. სამარცხვინო ფაქტია ერის ისტორიაში, როცა სახელმწიფო იწყებს ასეთი პოლიტიკის შემუშავებას და მასზე ამყარებს დანარჩენ ფასეულობათა სისტემას.

_ ესე იგი, უნდა დაველოდოთ ბიუჯეტის დამტკიცებას?

_ დიახ, დაველოდოთ დოკუმენტების შემოტანას და, თუ რამ შეცდომა დავინახეთ, დასაბუთებულად ვიკამათოთ, გამოვასწოროთ, ქვეყნის განვითარების სამსახურში ჩავაყენოთ, თორემ აქამდე ბიუჯეტის სახსრები ელიტარული კორუფციის გაფურჩქვნა-აყვავებისკენ იყო მიმართული, რაც, ძირითადად, სისხლისსამართლებრივი დანაშაულის სახეს იღებდა.

_ შეგიძლიათ მოკლედ ეს ბრალდება დაასაბუთოთ?

_ მოკლედ შეიძლება ასე ითქვას: მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ, დანაშაულებრივია, კრიმინალურია. მათი მეთოდით გაცემული საბიუჯეტო სახსრები ამ მეთოდით თითქოს კვლავ ბიუჯეტში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სადღაც, გაუგებარ ფონდებში ილექებოდა, რომლებსაც შსს და პროკურატურა «აკონტროლებდნენ», სინამდვილეში კი სახელმწიფო სახსრების მითვისების «ახლებური» ფორმა იყო.

ბიუჯეტი, როგორც წესი, იწყება განმარტებით. იგი იდეა-ინდიკატორია, რომელიც პროგრამულ დავალებას გვაძლევს: ბიუჯეტის ქურდობაზე არც უნდა გაიფიქრო _ არც მიღებული სახსრების მოპარვის თვალსაზრისით, არც არაფერი არ უნდა დააკლო შემოსავლებს. იგი წმინდათა-წმინდაა და შენი ქვეყნის სახეს წარმოაჩენს. იგი არის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, _ ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში.

ამათი გაგებით კი, ბიუჯეტი არის მთავრობის საჭიროებისთვის პარლამენტის მიერ დამტკიცებული ხარჯები და, რახან მთავრობის ხარჯთაღრიცხვაა, წელიწადში სამჯერ შეჰქონდათ ცვლილებები. უფრო გასაგებად რომ გითხრათ, «აპრავებდნენ» იმას, რასაც ხარჯავდნენ.

საკითხს ნუ ჩავუღრმავდებით, რადგან მკითხველები შეიძლება დავაბნიოთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამგვარად ამღვრეულ ფინანსურ სისტემაში ძალიან ადვილად იჭერდნენ ბიზნესლიფსიტებს, როგორც წესი, მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თვითნებური ინტერპრეტაციის მეშვეობით.

დაადგამდნენ ვინმეს თვალს და შემდეგ, იუსტიციის სამინისტროში სათვალიანი პატარა ბიჭის მითითებით, ვითომდა ბიუჯეტში დასაბრუნებლად, ისეთი ფულის გადახდას დააკისრებდნენ, რომ, თუ არ გადაიხდიდა, დაიწყებოდა მისი ახალი ბიოგრაფიის ათვლა _ ან პრობაციონერი გახდებოდა, ან ჩაჯდებოდა ციხეში.

ასეთ ვითარებაში ვერანაირ წარმოებას ვერ წამოიწყებ, ვერანაირ საწარმოს ვერ აამუშავებ: ყველა ადგილი დაკავებულია, ბიზნესის მთელი არეალი ხელისუფლებასთან დაახლოებული მონოპოლიების ხელშია, ოლიგარქების ბატონობის ხანაა.

ორიოდ სიტყვით მონოპოლიების შესახებ.

ბენდუქიძესთან «პრეს-პრესში» შეხვედრისას ჟურნალისტებმა სტუმარს ქვეყანაში უამრავი მონოპოლიის არსებობაზე ჩამოუგდეს სიტყვა.

ბენდუქიძემ ცინიკურად შენიშნა _ როგორ წარმოგიდგენიათ უამრავი მონოპოლიის არსებობა?

ჟურნალისტები ამ საკითხშიც მოუმზადებლები აღმოჩნდნენ და ვერაფერი უპასუხეს. არადა, პასუხი უმარტივესია: რამდენი პროდუქტიც არის, იმდენი მონოპოლია შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ხომ შეიძლება, რომ სახელმწიფომ მხოლოდ მე მომცეს პენიცილინის ინიექციის გაკეთების განსაკუთრებული უფლება? შეიძლება და _ დამთავრდა! მაგრამ თუ ლენინის მიხედვით გაიაზრებ, ბენდუქიძე კი ასე აზროვნებს, მაშინ მონოპოლიები, კარტერები, ტრესტები მართლაც არ შეიძლება იყოს უამრავი.

_ . . ქუთაისის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ განხორციელებული «დრანგ ნახტ ოსტენ» _ შეტევა აღმოსავლეთისკენ _ შეიძლება იყოს უვიცობისა და დემაგოგიის შედეგი?

_ უვიცობას თავი დაანებეთ, იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კარგად აქვთ ათვისებული ნერვების მოსაშლელი პრესინგის და უნაყოფო პოლიტიკურ სივრცეში დისკუსიის გადატანის ხერხები.

ამის დემონსტრაცია მოახდინეს მათ უმცირესობასთან პრემიერ-მინისტრობის მაშინდელ კანდიდატთან შეხვედრის დროს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

_ ამის შხამსაწინააღმდეგო ინიექციად რა გესახებათ?

_ ჩვენი ჯანსაღი კრიტიკა, საქმიანი წინადადებების წარდგენა, რაც გამოიწვევს ისეთი «კრიტიკოსების», როგორებიც არიან გოკა გაბაშვილი, აკო მინაშვილი, დავით დარჩიაშვილი და სხვები, მარგინალიზაციას.

_ დღეს გაქვთ კრიტიკული შენიშვნები?

_ მაქვს. მაგალითად, მინისტრობის კანდიდატებიდან არავინ ჩასულა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან შესახვედრად, არავინ დალაპარაკებია მუშებს. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, რეგიონული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი. ერთადერთი თინა ხიდაშელი ჩავიდა, ალბათ, ადგილობრივი დეპუტატი ჩაანაცვლა.

3700 კაცი გაიფიცა. ხუმრობაა?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელმაც სრული სიცხადით გამოავლინა ეკონომიკური მეთოდებით ჩათრევის სისტემა, ანუ ჭიათურაში დანერგილი შრომის ორგანიზაციის ნეოკოლონიალისტური ხასიათი. ამაზე ადრეც არაერთხელ მიმითითებია.

იციან ეს ეკონომიკური ჯგუფის მინისტრებმა? ვერ გეტყვით, მაგრამ, რომ უნდა გაითვალისწინონ, ამაში დარწმუნებული ვარ.

მე მგონი, ჩვენი პოზიტიური კრიტიკით შევძლებთ მაღალი დაძაბულობის ინტელექტუალურ გარემოში მთავრობის წევრების მოქცევას, როცა მათ დემაგოგიაზე გამოხმაურების არც დრო, არც სურვილი აღარ ექნებათ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here