Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო პატრონს ჩაბარდა!

საქართველო პატრონს ჩაბარდა!

591

–  გევიდა გაღმა!

– სა გაღმა?

მარილზე!

–  რა მარილზე?

–  ჩაბარდა პატრონს!

–  რა პატრონს?

– მოკვდა, მოკვდა!

„შერეკილები“

უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები უნიკალურია იმით, რომ მისი შედეგებით ყველა კმაყოფილია; „ქართული ოცნება“ „გამარჯვებით“ არის კმაყოფილი, „ნაციონალური მოძრაობა“ – საკუთარი „დემოკრატიის ზეიმით“, დამარცხებული პარტიებიც კი კმაყოფილები არიან, ან ყოველ შემთხვევაში, ასეთი სახე უჭირავთ. კმაყოფილია თვით შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდიც: „ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო კარგ ხელშია, – ამის შესახებ მან „ქორთიარდ მარიოტში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

„2012 წლის ოქტომბერი ალბათ საქართველოს ისტორიაში დრამატული და მნიშვნელოვანი გარდაქმნების მომენტად აღინიშნება, რადგან ჩატარდა კონკურენტული არჩევნები, იქმნება ახალი მთავრობა, რომელიც უფლებამოსილებას მალე აიღებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა სამოქალაქო და სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი პროფესიონალურად გაგრძელდება“, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკის ელჩმა ადგილობრივი პატრიოტების კალიბრიც მოიწონა: „საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი კალიბრის პატრიოტები ჰყავს, ლიდერები, რომლებიც მზად არიან, განსხვავებებს გადააბიჯონ და იმოძრაონ საქართველოს ინტერესებისთვის“. ნორლანდს არც „დამოუკიდებელი, ნეიტრალური“ არასამთავრობოები და ექსპერტები დავიწყებია: „სამოქალაქო საზოგადოება არის არა მხოლოდ საპირწონე და ბალანსი, არამედ გადამწყვეტი პარტნიორი პოლიტიკურ ურთიერთობებში. არასამთავრობოებმა ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოთ, უნდა იყოთ ღია და კონსტრუქციულები პარტიებთან დიალოგში. საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს მთელი რიგი ექპერტები, რომლებიც მზად არიან ამ როლის შესასრულებლად“.

კმაყოფილია ნომერი პირველი რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილიც, რომელიც თავად ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარეს გადაახტა და პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის ემზადება. ივანიშვილი რომ არა, ვერც ის და ვერც მისი პარტია პარლამენტში ვერასოდეს მოხვდებოდნენ, ახლა კი, როცა ამერიკელების მიერ მოწონებულ ორ პოლიტიკურ სუბიექტს მანდატებში სულ მცირე სხვაობა აქვთ, რესპუბლიკელების 9 თუ 10 მანდატს საკონტროლო პაკეტის ძალა აქვს. უსუფაშვილი უკვე ითავსებს არბიტრის ფუნქციას და აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში მრავალპარტიულობის შექმნას გეგმავს, რის კონტექსტშიც უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ახალ პარლამენტში მხოლოდ კოალიციის რიგებიდან შესაძლოა, რამდენიმე საპარლამენტო ფრაქცია შეიქმნას. ვისაც ამაში ეჭვი ეპარებოდა, აბაზანაში ჩაწვეს და „ევრიკა“ იძახოს, უსუფაშვილი კი უფრო შორს მიდის:

 
 „არჩევნების შემდეგ გარკვეული საფრთხეები არსებობს ორივე პოლიტიკური ძალის მიმართ. მაგალითად, გამარჯვებულ ძალას ემუქრება საფრთხე, მოისხას მორალისტი ინკვიზიტორის მანტია, რადგან ძალიან ბევრი ქონებაა მოპარული და ამის გამო შესაძლოა, თვალი რევანშისკენ გაგვექცეს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავუშვათ. ფაქტია ისიც, რომ თუ ახალმა ხელისუფლებამ ძველ დანაშაულებზე რეაგირება არ მოახდინა, გამოდის, რომ ის საზოგადოებამ ტყუილად აირჩია. თუმცა, კონკრეტული დარღვევები ჩვენი გადასაწყვეტი არ უნდა იყოს და ეს საკითხები დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა განიხილოს. ამავე დროს, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მიეცეს საშუალება, მოისხას წამებული დემოკრატის მანტია. არც ამის დაშვება იქნება სწორი, რადგან წლების განმავლობაში პოლიტიკური პროცესი, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა, იყო უკიდურესად მძიმე და არც იმ საარჩევნო კამპანიას, რომელიც ჩვენ ვნახეთ, არ შეიძლება, ეწოდოს ტესტის ჩაბარება ხელისუფლების მხრიდან“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მაშ, ხალხს რა? არც „ნაციონალები“ უნდა დაისაჯონ და არც „ოცნებას“ უნდა მიეცეს სრული თავისუფლება? მაშინ რისთვის მისცა ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას“? რესპუბლიკელებს კარგა მსუქანი ფრაქცია რომ შეექმნათ და პარლამენტის თავმჯდომარეც გაეყვანათ? ამერიკული გეგმის განსახორციელებლად, რომლის თანახმადაც სააკაშვილი „დემოკრატიის შუქურიდან“ „დემოკრატიის“ მსხვილკალიბრიან იარაღად უნდა იქცეს? რა საჭირო იყო ეს ორპარტიული არჩევნები, თუ სამართალი არ აღდგება? ვინ „გაიმარჯვა“, თუ „ძალიან ბევრი მოპარული ქონების“ დაბრუნებას უსუფაშვილი ამთავითვე რევანშისკენ გაქცეულ თვალს ადარებს? 

როგორც პატარძლის მამა ხარობს ქორწილში, რომ ქალიშვილი „კარგ ხელს“ ჩააბარა, ისევე ხარობს რიჩარდ ნორლანდიც, „საქართველო კარგ ხელშიაო“, მაგრამ აშშ–ის ელჩი ჯერ სათანადოდ არ იცნობს ქართულ ფოლკლორს, რომელშიც გამოთქმა „ჩაბარდა პატრონს“ სულ სხვა რაიმეს ნიშნავს.

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here