Home რუბრიკები პოლიტიკა მომავალი ხელისუფლება ფუნდამენტური პრობლემების წინაშე დგას და მე მიკვირს, ასეთ ვითარებაში თანამდებობებისთვის...

მომავალი ხელისუფლება ფუნდამენტური პრობლემების წინაშე დგას და მე მიკვირს, ასეთ ვითარებაში თანამდებობებისთვის რატომ იბრძვიან?!

601

დემურ გიორხელიძე ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენებისთვის დამახასიათებელი ნაბიჯებით შემოვიდა ჟურნალისტთა ყოფილ სახლში, სადაც, უკვე წელიწადია, `ქართული ოცნების~ ექსპერტთა თემატური ჯგუფების წევრები მუშაობენ: უმაღლესი კლასის ანალიტიკოსები, რომელთა ყოფილებად წარმოჩენისთვის საკუთარი ტყავიდან ძვრებოდნენ ახლა უკვე ყოფილი ხელისუფლების უმწიფარიძეები თავიანთი ნარცისი ბელადის თაოსნობით.

ყოფილობის ამ „მაჯამით“ იმიტომ გაგაცდინეთ, რომ უკეთ იგრძნოთ სიახლეთა ის აქცენტები, თუნდაც ეკონომიკის დარგში, რომელთაც მოუთმენლად ელოდება სრულიად საქართველო, მაშასადამე, – ჩვენ ყველანი.

დემურ გიორხელიძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ იმ თემატური ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელსაც ჰქვია „ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა“.

ბატონო დემურ, არ უნდა იყოს, მგონი, ეს მოლოდინი სულსწრაფობა… ეგებ, მითხრათ, რატომ გაჭიანურდა ახალ მთავრობაში ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელების პერსონალური დასახელება?

– ვერ გეტყვით, რადგან ამ პროცესთან არანაირი შეხება არ მაქვს.

ისე, გითხრათ სიმართლე, ამ ბლოკის კანდიდატურები წინასწარვე განსაზღვრული უნდა ყოფილიყო. ჩემი თვალთახედვით, მონახაზის გაკეთება, დაახლოებითის მაინც, ძალიან იოლია, რადგან ჩვენს კრიზისულ სიტუაციაში შეზღუდულია პერსონალიების რესურსი. საუბარია სულ რამდენიმე კაცზე, რომელთაც მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ. ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.

მოდით, იმასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წევრები, რომლებიც თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ეთათბირებიან კოალიციის პოლიტიკურ ლიდერს, რაღაც ფინანსურ ნაკადებსა და პროცესებზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ.

საქართველოს ეკონომიკა დღეს ისეთ უმძიმეს მდგომარეობაშია, რომ აქედან მისი გამოყვანა მარტივი გადაწყვეტილებებით შეუძლებელია.

დავაზუსტებ: კრიზიკული ვითარებიდან, ვთქვათ, სოფლის მეურნეობას სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ვერ გამოიყვანს, ეკონომიკას ეკონომისტი ვერ უშველის.

ბატონო დემურ, დამაბნიეთ, აბა, ვისზე უნდა ვილოცოთ“?

– გეტყვით: ეკონომისტები ცალკეული მიმართულებებით შეიძლება წარმატებით მუშაობდნენ, მაგრამ ახლა ე. წ. სისტემშჩიკების დრო დადგა, სისტემურად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა იტვირთონ ეს ურთულესი და უმძიმესი საქმე, მათ შეუძლიათ გუნდთან ერთად ითამაშონ.

როგორც ვიცი, თქვენ შედგენილი გაქვთ პროგრამა, რომლის პრეზენტაციას რატომღაც არ ესწრებოდით…

– ჩვენს თემატურ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია „ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა“ შემუშავდა ეს პროგრამა. ჩარჩო, კონსტრუქცია, შეიძლება, ჩემეული იყო, შემსრულებლები კი _ კომპეტენტური სპეციალისტები, ცალკეული მიმართულებების მიხედვით. ჩვენ გავაკეთეთ „შეკრული კონცეფცია“ მაკროეკონომიკის, მცირე და საშუალო ბიზნესის, დემოგრაფიის, ცალკეული დარგების განვითარებისა და ა. შ.

სოფლის მეურნეობისთვის შემუშავდა სრულიად ახალი კონცეფცია, რომელიც იმდენად კონკურენტუნარიანია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ სამეცნიერო და საინვესტიციო ჯგუფში შეიძლება თამამად იქნას განხილული.

არ ვიცი, გამოიყენებენ თუ არა ამ კონცეფციებს,  სხვა ხელმძღვანელი თუ მოვიდა, შეიძლება თავისი შეხედულებით შეცვალოს. თუ პოლიტიკური ჯგუფი ვინმეს მისცემს რეკომენდაციას, ბუნებრივია, იმ ვინმეს უნდა გაუწიოს ანგარიში.

მაგრამ დრო ხომ დაიკარგება, დრო, რომელიც ქვეყანას ისევე არ აქვს, როგორც მოთმინება ხალხს?

– ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ჩვენი საქმე ძალიან წესიერად გავაკეთეთ. ალტერნატიულ შეხედულებათა სისტემა ჯერ არავის წარმოუდგენია, საეჭვოა, რომ დღეს საქართველოში აღმოჩნდეს სხვა ჯგუფი, რომელიც შეძლებს ასეთი კომპლექსური ხედვების, ასეთი ინოვაციური კონცეფციის წარმოდგენას.

პირდაპირ გეტყვით, ეკონომიკის განვითარების ვერავითარი ჩვეულებრივი ექსტენსიური გზები ვერავითარ შედეგს ვერ მოგვცემს, ყოველწლიურად 15 პროცენტითაც რომ ვიზარდოთ.

ცოტაა თუ რატომ?

– 7 წლის შემდეგ გაორმაგებული კი ვიქნებით, მაგრამ მითხარით, მიზერი რომ გაორმაგდება, ეს რას ნიშნავს?

ალბათ, გაორმაგებულ მიზერს ნიშნავს.

– მეც მანდა ვარ: საქართველოში გვაქვს 12 მილიარდი ლარის მოცულობის ეკონომიკა. ეს უმნიშვნელო ციფრია. ეკონომიკა ჩვენთან იმდენად დაკნინებული და შეურაცხყოფილია, იმდენად მიგდებულია სანაგვეზე, რომ ამ მდგომარეობიდან მისი მარტივად გამოყვანა შეუძლებელია.

მაგრამ, კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს უნდა მოაგვარონ იმათ, ვინც მოწოდებულია ამგვარი საკითხების გადასაწყვეტად. ჩვენ წესიერად ვმუშაობდით. გვეტყვიან _ წადით სახლში, წავალთ.

ამით ეკონომიკას არ ეშველება?!

_ მე პირადად კონტრაქტი მაქვს დადებული, ვაკეთებ ჩემს საქმეს და სხვა პროცესისკენ არ ვიხედები, ნაკლებად მაინტერესებს.

მაგრამ ეკონომიკური გუნდის ჩამოყალიბების გაჭიანურებაზე ხომ გაქვთ თქვენი მოსაზრება?

_ აქ გადამწყვეტია პოლიტიკური სისაღისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ალღო და უნარი. რამდენი ინტრიგანი რამდენ რამეს იტყვის, რამდენი ინტრიგანი ისურვებს, თავისი გავლენა შეინარჩუნოს ახალ მთავრობაზე, ეს საქმეს არ წაადგება, რადგან ასეთ ტიპებს ნაკლებად აინტერესებთ, დადგება თუ არა ფეხზე ეკონომიკა. მათთვის მთავარია, ფინანსური ნაკადები გააკონტროლონ, რაც საშუალებას მისცემს, გვარიანი თანხა სათავისოდ `მოხსნან~. ესაა და ეს.

კვლავ გვატყუებს სააკაშვილი, რომელიც ახლახან კვლავ გამოჩნდა ეკრანზე და განაცხადა, რომ საქართველოს ბიუჯეტი დღეს ისეა სავსე, როგორც არასდროს?

– თუ ნაშთი არსებობს, შესანიშნავია. უნდა არსებობდეს, ყველა ლოგიკით. მაგრამ ასეა თუ არა, გამოჩნდება მაშინ, როცა ახალი მთავრობა ფინანსური რესურსის ინვენტარიზაციას ჩაატარებს.

ახალ მთავრობას 2013 წელი დალხენილი რომ არ ექნება, უეჭველია. ბიუჯეტი არ გადაივსება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენი ეკონომიკა კატასტროფის პირასაა მისული.

ვითარების გამოსასწორებლად პრიორიტეტულად რას მიიჩნევთ?

– პირველი ნაბიჯი, მე მგონია, კონტრაბანდის ფანტასტიკური მასშტაბების ამოძირკვაა. ყოფილმა ხელისუფლებამ 2012 წლის მარტში მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად განბაჟებისას მოსპეს ყოველნაირი შეზღუდვა. ამას ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ეშელონებს ორივე მიმართულებით საზღვარი უკონტროლოდ უნდა გადაეკვეთა. ასეულ მილიონობით ლარი ამ გზით, ბიუჯეტის გვერდის ავლით, ელიტურ კორუფციაში ილექებოდა.

ტარიფების საკითხი, ბატონო დემურ, ანუ მათი შემცირება პრიორიტეტულად არ მიგაჩნიათ?

– როგორ არა! ამის გაანგარიშებები ჩვენს თემატურ ჯგუფში გაკეთდა  ფართო პროფესიული დიაპაზონის მქონე სპეციალისტების მიერ. თუკი ჩვენი ჯგუფებიდან არავინ აღმოჩნდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სხვებს დავუდებთ ჩვენს რეკომენდაციებს.

რომლებიც რას ღაღადებენ?

_ მაგალითად, ენერგოგენერაციამ, გადაცემამ და დისტრიბუციამ წარმატებით, რენტაბელურად რომ იმუშაოს, ელექტროენერგიაზე ტარიფი ერთ კილოვატსაათზე 10 თეთრთან უნდა იყოს მიახლოებული. მოჭრილი ციფრის თქმა, პროცესის დინამიკურობის გამო, არ შეიძლება.

არაფერი წინ არ უდგას გაზის ტარიფის განახევრებას.

ასეთია ორიენტირები, რომლებიც ძალიან დეტალურად არის შესწავლილი და გათვლილი. ბატონმა შალვა მექვაბიშვილმა თქვენს მკითხველებს ინფორმაცია ამის თაობაზე სრულად მიაწოდა.

თქვენი რეკომენდაციების განხორციელებას წინ რა უდგას?

– არაფერი, გარდა პოლიტიკური ნებისა.

მოდით, ასე დავსვათ საკითხი: ბოლოს და ბოლოს, რისკენ მიდიხარ? დავსვათ ეს რიტორიკული შეკითხვა. მიდიხარ იქითკენ, რომ მოიწყო პირადი ბედნიერი ცხოვრება თუ გინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ბიზნესში შემოვიდეს, დასაქმდეს? ან, იქნებ, გინდა, რომ ბიუჯეტში მოაქუჩო ბევრი ფული, რომელსაც შენი ჩინოვნიკები- გუშინდელი, დღევანდელი, ხვალინდელი – თავიანთი ნებით, არცთუ ყოველთვის პატიოსანი მიზნებით განკარგავენ? ჩინოვნიკი ყოველთვის ჩინოვნიკია. ის თუ არ გააკონტროლე, ვითარების გამოსწორებაზე, მექრთამეობის მოსპობაზე ლაპარაკი არასერიოზული იქნება. საზოგადოებები საერთოდ, მათ შორის, ქართული საზოგადოება, არასრულყოფილია – როცა საშინელი სიღარიბეა, შემოსავლები ძალიან დაბალია, კარგი ცხოვრების დანაშაულებრივი გზით მოპოვების ცდუნებას ყველა ვერ უძლებს.

მართლაც წარმოუდგენლად ძნელია ამა თუ იმ ჩინოვნიკურ თანამდებობაზე კადრების შერჩევა უეჭველი პატიოსნობის გარანტიით, ესე იგი, განწირული ვართ მექრთამეობისთვის?

– საკითხს სხვა კუთხით უნდა მივუდგეთ: რამდენად პროფესიული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

თუ მიდიხარ იქითკენ, რომ შენი სახელმწიფო გჭირდება მოქალაქეების ნიჭისა და უნარის განსავითარებლად, გჭირდება იმისთვის, რომ შენმა ხელისუფლებაში ყოფნამ კეთილდღეობა მოუტანოს ადამიანებს საკუთარი შრომით, შენი შრომით კი არა, მაშინ უნდა წახვიდე იმ მიმართულებით, როცა ყველაფერი, რაც სახელმწიფო დონეზეა გადასაწყვეტი, საზოგადოების განვითარებისკენ იყოს მიმართული.

ეს კი ჩვენ არასოდეს გვქონია, არადა, აუცილებელია, რადგან ჩამოყალიბებულია ისეთი რეალობა, როცა ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელია ადამიანური რესურსი.

როგორი ხელისუფალიც გინდა იყო და ვინც გინდა იყვნენ შენი მეგობრები, მთელი ერის ინტელექტუალური შესაძლებლობა ვერ იქნება კონცენტრირებული შენს მეგობრულ გარემოცვაში. თუ ხელისუფალი ხარ, ისეთი პოლიტიკა უნდა განახორციელო, რომ შენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს თავისი ნიშა.

აი, ამას სჭირდება, უპირველესად, გადაწყვეტა და ეს არა გვაქვს ჯერჯერობით ჩვენ.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის გუნდში ადგილი არ ექნება ისეთ ადამიანებს, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიური მიმართულების ხელმძღვანელთა შორის, რომლებიც შეიძლება აცდუნოს ელიტური კორუფციის ხიბლმა.

– ბატონ ბიძინას სიტყვებში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ ქვეყანაში უამრავი თანამდებობაა და თქმა იმისა, ხვალ საქართველოში ქრთამს არავინ აიღებს და მექრთამეობა ამოიძირკვება, არ იქნება სწორი. მსოფლიოში ასე სტერილურად სუფთა ქვეყანა არ არსებობს.

მთავარია, რომ ამგვარი ფაქტები გამოვლინდეს და ჩამდენი დაისაჯოს; არ შეიქმნას არც ერთი პრივილეგირებული ჯგუფი, რომელიც არ დაექვემდებარება კონსტიტუციურ კონტროლს და კონტროლს საზოგადოების მხრიდან. ამის მისაღწევად ჩვენს კონცეფციაში წამოვაყენეთ ინფორმაციული სამინისტროს შექმნის წინადადება. ეს იქნება სულ სხვა ტიპის სტრუქტურა, კერძოდ, ყოველდღიური გადაწყვეტილება ყველა თანამდებობის პირის, ყველა გადარიცხვა, თუნდაც უმნიშვნელო, უნდა განთავსდეს საიტზე და მაშინ მთავრობაში მოსვლის ქართული ხიბლი გაქრება. ყველა ნორმატიული აქტი, სამინისტროსა და უწყების დონეზე გამოცემული, უნდა იყოს ღია და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.

ასეთად მესახება ქვეყნის მართვის ისეთი დონე, რომელიც გასაქანს არ მისცემს `ფარულსა~ და „გასაიდუმლოებულს“, რაც ასე პოპულარული იყო ყოფილ ხელისუფლებაში.

ამას დაემატება კონტროლის პალატა, რომელიც იმ ფუნქციებში უნდა აღდგეს, რომლებიც ჰქონდა და ჩამოართვეს.

თავისთავად იგულისხმება საზოგადოებრივი კონტროლი, მათ შორის, თავისუფალი პრესის მხრიდანაც. სიტყვამ მოიტანა და მებრძოლი პრესის ავანგარდში დავასახელებ თქვენს გაზეთს. „საქართველო და მსოფლიო“, რომლისთვისაც მიცემული მაქვს არაერთი ინტერვიუ, ჩემი აზრით, არის კომპეტენტურობითა და ინტელექტუალობით გამორჩეული გამოცემა, რომელსაც აქვს თავისი მიმართულება, თავისი სტილი, რაც მკითხველების მოწონებას იმსახურებს.

აქვე შევნიშნავ, რომ პროფესიული და საზოგადოებრივი კონტროლი ერთმანეთს ვერ ჩაანაცვლებს. ორივე ერთდროულადაა საჭირო და აუცილებელი.

– ეთანხმებით თუ არა მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი ზეობის პერიოდში პირველად საუკუნეების განმავლობაში საქართველოს აღმშენებლობამ არნახულ დონეს მიაღწია?

– არავითარი საფუძველი, მათ შორის, ოფიციალური სტატისტიკით დადასტურებული და რეალობაში არსებული ამის თქმის უფლებას არ იძლევა. ქართულმა ეკონომიკამ წარმატებას კი არ მიაღწია, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. იმპორტი საქართველოში მხოლოდ შარშან 32 პროცენტით გაიზარდა, წლეულსაც იგივე ტენდენციაა შენარჩუნებული. ჩვენი ეკონომიკა სრულად დეინდუსტრიალიზებულია. ბოლო 9 წლის განმავლობაში თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას არავითარი ბიძგი არ მისცემია. ყველაფერი ხელისუფლების ხელში იყო და მის მიერ კონტროლდებოდა, განსაკუთრებით,- რესურსები, და როცა ხელისუფლება ძირითადი რესურსების მაკონტროლებელი და ბიზნესების განმკარგავი ხდება, მაგალითად, ვინ რომელ იმპორტს უნდა ჩაუდგეს სათავეში, იქ თავისუფალ ბიზნესგარემოზე ლაპარაკი არ შეიძლება. ბიუჯეტის ხარჯზე ისინი უზარმაზარ ფულს შოულობდნენ, წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია ხელისუფლებამ დანერგა იმით, რომ ყოველგვარი კონტროლი მოხსნა.

ხელისუფლებამ გაანადგურა ბიზნესი და მონოპოლიები საკუთარ ხელში მოაქცია. როგორ უნდა აყვავდეს ეკონომიკა ასეთ პირობებში, ყოვლად გაუგებარია.

სამაგიეროდ აყვავდა ელიტური კორუფცია, გაკეთდნენ მთავრობაში გასულები“.

– ელიტური კორუფცია საქართველოში უდიდესი მასშტაბითაა დამკვიდრებული. ასევეა ჩრდილოვანი ეკონომიკა: დღეს საქართველოს რეალური ეკონომიკის არანაკლებ 65 პროცენტი ჩრდილოვანი ეკონომიკაა.

უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეკონომიკის მართვის პრინციპების შეცვლით ეს 65 პროცენტი მზის სინათლეზე გამოვა?

– ნაწილი, რა თქმა უნდა, გამოვა. დღევანდელი ინსტიტუციური მოწყობის შემთხვევაში, რაგინდ ანგელოზები დაინიშნონ წამყვან თანამდებობებზე, ჩრდილოვანი ეკონომიკა 35 პროცენტის მოცულობით მაინც დარჩება.

ინსტუტუციური სისტემა 22 წელიწადია არ შექმნილა: საბაზრო ეკონომიკის ყველა ინსტიტუტი განადგურებულია ან ჩანასახოვან მდგომარეობაშია და ვერ ვითარდება. არაფერი, გარდა ჩინოვნიკის ნებისა, საქართველოში არ მუშაობდა. ფულის კურსიც კი 3-4 კაცის გავლენით ყალიბდებოდა და მხოლოდ ვიწრო ჯგუფის ინტერესებს ემსახურებოდა.

მომავალი ხელისუფლება ფუნდამენტური პრობლემების წინაშე დგას და მე მიკვირს, ასეთ ვითარებაში თანამდებობებისთვის რატომ იბრძვიან, გარემოცვა რატომ ცდილობს საკუთარი პროტეჟეების დაუმსახურებლად წამოწევას სხვებზე ცუდის თქმის ფონზე?!

მომავალი ერთი წლის განმავლობაში ადამიანებმა თუ ვერ იგრძნეს სიკეთე მატერიალური თვალსაზრისით, თუ კვლავ აღფრთოვანებული დარჩებიან ხელისუფლებითა და მისი ფანტაზიორობით, ეიფორია მალე გაივლის და კვლავ დანგრეული სახელმწიფოს წინაშე აღმოვჩნდებით, ისევე, როგორც წინა სამი ხელისუფლების დროს.

ჯერჯერობით მონოპოლისტური ჯგუფების მიერ დადგენილი ფასები ძალაში რჩება.

– ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დელიკატურად და სწორად მიუთითა მონოპოლისტებს, გადაედგათ ნაბიჯები იქითკენ, რომ ჩვენს მოსახლეობას ცოტათი ამოესუნთქა, მაგრამ მათ ეს ყურად არ იღეს.

ეს მონოპოლისტური ჯგუფები გააჩინა ყოფილმა ხელისუფლებამ, რაც მისი ნიჭისა და უნარის, მისი შრომის შედეგი არ იყო. მონოპოლისტებმა მუქთად მიიღეს სხვისი ბიზნესი, ქონება, ხელში ჩაიგდეს ეკონომიკის ფუნდამენტური დარგები. ფულმა კი გადარევა იცის. უკონტროლო სახელმწიფოში, სადაც დომინირებს ოლიგარქიული ჯგუფები, რომლებიც მხოლოდ ხელისუფლებისთვის მუშაობს და საკუთარი ხალხი მხოლოდ გასაძარცვად, მხოლოდ ფულის ამოსაქაჩად სჭირდება, სხვას არაფერს უნდა ველოდოთ, სანამ მონოპოლიების პარპაშს ბოლო არ მოეღება. თუ ეს ადამიანები მენტალურად არ შეიცვლებიან, რაც საეჭვოა, მაშინ ისინი დარჩებიან დიდი ფულის მქონე ბობოლებად, რომელთა მიმართ საქართველოს მოსახლეობას უდიდესი ზიზღი ექნება.

ზიზღი კი ხვალ თუ ზეგ გამოვლინდება და შედეგად ისინი შთამომავლობას თავიანთ ნაძარცვ ქონებას ვერ გადასცემენ.

როდისთვის უნდა ველოდოთ დადებით შედეგებს?

– ეს დამოკიდებულია მთავრობის კონფიგურაციაზე. თავის დროზე, როცა ბატონ ბიძინას შევხვდი, ვუთხარი, რომ ჩემთვის მთავარია, ვინ იქნებოდა ის 15-20 კაცი (დაახლოებით მაინც), ვინც შეძლებდა, მისი აზრით, ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანას.

ეკონომიკურ გუნდს გულისხმობდით?

– დიახ, ეკონომიკურ გუნდს და მთავარი თანამდებობებისთვის გამიზნულ ადამიანებს. ეს თუ მსოფლმხედველურად შეკრული გუნდი არ იქნება, ურთიერთმორგება დიდ დროს წაიღებს, რაც ჩვენს პირობებში დაუშვებელი ფუფუნებაა.

თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება, ადამიანები პირველ შედეგებს რამდენიმე თვეში იგრძნობენ.

რუსეთის ბაზარს რა როლი ექნება საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაში?

– რუსეთის ბაზარი შვებას მისცემს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ, თუ დღეს რაიმე საუკეთესო არსებობს მსოფლიოში, ამ ბაზარზეა თავმოყრილი- კონკურენტული ბაზარი გახდა. მაგრამ ადამიანების მეხსიერებაში შემორჩენილია ქართული ბრენდები, ანუ ის, რასაც სხვა ბაზარზე დასამკვიდრებლად მილიონობით დოლარის დანახარჯი დასჭირდება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ყოვლადმარაზმული სიტუაციის მოწესრიგება, რუსეთის ბაზრის გახსნა, კარგი სტიმული იქნება ჩვენი მეურნეებისთვის.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. ბატონ დემურს უფლება არა აქვს არ იბრძოლოს ამ პროექტის ასამუშავებლად. ამას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here