Home რუბრიკები პოლიტიკა ელისო კილაძე: სააკაშვილი თავისი გარემოცვის ვიწრო წრეში ხშირად ამბობდა: საქართველოში არ დამასაფლავოთო…

ელისო კილაძე: სააკაშვილი თავისი გარემოცვის ვიწრო წრეში ხშირად ამბობდა: საქართველოში არ დამასაფლავოთო…

3709

2003 წელს, «ვარდების რევოლუციის» წყალობით, საქართველოს ახალი პროდასავლური ორიენტაციის მქონე ძალა ჩაუდგა სათავეში, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგებოდა. იმედს იძლეოდა ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში მათ მოსვლას არანაირი მსხვერპლი და სისხლისღვრა არ მოჰყოლია. თუმცა მალევე ახალგაზრდა მთავრობამ ავტორიტარიზმის აშკარა ნიშნები გამოავლინა, რაც ნათლად გამოიხატა თავისუფალი მედიისა და თავისუფალი სასამართლოს შეზღუდვით. კითხვები გაჩნდა არა მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც დასავლეთში «დემოკრატიის შუქურას» უწოდებდნენ, არამედ მთელი მისი ახალგაზრდა გუნდის მიმართაც. «მთავრობაში არიან ადამიანები რომელთაც არ აქვთ იქ ყოფნის მორალური უფლება!» _ ბოლო დროს ეს სიტყვები ხშირად ისმოდა მთავრობის მისამართით. წამების ვიდეოფირების გასაჯაროების შემდეგ კი ხალხმა საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა ხელისუფლებას _ მთავრობა უნდა წავიდეს! 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები პირველი არჩევნებია საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში, როდესაც მმართველმა ძალამ რევოლუციის გარეშე დათმო პოზიციები და არჩევნების გაყალბება ვერ შეძლო. თუმცა ამ ეტაპზე რიგ რეგიონებში «ნაცმოძრაობის» მაჟორიტარების მხრიდან დიდი დაპირისპირებაა «ქართული ოცნების» მაჟორიტარ დეპუტატებთან და არ არის გამორიცხული «ნაცმოძრაობას» რევანში ჰქონდეს ჩაფიქრებული. ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციის «ჩემი საქართველო» თავმჯდომარე ელისო კილაძე.

_ ქალბატონო ელისო, არჩევნები ჩატარდა და, მიუხედავად იმისა, რომ «ქართულმა ოცნებამ» უმრავლესობით გაიმარჯვა, უკვე ყოფილი მთავრობა მაინც ცდილობს, რეგიონებში პოზიციები შეინარჩუნოს. განსაკუთრებით ცხელი კერაა ზუგდიდი. შეიძლება, რომ ბაჩო ახალაიას მამამ ალასანიაზე მეტი ხმა აიღოს?

_ ეს იყო სრულიად ქართველი ხალხის გამარჯვება ავტორიტარულ რეჟიმზე და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრძენი და შორსმჭვრეტელია. ამიერიდან ყოველ მომდევნო ხელისუფლებას ეცოდინება, რომ ხალხის ნება არის უზენაესი და რომ ხალხის მოთმინება არ უნდა გამოსცადოს. რაც შეეხება ალასანია-ახალაიას, მინდა დაბეჯითებით გითხრათ _ როლანდ ახალაიამ მართლა მოიპარა გამარჯვება, ირაკლი ალასანიამ კი გაიმარჯვა ზუგდიდში. იქ გამოვლინდა ათასგვარი დარღვევა, რაც ცხადყოფს გაყალბებას. პირადად ჩემთვის, მორალური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ბაჩო ახალაიას უსასტიკესი დანაშაულებრივი ქმედებები, როლანდ ახალაია გამოდის და მორალს გვიკითხავს. წარმოგიდგენიათ ასეთი ადამიანის პარლამენტში ყოფნა?!

 _ ცნობილია, რომ ამერიკის ელჩი ზუგდიდში ჩავიდა. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?

_ მთელი ამ ოცი წლის მანძილზე მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ პრეცენდენტს, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი ჩადის რეგიონში, მიდის აქციაზე და ესწრება ხმის დათვლის პროცესს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ოთხ ოქტომბერს ქვეყანაში ხდებოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ეს ინფორმაცია და, შესაძლოა, ვერც გავიგოთ დეტალები, მაგრამ აშშის ელჩის ასეთი დამოკიდებულება ცხადყოფს იმას, რომ ხდებოდა რაღაც ისეთი, რაც ირაკლი ალასანიას უსაფრთხოებას უკავშირდებოდა, ასევე ეხებოდა პროვოკაციებს ზუგდიდში და აფხაზეთის მიმართულებითაც. აშშის ელჩმა ღამე გაათია ზუგდიდში და დიდი ალბათობაა, რომ ქვეყანას თავიდან აარიდა ძალიან სერიოზული საფრთხე.

_ ცნობილია, რომ პრეზიდენტს ძმებ ახალაიებთან პირადი მეგობრობა აკავშირებს, ამასთანავე პრეზიდენტი ამბობს, რომ მან არ იცოდა, რა უკანონობებს ჩადიოდნენ ძმები ახალაიები. რამდენად სარწმუნოა პრეზიდენტის ნათქვამი?

_ როცა როლანდ  ახალაია გამოდის და ამბობს _ ქვეყნის წარსულში დაბრუნებას მხარს არ ვუჭერო, მაშინ მე შევახსენებ საკუთარ წარსულს, როცა იგი პრეზიდენტის დიდი ბაბუის ასპირანტი გახლდათ. რა გამოდის? ის ემიჯნება საკუთარ წარსულს? ემიჯნება პრეზიდენტს და მის ოჯახს? აბსურდამდე მიდიან… დიახ, სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის მეგობრობის გამო და სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებით თუ წახალისებით ხდებოდა ის, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ გლდანის საპყრობილეში. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილმა არ იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში. ეს იყო სტრატეგიული გათვლა, ამ ხელისუფლების ტაქტიკა და მიზნად ისახავდა ქართველი ერის დამონებასა და მისი უზენაესი ნების იგნორირებას.

_ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ახალაიებს, რაღაცნაირად გამოჭერილიც კი ჰყავდათ პრეზიდენტი

_ ის რომ, პრეზიდენტი არ იყო და არ არის თავისუფალი თავის მოქმედებებში, აშკარად ჩანს. მას არ აქვს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება და საკუთარი გარემოცვის მძევალია. თურმე თავის გარემოცვის ვიწრო წრეში სააკაშვილი ხშირად ამბობდა: საქართველოში არ დამასაფლავოთო. იმედი მაქვს, რომ მას ეყოფა გონიერება და მშვიდობიანად გადააბარებს ხელისუფლებას იმ ძალას, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა ხალხის უდიდესი მხარდაჭერით. იმედი მაქვს, რომ იგი შეძლებს თავიდან აიცილოს ის, რისიც ეშინია.

_ რას იტყვით საპარლამენტო ოპოზიციის შესახებ, რატომ მოხდა, რომ «ქდმ»- მხოლოდ ორი პროცენტის მოპოვება შეძლო?

_ თარგამაძე სააკაშვილის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს, იყო მისი სატელიტი და ყველა უკანონო ქმედების «გამპრავებელი». სწორედ ის ორი პროცენტი, რომლის აღებაც მან მოახერხა, არის ადეკვატური პასუხი მისი დამსახურებისა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. სწორედ გიორგი თარგამაძისნაირ ადამიანებს ეყრდნობოდა სააკაშვილის რეჟიმი.

_ უნდა გკითხოთ იმ ექსპერტების შესახებაც, რომლებიც ხშირად სააკაშვილის «ადვოკატებად» გვევლინებოდნენ _ ჭყოიძე, ჩიტიძე, თავხელიძე, ბარნოვი, ცინცაძერა როლი ჰქონდათ მათ სააკაშვილის მთავრობაში?

_ ხელისუფლების მმართველობის ბოლო პერიოდში გამოჩნდა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებს უწოდებენ. სწორედ ამ კასტამ მოახდინა რეჟიმის შეფუთვა და შექმნა საფუძველი, რათა ხელისუფლებას საკუთარი უკანონო ქმედებები გაემართლებინა. ამ ექსპერტებიდან ბევრი საჯარო და სახელმწიფო სამსახურებში მუშაობდა, მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ და ამით აიხსნება მათი ლოიალური დამოკიდებულება მთავრობისადმი. რაც შეეხება გიგა ნასარიძეს, ის გაცილებით მეტ სიმპათიებს იმსახურებდა მაშინ, როცა «ვირად» მუშაობდა «რუსთავი 2»-ში. ვირი სანდრო გაცილებით უკეთესი პერსონაჟი გახლდათ, ვიდრე თავად ნასარიძეა. მისი ეგიდით დამზადებული კლიპები, რომლებიც ტელევიზიით გადიოდა, იყო ყოვლად ამაზრზენი, რომელ რუსეთთან დაბრუნებაზე და წარსულში დაბრუნებაზეა საუბარი?! ან სად არიან ის კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებითაც გვაშინებდნენ? ან რუსეთის საჯარისო ნაწილები, რომლებიც საქართველოში უნდა შემოსულიყვნენ?

ეს ყველაფერი იყო იმ იდეოლოგიის ნაწილი, რომელიც სააკაშვილის ინტერესებში შედიოდა, რომელსაც ეს ეგრეთ წოდებული ექსპერტები ახმოვანებდნენ. აქვე გამოვყოფ მიშა თავხელიძეს, ადამიანს, რომლის ფუნქციაც რა იყო, არ ვიცი, მაგრამ მის ცინიზმს დასასრული რომ არ უჩანს, ფაქტია. პატივს ვცემ ყველა ადამიანის მოსაზრებას, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ეს ე.წ. ექსპერტები თავიანთი ქცევით, უსაზღვრო ცინიზმითა და არაადეკვატურობით არ იმსახურებენ არანაირ ნდობას. მეტსაც გეტყვით, ისინიც დამნაშავენი არიან სააკაშვილის რეჟიმის დანერგვა-განმტკიცებაში და ისინიც ისევე უნდა დაისაჯონ, როგორც ციხის ჯალათები ან მთავრობის ნებისმიერი სხვა წევრი, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებას ჩადიოდნენ.

_ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თქვენ გაახმაურეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიგა ბოკერია მოსკოვში იმყოფებოდა და ლავროვთან მართავდა შეხვედრას, უფრო კონკრეტულად რა იცით ამის თაობაზე?

_ დიახ, 26 სექტემბერს მე გავასაჯაროვე ინფორმაცია ამის შესახებ, რასაც ბოკერიას ცოლის მხრიდან საშინელი ცინიზმი მოჰყვა. მან განაცხადა, რომ გიგა ბოკერია სახლში იყო და შხაპს იღებდა. ვიმეორებ: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია იმყოფებოდა მოსკოვში და ხვდებოდა სერგეი ლავროვს. ნებისმიერს, ვინც რუსეთის მიმართ ელემენტალურ სიმპათიას გამოხატავს პირადად ბოკერია მტერსა და მოღალატეს ეძახის. რაზე საუბრობდნენ ბოკერია და რუსეთის პირველი დიპლომატი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენთვის უცნობია. სხვათაშორის, ბოკერიას ამ ფაქტთან დაკავშირებით დღემდე არ გაუკეთებია კომენტარი.

_ ისევ პრეზიდენტს და მის გარემოცვას დავუბრუნდეთ. როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები ნორმის ფარგლებში ადეკვატურებად ითვლებიან? ხომ არ გვაქვს საქმე რაღაც ფსიქიკურ გადახრასთან?

_ დიახ, ჩვენს პრეზიდენტს აშკარად აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. მისი განცხადებები, შეფასებები და მისი შეურაცხმყოფელი ტონი ამაზე მეტყველებს. როგორც ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, მას ბავშვობაში გადატანილი აქვს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმები და სწორედ ამ არასრულფასოვნების კომპლექსის გამოვლინებაა მისი ქმედებების მიზეზი. ასევე არასრულფასოვნებისა და ფსიქიური გადახრების კვალი აქვთ ძმებ ახალაიებს, რომლებიც ბავშვობიდანვე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ _ ცხოველების წამებით ირთობდნენ თავს, თვალებს თხრიდნენ, თავებს კვეთდნენ…

_ ხშირად საუბრობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, შესაძლოა, გასამართლდეს ჰააგის სასამართლოზე

_ დიახ, მაგრამ მე არ ვარ მომხრე. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი დარჩება საქართველოში და მის მიმართ სწორედ ის ნულოვანი ტოლერანტობა იქნება გამოყენებული, რომელმაც ასე ნათლად ჰპოვა ასახვა ქართულ ციხეებში. ასევე, იმედი მაქვს, რომ ვერც ახალაიები და ვერც სხვები ვერ გასამართლდებიან სხვა ქვეყნებში. მათ ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს.

_ რას ურჩევთ  და უსურვებთ ახალ მთავრობას?

_ ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ძველ მთავრობას რაღაც რიხი შეემატა ხმაში და მათგან კარგი არაფერია მოსალოდნელი. რევანშისტობასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ არ გამოუვათ. ასევე, ახალ მთავრობას ვურჩევ, არ გამოსცადოს ხალხის მოთმინება. ადამიანებს, რომლებსაც ნდობა გამოვუცხადეთ და მთავრობაში მოვიყვანეთ, დიდი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ ხალხის წინაშე.

ესაუბრა ეკა კახიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here