Home რუბრიკები საზოგადოება ჭაბუა ამირეჯიბი: ბატონო ბიძინა, რამდენად ენდობით საკუთარ თავს, თქვენ მიერ გამოტანილ დასკვნებს,...

ჭაბუა ამირეჯიბი: ბატონო ბიძინა, რამდენად ენდობით საკუთარ თავს, თქვენ მიერ გამოტანილ დასკვნებს, დაბოლოს, ქართველი ერის გონიერებას?

1042

ბატონ ჭაბუა ამირეჯიბისთვის ინტერვიუს ჩამოსართმევად წინა დღით მის კდემამოსილ მეუღლეს, ქალბატონ თამარ ჯავახიშვილს, მოველაპარაკე.

უფლება დამრთო და აი, ჩვეულებისამებრ სიხარულით მიღებს კარს დიდი ქართველი მწერლის სტუმართმოყვარე ოჯახი. მეც ჩვეულებისამებრ აღელვებას ვერ ვერევი

_ შარშან, ზუსტად ერთი წლის წინათ, 2011 წლის 10 ოქტომბერს, ბატონო ჭაბუა, თქვენ წერილით მიმართეთ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ისის იყო გამოჩნდა თავისი ცნობილი განცხადებით:

“თქვენმა განცხადებამ, ბატონო ბიძინა, რეტი დამასხა, გამაოგნა, რადგან თქვენი სახით ქართველ ერს მოევლინა კაცი, რომლის გამოცხადებაზე სიტყვით, კალმით თუ საქმით ბოლო ორმოცდაათი თუ მეტი წლის მანძილზე ვოცნებობდი, როგორც ქართველი ერის ხსნაზე და მომავალი განვითარების ერთ-ერთ შესაძლებლობაზე”.

ეს მიმართვა გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” დაიბეჭდა.

დღეს, ერთი წლის თავზე, გეკითხებით: პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის ერთწლიანმა მოღვაწეობამ განგიმტკიცათ რწმენა?

_ დიახ!

(ჭაბუა ამირეჯიბის თეთრ დაფაზე _ ტაბულა რაზაზე, ისე იწერება ეს ერთი სიტყვა, როგორც ჭეშმარიტების დასტურად დასმული ბეჭედი).

_ ერთი წლის წინათ შეკითხვას _ შეძლებს თუ არა ქართული საზოგადოება დიქტატურის დამარცხებას, თქვენ უპასუხეთ: “დრონი მეფობენ და არა მეფენი”. დღეს რას მეტყვით?

_ დღეისთვისაც ძალაშია ეგ განსაზღვრა. დრონი რომ მეფობენ, მაგის მამტკიცებელი მოვლენა ბიძინისტების გამარჯვება იყო არჩევნებში.

_ დამეთანხმებით, ბატონო ჭაბუა, თუ გეტყვით, რომ თქვენი შეგონება _ “გამუდმებულ შიშსა და მონობას გამუდმებული სიფრთხილე გერჩივნოთ” _ ხალხმა ყურად იღო, ირწმუნა და დათრგუნა შიში, რომლის ტოტალურად დასანერგად ხელისუფლებამ არნახული კაცთმოძულეობითიღვაწა”?

_ თქვენ როგორც გგონიათ, ისეა, გეთანხმებით, მაგრამ მირჩევნია, ვიფიქრო, რომ ჩემი შეგონება კი არა, ჩემგან დამოუკიდებელი დასკვნაა ხალხისა, ვგულისხმობ ქართველ ერს.

_ ბატონო ჭაბუა, თუ ვინმე იცნობდა საბჭოთა ციხეებსა და ბანაკებში არსებულ ვითარებას, გორა მბორგალზე უკეთ, მეეჭვება, ვინმე ყოფილიყო საქმის კურსში. უზარმაზარ ტერიტორიაზე უამრავი საპატიმრო ადგილი გაქვთ მოვლილი. საქართველოს ციხეებში ადამიანების წამების, დამცირების, კაცობის ფეხქვეშ გათელვის ამასწინათ ეკრანზე ნაჩვენები კადრების მსგავს ფაქტებზე გსმენიათ რამე?

_ არ მსმენია! არც ერთ ციხეში არ მომხდარა ასეთი თავგასულობა, ასეთი თავხედობა.

(აი _ ასე! იმედია, ჩვენი მკითხველები ამ პასუხიდან შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ უკვე ყოფილი ხელისუფლების მიერ აჩემებული “პირველად საქართველოს ისტორიაში” მიმართებით).

_ როგორ ფიქრობთ, ბატონო ჭაბუა, უნდა შევუნდოთ ყოფილ ხელისუფლებას სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობანი, თუ უნდა იქმნეს მართალი სამართალი?

ხომ არ ეწინააღმდეგება ამ შემთხვევაში ერთმანეთს ჭაბუა ამირეჯიბისა და ბერი დავითის შეხედულება?

_ არა, არ ეწინააღმდეგება!

ჩემი აზრით, სისხლის სამართლის დამნაშავეთა დასჯა უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება სხვა სახის დამნაშავეებს, აღიარებისა და მონანიების შემთხვევაში მიტევებულ უნდა იქნას.

_ ერთი წლის წინათ თქვენ ქართულ მართლმადიდებლურ წიაღში არსებულ გამყიდველობაზეც ისაუბრეთ. იყო თუ არა, თქვენი აზრით, განვლილი ერთი წელიწადი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც კონტრასტულად წარმოაჩინა ეკლესიის შიგან არსებული არაერთგვაროვანი ვითარება?

_ დრონი არა მარტო მეფობენ, არამედ მართავენ კიდეც. ვფიქრობ, ყველაფერს ნამდვილი ფასი მიეცა, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, ქართველი ერის უმრავლესობის მხრიდან.

_ ერთი წუთით წარმოიდგინეთ თავი გაზეთის რეპორტიორად: მიდიხართ ბიძინა ივანიშვილთან და ეკითხებითრომელ მთავარ შეკითხვას დაუსვამდით თქვენს რესპონდენტს?

_ მაგ შეკითხვის პასუხს დაფიქრების დრო უნდა… და მაინც: ბატონო ბიძინა, რამდენად ენდობით საკუთარ თავს, თქვენ მიერ გამოტანილ დასკვნებს, დაბოლოს, _ ქართველი ერის გონიერებას?

(კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი მონახავს საშუალებას ბატონ ჭაბუას ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან!)

_ ძალაში რჩება თუ არა თქვენი ტრადიციული მოწოდება: “ჭკუით, ქართველებო!”

_ ეგ მოწოდება მარადისი მგონია. ქართველები ჭკუით რომ არ მოპყრობოდნენ თავისი მომავლის შენებას, ვიქნებოდით ამჟამად მსოფლიოს ერთა სიაში???

კვლავაც ამ მოწოდებით სიარული გვმართებს!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. თქვენ რაზე ამოგეღებათ ხმა დათა თუთაშხია მოპარული გაქვთ მილიონების მოპარვაზე დიდი დანაშაული პლაგიატობაა. თუმცა პლაგიატობა გადაწერას მაინც ნიშნავს თქვენ კი მოიპარეთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here