Home რუბრიკები პოლიტიკა მინდია უგრეხელიძე: იუსტიციის საბჭო უნდა დაინგრეს!

მინდია უგრეხელიძე: იუსტიციის საბჭო უნდა დაინგრეს!

1231

გამოჩენილ ქართველ სამართალმცოდნეს, ჩვენი ქვეყნისა თუ უცხოეთის მაღალი სამეცნიერო და სამოქალაქო რეგალიების მქონე პიროვნებას, მინდია უგრეხელიძეს, «საქართველო და მსოფლიომ» ამ დღეების განსაკუთრებით მწვავე და მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარი სთხოვა.

_ საზოგადოებრივი აზრი დარწმუნებულია, რომ ჩვენი სასამართლოები მიჩვეული წნეხისგან ვერ თავისუფლდება. ყოფილი ხელისუფლების აზრით, ეს სისტემა, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, მყარად დგას და ხელშეუხებელია. ყოფილი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ აუცილებლად შეიცვლება და ამას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება.

რომელს დავუჯეროთ?

_ ვამჯობინებდი ამ თემაზე არ მელაპარაკა, _ აღსარებასავით იწყებს ბატონი მინდია, _ ვინაიდან მე თვითონ ვიყავი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო მოსამართლეები ჩემი კოლეგები არიან, ვიცი, რაოდენ მძიმე და რთული ვითარებაა, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის. არ მინდა, ვინმემ იფიქროს…

_ …რომ ისწრაფვით ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას.

_ თუნდაც. ამიტომ ვამჯობინებდი არას თქმას. მაგრამ ეს საკითხი იმდენად სერიოზულ და საინტერესო ჭრილში ისმება, რომ გაცლა არ ეგების.

საქმე ისაა, რომ არსებობს ერთ-ერთი შეუვალი პრინციპი, სახელად მოსამართლეთა შეუცვლელობა. იგი მოსამართლეთა დამოუკიდებლობის იმ პრინციპებს განეკუთვნება, რომლებიც ჯერ კიდევ 1985 წელს გაერომ რეკომენდაციის სახით ჩამოაყალიბა და რომლებიც დღეს საყოველთაოდ აღიარებული ნორმაა საერთაშორისო სამართალში.

როცა ახლა უკვე ყოფილი ხელისუფლება «მოქალაქეთა კავშირის» ახალგაზრდული ფრთა იყო, ბატონი ედუარდ შევარდნაძე მათს პრეტენზიულობას ანგარიშს უწევდა და სერიოზულად აღიქვამდა. არადა, ისინი ნამდვილი ავანტიურისტები იყვნენ, რომლებიც ერთადერთი, რისთვისაც ზრუნავდნენ, იყო ის, რომ რამენაირად გაეთავისუფლებინათ ადგილები სასამართლო სისტემაში და იქ დაესვათ თავიანთი მომხრეები, რომლებიც საყრდენად გამოადგებოდათ შემდგომი პოლიტიკური წინსვლისთვის. შედარებით შეფარვითი ფორმით მოქმედებდა ზურაბ ჟვანია, მაგრამ «ქორები» აღვირახსნილად მიიწევდნენ მიზნისკენ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პოლიტიკური დასავლეთი, მათ შორის, ევროპის საბჭო ამ ახალგაზრდებს იმდენად დელიკატურად ელაპარაკებოდა, რომ ვეჭვობ, ევროპელთა შეგონებანი მათამდე აღწევდა. დაახლოებით ისე იყო, როგორც კრილოვის ცნობილ იგავ-არაკში «კატა და მზარეული»: «ვასკა კი ისმენს და მიირთმევს».

_ ანუ, «მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, ის მაინც ტყისკენ იცქირებოდაო».

_ ერთადერთი ბარიერი, რომლის გადალახვა ამ ავანტიურისტებმა ვერ შეძლეს, უზენაესი სასამართლო იყო. ჩვენ ჭირისუფლურად ვეუბნებოდით, რომ მათი დეპუტატობის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იყო წელიწად-ნახევარი.

_ რომელი წელია?

_ 1999 წლის დასაწყისი… გამოვიყენოთ ეს დრო, ვეუბნებოდით, კარგი კადრის შესარჩევად, ამასთან, 300 მოსამართლის სისტემიდან გაშვება სამასზე გაცილებით მეტი მოწინააღმდეგის გაჩენას ნიშნავდა წინასაარჩევნო პერიოდში.

ჩვენს რჩევაში კეთილი სურვილის გარდა სხვა არაფერი იდო, რადგან მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პასუხს არ ვაგებდი ქვემორე მოსამართლეებზე, ისინი იუსტიციის სამინისტროს მიერ იყვნენ გამწესებულნი. არც იმას უარვყოფდი, რომ ბევრი ერია მათ შორის მექრთამეცა და უვიციც.

როგორც კი წავედი თავმჯდომარის თანამდებობიდან, ამათ, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევით გაიტანეს თავისი.

ასე იყო თუ ისე, მოსამართლეები განდევნეს და ისეთი კანონები მიიღეს, ისეთი ილეთები ჩაატარეს, რის შედეგადაც მათ ადგილებზე დასვეს შეთითხნილი, როგორც ხალხში ამბობდნენ, გამოცდაგანავალი მოსამართლეები, მაგრამ «ახლებმა» პოლიტიკური დაკვეთა ვერ შეასრულეს და ისინიც მოიცილეს.

ეს იყო ტოტალური განდევნის პოლიტიკა.

მაშინ, როცა სასამართლო რეფორმა 100 სხვადასხვა მიმართულებას გულისხმობს, თუ მეტს არა, იმ ჯგუფმა, რომელიც დღემდე ხელისუფლებაში იმყოფებოდა («თავისუფლების ინსტიტუტის» და სხვების თანადგომით, რომლებსაც დემოკრატებად მოაქვთ თავი), ფაქტობრივად, განახორციელა ძალმომრეობა სისტემაზე.

_ ჩვენ კი შემოგვასაღეს, როგორც წარმატებული სასამართლო რეფორმა.

_ ამასთან, დაეუფლნენ ამ სისტემის ყველა საკონტროლო პუნქტს, რათა განუკითხავი მმართველობა განეხორციელებინათ.

_ განახორციელეს კიდეც. მაგრამ ეს უკვე გუშინდელი დღეა. ვინც ახლა მოვიდა, იმათ რა ქნან?

_ დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელისუფლება მათი გზით ვერ წავა და არ წავა. არ შეიძლება ბოროტებას ბოროტებით ებრძოლო, უკეთურებას უკეთურება დაუპირისპირო.

მაგრამ ცვლილებები ვერ განხორციელდება ისე სწრაფად, როგორც გვსურს _ ყოველი წუთი, ყოველი დღე ეს არის ოჯახების ნგრევა, გაპარტახება… დღეს საქართველო ჩაფლულია ტოტალურ უსამართლობაში. უსამართლობის ტოტალური განცდა თრგუნავს ადამიანებს, რაც ლეგიტიმური საშუალებებით უნდა აღიკვეთოს.

_ ლეგიტიმური . . კანონიერი საშუალებებით?

_ კანონიერი და სამართლებრივი საშუალებებით… მაგრამ ამის განხორციელება ძალიან გართულებულია იმის გამო, რომ ამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელზეც ვლაპარაკობთ, ისეთი ჩახუჭუჭებული და ჩაკვარკვალიკებული სისტემა შექმნა, ისე ეშმაკურად შეთითხნა, რომ მისი გახსნა ძალიან ძნელია.

კერძოდ, იმ საბაბით, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს, აბსოლუტურად მთელი ძალაუფლება, ყველა საკითხის გადაწყვეტა, რაც სასამართლოსა და მართლმსაჯულებას უკავშირდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელშია მოქცეული. მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობა როდი გულისხმობს, შესატყვისი ანგარიშვალდებულების არარსებობას. დემოკრატიულ სისტემაში რაც უფრო მეტია დამოუკიდებლობა, მით უფრო მეტი უნდა იყოს ანგარიშვალდებულება.

დღეს კოტე კუბლაშვილი არავის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის, შეუძლია ისე შეასრულოს ნებისმიერი შეკვეთა, რომ კაციშვილი ვერაფერს მოჰკითხავს.

_ .. არ ყოფილა საშველი და ეგაა? თუ მაინც არის გამოსავალი?

_ უწინარეს ყოვლისა, იუსტიციის საბჭო უნდა დაინგრეს, რომელიც არასწორ პრინციპზეა აგებული. მის შემადგენლობაში მყოფი 15 წევრიდან ერთი თვითონ კუბლაშვილია, 8 მოსამართლე მისი ნომინაციითაა წარმოდგენილი, ორს უშუალოდ პრეზიდენტი ნიშნავს, რჩება ოთხი, რომლებიც უმცირესობაშია და რაგინდ ობიექტური და მიუკერძოებელი იყვნენ, ვერაფერს შეცვლიან.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი ამ ოთხით უნდა დაიწყოს და შეტევა ძალიან ძლიერად უნდა განვითარდეს. უნდა მოხდეს ყველა საშუალების მობილიზება, რათა მოსამართლეებმა თვითონ იგრძნონ ის საშიშროება, რომელიც ელით, თუ შორი განათების მაშუქები არ ჩართეს.

_ ამგვარ ზემოქმედებას «ტვინებზე შეტევა» ჰქვია.

_ გამორიცხული არ არის, რომ ისინი შეიძლება წარსდგნენ ნიურნბერგის მსგავსი პროცესის წინაშე. ნიურნბერგში 99 სასამართლო გაიმართა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსამართლეთა გასამართლება იყო.

არის მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმები, იმპიჩმენტის მექანიზმი, რომელთა ამოქმედება ქართული ბეჭდური მედიის ამ მიმართულებით გააქტიურებასთან ერთად უთუოდ სასურველ შედეგს გამოიღებს. ისიც უნდა გითხრათ, რომ ქართულ ბეჭდურ სიტყვას ძალიან დადებითი როლი აქვს შესრულებული მავანთა ნების ბრმა აღმსრულებელ მოსამართლეთა მხილებით.

_ «ვერდიქტი» გამოიტანეთ, ბატონო მინდია, შესაძლებელია თუ არა ამ დახშული წრიდან გამოსვლა?

_ შესაძლებელია!

შესაძლებელია თუ არა, ეს განხორციელდეს ისეთივე სისწრაფით, როგორც სხვა სფეროებში? არა!

მაგრამ არის თუ არა შესაძლებელი, დაჩქარდეს იმდენად, რომ ადამიანებმა არ თქვან, რაღა აზრი აქვს, ბატონებო, თქვენს ბრძოლას სამართლიანობისთვის, თუ დროზე არ მოვიხმარეთ და შედეგს დროზე თუ ვერ მოვესწარით? ამის გაკეთება შესაძლებელია.

_ ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ იურისტების იმ ჯგუფმა, რომელიც «ქართულ ოცნებასთან» იყო შექმნილი და რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, დაადგინა ფაქტები, როცა პოლიციელებს აიძულებდნენ «საკონტროლო გასროლები» შეესრულებინათ დაჭრილ დაკავებულებზე და ამ პროცესს ვიდეოკამერებით იღებდნენ. «სისხლით გასვრის» მეთოდი ყოფილა ეს.

_ ასეთი რამ ჩვენ არ შეგვისწავლია. შეიძლება, ის ინფორმატორები, რომლებიც ასეთ ცნობას გაწვდიან, გულისხმობენ იმ სახალხო სასამართლოს პროცესებს, რომლებიც მე ჩავატარე და მოვასწარი ორი საქმის განხილვა.

_ თქვენი «სახალხო სასამართლო» არასამთავრობო ორგანიზაცია იყო.

_ ჩვენ განვიხილეთ ვაზაგაშვილის საქმე და აფრასიძეების საქმე. დასრულდა ეს სასამართლოები სახალხო მსაჯულების მონაწილეობით, რაც ამ ინსტიტუტის პირველი გამოცდა იყო საქართველოში.

დადასტურდა შემზარავი ფაქტები.

აფრასიძის საქმის განხილვისას გამომზეურდა ბევრი ახალი ფაქტი. იმ პროცესზე ჩვენ ვაჩვენეთ ფირი, რომელზეც ჩაწერილი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის (რომელსაც არაფერი ესაქმება სამართლებრივ ღონისძიებათა ჩატარებასთან) თავმომწონე განცხადება:

_ დიახ, მე დავავალე, რომ 12 ვერტმფრენიდან დაეცხრილათ აფრასიძეების სახლი, რაკეტებით დაენგრიათ კოშკები.

ამ საქმეს რომ განვიხილავდით, ჩვენი პრეზიდენტი ხელმეორედ გამოხტა ტელეეთერში:

_ დიახ, ეს ვარ მე და სულაც არ ვნანობ!

_ «მაგარი» ბიჭი ვარო!

_ დიახ, ასე.

_ ჩვენი წყაროდან მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ «2004 წელს ბათუმში გამართულ სემინარზე, ორი ძალიან ცნობილი ნაციონალი, მთლად «ვერხუშკიდან», მიუთითებდა მოსამართლეებს, გვერდზე გადაედოთ კანონი, რადგან სახელმწიფოს ამოცანა იმ წუთისთვის ხალხის დაშინება და მისთვის უმწეობის გრძნობის გაღვივება იყო. პირდაპირ მოუწოდებდნენ, არ მიექციათ ყურადღება გამოძიების შეცდომებისთვის, ბრალდებების ალოგიკურობისთვის. მოითხოვდნენ, რომ ყველა საქმეზე დამდგარი განაჩენი მაქსიმალურად მკაცრი ყოფილიყოამ ბობოლა ნაცებიდან ერთი ახლაც დიდ თანამდებობაზეა, მეორე «ენჯეოში» არის».

_ უამრავი ფაქტიდან იმთავითვე გამოსჭვიოდა (აფრასიძეების, შალიკიანის და სხვათა საქმეები), რომ უნდა დანერგილიყო დათრგუნვის მეთოდი, რათა აზრიც არ გასჩენოდა ვინმეს წინააღმდეგობის გაწევის.

სხვათა შორის, ასეთია კომპლექსიანი ბავშვების შემდგომი ცხოვრების წესი, იმათი, ვინც ან ავადმყოფობითაა დათრგუნული, ან ოჯახის წევრთა შეუფერებელი საქციელით, ან იმის გამო, რომ ბავშვებს დაჩაგრული ჰყავთ და თავში წამოუთაქებენ და ა.შ. დათრგუნვის ეს კომპლექსი ბადებს სხვების დათრგუნვის მოთხოვნილებას, ნაცებს მიაჩნიათ, რომ «დემოკრატიის შუქურის» მიერ დანერგილი ამგვარი მეთოდი ქვეყნისა და ხალხის დემოკრატიული მართვის საშუალებაა.

_ ესე იგი, თქვენ ვერ დაადასტურებთ, ჩატარდა თუ არა ზემოთ მინიშნებული სემინარი?

_ არ ვიცი, არ დავსწრებივარ, მაგრამ ვიცი, რა ენაზე ელაპარაკებოდნენ ადამიანებს. ამბავს მოგიყვებით. ეს ყმაწვილი ამერიკიდან რომ ჩამობრძანდა, გულში ჩავიხუტე და მაქსიმალურად ვცდილობდი გამერკვია იმ ვითარებაში, რომელიც საქართველოში იყო.

_ ჩაიხუტეთ?!

_ ნუ გაგიკვირდებათ: მე თინათინ წერეთლის ოჯახში ვიზრდებოდი და ვცდილობდი, რომ რაღაც ვალი გადამეხადა… მაგრამ სულ მალე აღმოჩნდა, რომ მიშას სახით საშინელებასთან მქონია საქმე: მისი ხინკლის მკეთებელი, რომელიც მდივნად აიყვანა, მოსამართლეებს ურეკავდა და მოითხოვდა, აბა, ეს საქმე მომიტანეთ, ის საქმე მომართვითო.

_ მიჰქონდათ?

_ როგოც კი გამოაშკარავდა, მაშინვე მიიღეს საჭირო ზომები.

მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ერთ-ერთ მიღებაზე მიშა, ეს ნაძირალა, რომელიც ჩახუტებული მყავს, ვიღაცას ინგლისურად ეუბნება ჩემზე:

_ ეს არის ბოლო ნარჩენი, გამსახურდიას რეჟიმის ბოლო რუდიმენტიო.

_ გამსახურდიას დროს არ აგირჩიეს თქვენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ?

_ კი, მაგრამ _ დაუსწრებლად. კიევში ვიყავი დისერტაციის დაცვაზე ოპონენტად. როინ მეტრეველმა დამირეკა და მაცნობა. არადა, როცა დამიბარა გამსახურდიამ და შემომთავაზა, უარი ვუთხარი _ სანამ სიკვდილით დასჯა კანონში წერია, ამ თანამდებობაზე არ დავთანხმდები-მეთქი.

_ სიკვდილით დასჯაო? _ გაუკვირდა…

მაგრამ ეს ცალკე საკითხია…

გველი ჩამიხუტებია უბეში! თურმე დადის და უცხოელებთან მიტეხავს სახელს _ რუდიმენტს და გადმონაშთს მიწოდებს.

_ რა გიკვირთ, მთელი თაობის ჩარეცხვა მოინდომა!

_ მეორედაც რომ წავასწარი ასეთ გაიძვერობაზე, პირში მივახალე, და _ ჰი, ჰი, ჰიო, _ გაიცინა.

მიშა პატარაობიდან მახსოვდა. რა მითხრა ბაბუამისმა მასზე, ეთიკური მოსაზრებით, არ გავიმეორებ, მით უფრო, პრესაში, მაგრამ მე ხომ ვიცი, რაც მითხრა.

მეცოდებოდა. ბოლომდე ვერ მოარჩინეს…

ამერიკიდან მისი ჩამოსვლის შემდეგ ჩემთან მისი პირველივე შეხვედრა სიყალბის ნიმუში იყო:

_ როგორ მიხარია, როგორ მიხარია, თქვენთან შეხვედრა!

რა გიხარია-მეთქი?

_ იცით, რა, ერთხელ აუზში ბანაობისას ერთი კაცი გავიცანი, ამერიკელი იურისტი და როცა ვუთხარი, რომ მეც იურისტი ვიყავი, პირველი, რაც მკითხა, მინდია უგრეხელიძეს თუ იცნობო.

სახელდახელოდ შეთხზული სიუჟეტის შემოსაღებას შეეცადა ეს ყმაწვილი,  ჩემი ნდობის მოპოვება მოინდომა.

ავთო საყვარელიძემ მითხრა მაშინ: _ დაუკვირდი, სახეზე ეტყობა, ვინც არისო!

P.S. დაუკვირდით, სანამ აქ არის!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here