Home რუბრიკები საზოგადოება ვირტუალური რწმენა facebook-ზე

ვირტუალური რწმენა facebook-ზე

1220

ძვირფასო მეგობრებო, მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება საზოგადოებაში გავრცელებულ ერთ მეტად მავნე ტენდენციაზე, აწ უკვე დამკვიდრებულ «ინტერნეტ ზნე-ჩვეულებასა» და სოციალური ქსელის მომხმარებელთა «მრუდე ადათ-წესზე», რომელიც, ჩემი აზრით, მოკლებულია ზომიერებას, შეიცავს თავსმოხვევისა და ძალდატანების არაეთიკურ ელემენტებს, ატარებს პროზელიტიზმის ფანატიკურ მახასიათებლებს, ძალუმად ფარავს «დიდსულოვნებასა» და ფსევდორწმენაში შეფუთულ ეგოიზმს, ფატალისტური ბოღმითა და აპოკალიპტური ისტერიით უსწორდება  არაეკლესიურსა თუ პოტენციურ მრევლს, ტრაგიკულად აღიქვამს  არამართლმადიდებლურ მოსაზრებებს და ყოველგვარი საღვთისმეტყველო დისკუსიებისა და კვალიფიციური დისპუტის გარეშე ანათემირებულად აცხადებს თვით ოპონენტსა და მის შეხედულებებს, რაც თავისთავად მდარე კომპეტენციის, მწირი ერუდიციისა და ინტელექტუალური სიბნელის ყველაზე უფრო «რაინდული» გამოვლინებაა.

შეგნებულად არ მსურს, რომ კრიტიკის ობიექტად მოვიაზრო ის ადამიანები, რომელნიც გულწრფელად, ცოდნისმიერი გაუცნობიერებლობით, გულუბრყვილოდ, ალალი ექსპრესიითა და სუფთა სიყვარულით ეხმიანებიან რელიგიური შინაარსის «პოსტებს», არამედ, უპირველესად, მინდა მივმართო მათ, ვინც პოპულისტური მატრაკვეცობითა და ფარისევლური კეკლუცობით გამოირჩევიან, ვინც მარაზმის «ნეტარ» ჭაობშია და დახარბებული ელის სულიერ LIKE-ებსა და SHARE-ებს… ამ ყველაფერს კი აკეთებს იმისათვის, რათა «სასუფევლის წიაღში» თანამგზავრული სისტემის მეშვეობით «მაცხოვნებელი ადგილი» დაიბევოს, რაც, ბუნებრივია, ძალიან პროფანირებული და არამართლზომიერი დამოკიდებულებაა პნევმატური რეალობისადმი.

მიმაჩნია, რომ მორჩილებით შემსრულებელზე უფრო თავად დამკვეთია ამ ავადმყოფობაზე პასუხისმგებელი (იგულისხმება ყველა ის სასულიერო პირი თუ ვაი-თეოლოგი, რომლებიც უმეცრების გამო ამბიონისა და აუდიტორიის გარდა ყველგან ქადაგებენ და ძირითადად თამადური გამოსვლებით გამოირჩევიან), მაგრამ, რასაკვირველია, ყველაფრის მიუხედავად, ღვთის წყალობით, მაინც არსებობენ გამონაკლისები, რომელთაც გააჩნიათ ღირსება და იმის სრული კადნიერება, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აუცილებლობა მოითხოვს, მოცემულ არეალშიც კი საჯაროდ იმსჯელონ გარკვეულ საკითხებზე. თუმცა ასეთები ყოველთვის ზომა-წონის ფარგლებში, დაბალანსებულად მოქმედებენ და არასოდეს გამაღიზიანებლად არ იქცევიან.

კონკრეტულად, ჩემი ადრესატი არც ერთი პიროვნება არ გახლავთ და არც არავის შეურაცხყოფას არ ვაპირებ, უბრალოდ, რამდენიმე საკითხი გულწრფელად მაინტერესებს; ღრმა პატივისცემითა და სარკაზმის გარეშე ვსვამ კითხვებს, რომლებიც შემდეგნაირად ჟღერს: რა საჭიროა Facebook-ზე ვირტუალური ეკლესიისა და სამლოცველოების მოწყობა? რას ემსახურება ეს, ხშირ შემთხვევაში, მართლაც რომ ქიმერული და პათეტიკური მისიონერობა? ხომ არ ანაცვლებს იგი უფალთან რეალურ, ცოცხალ ურთიერთობას? ხომ არ წააგავს ღვთისადმი ხიბლისმიერ, რომანტიულ ტრფობას? ხომ არ შეიცავს ეს დეპრესიულ სენტიმენტებსა და უღმერთო მელანქოლიას? ხომ არ გულისხმობს ეს რელიგიურ ფსიქოზს? რამდენად ჯანსაღია ასეთი არასერიოზული, ვითომდა «გულანთებული» დამოკიდებულება უზენაესისადმი? ასეთი ეგზალტაციით ხომ არ ვაუბრალოებთ მისტიურ და საკრალურ სიწმინდეებს? ან ის რაღა ბედენაა _ «გაიზიარე თუ ქრისტიანი ხარ»? ან ყოველდღიურ რეჟიმში აბსოლუტურად არაკონტექსტურად ბიბლიური ციტატებისა და წმინდა მამათა გამონათქვამების სტატუსად გამოყენება რას უნდა ნიშნავდეს? რა საჭიროა პირადი ქავერის გუმბათად ქცევა ან პროფილის კედელზე ტაძრის თაღების აშენება?

მომიტევეთ და ლამისაა Facebook-ზე დაარეგისტრიროთ მთელი ზეციური სამყარო, რომელიც სინამდვილეში ესოდენ ფაქიზი და სათუთია და მასთან თითოეული ინდივიდის ურთიერთობა იდეაში იმდენად დაფარული და ინტიმურია, რომ განსაჯაროება ზიანის მეტს არაფერს უქადის ღვთისმოსავ ადამიანსა და ჭეშმარიტების მიმდევარ მოშურნეს (და თუ მაინც, მაშინ ზედმეტობა არაა საჭირო)… განა თავად კაცობრიობის მხსნელი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, არ გვარიგებს (მათეს სახარების მეექვსე თავი) შემდეგი სიტყვებით: «ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან… ნუ აყვირებ შენს წინაშე ბუკ-ნაღარას, როგორც იქცევიან თვალთმაქცნი სინაგოგებსა თუ ქუჩაბანდებში, რათა განადიდოს ისინი ხალხმა… დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა… და მამამან შენმან, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად… როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად… და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს… რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას…»

ვფიქრობ, რომ მორწმუნე მართლმადიდებელთათვის მაცხოვარზე დიდი ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს და რაკი ასეა, ჩემ მიერ ზემოთ მოხმობილი მისი ფრაზები ყველასათვის დამაფიქრებელი და საგულისხმო უნდა იყოს.

უმჯობესია, რომ ყოფითი ცხოვრებიდან, რეალურ გარემოში, პირადი, ანუ თვისობრივი მაგალითი მივცეთ ადამიანებს ზნეობრივი, ეკლესიური თუ სულიერი ცხოვრებისა, რომელსაც უეჭველია, რომ ეკლესიის ენითგამოუთქმელი მადლმოსილება ფლობს დედამიწაზე… რადგან იგია სხეული მესიისა და უსათუოდ გადამრჩენელია ბუნება მისი… განა ტყუილად უწოდა პავლე მოციქულმა ეკლესიას «სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა»?.. დიახ, სწორედ ის არის ანარეკლი ზეციური მოზეიმე ეკლესიისა და წყარო სინათლისა და არა ფუნდამენტალისტური სიბეცისა, რომელიც მხოლოდ გარეგნულზეა ორიენტირებული და «განგოზილი საფლავივით» მშვინვიერობს.

ამიტომ, თუკი განსაცდელი კარს მოგადგებათ, ნაღველი გულზე დაგედებათ, სასოწარკვეთილების განცდა დაგეუფლებათ და დარდს მიეცემით, ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელს კი ნუ ჩაებღაუჭებით საშველად, არამედ მიმართეთ გამოცდილ მოძღვარს და დაეკითხეთ საჭირო რჩევა, რამეთუ ტკივილის დასაამებლად და სულის განკურნებისთვის ფაცებოოკ-არ წარმოადგენს მშველელ პანაცეას.

თუმცა, თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ფაცებოოკ-ი უამრავ დადებით თვისებას ფლობს, მაგალითად: ხელს უწყობს ინფორმაციულობას, ახერხებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებთან და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მოუცლელ მეგობრებთან მყისიერ კომუნიკაციას, იძლევა განტვირთვის ერთგვარ საშუალებას, გძენს ახალ სანაცნობო წრეს, გართობს და ა. შ. მაგრამ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მიჯაჭვულობა და ნარკოტიკული დამოკიდებულება კომპიუტერული სივრცისადმი, მაინც აუცილებელია სიფრთხილე და მისი ზომიერი, ჯანსაღი წესით მოხმარება, რათა ზომბირებულ ბიოორგანიზმებად არ ვიქცეთ.

და კიდევ: სოციალურ ქსელებზე «მოღვაწე» დაღვრემილსახიანი და სექტანტური ელფერის «ურა-მორწმუნეთა» გასაგონად: ღმერთი არ არის ჯალათი, არც ბოროტი პროკურორი, არც დესპოტი მამა და იგი არასდროს ძალადობს ადამიანის თავისუფალ ნებასა და არჩევანზე! არც თქვენ ხართ მისი სასამართლოს ნაფიცი მსაჯულები და არც თქვენი ადვოკატური «საპროცესო გარიგება» გვჭირდება ყოვლადმოწყალე უფალთან, რომელიც მოძღვართან გულწრფელ აღსარებას ყოველთვის შეგვიწირავს ისე, რომ არ დაგვაყვედრის… იგი არასოდეს არავის ავალდებულებს და ძალმომრეობის არ ცოდნა, მისი ერთადერთი უცოდინარობაა, რადგან იგი სიყვარულია და მას სხვაგავარად არ შეუძლია. ნუ მივაწერთ ღმერთს ადამიანურ თვისებებს, ეს უდიდესი უგუნურება და მკრეხელობა იქნება იმიტომ, რომ ის ტრანსცენდენტურია და, თუ თქვენ ვინმეს მწარედ გაუსწორდებოდით, ნუ გეგონებათ, რომ ასევე მოიქცევა უფალიც.

უმორჩილესად გთხოვთ, რადიკალურად ნუ მიუდგებით ჩემს სუბიექტურ მოსაზრებებს. მე დაბეჯითებით არ ვამბობ, რომ საეკლესიო შინაარსის «პოსტები» არ უნდა დავდოთ-მეთქი, არამედ ვგულისხმობ იმას, რომ ბალანსის დაცვა და ოქროს შუალედური მიდგომა აუცილებელია და სასიკეთო.

გიორგი  ტიგინაშვილი,

თეოლოგი

 

1 COMMENT

  1. ვფიქრობ საპატრიარქოს სახელიტ გახსნილი საიტების გაკონტროლებაც არ იქნება ურიგო.

  2. ძალიან კარგი პოსტია ყველაფერში ვეთანხმები მაგრამ ჩემი აზრით იმ ამბის ჩამატება არ აწყენდა რომ ხშირად ვითომ ფანატიზმის დაცინვა რელიგიის შეურაწყოფაში გადადის ხოლმე.

  3. ჩემი აზრით ადამიანები სძულს. თითქოს ვიღაცაზე ან რაღაცაზეა განაწყენებული და რამენაირად შური უნდა იძიოს მთელ სამყაროზე რომელსაც ვერ ეგუება. ბევრი წაიკითხა და ესეც თითქოს ვიღცასთან გაჯიბრებისთვის. ამიტომ თავისთავში ჩაკეტილი და დაბოღმილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის სხვებს აკრიტიკებს და ვის? მის მიერ გაკრიტიკებულ ანტიგმირში ისევ მას თუ ვხედავ. მექმნება განცდა რომ საკუთარ ნაკლზე მეტყველებს, ის აწუხებს, ის ანგრევს მის პიროვნებას და ამას ვერაფერს უხერხებს. ამიტომ ყველაში ამას ხედავს.ასეთ ადამიანებს სიყვარულის დეფიციტი აქვთ, ან მშობლიური ან სხვა რაც სჭირდებოდათ და ვერ მიიღეს.მისი წერილიდან ულევი სიძულვილი და ღვარძლი ინთხევა. წერილში იგრძნობა საკუთარი თავისადმი ზეაღმატებული ცქერა,იმიტომ რომ ძალიან განათლებულია და სხვანი ასეთები არ არიან; თუ მოინახულებთ მის ”ფაცებუქს” აღმოაჩენთ უთვალავი რაოდენობის დიპლომების და სერთიფიკატებისს ჩამონათვალს რაც კი ცხოვრებაში მოუპოვებია და რითიც ამაყობს. ეს სასაცილოა,მხოლოდ საკუთარი სისუსტეები მიაჩნია ნორმად. სწორედ ამიტომაა რომ ჭკუას გვასწავლის და რეცეპს გვიწერს თუ ვინ როგორ და რა ვადებში უნდა მყოფებოდეთ სოციალურ ქსელში. აქვს არაჯანსაღი ამბიცია,თითქოს მას ხელეწიფებოდეს მთელი სამყაროს განსჯა. ადამიანებს როგორც არარაობებს ისე უყურებს და არც წიგნებიდან შეძენილ ”მაღალფარდოვან” სიტყვებს იშურებს: ”აი რამდენი ვიციო”. ნუთუ მისი განათლება და ”მეტმეცნიერობა” უწმინდესის განათლებაზე მეტია, რომელიც მიუხედავდ ამისა რჩება თავმდაბალი და არ უკვირს რომ ამდენი იცის. იცით რატომ? იმიტომ რომ სიყვარული აქვს, კულტურა აქვს ეთიკა აქვს და ზომიერება.

  4. ნინო, რამხელა სიყვარულით "ამხილე" ავტორი ნუ არ ვიცი რა :)) შენ შემთხვევით შორენა ხომ არ გქვია? :)) ამდენი ბოღმა საიდან?

  5. ვფიქრობ,საჭირო იყო მსგავსი სტატიის გამოქვეყნება,მადლობა ავტორს… ასეთი მამხილებელი წერილი მისაღები და მოსაწონია ჩემთვის, თუ ყურადრებით წავიკითხავთ რეალობას დავინახავთ და სხვას არაფერს… "მოყვარეს პირში უძრახე,მტერს ზურგს უკანა"

  6. ელექტრონულ სამყაროს ელექტრონულად რო უპირისპირდები ესეიგი რა? ქონია ძალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here